"ჩემი სიხარული მეუხერხულა" - გზაპრესი

"ჩემი სიხარული მეუხერხულა"

მსახიობ ნინო კუნჭულიას და პიანისტ ვახტანგ აბრამიშვილს ახლახან შვილი შეეძინათ. ამის შესახებ წყვილს ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, რაც მათ ახლობლებს გაუკვირდათ და მიზეზს კითხულობდნენ... პატარა ნიკოლოზის დაბადების შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ და სამშობიაროდან შინ დაბრუნებული მსახიობი ინტერვიუზეც დავითანხმეთ...

- მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა რთულია, თავს გადასარევად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, განვიცადე, დავიღალე, მაგრამ თითქოს სამყაროსგან იმავდროულად დიდი ენერგია მივიღე, რომელიც ალბათ, ყველაფერს შეგაძლებინებს ადამიანს...

- გაგვაცანით თქვენი შვილი...

- ეს გახლავთ ნიკოლოზ აბრამიშვილი. ძალიან ლამაზი ბიჭი დაიბადა - ბამბის ქულასავით თეთრი. გამხდარი, მაგრამ ძალიან გრძელია, რადგან მშობლებიც მაღლები ვართ. მეუბნებიან, - შენ გგავსო, მაგრამ მამის აღნაგობა აქვს. განსაკუთრებით, ბავშვის თითებმა გაგვაოგნა: პიანისტისთვის დამახასიათებელი საოცარი, თლილი თითები აქვს უკვე...

- მშობიარობამ როგორ ჩაიარა?

- ექიმ გოგა ახვლედიანს დიდ მადლობას ვუხდი ნიკოლოზის ამქვეყნად მშვიდობიანად მოვლინებისთვის. ის გმირია! ფაქტობრივად, ვერაფერი ვიგრძენი, ისე მამშობიარა. 3 დღის განმავლობაში, რაც სამშობიაროში ვნახე, მივხვდი, რომ ეს ადამიანი საოცრებაა: გაუტკივარების გარეშე, ქალებს ისე ამშობიარებს, ვერაფერს გრძნობენ... წარმოიდგინე, გუშინ მშობიარე მოვიდა, რომელმაც გაუტკივარების გარეშე ტყუპი გააჩინა: ერთი 3,500 კგ-ს იწონიდა, მეორე - 3,400 კგ-ს...

- მშობიარობაზე თქვენი მეუღლის დასწრება ვისი იდეა იყო?

- პირადად მე, დიდად არ მინდოდა, მაგრამ შემოუშვეს - დაესწარიო. ყველა ჩემი ტკივილი განიცადა. ბოლომდე მხარში მედგა, თავზე, წელზე ხელს მისვამდა. ექიმი მითითებას აძლევდა, თუ როგორ უნდა გავმკლავებოდი ტკივილს, როგორ დამხმარებოდა. ყველაფერს ჩემთან ერთად განიცდიდა... პირველად შვილი გულზე რომ დამიწვინეს, ენით აღუწერელი განცდა დამეუფლა. ამ საოცრებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!

- ორსულობა როგორი იყო?

- თავდაპირველად, საკმაოდ დატვირთული ვიყავი: გადაღებები მქონდა, გადაცემებში მიწვევდნენ... საკმაოდ აქტიური გახლდით. 7 თვემდე, ფაქტობრივად, მუცელი არ მეტყობოდა. ყოფილა შემთხვევა, ტრანსპორტში ავსულვარ და ჩემთვის ადგილიც არ დაუთმიათ. 7 თვის მერე, უკვე კარგად დამეტყო. წონაში დიდად მომატებული არ ვარ (ზუსტად 10 კგ მოვიმატე). მოკლედ, ორსულობის პერიოდი იდეალური იყო - ბავშვი საერთოდ არ მაწუხებდა, არც ტოქსიკოზი მქონდა... პარიზში გადაღებაზე ვერ წავედი, რადგან ჩემთვის ფრენა უკვე არ შეიძლებოდა. თან, მერე კოვიდვაქცინირების პრობლემაც წამოიჭრა - ამის გარეშე საფრანგეთში არ გიშვებენ... რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გადაღებების შესახებ დამირეკეს, მე კი ჩემი პროფესია ისე მიყვარს, წამიერად დამავიწყდა ფეხმძიმედ რომ ვიყავი და სიხარულით დავთანხმდი. მერე გადავურეკე, - ვაიმე, ორსულად ვარ, იმხელა მუცელი მაქვს, როლისთვის არ გამოვდგები-მეთქი (იღიმის)... ფეხმძიმობის პერიოდში, ბევრი სასიამოვნო ეპიზოდიც მქონდა: უქმეებზე მე და ჩემი მეუღლე ქალაქგარეთ მივდიოდით. ვცდილობდით, ყოველი წამი სასიამოვნოდ გაგვეტარებინა, რაც ჩემზეც დადებითად მოქმედებდა და რა თქმა უნდა, ბავშვზეც აისახებოდა... ჩემი მეუღლე, ვახო გენიალური ნიჭის პატრონი, წარმატებული პიანისტი გახლავთ. ყოველდღე უკრავს. მის მუსიკას მეც ხომ ვისმენდი, არა? თითქოს ეს ბავშვზეც აისახა, რადგან ნიკოლოზი ჯერ რამდენიმე დღისაა, მაგრამ მცირე გაფაჩუნებაზეც კი რეაქცია აქვს. ვიცი, მუსიკალური იქნება... მე ცოტა უცნაური ადამიანი ვარ: რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ. მაგალითად, ვიცოდი, რომ პირველი შვილი ბიჭი მეყოლებოდა. ჩემი შვილები ნანახიც მყავდა...

- სიზმრად?

- კი, წლების წინ... მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვორჭოფობდით, შვილისთვის რა დაგვერქმია, მაგრამ ვიცოდი, რომ ნიკოლოზს დავარქმევდი, რადგან ესეც სიზმრად ვნახე... თან, ჩვენ ქაშუეთის ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობთ. იქ წმინდა ნიკოლოზის 2 სასწაულმოქმედი ხატია. ქაშუეთში ერთი უშვილო წყვილი მივიყვანე და ვუთხარი, - წმინდა ნიკოლოზს შვილის დაბადებას შევედრებოდნენ. მართლაც, გოგონა, რომელსაც 7 წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა, რამდენიმე თვეში დაფეხმძიმდა... ორსულობისას, როცა უკვე ძველებურად აქტიური ვეღარ ვიყავი, ქაშუეთში მივდიოდი და ვლოცულობდი - წმინდა ნიკოლოზს ჩემს შვილს ვავედრებდი, რომ ჯანმრთელი ყოფილიყო... ისე, ბავშვობაში, სიზმრად ვნახე, რომ ბამბის ქულასავით თეთრი ბიჭი მყავდა, რომელსაც გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი ეკიდა. მაშინ ვთქვი, შვილს ნიკოლოზს დავარქმევ-მეთქი... მანამდე ჩემი მეუღლეც სიზმრად ვნახე: მასთან ორმა ბავშვმა - ბიჭმა და გოგომ მიმიყვანა... ვახო ამ სიზმრის ნახვიდან წლების მერე გავიცანი. ორსულობისას, როცა ექოსკოპიაზე პირველად წავედით, მეუღლეს ვუთხარი, - ბიჭია-მეთქი. ამას ენერგეტიკულადაც ვგრძნობდი... კი, ჩემი ხედვების სწამს, სჯერა, მაგრამ მითხრა, - ექოსკოპიაზე მაინც ვნახოთო. ექიმმა დაგვიდასტურა, ბიჭიაო...

- დედობისთვის როგორ ემზადებოდით?

- საერთოდ, ეზოტერიკა ძალიან მიყვარს. პირადი ჰოროსკოპი არასოდეს გამიკეთებია, თუმცა სულ მინდოდა. ერთხელ ერთ-ერთმა ეზოტერიკოსმა, ვისთან საუბრის დროსაც "გაკვრით" აღვნიშნე, რომ პირადი ჰოროსკოპის შედგენა მსურდა, მცირე ინფორმაცია მომაწოდა - შენი მისია შვილების აღზრდაა, ყველაზე უკეთ ეს გამოგივაო. მაშინ შეყვარებული არ ვყოფილვარ. მეგონა, ეზოტერიკოსი რამე განსაკუთრებულს სამსახიობო კარიერის შესახებ მეტყოდა... სხვათა შორის, ჩემს თავს ბავშვობიდან ვატყობდი, რომ ძლიერი დედობრივი ინსტინქტით დაჯილდოებული ვიყავი. ეს ცხოველების მიმართ ჩემი განსაკუთრებული სიყვარულით და მზრუნველობით გამოიხატებოდა. სკოლაში რომ მივდიოდი, 5 ძაღლი მიმაცილებდა. მახსოვს, ერთხელ ხიდან ბარტყი ჩამოვარდა - ალბათ, მერცხალს ბუდიდან გადმოუვარდა. რამდენიმე დღე ბარტყი უბეში მყავდა ჩასმული, სითბო რომ არ მოჰკლებოდა და გულაღმა მეძინა, რომ შემთხვევით არ გამეჭყლიტა (საბოლოოდ, მაინც დაიღუპა)... ქუჩაში ნაპოვნი კნუტიც ასე გავზარდე: ძალიან პატარა იყო. სულ გულში მყავდა ჩახუტებული და ისე მეძინა, ხელით ვაჭმევდი... მოკლედ, დედობრივი ინსტინქტი სულ ჩემი თანმდევი იყო. მეც განსაკუთრებული დედა მყავს. მისი მზრუნველობის, ჩვენ მიმართ საოცარი ძალისხმევის შემხედვარეს მგონია, რომ მეც ძალიან კარგი დედა ვიქნები. რადგან ბავშვს წამითაც არ ვტოვებ. პატარა ბუნებრივ კვებაზე მყავს. უკვე დაგეგმილი მაქვს, როგორ აღვზრდი, ვასწავლი, რას ჩავუნერგავ...

20220507-174530-1652693349.jpg

- ძიძა გეხმარებათ?

- არავითარი ძიძა! ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს. რა თქმა უნდა, მათ არ განვიკითხავ, ვისაც ძიძა ჰყავს, თავად კი მუშაობს - დამხმარე ყველას სჭირდება, მაგრამ თუკი ამის საშუალება არის, ყველა უნდა ეცადოს, შვილი თავად აღზარდოს.

- სამსახიობო სფერო თქვენთვის პრიორიტეტული აღარ არის?

- ახლა ფორმაში ვდგები. ის წონა, რაც ორსულობისას მოვიმატე, სამშობიაროში "დავტოვე". უკვე ახალი გამოწვევებისთვის ვემზადები. რაღაცები დაგეგმილი მაქვს: მაისის ბოლოს რამდენიმე გადაღება მექნება - მზად ვარ. სპექტაკლებიც დავგეგმე, რომელშიც სექტემბერში აუცილებლად უნდა ვითამაშო. ვიცი, დედაჩემიც დამეხმარება და ყველა ახლობელი გვერდში დამიდგება... მსახიობობა ისეთი პროფესიაა, რომ შეგიძლია, მუშაობასთან ერთად, შვილიც აღზარდო. საერთოდ, ყველაფრის შეთავსება შეიძლება, თუკი საქმეს დიდი სიყვარულით გააკეთებ. ახლა დიდი გამოწვევისთვის ვემზადები: სერიოზულ კასტინგში მონაწილეობას ვგეგმავ, ეს ჩემი ოცნება იყო - რუსთაველის თეატრში გამოცხადებულ კასტინგს ვგულისხმობ. ეს მოვლენა 10 წელიწადში ერთხელ ხდება. ის ცვლილება, რაც ნიკოლოზმა ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა, ვფიქრობ, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადამიყვანს. ძალიან მოტივირებული ვარ. თითქოს ჩემს სხეულში ახალი ენერგია, უნარები, ძალები შემოვიდა, თითქოს შეუძლებლის დაძლევა შემიძლია. თუ კასტინგზე შემარჩიეს, ეს ნიკოლოზის მიერ ჩემთვის მოძღვნილი საჩუქარი იქნება...

- თითქოს ბავშვის დაბადება გაასაიდუმლოეთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც არაფერი დაგიწერიათ...

- ყველა მეკითხება, - რატომ დამალეთო? 3 მაისს, ღამით, ნიკა წულუკიძის თავს დამტყდარი ტრაგედიის შესახებ რომ შევიტყვე, ცუდად გავხდი. ზეცა გაშავდა... ამ ტკივილს მთელი საქართველო განვიცდიდით... ჩემი ნიკოლოზი 4 მაისს, გამთენიისას გაჩნდა. ჩემი სიხარულისა და ბედნიერების საჯაროდ გაზიარება, მეუხერხულა... მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვის შეძენა ამიტომ გავასაიდუმლოეთ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ეს დიდი სიხარული შემოიჭრა... თქვენი ჩემთან დაკავშირებაც საოცარია - ალბათ, ესეც ღვთის ნებაა...

ეთო ყორღანაშვილი