"ძველმოდური" გიგი პიანომენის გახმაურებული საპროტესტო ჟესტი - გზაპრესი

"ძველმოდური" გიგი პიანომენის გახმაურებული საპროტესტო ჟესტი

პანდემიის საწყის ეტაპზე თვითიზოლაციაში მყოფი მოსახლეობისთვის გიგი პიანომენის მუსიკალური ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ინტერნეტს მიჯაჭვული საზოგადოების დიდი ნაწილი ახალ-ახალ ჩანაწერს მოუთმენლად ელოდა. თითქმის მთელი წელია, პიანისტი აკომპანემენტს უწევს გადაცემა "მელორამას" სტუმრებს, სხვადასხვა ღონისძიებაზე უკრავს და ამავდროულად ემზადება რამდენიმე კონცერტისთვის, ერთ-ერთი კი მისი საყვარელი კომპოზიტორის - რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

- გიგი, რა დრო ეთმობა მუსიკას დღის განმავლობაში?

- იმდენი აღარ, რამდენითაც დავიწყე ან როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მაგრამ დღეს მინიმუმ ორი საათი მიწევს დაკვრა, როგორც შინ, ისე თითქმის ყოველდღე გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

- პანდემიის პერიოდში ამ დრომ მოიმატა თუ იკლო? სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეოების წყალობით ბევრი აქტიური მსმენელი გაგიჩნდათ...

- გაიზარდა, რადგან მაშინ ძირითადად სახლში ვიყავით და სულ ვფიქრობდი, ახალ-ახალი რამ დამეკრა. რაც შეეხება ვიდეოებს - კი, ნამდვილად ასე იყო. ახლა რომ ვაკვირდები, იმ პერიოდმა მართლა ყველაზე მეტი მსმენელი შემძინა.

- წლების განმავლობაში თუ იცვლება თქვენთვის საყვარელი კომპოზიტორების სია და თუ არის ისეთი, რომელსაც არასდროს ღალატობთ?

- არა, არ იცვლება. რაც ბავშვობაში იყო, დღესაც იგივე რჩება. კლასიკური მუსიკიდან ესენი არიან: შოპენი, ბეთჰოვენი და რახმანინოვი. რაც შეეხება ქართულს, ჩემთვის ნომერ პირველი რეზო ლაღიძეა, გამორჩეულად მიყვარს. ჩემთვის საქართველო ნოტებში მასთან ასოცირდება: თავისი სოფლებით, მთებით, წყაროებით, მდინარეებით... მიყვარს ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, კონსტანტინე პევზნერი. ვფიქრობ, ეს მუსიკა არასდროს გადავა მოდიდან და მათ კლასიკურ მუსიკასთან მიახლოებულ კომპოზიტორებად ვთვლი. ასევე - გია ყანჩელი, ჯანო კახიძე და ბევრი დიდი კომპოზიტორი, მაგრამ ჩემი აზრით, რეზო ლაღიძეს მაინც რაღაც ისეთი აქვს, რაც სხვას არავის.

რაც შეეხება ესტრადას, ხშირად ვამბობ, რომ ის სულ რაღაცას ჰგავს. ეს ჟანრი წამოსულია ბრიტანეთიდან და ამერიკიდან. ძალიან მაგრები და ღირსეულები არიან: მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ დუღაშვილი, მარიკა კვალიაშვილი და სხვები, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ მუსიკის ისტორიის გაგრძელებაში... საერთოდ, საესტრადო მუსიკა ჩემთვის ნაკლებად საყვარელია. ვერავის დავაბრალებთ ნიჭისა და უნარის ნაკლებობას, უბრალოდ სტრუქტურა შეიცვალა ისე, რომ, რომც გინდოდეს, შეიძლება ვერც წერო. ეს მუსიკა ან სულ რაღაცას ჰგავს, ან "მიარჭობენ", რომ მოპარულია, ამერიკიდან წამოღებული ან რამე მსგავსი. რა თქმა უნდა, მირჩევნია, ახალი სიმღერები ჩვენს მოტივებზე იყოს დაყრდნობილი, მაგრამ ახლა რასაც ვისმენ, სულ ყანჩელის, ცაბაძისა და ინოლა გურგულიას გარშემო ვტრიალებთ. ბევრი სიმღერა აქვთ რუსა მორჩილაძეს, მაიკო კაჭკაჭიშვილს, ლილიკო ნემსაძეს, მაგრამ ეს უკვე სხვა სისტემაა, რაც უბრალოდ ჩემთვის არ არის ძალიან საყვარელი, თორემ ისინი პროფესიონალები არიან, კარგად იციან თავიანთ საქმე.

- ეს "მასობრივი მუსიკაა", თუ შეიძლება ასე ვთქვათ...

- ჰო, მასობრივ მუსიკას რაც შეეხება, ჩემი საყვარელი უანდერი და სხვა შემსრულებლები უკვე სხვა ეპოქად ითვლება. 40-50 წელი გავიდა მას შემდეგ. ახლა ვთვლი, რომ მუსიკის მხრივ იქაც კატასტროფული მდგომარეობაა. ეფექტების, ნოვაციებისა და კოლაბორაციების ეპოქაა, ჰარმონიასა და მელოდიის ხაზზე აღარავინ ფიქრობს, ამიტომ ჩემთვის ხიდია ჩატეხილი. მე მაინც უკვე ძველმოდურად ვითვლები, ახლებს ვერ ვუსმენ.

- ძველმოდური კიდევ რაში ხართ?

- რა ვიცი, ალბათ ყველაფერში. ძველი სტილის ტანსაცმელი მიყვარს, ქალბატონების მხრივაც უპირატესობას ძველი თაობის მსახიობებს ვანიჭებ, ვიდრე თანამედროვე მოდელ გოგონებს.

- კოტე ყიფიანის გადაცემაში "მელორამა" მუშაობთ, სადაც სხვადასხვა თაობის თანამედროვე შემსრულებლებს ვეცნობით, მათ ხშირად უწევთ აკომპანემენტს. თუ შეგიძლიათ მითხრათ, პირადად თქვენთვის ვინ იყო აღმოჩენა?

- თითქმის წელია, ამ გადაცემაში ვმუშაობ და მისი პრინციპია, სურვილის შემთხვევაში, ყველა ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა. ანუ აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ აუცილებელია, ვინმე ძალიან მაგრად მღეროდეს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ქართულ მუსიკაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოვიდეს როგორც ძალიან ნიჭიერი, ისე სუსტი მონაცემების მქონე, უბრალოდ ისე უყვარდეს ქართული სიმღერა, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობაზე უარი ვერ ვუთხრათ. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე გენიალური და საოცრება ვნახე, გულწრფელად ვიტყვი - ასეთი ადამიანი იქ არ ყოფილა.

- თქვენ და კოტე ერთად არჩევთ მონაწილეებს?

- არა, არჩევანი ჩემზე არ არის დამოკიდებული. გადაცემას ჰყავს პროდიუსერი. მე ვიცი, რომ ვთქვათ, დღეს მოვა ბავშვი, რას იმღერებს და გადაცემის ჩაწერამდე ვამუშავებთ. მეც შემიძლია, ვინმე ვიპოვო და გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზო, როგორც გითხარით, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვაქციოთ ქართული სიმღერის ქვეშ, როგორც ბავშვები, ისე უფროსები და ამ მხრივ გადაცემაში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.

- საქართველოში თითქოს არ არსებობს ოჯახი, სადაც არ მღერიან, არის ეს ტრადიცია...

- სიმღერა თითქმის ყველა ოჯახშია, ასეა. თუმცა ჩემთვის ნამდვილი პრობლემაა თანდაყოლილი ნიჭისა და გემოვნებიანი მუსიკის შემსრულებლის პოვნა. შეიძლება, ხმა ჰქონდეს, ვარიაცია და ყვირილი ათიდან რვამ "გააკეთოს", მაგრამ ძალიან რთულია, ნოტები, ბგერა, ფრაზა, ხმა, ჩაცმა, იერი და ქცევა იყოს ერთად თავმოყრილი. სულ ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც შინაგანად დახვეწილია და ამის ნაკლებობა ნამდვილად არის.

- ამ აღწერილობის მიხედვით გამახსენდა ანა უზნაძე, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი შემსრულებელია.

- ანა უზნაძე ძალიან კარგი გოგოა, ღრმა და განსხვავებული. მას დიდი სიყვარული აქვს ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი. მან დაინახა ინოლას ნიჭი, "წამოიღო", შეუყვარდა, თავისებურად ჩამოიყალიბა და წარმოგვიდგინა. მერე შეიძლება საერთოდ შეიცვალოს. ასეთი ადამიანები თუ ბევრნი იქნებიან, ამას რა სჯობს?!

- რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით თქვენთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ყველამ აიტაცა და რომლის მოყოლა შემდეგ სხვადასხვა გამოცემასა და გადაცემაში გიწევდათ. დეტალურად ასე ყოფილა: რესტორანში უკრავდით, სადაც სამი რუსი სტუმარი შემოვიდა - ერთი მამაკაცი და ორი ქალი. კაცმა ასდოლარიანი დაგიდოთ და გითხრათ, ჩვენთვის რამე დაუკარითო, თქვენ კი უკრაინული "ჩორნობრივცი" შეასრულეთ. მათი დადებული თანხა უკანვე დაუბრუნეთ სიტყვებით, - გუშინ უკრაინაში ბავშვი დაიღუპა და მის ოჯახს გაუგზავნეთო... თქვენი ჟესტით გაოგნებულმა სტუმრებმა ხმის ამოუღებლად დატოვეს იქაურობა. მას შემდეგ მსგავსი ფაქტი ხომ არ განმეორებულა?

- არა. მას შემდეგ იქ, სადაც ვუკრავ, არ მინახავს რუსები მოსულიყვნენ. მგონია, ერიდებიან და სხვაგან დადიან. შეიძლება, იმ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ქართული სამზარეულოა, არ ვიცი. ახლობლები მეხუმრებოდნენ, შენი ისტორია ხომ არ მოისმინეს და იმიტომ არ მოდიანო, მაგრამ არ მგონია, ასე იყოს...

- როგორც ვიცი, რეზო ლაღიძის შემოქმედებასთან დაკავშირებით რაღაც გეგმები გაქვთ; დეტალები მომიყევით, თუ შეიძლება.

- პირველ კონცერტს იმ მუსიკაზე გავმართავ, რაც პანდემიის დროს გავაკეთე და რაც ხალხს შეუყვარდა. ჯერ სახალხოდ არ დამიკრავს, საუკეთესო ვარიანტებს შევარჩევ, შევკრებ და მინდა, კონცერტი სოლო სახით გავაკეთო ან ტრიოში - ამას მალე გადავწყვეტ. ამის შემდეგ პირველი კონცერტი, რაც კომპოზიტორს მიეძღვნება, აუცილებლად იქნება რეზო ლაღიძე. მის დაბადების დღეს ან რომელიმე სხვა თარიღს დავამთხვევ. შეიძლება ამ კონცერტში არა მხოლოდ რეზო, არამედ ჩემთვის საყვარელი 2-3 კომპოზიტორის შემოქმედებაც ჩავრთო: ლაღიძე, ცაბაძე, კვერნაძე. პანდემიის დროს შესრულებული მუსიკის კონცერტი მინდა გაიმართოს ივნისის დასაწყისში, თუ მანამდე ჩემი პიესების კონცერტი არ დაინიშნა. თუ ეს ვერ მოხერხდა, მინდა, ჩემი დაბადების დღეს, 18 ოქტომბერს გავაკეთო. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეიძლება, ვაშინგტონში მქონდეს კონცერტები და მერე ვნახოთ, რეგულაციები მოიხსნა და შეიძლება სხვა ქვეყნებშიც გავემგზავრო.

5-1651134220.jpg

- რამდენი წლის ხდებით?

- 36-ის.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, ამ წლების განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე როდის გქონდათ?

- კი, როგორ არა?! 2008 წელს ამერიკაში ვიყავი. კონცერტებზე სიარული როგორ მიყვარს, ყველამ იცის. ჩემმა კურსელმა ბიჭებმა არეტა ფრანკლინის კონცერტის ბილეთი მომიტანეს, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ არაფერი მითხრეს. მეგონა, რესტორანში მივდიოდით და გამაფრთხილეს, ჯერ სხვაგან მიგიყვანთო. კონცერტი ნიუ-იორკში, "რადიო სითი-ჰოლში" იმართებოდა. იქ რომ ჩავიარეთ, ხალხის რიგი დავინახე და გავიგე, კონცერტს უნდა დავსწრებოდი. ეს იყო შოკი. თან, ეს არეტა ფრანკლინის ერთ-ერთი ბოლო კონცერტი გახლდათ... საოცრება!..

ანა კალანდაძე