მარიამ ცქიფურიშვილის "გამოფხიზლება" - გზაპრესი

მარიამ ცქიფურიშვილის "გამოფხიზლება"

"ჩემზე ამბობენ უცნაური და არასტანდარტულიაო. ერთი ადამიანი მეორეზე ხომ იმას ფიქრობს, როგორც ხედავს. სინამდვილეში არავინ იცის, ვინ ვართ ჩვენ, ეს ზოგჯერ თავადაც არ ვიცით. საკუთარი ქცევებით გაკვირვებული თავადაც არაერთხელ დავრჩენილვარ", - ამბობს მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი. რა არის მისთვის ბედნიერება, სიყვარული, თავისუფლება, რა ვერ ისწავლა დღემდე, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე და რას ამბობს გარდამტეხ პერიოდზე, რომელიც 3 წლის წინ ჰქონდა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 5 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდან ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარდა, ძალიან აქტიური ვიყავი; მომწონდა, როცა ლექსს ვკითხულობდი და მისმენდნენ, სცენაზე ყოფნა ჩემთვის კომფორტული მდგომარეობა იყო. ეს პროფესია ძალიან მიყვარს, მაგრამ მაქვს სხვა ინტერესებიც, სადაც საკუთარ თავს ვხედავ. ფილოსოფიით ვარ დაინტერესებული, თვითშემეცნებით, ეს ძალიან საინტერესოა. ვიღებ ვიდეოებს და პერიოდულად სოციალურ ქსელში ვტვირთავ. ვთამაშობ "ჩემი ცოლის დაქალებში", ჩემი პერსონაჟის ხაზი საინტერესოდ ვითარდება, მაყურებელს წინ საინტერესო სერიალები ელოდება. ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრში და თეატრი ათონელზე.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კომუნიკაბელურობა. მგონია, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს "ბარათი" იცვლება.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უცნაური და არასტანდარტულიაო. ერთი ადამიანი მეორეზე ხომ იმას ფიქრობს, როგორც ხედავს. სინამდვილეში არავინ იცის, ვინ ვართ ჩვენ, ეს ზოგჯერ თავადაც არ ვიცით. საკუთარი ქცევებით გაკვირვებული თავადაც არაერთხელ დავრჩენილვარ. საკუთარ თავში რაღაც უნარი აღმომიჩენია, რაც ძალიან ფასეული გამხდარა და მქონია განცდა, რომ ესეც შემძლებია. ამ განცდას სიცოცხლის ხალისი მოაქვს.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ბევრი წელი ინერციით ვცხოვრობდი. ვცხოვრობდი ინერციული თავისუფლებით, ინერციულ სიტუაციებში ვიმყოფებოდი. დაახლოებით 3 წლის წინ, ახალ რელსებზე დავდექი. ის პერიოდი იყო ყალბი, ხელოვნური, მოგონილი ცხოვრება. დღეს სინამდვილე გამოიკვეთა, ახლა რეალობაში ვარ. ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი. ჩემი დაკვირვებით, აუცილებელია გაიარო არეული პერიოდი, უნდა "მოკვდე", რომ "აღსდგე".

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შემიძლია ვიყო თვითკრიტიკული. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, რამაც ხელი შემიწყო "გამოფხიზლებაში".

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, იმავენაირად ვიცხოვრებდი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავიგო, რა არის სიმართლე. რა არის ნამდვილი სიყვარული, თავისუფლება... სინამდვილე ვიპოვო საკუთარ თავში, სამყაროში და ადამიანებში.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სიცოცხლის ხალისი არასდროს დამიკარგავს, ტკივილი ძალიან მალე მავიწყდება, შემიძლია იუმორითაც კი შევხედო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...გადაჭარბებულობა. ზედმეტი ემოციურობა, ზედმეტი განცდები...

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ყოველთვის ვცდილობ, გავაანალიზო, რის გამო დავუშვი, ჩავწვდე მიზეზს და რამდენად ვახერხებ, არ ვიცი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყოველთვის ჩემს წინათგრძნობას, ინტუიციას უნდა დავეყრდნო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...არა? - ამ შეკითხვას საკუთარ თავს ყოველდღე ვუსვამ. პასუხი რა არის? არის მომენტი, როცა ჩემში პატიების უნარს ვპოულობ, ხდება პირიქითაც. ვეძებ, ჩემს თავში გამოვიჭირო მუდმივობა, შემიძლია, რომ საბოლოოდ ვაპატიო? მინდა ამ უნარს მივაგნო.

- ვიბნევი...

- ...როდესაც მაქებენ ან ჩემდამი კრიტიკულად არიან განწყობილი. გააზრება მჭირდება, ეს მართლა ასეა თუ ადამიანების ინტერპრეტაციის შედეგია.

- ვნანობ...

- ...ამ წუთში არაფერს. რამდენიმე თვის წინ ვიტყოდი, ვნანობ, რომ ვერ შევძელი იმ დროს ვყოფილიყავი "ფხიზელი", უფრო სწორად ცნობიერი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები გამოჩნდნენ და მაშინ ამას ვერ მივხვდი. ეს ჩემს პირად ცხოვრებაში იყო და არა - საქმეში.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო ის, ვინც ვარ.

- ჩემი ჰობია...

- ...ცხოვრება.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ტყუილს, როგორც საკუთარ, ასევე სხვებთან მიმართებაში.

- მეზარება...

- ...ვარჯიში, დიეტის დაწყება, ისეთი საქმის კეთება, რომელიც ვალდებულებაა. მეზარება საქმე, რომელსაც სხვა მავალდებულებს, მაგრამ საკუთარ თავს თავად თუ ვავალდებულებ, მეხალისება.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის? მთელი ცხოვრება ვცდილობ, პასუხი ვიპოვო, რთული სათქმელია (პაუზის შემდეგ), ალბათ კავშირია, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და არა - ქაოსი (ფიქრობს). ამ პასუხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვებდი, არ ვიცი, სიყვარული რა არის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მას შემდეგ მიყვარს თავად სიყვარული. მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული შემიყვარდა, პერიოდულად ამ სიყვარულში ადამიანები "ჩავარდებიან" ხოლმე, ხან ერთი, ხან - მეორე, მესამე...

- მაკვირვებს...

- ...როგორი ცოცხალია სამყარო და ამას ადამიანები როგორ ვერ ამჩნევენ.

215226756-363146395328764-2362331016692587113-n-1651133970.jpg

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...გულწრფელმა სიცილმა, იუმორმა.

- ვრისკავ...

- ...თითქმის ყოველთვის, ხშირად გაუაზრებლადაც. ძალიან გამბედავი ვარ, სიფრთხილე მაკლია. ხანდახან ეს კარგი არ არის, ცხვირიც წამიმტვრევია, მაგრამ ის რისკიანი ნაბიჯი არ მინანია. რაც უნდა მოხდეს, მაინც გამბედაობის მომხრე ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ნებისყოფის ნაკლებობა, მოუთმენლობა ჩემში დიდი დოზითაა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმზე "ლობსტერი".

- შიში მაქვს...

- ...არაცნობიერი უაზრო ცხოვრების.

- ვმალავ...

- ...არაფერს, ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი შემიძლია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...წონას. ვერაფრით მივაღწიე, სტაბილურად სასურველი წონა მქონდეს: ვიკლებ, ვიმატებ, ვიკლებ, ვიმატებ... ისე კი სამყაროს მადლიერი ვარ, როგორიც ვარ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რაღაც დროს გავჩუმდე. ხანდახან პასუხის გაცემა ყველაფერზე არ არის საჭირო. ეს ვიცი, მაგრამ ვერ ვაკონტროლებ.

- ვიტყუები, როცა...

- ...რაღაცა არ ვიცი, ვერ ვაცნობიერებ.

- თავისუფლებაა...

- ...როცა შენ ისეთი ფართო გული გაქვს, შეგიძლია, შენს თავისუფლებაში ყველა ადამიანი შემოიყვანო, შენში მთელი სამყარო დაიტიო.

- როცა მარტო ვარ...

- ...მაშინ ვგრძნობ სიყვარულს. ჩემი გაგებით სიყვარული ხომ კავშირია სამყაროსთან, ადამიანებთან. უცნაურია, როცა მარტო ვარ, ამ კავშირს მაშინ მეტად ვგრძნობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რაში დავხარჯავდი? არ ვიცი, ყოველ დღეს დაველოდებოდი, რას მიკარნახებდა.

- მენატრება...

- ...ყოველი წამი, როცა რაღაც გამიცნობიერებია, ამ გაცნობიერების შემდეგ, სიცოცხლე მიგრძნია და სინამდვილესთან კავშირი მქონია.

241664375-403874041255999-9053008757878496018-n-1651133956.jpg241664375-403874041255999-9053008757878496018-n-1651133956.jpg

- ბედისწერა...

- ...მგონია, რომ ყველა ადამიანი თავის ბედისწერას თავად ქმნის. ბედისწერა ისეთი რამ არ არის, რომელიც ჩვენზე ბატონობს და დაგვაქანებს, როგორც მარიონეტებს. მგონია, ჩვენი ქმედებებით შედეგს ვიმკით. ბედისწერა ჩვენს ხელშია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ გავარკვიო, ჩავწვდე მიზეზს. თუნდაც ძალიან მეტკინოს, თუნდაც ეს პროცესი ძალიან რთული იყოს. მიზეზის მიგნება მათავისუფლებს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ფილოსოფოსმა ანდრო დგებუაძემ მითხრა: "რეალობა ხარ შენ".

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...თქვენ ხართ რეალობა!

თამუნა კვინიკაძე