"ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა, - სულელურად იქცევი, რომ წიგნის გამოცემა არ გინდაო" - გზაპრესი

"ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა, - სულელურად იქცევი, რომ წიგნის გამოცემა არ გინდაო"

როგორც სალომე გოგიაშვილმა გვითხრა, "კოვიდის" გადატანის შემდეგ, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, თუმცა წიგნების შესახებ ინტერვიუზე მაინც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ამ ეტაპზე წიგნებს იშვიათად ვკითხულობ, რადგან დრო არ მაქვს. ბავშვობაში, ძილის წინ ან დღის რომელიმე მონაკვეთში ვკითხულობდი. ახლა ეს რეჟიმი არ მაქვს: როცა ვწვები, ისეთი გათიშული ვარ, საერთოდ არაფრის თავი არ მაქვს. ამიტომ, სამწუხაროდ, წიგნისთვის მართლა ვეღარ ვიცლი...

- წიგნებთან "ურთიერთობა" როგორ დაიწყე?

- ბავშვობაში ინგლისურის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ის იმ წიგნების ნუსხას გვაძლევდა, რაც აუცილებელია, რომ ბავშვმა წაიკითხოს. მაგალითად, ზაფხულის არდადეგებზე 3 ათასი გვერდი უნდა წაგვეკითხა - მასწავლებლის მიერ მოცემული წიგნების სიიდან ჩვენთვის სასურველი უნდა აგვერჩია. წიგნებთან ჩემი "ურთიერთობა" ასე დაიწყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე ასაკში, დედა და ბებია წიგნებს მიკითხავდნენ, მაგრამ - გართობის დონეზე.

- მასწავლებლის მიერ შერჩეული წიგნების კითხვას უბრალოდ, ვალდებულებად აღიქვამდი თუ კითხვა სიამოვნებას განიჭებდა?

- მოგატყუებ, რომ ვთქვა, ეზოდან სახლში სიხარულით გადარეული ამოვდიოდი, რათა წიგნი წამეკითხა-მეთქი, მაგრამ მასწავლებლის მიმართ დიდი რიდი მქონდა. თან, ასეთ საკითხებში პასუხისმგებლიანი ვარ. რაღაცნაირად, რუტინად გავიხადე, რომ დღის გარკვეული მონაკვეთი წიგნის კითხვისთვის გამომეყო, მერე კი - დროს უკვე გართობასაც ვუთმობდი.

- ბავშვობაში წაკითხული რომელი წიგნი გახსენდება, რომელმაც სიამოვნება მოგანიჭა?

- მაგალითად - "ტომ სოიერის თავგადასავალი"... რუსულ ლიტერატურას ხშირად ვკითხულობდი - ნახევრად რუსეთში გაზრდილი ვარ, იქ ვსწავლობდი. შემდეგ, მოზარდობისას საქართველოში დავბრუნდი და მთელი თინეიჯერობა აქ გავატარე, სწავლაც აქ გავაგრძელე. მაგალითად, მიყვარდა ჯეკ ლონდონის ნაწარმოებები... მოზარდობისას ადამიანი რომანტიზმში "გადადიხარ", სათავგადასავლო წიგნებს მეტ ყურადღებას აქცევ... დეტექტივები მომწონდა. ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდი" ძალიან მიყვარდა, შემდეგ - "ანა კარენინა", ასევე - "უთავო მხედარი"... ზოგი ნაწარმოები ქართულად მაქვს წაკითხული, ზოგი - რუსულად.

- სასკოლო პროგრამაში არსებული ლიტერატურა შენთვის საინტერესო იყო?

- ჩემს ბავშვობაში, როცა წარმოიდგინე, სინათლე, გათბობა არ გვქონდა, ვიყინებოდით და იმ ტანსაცმლით გვეძინა, რაში გამოწყობილებიც დავდიოდით, მეცადინეობა სანთლის შუქზე გვიწევდა, სწავლა ნაკლებად საინტერესო იყო. თითზე ჩამოსათვლელი ბავშვები იყვნენ, ვინც იმ პერიოდში კარგი განათლების მიღება მოახერხა, თუმცა, თუ სწავლა გინდა, სანთლის შუქზეც ისწავლი, მაგრამ მე ასეთი ბავშვების სიას არ მივეკუთვნებოდი. განათლება ოჯახიდან, დედის ძალდატანებით, ცალკე მასწავლებლებთან მომზადებით უფრო მაქვს მიღებული, ვიდრე სკოლიდან...

- საერთოდ, წიგნებს რომელ ენებზე კითხულობ?

- რუსულად, ქართულად და უკვე, როცა ინგლისური ენის სწავლა დავიწყე, ბევრი წაკითხული წიგნი ხელახლა წავიკითხე, ოღონდ - უკვე ინგლისურ ენაზე: ეს მჭირდებოდა, რადგან უნივერსიტეტში გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ლიტერატურული ნაწარმოებების ადაპტირებულ ვერსიებს ვყიდულობდი და ვკითხულობდი. ეს დამეხმარა, რომ ინგლისურში სიტყვების მარაგი გამეუმჯობესებინა.

- არის წიგნი, რომელმაც შენი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა?

- წიგნმა - არა, ნამდვილად, რადგან საერთოდ, ძალიან ჯიუტი, საკუთარ აზრებში დარწმუნებული ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები. როცა ვიცი, წიგნის სიუჟეტი, ასე ვთქვათ, გამოგონილი ამბავია, ჩემთვის ეს ნაკლებად მაპროვოცირებელია, რომ აზრები შევიცვალო. რეალურად, ჩემი ცხოვრება პირადი და მეგობრების ამბების, გამოცდილების გამო უფრო შეიცვალა, ვიდრე წიგნით ან ფილმით. კითხვით სიამოვნებას უფრო ვიღებდი...

- ცხოვრების რთულ პერიოდში რომელიმე ნაწარმოების კითხვა დაგხმარებია?

- აუ, არა, რადგან როცა ცუდად ვარ, წიგნი კი არა, საერთოდ, არაფერი მინდა. ვიცი, რომ ასეთ დროს ზოგი შოპინგში პოულობს სიამოვნებას, ზოგი - წიგნის კითხვაში... პირადად მე, "ჩაკეტილი" ვარ და რეალურ გამოსავალს ვეძებ ხოლმე.

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს განსაკუთრებულად?

- ვგიჟდები ნაწარმოებზე - "ქარწაღებულნი": წიგნიც ძალიან მიყვარს და ეკრანიზაციაც. მახსოვს, ამ ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, პერსონაჟი ფარდისგან კაბას იკერავს. ჩემთვის ეს შთამბეჭდავი იყო...

- ჯერ ნაწარმოები წაიკითხე, ეკრანიზაცია კი მერე ნახე თუ?..

- კი, ჯერ წიგნი წავიკითხე. ეკრანიზაცია ბევრად ლამაზია, რადგან ძალიან კარგი, ლამაზი მსახიობები მონაწილეობენ.

- რომელმა ეკრანიზაციამ გაგიცრუა იმედი?

- მაგალითად, ასეთი იყო "დიდი გეთსბი" (ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით), მაგრამ ვხვდები, ამ ფილმზე კოლოსალური თანხაა დახარჯული, მაყურებელი სხვა რაღაცებს აქცევს ყურადღებას, თუნდაც - კოსტიუმირებას და თუნდაც, ამის გამო დიდი პატივისცემის გრძნობა გიჩნდება რეჟისორის მიმართ, რადგან მაყურებელს ასეთი სანახაობა შესთავაზა. პირადად ჩემთვის, "დიდი გეთსბის" შემთხვევაში, წიგნი უფრო შთამბეჭდავი იყო...

- პოეზია გიტაცებს?

- პოეზიაზე ვგიჟდებოდი! ანა კალანდაძის შემოქმედება მიყვარდა. ალბათ, მისი ლექსების უმეტესობა ზეპირად ვიცოდი. ასევე, ვიცოდი და მომწონდა სერგეი ესენინის, პუშკინის ლექსები. სხვათა შორის, შექსპირის ძალიან ლამაზ და რომანტიკულ სონეტებს ზეპირად ვსწავლობდი (ინგლისურ ენაზე) - ამით გატაცებული ვიყავი... ახლა ლექსი კი არა, ვერავის ტელეფონის ნომერს ვერ გეტყვი - ძალიან ცუდად ვარ (იცინის).

- სამაგიდო წიგნი გაქვს?

- ჩემდა სამარცხვინოდ, წლებია, წიგნი არ წამიკითხავს. ერთადერთი, მახსოვს, როცა ორსულად ვიყავი და უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა, რადგან მაშინ დიდად აქტიური ვერ ვიყავი, რაღაც რომანი ვიყიდე და მისი კითხვით თავს ვირთობდი... რომანის სახელიც არ მახსოვს, რადგან "კოვიდის" გადატანის მერე, ლამის მხოლოდ ის მახსოვს, რომ სალომე მქვია (იცინის). რეალურად, ამ პრობლემამ უკან დამხია... იმედია, მოგვარდება.

- თავად გიცდია წერა? იქნებ, დღიურს აწარმოებდი?

- ჩემს ბავშვობაში ე.წ. მეგობრობის დღიური ძალიან მოდური იყო, რომელშიც ვაკეთებდით ჩანახატებს, ლექსებსაც ვწერდით... რომ გითხრა, ისეთი ლექსი მაქვს დაწერილი, რომ დღემდე მახსოვს-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ იმ დღიურში აღვწერდი, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვაკეთებდი ანუ ახლა რასაც "სთორებში" ვაკეთებთ, "მეგობრობის დღიურშიც" იმას ვაკეთებდით - ფოტოებით, ჩანახატებით...

- როგორ ფიქრობ, წიგნის სიუჟეტისთვის შენი ცხოვრება საინტერესო იქნება?

- სხვათა შორის, ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა: ძალიან სულელურად იქცევი, რომ წიგნის გამოცემა არ გინდა, რადგან შენს ცხოვრებაში ბევრი ისეთი დეტალია, რაც ალბათ, ცხოვრებისეულად ბევრს დაეხმარებაო. მაგრამ ჩემი მხრიდან წიგნის დაწერა ძალიან ხმამაღალი განაცხადი მგონია, რადგან ალბათ, წიგნის დაწერას უფრო მეტი რამ სჭირდება, ვიდრე ამ ეტაპზე, დაგროვებული მაქვს...

- გამოცდილებას გულისხმობ?

- ჰო. ამბიციურ განაცხადებს ყოველთვის ვერიდები, წიგნის დაწერა კი ზუსტად ამბიციაა. წიგნი რომ გამოსცე, ამისთვის მკითხველისთვის საინტერესო ბევრი დეტალი უნდა გქონდეს მარაგში, თუმცა ახლა დრო რომ მქონდეს და პატარა ბროშურასავით დავწერო, ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები ან სწორად გადადგმული ნაბიჯები ლამაზად, მხატვრულად გადმოვცე, მგონი, იმ ადამიანებისთვის საინტერესო იქნება, ვისაც კითხვა უყვარს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თავს ვიკავებ. ალბათ, გარკვეულ ასაკში დავწერ, რატომაც არა?!

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- კი. ძალიან განათლებული ბებია მყავდა. კითხვაზე გიჟდებოდა! მახსოვს, ჩემს ძველ სახლში წიგნებით სავსე ბევრი კარადა გვქონდა. ბებიის საყვარელი ნაწარმოებები წინ ელაგა, უკან კი - წიგნები ფერების მიხედვით ეწყო. შემდეგ, როცა საცხოვრებელი შევიცვალეთ, წიგნებიც სულ გადაგვქონდა... მერე, როცა ოჯახს ქმნი, ახალ ცხოვრებას იწყებ, ახალ ბიბლიოთეკასაც თავად ქმნი... ძველი ბიბლიოთეკა დედასთანაა... ჩემი ქმარი წიგნის კითხვაზე გიჟდება, ისე უყვარს! ყოველთვის რაღაცას კითხულობს. ჩვენს სახლში ბიბლიოთეკის არსებობა ჩემი ქმრის დამსახურებაა.

- შვილებს წიგნების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ? მათთვის დაძალება ხომ არ გჭირდება, რომ წაიკითხონ?

- საბედნიეროდ, არ მჭირდება. ჩემი გოგონა სწავლაზე გაგიჟებულია: ლამის 24 საათი კითხულობს და სწავლობს. ბიჭი სპორტითაა გატაცებული, მაგრამ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ განათლება სპორტსმენსაც სჭირდება. ამიტომ ცნობილი ადამიანების (პოლიტიკოსები, პოეტები, ისტორიული ფიგურები...) სია გვაქვს შედგენილი. ყოველკვირა ერთ მათგანს ვირჩევთ და კვირის ბოლოს, ამ ადამიანის ბიოგრაფიაზე მიყვება...

salome-4-1652086093.jpg

- შენთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ლიტერატურული პერსონაჟი ვინ არის?

- ქართული ლიტერატურიდან, რა თქმა უნდა, დათა თუთაშხია. ჩემს მეგობრებს დღემდე მისი ტექსტები აქვთ დამახსოვრებული. დათა თუთაშხია კაცობის, ქართული მენტალიტეტის სამაგალითო ტიპადაა წარმოდგენილი.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?

- მკითხველის ასაკს გააჩნია. მაგალითად, ბავშვობაში ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა" წავიკითხე, მაგრამ საერთოდ ვერ გავიგე. რა თქმა უნდა, გავიგე, რაც წიგნში ეწერა, მაგრამ ნაწარმოებში ხომ სხვა ფილოსოფიური აზრი დევს, არა? მხოლოდ ის არაა, რომ მოხუცი ზღვაში გავიდა... ამიტომ ყველაფერს შესაბამისი ასაკი სჭირდება. ალბათ, "მოხუცი და ზღვა" ახლა რომ წავიკითხო, აბსოლუტურად სხვაგვარად აღვიქვამ, რადგან როცა იზრდები, დაწერილს სხვაგვარად აფასებ... ბავშვს წასაკითხი წიგნები მშობელმა უნდა ურჩიოს, ზრდასრულმა ადამიანმა კი თავად შეარჩიოს, რაც ახლა მისთვის საინტერესოა. ზრდასრულობისას, ჩემთვის რაც ურჩევიათ, იმ წიგნის კითხვა დამიწყია და შემიწყვეტია, რადგან ჩემთან "ახლოს" აბსოლუტურად არ ყოფილა. დეპრესიული, ძალიან "გაწელილად" დაწერილი წიგნები არ მიყვარს...

ეთო ყორღანაშვილი