"უკმაყოფილების გრძნობა მაინც დამრჩა: მე ოქროსთვის ვიყავი განწყობილი" - გზაპრესი

"უკმაყოფილების გრძნობა მაინც დამრჩა: მე ოქროსთვის ვიყავი განწყობილი"

ქართველ სპორტსმენებს შორის მსოფლიოს რეკორდი პირველმა მძლეოსანმა ნინო დუმბაძემ დაამყარა. პირველი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები სახელოვანი ფალავნები - დავით ციმაკურიძე და გივი კარტოზია იყვნენ, ხოლო ჩვენს დიდოსტატებს შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი გახდა. გავა დრო და ამ ლეგენდებთან ერთად, წლების შემდეგ ლენტეხელ გოგონას - ეთერ ლიპარტელიანსაც გაიხსენებენ. ახლახან სოფიაში გამართულ ევროპულ ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ქართველ მანდილოსან ძიუდოისტებს შორის პირველმა დაიკავა ადგილი ჩემპიონ-პრიზიორთა კვარცხლბეკზე.

ძიუდო ჩვენი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა და აქ გამარჯვებებს კარგა ხანია, უკვე მიჩვეულები ვართ, მაგრამ გოგონებიდან ეთერ ლიპარტელიანამდე ასეთი შედეგისთვის ჯერ არავის მიუღწევია. ამიტომაც მინდა, გამორჩეულად მივულოცო ევროპული მედალი, ჩვენი ჟურნალის მკითხველებს კი მასთან და საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელ გიორგი თენაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

- ეთერ, პირველ რიგში გილოცავ ამ წარმატებას! შენი ბრინჯაოთი ძალიან გაახარე ქართული სპორტის გულშემატკივრები. მართალია საერთაშორისო ტატამზე ეს შენი პირველი ჯილდო არ არის, მაგრამ კონტინენტის საუკეთესო ძიუდოისტებს შორის ღირსეული ადგილი რომ დაიკავე, ამას სულ სხვა ელფერი აქვს.

ეთერ ლიპარტელიანი:

- მოლოცვისათვის მადლობელი ვარ თქვენი და ქართველი გულშემატკივრებისაც. რა თქმა უნდა, ევროპული მედალი მეც ძალიან მახარებს, ჩემს მშობლებსაც და მწვრთნელებსაც. ამას კარგა ხანია ველოდით. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რომ ვერ ავედი კვარცხლბეკზე, ეს ყველასთვის რთული გადასატანი იყო. ამიტომაც ბულგარულ მედალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა ღმერთს, რომ ამჯერად შევძელი და მიზანს მივაღწიე!

eter-liparteliani-w-h-copy-1652425548.jpeg

- ევროპის ბოლო ჩემპიონატიდან ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული. და მაინც საინტერესოა, ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში თუ გაიაზრე შენი წარმატება?

- სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აღვიქვი ჩემი შედეგი. მედალი რომ გადმომცეს, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მაინც დამრჩა: მე ოქროსთვის ვიყავი განწყობილი და თავიდან კარგადაც დავიწყე ტურნირი. სტარტზე პოლონელ არტელა პოდოლაკს მოვუგე ვაზარით. შემდეგ ძალიან გამოცდილი ფრანგი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, პრისცილა ნიეტო დავამარცხე იპონით. მაგრამ მომდევნო შეხვედრაში მეორე ფრანგთან, ოლიმპიურ ჩემპიონ სარა ლეონესთან წავაგე. მართალია, ჩემპიონატი ჩეხ ვერა ზემანოვასთან ისევ იპონზე გამარჯვებით დავასრულე, მაგრამ ეს მხოლოდ ბრინჯაოსთვის მეყო. იმედი მაქვს, მომავალში ოქროს მედალსაც დავეუფლები.

- თავის დროზე ჩემს ქალიშვილს რომ ეთქვა, მამა, ძიუდოზე უნდა ვიაროო, ნამდვილად უარს ვეტყოდი. შენ როგორ დაიყოლიე მშობლები?

- ო, ეს მთელი ისტორიაა... მოკლედ გეტყვით: თქვენი არ იყოს, დედაჩემიც სასტიკი წინააღმდეგი იყო, - გოგო და ძიუდო ვის გაუგონიაო?! სამაგიეროდ, მამა მიჭერდა მხარს: შენ თუ გინდა, იჭიდავეო. მეც მეტი რაღა მინდოდა?! ბავშვობაში ისედაც ახტაჯანა ვიყავი. ეს ახლა დავდინჯდი, თორემ მაშინ ნამდვილი სვანის ხასიათი მქონდა... თავიდან ლენტეხში დავიწყე ვარჯიში. მერე ბიძაჩემმაც რომ დაინახა ჩემი მონდომება, რუსთავში წამომიყვანა და საკუთარი შვილივით მზრდიდა. ყოველდღე თბილისში დავყავდი სავარჯიშოდ. ათი წლის ვიყავი, საკმაოდ ჯიუტი, მაგრამ ეტყობა, მიზანი მქონდა და არ ვზარმაცობდი, დიდ სპორტზე ვფიქრობდი.

- გამოდის, რომ აგერ უკვე ათ წელზე მეტია, შენს კუთხეს, მშობლების კალთას, იქაურ ნათესავებსა და ბავშვობის მეგობრებს მოწყვეტილი ხარ. დავიჯერო, არ გაგიჭირდა?

- რა თქმა უნდა, სვანეთი და ჩემი ახლობლები მეც მენატრება, თუმცა მათთან კავშირი არ გამიწყვეტია. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ლენტეხში მივდივარ. პანდემიის დროს კი იქ რამდენიმე თვე დავრჩი. მაგრამ როგორც ხვდებით, ვარჯიშებსა და შეკრებებს დიდი დრო მიაქვს. განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი მქონდა შარშანდელი ოლიმპიადის წინ. სამწუხაროდ, ტოკიოში მედალს ვერ შევწვდი. როგორც ჩანს, გამოცდილება დამაკლდა. ვეცდები, მომდევნო, პარიზის ოლიმპიადაზე გავამართლო ჩემი და ჩემი მწვრთნელების - კახა მოცარიძისა და გიორგი თენაძის იმედები. წლებია უკვე, ისინი ჩემთან ერთად შრომობენ.

- წარმატების მისაღწევად მწვრთნელიც და მოწაფეც, ერთობლივი შრომის გარდა, ერთი მიზნისთვის უნდა იბრძოდნენ, ამ მიზნისთვის ერთნაირად უნდა იყვნენ "მოწამლულები". ასე განსაჯე, ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ. შენს მწვრთნელებს თუ ასწავლე სვანური?

- ამისთვის ჯერჯერობით ვერ მოგვიცლია. აი, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე თუ ამიყვანენ, სვანურში მერე მე ვიქნები მათი მასწავლებელი. ჩემს შედეგებზე, ჩემზე მეტად, მგონი, ისინი ფიქრობენ. ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთის გვესმის და ვფიქრობ, მიზანსაც მივაღწევთ.

საერთაშორისო არენაზე პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა 15 წლის ასაკში იზეიმა, როდესაც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისში ოქროს მედალი მოიპოვა. მერე იყო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური კონტინენტის პირველობასა და თასის გათამაშებებზე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, იმავე ასაკში გამარჯვებები ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ბოლოს კი - 23 წლამდეთა კონტინენტის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქრო. აქ მხოლოდ ქართველი ძიუდოისტი გოგონას საუკეთესო შედეგები ჩამოვთვალე, საპრიზო ადგილების სია კი გაცილებით ვრცელია. ეს შედეგები, ვფიქრობ, ყველაზე ნათლად მოწმობს ეთერ ლიპარტელიანის ოსტატობასა და სტაბილურობაზე, მის სამომავლო პერსპექტივაზეც. მე პირადად, უფრო წარმატებულს ვხედავ. თუმცა, ამის შესახებ ჯობს, ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი თენაძეს ვთხოვოთ აზრის გაზიარება.

- ეთერ ლიპარტელიანი უდავოდ, პერსპექტიული და ნიჭიერი გოგონაა. მისი ნიჭი, პირველ რიგში, მისი შრომისმოყვარეობაა. რაც უნდა დიდი ტალანტი და პერსპექტიული იყოს სპორტსმენი, თუ ზარმაცია, ვერანაირი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება ვერ უშველის. ყველაფერი შეიძლება ასწავლო ძიუდოისტს, მაგრამ თუ თავად არ მოინდომა, არაფერი გამოვა. ეთერს ძიუდო საოცრად უყვარს, ძალიან მოწესრიგებულია. ყველაფერს დათმობს, ოღონდ კი ივარჯიშოს. ზუსტად იცავს რეჟიმს. ზედმეტს არ შეჭამს, გაზიან წყალს არ დალევს, ამის ნებისყოფა აქვს. წვრთნის დროს ყურადღებით გისმენს და იმას აკეთებს, რასაც ურჩევ. ასეთი სპორტსმენი ნებისმიერი მწვრთნელისთვის მიგნებაა. მასთან მუშაობა სიამოვნებას განიჭებს.

liparteliani-copy-1652425565.jpg

- დავიჯერო, ყველაფერში ასეთი მოწესრიგებულია?

- საერთოდ, ყველა სპორტსმენს თავისი ხასიათი აქვს. ზოგი შეიძლება, რაღაც მომენტში გაგიჯიუტდეს კიდეც, მაგრამ ეს უკვე მწვრთნელის მოსაგვარებელი პრობლემაა, მან უნდა მოუნახოს სწორედ იმ მომენტისათვის შესაფერისი "გასაღები". ჩვენ ერთმანეთს უკვე წლებია, ვიცნობთ და კარგადაც გვესმის. ეთერს გამარჯვების დიდი ჟინი აქვს და ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

- მაგრამ დამეთანხმე, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან დიდებში რომ გადავიდა, გაუჭირდა. ტოკიოს ოლიმპიადაზეც და ახლანდელ ევროპის ჩემპიონატზეც პირველობა ვერ მოიპოვა.

- ამას დრო სჭირდება. ახალგაზრდებიდან დიდებში რომ გადადიხარ, რაღაც პერიოდია საჭირო, რომ ადგილი დაიმკვიდრო. მიუხედავად ამისა, დღეისათვის მსოფლიოს რეიტინგში ეთერი მეხუთე ადგილზეა. ჩვენთან ბიჭების ძიუდოში ისეთი ტრადიციები გვაქვს, ნებისმიერ დარბაზში რომ შეხვალ, რამდენიმე სპარინგ-პარტნიორი დაგხვდება. გოგონებში გვიჭირს შესაფერისი სპარინგების პოვნა, ამიტომ ბიჭებთან ერთად გვიხდება ვარჯიში. წესით, მათთან მთელი საწვრთნელი ციკლის დაახლოებით 20% შეგვიძლია ჩავატაროთ, მაგრამ დანარჩენი აუცილებლად გოგონებთან ერთად უნდა ვივარჯიშოთ. მამაკაცის ღონე, ფიზიკური ძალა სულ სხვაა, ისინი უფრო უხეშები არიან. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ამიტომაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სპარინგებისთვის უცხოეთში გვგზავნის მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის მოსამზადებლად, ტექნიკის სრულყოფასა და ფიზიკურ დატვირთვებზე კი აქ ვმუშაობთ.

- ეთერ ლიპარტელიანის გარდა, კიდევ თუ გყავთ პერსპექტიული გოგონები?

- რა თქმა უნდა, გვყავს და საკმაოდ პერსპექტიულებიც. ათ წელზე მეტია, ძიუდოისტ გოგონებთან ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ოფიციალურ ტურნირებში, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე 30-მდე მედალი მოვიპოვეთ. თქვენც იცით, ძიუდოს გორის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. გურამ პაპიტაშვილის თაოსნობით აქ დაოსტატდნენ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები: ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, შოთა ხაბარელი... თუმცა გახსოვთ, 1990-იან წლებში პრაქტიკულად მთელი ათი წელი ნაკრებში არც ერთი 1-ლი ნომერი არ გვყოლია. სწორედ იმ პერიოდში მე და ჩემმა ძმამ, ანზორმა გავხსენით ძიუდოს სკოლა და იქ დავიწყეთ მუშაობა. თანდათან კარგი ბიჭებიც გამოჩნდნენ და გორის ძიუდოს სკოლის ტრადიციებიც აღვადგინეთ. სწორედ გორში დაოსტატდა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილიც.

რაც შეეხება გოგონებს: ეთერ ლიპარტელიანის გარდა, ნაკრებში გვყავს: მარიამ ჭანტურია, მარიამ ჯანაშვილი, სოფიო სომხიშვილი... სოფიო, ეთერ ლიპარტელიანთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების რეალური კანდიდატია, და თუ მესამე გოგონაც შეგვემატება, უკვე გუნდურ ტურნირში გამოსვლის უფლებაც გვექნება.

- თავის დროზე შენც ჭიდაობდი და საკმაოდ წარმატებითაც. წლების განმავლობაში მჩატე წონაში უძლიერესი იყავი საბჭოთა კავშირში. მაგრამ კარიერის მთავარ ტურნირზე - სეულის ოლიმპიადაზე არ გაგიმართლა. ნახევარფინალში ყველაზე დაბალი ქულით, კოკათი წააგე მომავალ ჩემპიონთან, ფრანგ მარკ ალექსანდრისთან და ბრინჯაოს მედალს დასჯერდი. როგორ ფიქრობ, პარიზში თუ აგისრულებენ შენი შეგირდები ოცნებას?

- ძნელი სათქმელია, სპორტში პროგნოზები ფუჭი საქმეა, მით უმეტეს - ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ისე, მწვრთნელსა და სპორტსმენს ოცნებას ვინ დაუშლის? სხვა საქმეა, რამდენად შევძლებთ დასახულის მიღწევას... უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ეთერ ლიპარტელიანის იმედი მაქვს. ჩემპიონობა თუ არა, ოლიმპიური მედალი მაინც უნდა მოიპოვოს და პარიზის შემდეგ გორში რომ ჩამოხვალ, ქართლის ღვინით ერთად შევსვამთ სვანი გოგონას სადღეგრძელოს.

P.S. ამ დღეებში გიორგი თენაძეს 60 წელი უსრულდება. მინდა, ჯანმრთელობა და ოცნებების ასრულება ვუსურვო.

გოგი ფრანგიშვილი