როგორ უნდა დაიცვას შრომის უფლებები დასაქმებულმა? - გზაპრესი

როგორ უნდა დაიცვას შრომის უფლებები დასაქმებულმა?

სხვადასხვა კერძო კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულები ხშირად საუბრობენ შრომის უფლებების დარღვევაზე. მართალია, ქვეყანაში არსებობს შრომის კოდექსი, მაგრამ დამსაქმებლები ხშირად არღვევენ დასაქმებულების უფლებებს და ასეთი დავები ხდება ფართო მსჯელობის საგანი. ბევრი დასაქმებული ვერ ეგუება პირობებს და უხმაუროდ მიდის სამსახურიდან, ნაწილი კი მისი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძვის. ზოგი მედიაციას მიმართავს, ზოგი პროფკავშირს და მათი დახმარებით სასამართლოს გზით ცდილობს თავისი უფლების აღდგენას. ზოგიერთები ჯგუფურად საპროტესტო აქციებსაც მართავენ და დიდი ბრძოლით აღწევენ შედეგს.

ნათია ჩხეტიანი სასამართლოში კერძო კომპანიას უჩივის, სადაც რამდენიმე წელი იმუშავა:

- ვიცი, საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი ჩემსავით, სამსახურში ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო მოპყრობას აწყდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" ამოქმედებულია.

2013 წლიდან რუსულ კომპანიაში ვმუშაობდი. ეს კომპანია აწარმოებს ღვინოს, რომელიც უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ხანდახან გერმანიასა და კანადაშიც გადის ექსპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ფორმალურად მეწერა ეკრანზე წუნმდებელი, "ყველაფერშიკი" ვიყავი, მათ შორის, დამლაგებლის ფუნქციასაც მაკისრებდნენ და ამაში დამატებით არაფერს მიხდიდნენ, არადა, დამლაგებელიც გვყავდა. ერთ დღეს უფროსმა მორიგი ასეთი გენერალური "უბორკის" გაკეთება დამავალა. საქმე დილის 9.30 საათზე რომ დავიწყე, დღის 4 საათზე ძლივს მოვრჩი. მოლდაველი მამაკაცია კომპანიის დირექტორი, დალაგების შემდეგ შემოვიდა, შეამოწმა, თითი გაუსვა კაფელს და ვითომ ჭუჭყი აჰყვა. იკითხა, - ვინ ალაგებდაო? რატომღაც ხელმძღვანელმა ჩემზე მიუთითა, თითქოს მარტო მე ვალაგებდი, არადა, დამლაგებელს ვეხმარებოდი. ეს კაცი მოვიდა ჩემთან და რუსულად მითხრა: ნამუსი უნდა იქონიო, ეს არის დალაგებულიო?! გამომიწია მაისური და მთელი კოლექტივის თვალწინ, ხელი შემაწმინდა. ამის მერე არაფერი მახსოვს, კიდევ რა თქვა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გავქვავდი. მაიძულეს, ხელმეორედ დამელაგებინა ის ავადსახსენებელი ცისტერნების ოთახი. რეაგირება არავის ჰქონია, არც ხელმძღვანელ ქალს უცდია ჩემი გამოსარჩლება ან სიტყვიერად მაინც დავემშვიდებინე. პირიქით, მან მეორე დღეს ისევ მომთხოვა იმ ოთახის დალაგება, მე კი ვუპასუხე: დიდი ბოდიში, მაგრამ გუშინდელი შეურაცხყოფის შემდეგ აღარ დავალაგებ-მეთქი... აი, მაშინ დაიწყო ხელმძღვანელმა ნინო ხაზიურმა ჩემი დაბულინგება, როგორ მიბედავ შეპასუხებას? მე შენი უფროსი ვარ და რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, თუ არა და, აქედან მიბრძანდიო. კიდევ გავუმეორე, რომ არ დავალაგებდი. ვალდებული ხარ, რასაც გავალებ, გააკეთო, თუ არა, წადი სამსახურიდანო. - არ წავალ-მეთქი, - მაშინ გაგაგდებო. დაწერეთ განცხადება და მე ვიცი, სადაც წავიღებ-მეთქი, - ამას აღარ მოელოდა და იმით დამსაჯა, რომ შეწინააღმდეგებისთვის 50 ლარით დამაჯარიმა. ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყე მოძიება, რისი უფლება გვქონდა დასაქმებულებს და ასე აღმოვაჩინე პროფკავშირები. მანამდე მათზე არაფერი ვიცოდი. თავიდან ყველა თანამშრომელი თითქოს გვერდზე გადგა, სამსახურის დაკარგვის შიშით, მაგრამ მერე უმეტესობა პროფკავშირში გაწევრებას დათანხმდა, ამის მერე ისევ წამოვიდა ზეწოლა ჩემზე. თანამშრომელი ბიჭები არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამო გაიფიცნენ, თან ზეგანაკვეთურს კი არა, ჩვენს გამომუშავებულ ხელფასსაც გვიტეხდნენ. შაბათ დღეს საერთოდ მუქთად გვამუშავებდნენ. არ გვინაზღაურებდნენ შვებულებასა და ბიულეტენს, ანუ ცოცხალი იყავი თუ მკვდარი, უნდა გემუშავა. პირველად 2015 წელს მომიწია ბიულეტენზე გასვლამ და თუ არ ვცდები, 5 დღეში 140 ლარამდე დამაკლო. უფროსის მხრიდან ყოველდღე ლანძღვა, ყვირილი და ხელების ქნევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კაი დედის შვილი იყავი და თვალებში შეგეხედა ან შეჰპასუხებოდი. ქალი თანამდებობისთვის შეუფერებელია. მისი სიანჩხლე მთელ ლილოს დასახლებაში ლეგენდად დადიოდა. თანამშრომლების გაფიცვაც მე დამაბრალა, შენ ამიბუნტე ხალხიო.

როდესაც პროფკავშირებში გავწევრდით, დამუნათება დაგვიწყეს. იმდენი ქნეს, ერთ-ერთი არასასურველი ბიჭი, რომელმაც დაუმტკიცა, რომ ხელფასებში მაგრად გვატყუებდნენ, მიზანში ამოიღეს, აბულინგებდნენ. იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითონ დაწერა წასვლაზე განცხადება. სოლიდარობის ნიშნად, სხვა ბიჭებმაც დატოვეს მაშინ სამსახური. ამის შემდეგ დარჩენილი პროფკავშირის წევრების დაშლა დაშანტაჟებით სცადეს. თუ არ მოვაწერდით ხელს შაბათობით ზეგანაკვეთურის გარეშე მუშაობაზე, 6 ქალს გაუშვებდა დირექტორი სამსახურიდან, რაზეც უარი ვუთხარით და პროფკავშირს ვაცნობეთ. საშვებულებო და ბიულეტენის ანაზღაურებაზე არაერთხელ მომიწია შრომის ინსპექციისთვის მიმართვამაც. 4 წელიწადში ბევრი რამის შეცვლა მოვახერხე პროფკავშირის და შრომის ინსპექციის ჩართულობით, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ორი ადამიანის გარდა, არავინ მედგა. 6 საათამდე მუშაობა, 1-საათიანი შესვენება, საშვებულებო ანაზღაურების 3 დღით ადრე გაცემა შვებულებაში გასვლამდე, ბიულეტენის ანაზღაურება - ამას მივაღწიე, თუმცა რომ მიხვდნენ, სხვები არაფერს ასაჩივრებდნენ, ძველებურად აკლებდნენ მათ თანხას. შაბათ დღეს მუშაობა უკვე ანაზღაურებადი და ნებაყოფლობითი გახდა, როცა მანამდე დირექტორი ბრძანებას გვიფრიალებდა: შაბათი გამოცხადდეს სამუშაო დღედო!..

აი, 2022 წლის საშვებულებო ფულზე კი ისევ "გაითამაშეს": შვებულებაში გასვლამდე დაგვირიცხეს თანხა, მაგრამ ხელფასი რომ ჩაირიცხა, აღმოჩნდა, ზოგს 50, ზოგს 100 ლარი დააკლეს და 4 თანამშრომელს საერთოდ არაფერი ჩაურიცხეს. დაიწყო ხალხმა ბუღალტერთან რეკვა, მისი პასუხი ასეთი იყო: რაც მაშინ ჩაგირიცხეთ, ხელფასის ნაწილი იყო და ავანსად მოგეცითო. შვებულების ფული სადღა არისო? იმ 4 ადამიანს კი, ვისაც საერთოდ არაფერი ჩაურიცხეს, ბუღალტერმა სესხი შესთავაზა: ჩაგირიცხავთ 300 ლარს, ოღონდ არ გახმაურდესო. საკუთარი ფული ასესხა ხალხს, მაგრამ მას მერე, რაც შრომის ინსპექციას მივმართეთ, ზევიდან კიდევ 300 ლარის დამატება მოუხდათ, ეს 13 იანვარს მოხდა, ხოლო 21-ში შრომის ინსპექციამ უკვე შეადგინა ოქმი და კომპანიას 7.200 ლარი ჯარიმა გამოუწერა. 9 თებერვალს კი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ერთი გოგო, რომელიც ასევე პროფკავშირის კომიტეტის წევრია და ინსპექციის შემოსვლის დროსაც ჩვენებას აძლევდა. გაგვათავისუფლეს "რეორგანიზაციის" საბაბით.

მივმართეთ სასამართლოს, სადაც ჩვენს ინტერესებს პროფკავშირის იურისტი იცავს. ხალხში უნდობლობა და ნიჰილიზმია გამეფებული და ხელი აქვთ ყველაფერზე ჩაქნეული. ჰგონიათ, ეს ქვეყანა მხოლოდ იმათია, ვისკენაც ძალაუფლება და ფულია. მინდა მივმართო ხელისუფლებას თხოვნით, რომ შრომის ინსპექციას მიენიჭოს მანდატი, რათა დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენაზე უფლებამოსილება ჰქონდეთ, ასე ხომ სასამართლოც ნაკლებად დაიტვირთება. არ ვკარგავ იმედს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამის მჯერა, რადგან შედეგი დიდი იყო თავის დროზე, რასაც მართლა ვერავინ წარმოიდგენდა.

ბუნებრივია, ჩვენ დავუკავშირდით ნათია ჩხეტიანის უშუალო ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ხაზიურს, მაგრამ მან ყველა ბრალდება უარყო და თქვა, რომ სასამართლოში წარადგენენ საჭირო მტკიცებულებებს.

- ქალბატონო ნინო, ნათია ჩხეტიანი უკანონოდ გათავისუფლების გამო გიჩივით. ამბობს, რომ მუდმივი სტრესის ქვეშ იყო სამსახურში. თქვენ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე რას იტყვით?

- ეს სისულელეა, ტყუილია, ჩემს კომპანიას დიდი პრობლემები აქვს. ჩვენი პოზიცია გადავეცით სასამართლოს და ჩვენი ოფისის მენეჯერი დაგელაპარაკებათ. საერთოდ, ქარხანა თვეში 2-3 დღე მუშაობს, მარტო ეს ორი ადამიანი კი არა, 30 კაცი წავიდა სამსახურიდან. უმეტესობა თავისით წავიდა, ზოგი იტალიაშია ახლა და ზოგი სხვაგან, რადგან აქ არ არის სამუშაოები. უკრაინის ომის გამო შეგვექმნა პრობლემები, აქციზებზე უარი თქვეს და რეორგანიზაცია დაგვჭირდა, ქარხანაში სამუშაო აშკარად არ არის.

natia-cxetiani-da-nino-petremgdlishvili-1652426265.jpg

- ნათია ამბობს, რომ მათი გაშვების შემდეგ სხვები გამოიძახეთ რეზერვიდან...

- ეს ტყუილია, რეზერვის ხალხი არ მუშაობს ჩვენთან, ისინიც წავიდნენ. უბრალოდ, იმათ უმთავრდებოდათ დრო და გამოვიძახეთ ერთი დღით, რათა გვეთქვა, რომ მეტს აღარ იმუშავებდნენ. მათ გარდა კიდევ 10 კაცი წავიდა სამსახურიდან.

- კომპანიის დირექტორმა ხელი რატომ შეაწმინდა მაისურზე თანამშრომელს?

- ამ კონფლიქტზე თავად დირექტორთან ისაუბრეთ, ის გაგცემთ პასუხს. მე რატომ უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე? ჩემთან კონფლიქტებს არ ვადასტურებ. მე მაქვს წერილები, ნათიას ყველაფერს ვუსრულებდი და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის ყველას საქმეში ერეოდა, ბევრ რამეს საკუთარ თავზე იღებდა, კონფლიქტს ქმნიდა. არანაირი დავა ნათიასთან არ მქონია. ახლა არ მცალია, ბავშვი მელოდება. მირეკავთ დასვენების დღეს. უარვყოფ ბრალდებებს. დაურეკეთ ოფისმენეჯერს და ის გაგცემთ პასუხს ყველა სხვა კითხვაზე. თუმცა ისიც ახლა, ერთი კვირა ფიზიკურად არ მუშაობს. ჩვენი ქარხანა დაკეტილია ამ კვირაში.

ნათია ჩხეტიანის და მისი თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. იურისტის თქმით, დღეს სერიოზულად ირღვევა ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებები და მოუწოდებს ყველას, ხმა აიმაღლონ თავიანთი უფლებების დასაცავად.

თამილა გაბაიძე:

- წლებია ნათია ჩხეტიანი პროფკავშირების წევრია. პრობლემა ხელმძღვანელობასთან იმიტომ შეიქმნა, რომ ყველაზე აქტიური იყო კომპანიაში. ხშირად გამხდარა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მსხვერპლიც. ზოგადად, ასეთ დავებზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ნათიას დირექტორი ფაქტობრივად ფიზიკურადაც შეეხო, ხელი შეაწმინდა, გოგონას კი ამაზე რეაქცია ჰქონდა. 2022 წელს, როცა გაათავისუფლეს სამსახურიდან, ორგანიზაციამ რეორგანიზაცია დაანონსა და თქვა, რომ ეს იყო გამოწვეული რუსეთ-უკრაინის ომით, რადგან მათი მსხვილი ბაზარი არის უკრაინა და ეს აისახა მათი საწარმოს პროცესზე. ამ ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ ორი ადამიანი გაათავისუფლეს, რომლებიც აპროტესტებდნენ არასწორ მოპყრობებს. მეორე გათავისუფლებულიც აქტიური იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორც ნათია. პროფკავშირები საგანმანათლებო ტრენინგებს ხშირად ვაწყობთ. ასეთ სამდღიან შეხვედრა-ტრენინგზე იყვნენ ნათია და ნინო, მათი ფოტოებიც აიტვირთა პროფკავშირის "ფეისბუკ"-გვერდზე. ეს აღმოაჩინეს სამსახურში და საბოლოოდ მიიღეს მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. ნინო ხაზიურმა პირდაპირ უთხრა, სად დადიხართო? ყოველდღიურ რეჟიმში მათ ხან რაზე დაუწყებდა კინკლაობას, ხან რაზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩვენს ჩართვამდე ნათიამ სახალხო დამცველს მიმართა დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით, მაგრამ რადგან სამსახურიდან გათავისუფლება დაემატა, ამაზე სასამართლოს გარდა ვერავინ იმსჯელებს და ჩვენ მივმართეთ კიდეც სასამართლოს. საქმე განხილვის პროცესშია და ამ მოტივით სახალხო დამცველმა სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეაჩერა წარმოება. სასამართლომდე მივმართეთ სახელმწიფო მედიატორს, მაგრამ კომპანიამ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს არის კომპანია, რომელიც არღვევს ეთიკასაც და ტყუილებს ამბობს. დარწმუნებულები ვართ, ამ დავას მოვიგებთ. ვითხოვთ, ბათილად ცნოს სასამართლომ გათავისუფლების გადაწყვეტილება, იძულებითი განაცდური აუნაზღაუროს და აღადგინოს სამსახურში.

- მზად არიან, ისევ ამ კონფლიქტურ გარემოში იმუშაონ?

- ეს ფსიქოლოგიურად ადვილი არ იქნება. პროფკავშირების შრომითი დავის მიზანი სწორედ ის არის, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს სამსახურებში. თუ დამსაქმებელი კომპენსაციის გადახდით თავიდან მოიშორებს არასასურველ კადრს, ამით მიზანი მიღწეული არ იქნება. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოთხოვნას, მათ ყველანაირი უფლება ექნებათ დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე და შეეცდებიან ემოციურ წნეხსაც გაუძლონ პროფკავშირული ერთიანობით. ზოგადად, თუ დასაქმებულები ერთიანები იქნებიან, ნაკლებად არის მოსალოდნელი ასეთი ზეწოლები, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ გამორიცხულია გააგრძელოს იგივე ქმედება კომპანიის ხელმძღვანელმა, მაგრამ ცუდი მოქცევის შერბილება შესაძლებელია წინააღმდეგობით.

- ძირითადად, რა დარღვევებს აწყდებით?

- სასამართლოში ძირითადად შრომით დავებს ვაწარმოებთ. თუ დასაქმებული გააპროტესტებს უკანონობას, აქედან იწყება კონფლიქტი, გრძელდება სიტყვიერი შენიშვნით ან სამსახურიდან გათავისუფლებით. არის კოლექტიური დავებიც, როცა დასაქმებულთა დიდი ნაწილი იკრიბება და მედიაციას ითხოვს. ყველანი ამბობენ, რომ არიან უდიერი, ცუდი მოპყრობის მსხვერპლები. ანაზღაურება იდეალური არსად არის, მაგრამ აწუხებთ უღირსი დამოკიდებულება. ბევრს უბრალოდ მოჰბეზრდა კონფლიქტები და წავიდნენ სამსახურიდან. ჩვენთან რომ მოდიან, მაშინ ან გათავისუფლებულები არიან, ან რაიმე დისციპლინარული ღონისძიება აქვთ დაკისრებული უსამართლოდ და ამას აპროტესტებენ. საჯარო სტრუქტურებში უფრო პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. მაგალითად, სოციალურ ქსელში პოლიტიკური აზრი რომ დააფიქსირო, ამის გამო შეიძლება დაგსაჯონ.

- სასამართლო პრაქტიკა როგორია, იგებთ ასეთ დავებს?

- საბედნიეროდ, კარგია. პრაქტიკაში მხოლოდ ერთი და ისიც ნაწილობრივ წაგებული საქმე მახსენდება. იმდენად აშკარა კანონდარღვევებს სჩადიან დამსაქმებლები კერძო სექტორში, სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას უბრალოდ ვერ მიიღებს. თუმცა ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ პროცესზე იურისტები 100 პროცენტით ვიხარჯებით, ვდებთ მტკიცებულებებს, მოგვყავს მოწმეები. სინამდვილეში, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ რეალობაში დაჩაგრულს უწევს მტკიცება, რომ არასწორად მოექცნენ. ჩემი აზრით, სასამართლოს როლი ამ ნაწილში მთლად სამართლიანი არ არის. დაჩაგრული მხარე ბევრს შრომობს, მტკიცებულებებს წარადგენს, ფინანსურ ხარჯსაც სწევს და საბოლოოდ იგებს პროცესს. ცალკე საკითხია ის ბაჟი, რომელსაც იხდის. გათავისუფლებენ, კომპენსაციას არ გიხდიან და რომ დაობ, კიდევ შენ გთხოვენ ბაჟის გადახდას.

- ბაჟი დიდია?

- შრომის დავებზე ნაწილობრივ გათავისუფლებულია (მაგალითად ხელფასთან დაკავშირებით, შვებულების, ბიულეტენის ან სხვა), მაგრამ თვითონ გათავისუფლების ბრძანებას რომ ასაჩივრებ, ერთი ბრძანების გასაბათილებლად უნდა გადაიხადო 100 ლარი, თუ ამ ბრძანებას წინ უძღოდა დისციპლინარული ღონისძიების გამოყენება და ამასაც ასაჩივრებ, კიდევ 120 ლარის გადახდა გიწევს, ანუ რამდენი დისციპლინურია დაკისრებული იმდენი 120 ლარი უნდა გადაიხადო; თუ მორალური ზიანის დადგენა გინდა, რა თანხასაც ითხოვ, იმის სამი პროცენტი უნდა გადაიხადო. 4 ადამიანი რომ დაიცვას პროფკავშირმა, ოთხივემ ამდენი უნდა გადაიხადოს. პროფკავშირი კი საწევროთი ცხოვრობს და ცოტა არ არის მისთვის ამხელა თანხების გადახდა.

- თუ პირი თქვენთან გაწევრებულია, სასამართლოს ხარჯებს პროფკავშირი ფარავს?

- წევრებს ჩვენ ვიცავთ, ასევე ვიცავთ სოციალურად დაუცველს ან თუ ისეთი დავაა, რაც სამართლებრივი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია. არაწევრებს უწევთ გადახდა. კანონით შრომის დავები შემჭიდროებულ, 2 თვეში უნდა განიხილოს სასამართლომ, თუმცა ეს არარეალური ვადებია, მინიმუმ 6 თვე სჭირდება. არიან მოსამართლეები, რომლებიც ახერხებენ მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღებასაც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მაქსიმალურად წელავენ და წლების მანძილზე უწევს ლოდინი დაზარალებულს. ამასობაში შესაძლოა ბრძოლის ინტერესი დაკარგო ადამიანმა ან ნერვები არ გეყოს, ამიტომ თავიდანვე ვცდილობთ მედიაციით მოვაგვაროთ დავა.

ხშირად, როცა პირველ და მეორე ინსტანციას წააგებენ, მერე თანხმდებიან გადახდას, რადგან იციან, უზენაესამდე ლოდინში კიდევ უფრო გაიზრდება განაცდურის თანხა. სახელმწიფო სტრუქტურების შემთხვევაშიც გადახდა პრობლემაა. მქონია შემთხვევები, როდესაც ბიუჯეტში არა აქვთ გათვალისწინებული სასამართლო ხარჯები. იუსტიციის სამინისტროს აქვს სპეციალური კოდი და თუ დავას წააგებს, იხდის ამ სპეციალური ანგარიშიდან. მაგალითად, თბილისის მერიამ წააგო დავა და გვითხრა, ამ წლის ბიუჯეტში არ მაქვს თანხა, მომავალ წელს გადაგიხდიო. აღსრულების ბიუროს აღმასრულებლისგან, რომელიც ვალდებულია დაგეხმაროს იძულებით ამოღებაში, მივიღეთ პასუხი, დაიცადეთ მომდევნო წლამდეო. ეს გაუგონარი რამ არის, მაგრამ ასეთი შეღავათი გაუკეთა იმის გამო, რომ მერიაა. კერძო დამსაქმებელი რომ ყოფილიყო, იძულებით აღსრულებას დაიწყებდა...

ხშირად ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, 2 წლის განმავლობაში თუ დასაქმდება კონკურენტ კომპანიაში, დაეკისრება სოლიდური ჯარიმა - 50.000 ლარი და ა.შ. კონკურენტ კომპანიაში დასაქმების აკრძალვა შეუძლია დააწესოს დამსაქმებელმა, მაქსიმალური ვადა არის 6 თვე. თუმცა, ამ 6 თვის განმავლობაში თავად უნდა აუნაზღაუროს ხელფასი, რასაც იღებდა. ამას დამსაქმებლები არ იცავენ. ვადას წერენ უსაშველოდ დიდს. როგორ შეიძლება 2 წელი არ დასაქმდე, თან როცა არაფერს გიხდიან. ყოფილა ფაქტები, როცა კონკურენტ კომპანიაში ადამიანი დასაქმებულა და სარჩელი შეუტანიათ სასამართლოში მის წინააღმდეგ. სთხოვენ ჯარიმის გადახდას, მე მოგეცი ცოდნა და ეს შენ გამოიყენე კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდო. კიდევ ერთი პრობლემა ფიქსირდება, თანამშრომლებს დამსაქმებლები უტარებენ ტრენინგებს და ხელშეკრულებაში წერენ, რომ თუ ვადაზე ადრე წავლენ სამსახურიდან, მოსთხოვენ ამ ტრენინგებში გადახდილ თანხას და ამ მოთხოვნითაც მიმართავენ სასამართლოს. კვალიფიციური იურიდიული დაცვა თუ ექნება პირს, ის არაფერსაც არ დაუბრუნებს კომპანიას. ამას სამართლის ენაზე კაბალური პირობა ჰქვია. ანალოგიურ დავებში სადაც მიმიღია მონაწილეობა, არც ერთისთვის არ დაუკისრებია სასამართლოს ჯარიმა.

- რას ურჩევთ ხალხს, როგორ დაიცვან თავი?

- პირველ რიგში, აუცილებლად მიიღონ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია. ჩვენ ძირითადად ვიცავთ ჩვენს წევრებს, მაგრამ კონსულტაციის გაწევა ყველასთვის შეგვიძლია. როცა დასაქმებულს დამსაქმებელი უსამართლოდ მოექცევა, უნდა დაიწყონ სწრაფი რეაგირება, რადგან ყველაფერზე არსებობს ხანდაზმულობის ვადები. ბრძოლას აზრი აუცილებლად აქვს. დიდხნიანი ბრძოლაა საჭირო, რომ დამსაქმებლების მენტალობა შეიცვალოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

თეა ხურცილავა