"თუ შვილს უნდა ჰქონდეს მშობლის ხათრი, მშობელმაც პატივი უნდა სცეს შვილს" - გზაპრესი

"თუ შვილს უნდა ჰქონდეს მშობლის ხათრი, მშობელმაც პატივი უნდა სცეს შვილს"

- ძალიან პატარა ასაკის - 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი შვილი - კესო გაჩნდა. საერთოდ, თავდაპირველად, ძნელია, როცა თავადაც თითქმის ბავშვს ბავშვი გიჩნდება. მშობლებიც გეხმარებიან... დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა ძლიერდება... მამობის პასუხისმგებლობა ბავშვის გაჩენისთანავე ვიგრძენი.

- ერთგვარი სტრესიც იყო შვილის შეძენა, არა?

- მგონი, ყველასთვის ასეა, როცა პატარა ასაკში შვილი შეეძინება. ბავშვს ზრუნვა სჭირდება. თან, მაშინ ცოტათი სხვანაირი დრო იყო. რაღაცები ჭირდა, არ იშოვებოდა...

- უფროს შვილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ გარდატეხის ასაკამდე?

- საერთოდ, სულ ვცდილობ, შვილებს ისე მოვექცე, როგორც ჩემი მშობლები მექცეოდნენ - მათი აღზრდის მეთოდის "ასლს ვაკეთებდი": დედ-მამასთან ვმეგობრობდი. ახლაც ასეა. შვილების აღზრდისას იმის "კოდირება" მოვახდინე, რაც მშობლებისგან საკუთარ თავზე გამოცდილი მქონდა.

- გაამართლა?

- კი, გაამართლა. ყველაფერი კარგად გამოდის.

- კესოს გარდატეხის ასაკს როგორ გაუმკლავდით?

- განსაკუთრებული სირთულეები არ ყოფილა. მოზარდობისას ადამიანს რაღაცები ემართება, ჯიუტდება, მაგრამ კესოს შემთხვევაში, ამ პერიოდმა ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიარა.

- თქვენს პროფესიულ არჩევანს მშობლები როგორ შეხვდნენ და თავად როგორი რეაქცია გქონდათ, როცა თქვენი შვილის პროფესიული არჩევანი შეიტყვეთ?

- ჩემს გადაწყვეტილებას მშობლები გაგებით შეხვდნენ, მხარში ამომიდგნენ... მათგან არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, პირიქით - ხელი შემიწყვეს. ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დაუჯერონ, ენდონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობლებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ და თავადაც ასე ვარ განწყობილი: თუ ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია, მონდომებულია, სულ ამაზე ოცნებობს, ფიქრობს, ცხადია, მხარი უნდა დაუჭირო, მხარში ამოუდგე... ჩემმა შვილმა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, წელს საჯარო მართვის ფაკულტეტს (მაგისტრატურას) ამთავრებს. მაგისტრატურის 1 სემესტრის განმავლობაში პოლონეთში სწავლობდა. მისი პროფესიული არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - მერვე კლასიდან იცოდა, რომელი პროფესიის დაუფლება, რომელ სასწავლებელში სწავლა სურდა. იცოდა, რისკენ მიდიოდა და მიდის. როგორც შემიძლია, მხარში ვუდგავარ.

kesaria-copy-1651134401.jpg

- მეორე შვილის შეძენისას მამობის პასუხისმგებლობა ალბათ უფრო მეტად გქონდათ შეგნებული, არა?

- კი, რა თქმა უნდა. ვასილი კესოს გაჩენიდან 9 წლის შემდეგ დაიბადა. მის გაჩენას უფრო მომზადებული შევხვდი. უკვე დიდი ასაკისაც ვიყავი, შემოსავალი, ცხოვრებაში ჩემი ადგილი და შვილის ყოლის გამოცდილება მქონდა.

- თქვენს ვაჟს რა ინტერესები აქვს?

- 14 წლის არის. ჯერ პროფესიული არჩევნის შესახებ არაფერს ამბობს. კარგი შვილია. წყალბურთითაა დაკავებული. ბიჭები ცოტათი ყალთაბანდები არიან ხოლმე, მაგრამ სწავლასთან დაკავშირებით ვასილს თავისმა დამ, რომელიც სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც წარჩინებით სწავლობდა, კარგი მაგალითი მისცა. ვასილიც ძალიან ცდილობს... პანდემიის დროს, უსკოლობით ბავშვები ცოტათი მოდუნდნენ, მაგრამ ონლაინ სწავლობდა. სამართლიანი ბავშვია - მომწონს.

- ვასილის შემთხვევაში აღზრდის მეთოდი განსხვავებულია?

- არა. მის აღზრდაში კესოც მონაწილეობდა, რადგან მათ შორის 9-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ვმეგობრობთ. ვასილიც საკმაოდ ჭკვიანი, დამჯერი, ხათრიანი ბავშვია.

- შვილების სამეგობროსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ნორმალური, თანამედროვე... მათი მესმის - მათი ტოლი მეც ვიყავი და ყველაფერი გასაგებია, რა (იღიმის)...

- თქვენი პოპულარობის აღმავლობა შვილებმა როგორ მიიღეს?

- სანამ პატარა ასაკის იყვნენ, ზედმეტი ყურადღების გამო ცოტათი იძაბებოდნენ, მერე კი ჩემ მიმართ ხალხის ყურადღება ნორმალურად, ჩემი პროფესიის ნაწილად აღიქვეს და სიამოვნებთ, რა თქმა უნდა.

- ეკრანულ "შვილებზე" რას გვეტყვით?

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ტასოს და ჯეკოს როლების შემსრულებლები ჩვენს ხელში გაიზარდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობდით: თავდაპირველად სერიალში იმდენი პერსონაჟი არ იყო, რამდენიც ახლაა. ძალიან გულთბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან... სერიალში უკვე ბავშვების მესამე თაობა გაიზარდა.

kesaria-2-copy-1651134389.jpg

- მათთვის მამაშვილური რჩევები მიგიციათ?

- თუ ყურს მოვკრავ, რომ რაღაც აინტერესებთ, კი, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, არ მოგატყუებთ... ორივენი ჭკვიანია.

- "ტასოს" და "ჯეკოს" გარდა, თქვენს უმცროს ეკრანულ "შვილებს" გადაღებებში მონაწილეობა ხომ არ უჭირთ?

- საერთოდ, ნათქვამია - ძაღლი და ბავშვი არ უნდა გადაიღოო, რადგან ძნელია... ჩვენს შემთხვევაში, ბავშვები გადავიღოთ კი არა, მთავარ როლებში არიან. შეიძლება, სიცელქეში დრო იწელება, მაგრამ ბავშვები მუშაობენ. დიდი ხანია, გადაღებას შეეჩვივნენ, პატარებიც დაიზარდნენ...

- ლევან, შვილების აღზრდასთან დაკავშირებით მშობლებს რას ურჩევთ?

- ერთმანეთის მოსმენას და ანგარიშის გაწევას, რადგან თუ შვილს უნდა ჰქონდეს მშობლის ხათრი, მშობელმაც პატივი უნდა სცეს შვილს. შვილი საკუთრება არაა - ის ადამიანი, ცალკე ინდივიდია...

ეთო ყორღანაშვილი