"ამაზე დიდი მარცხი ცხოვრებაში არ უნდა მომივიდეს-მეთქი, და ასეც იქნება" - გზაპრესი

"ამაზე დიდი მარცხი ცხოვრებაში არ უნდა მომივიდეს-მეთქი, და ასეც იქნება"

ეტლით მოფარიკავე საქართველოს ქალთა ნაკრები სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებიდან ექვსი მედლით დაბრუნდა. ირმა ხეცურიანისთვის 2022 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა - ხმლით ფარიკაობაში ოქრო მოიპოვა, რაპირით ფარიკაობაში - ვერცხლი, დაშნით ფარიკაობაში კი ბრინჯაო.

როგორ ებრძვის ირმა ხეცურიანი სირთულეებს, რა მარცხი იწვნია სპორტულ კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში? - ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე მოფარიკავემ გულახდილად გვიპასუხა.

- „ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით“ (ონორე გაბრიელ მირაბო).

- აღზრდის მიმართ ყველას განსხვავებული მიდგომა აქვს. ოჯახი უნდა გყავდეს მოსიყვარულე და მზრუნველი. მხოლოდ მშობლებისგან როდი ითვისებ კარგსა თუ ცუდს, გარე სამყაროსგანაც ბევრ რამეს იღებ. მთავარია იგრძნო, რომ მარტო არ ხარ და ყოველთვის ვიღაც გყავს გვერდით.

- „სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“ (გურამ დოჩანაშვილი).

- ძალიან სწორი ნათქვამია. პირველ რიგში, ადამიანია სამშობლო და მერე ყველაფერი დანარჩენი. ეს მინდორ-ველიცა და ქვეყანაც ჩვენი მოსავლელია. ვიღაცამ რომ მკითხოს, რას ნიშნავს ჩემთვის სამშობლო, შეიძლება ვერც ავხსნა, იმდენად სიღრმისეული განცდები და ცრემლებამდე ემოციები მაქვს. მწერალი რომ ვიყო, უკეთესად გადმოვცემდი ჩემს განწყობას. სამშობლო იწყება ადამიანებით და მის სიყვარულს მოაქვს ასეთი მძაფრი ემოცია. ვერასდროს წარმოვიდგენ, საქართველოს გარდა სხვაგან სადმე თუ შეიძლება ვიცხოვრო, არასდროს მქონია ამის სურვილი. როდესაც ვიმარჯვებ, მაშინ განსაკუთრებული სიამაყით ვდგავარ კვარცხლბეკზე და ჩემთან ერთად დგას ჩემი სამშობლოც, ჩემი ადამიანებიც.…

- „თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ“ (უინსტონ ჩერჩილი).

- ან ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ - ეს ფენომენი ძნელად ამოსახსნელია. ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები და მიყვარს პოლიტიკოსები. არ შეიძლება გააკერპო და ხატად აქციო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შენს მსგავსად შეცდომებს უშვებს და ზოგჯერ, გამოუსწორებელსაც კი. ფსიქიატრს ალბათ იმიტომ უნდა მიმართო, რომ ზოგჯერ, როდესაც გიყვარს, რეალობას ნათლად ვერ აღიქვამ, სწორი აზროვნების უნარს კარგავ. ამიტომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, პოლიტიკოსები კი უბრალოდ ან მოგვწონდეს, ან - არა, გაფანატება არ არის აუცილებელი.

- „რაც მეტი დაბრკოლებაა, მით დიდი დიდებაა მის დაძლევაში“ (მოლიერი).

- მართალია, ცოტა დაძაბული, მაგრამ მაინც ვეჭიდები სირთულეებსა და დაბრკოლებებს. დაძლევის პროცესი უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე შედეგი, რადგან სწორედ პროცესის დაძლევას მოაქვს შედეგი. რასაც გადიხარ, ის გზა გაძლიერებს, უფრო ჭკვიანს გხდის და გამოცდილებას გძენს.

- „მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულობაა, როგორიც ტანთ გახდა და გაშიშვლება“ (ბეკონი).

- მეტისმეტი გულახდილობა არასწორია, ვეთანხმები. ზოგჯერ ცუდად მიბრუნდება ხოლმე. ამიტომ ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო და რაღაცები ჩემთვის დავიტოვო. არ არის საჭირო, ყველასთან ბოლომდე გაიხსნა, ამოიღო და გაშლილ ხელისგულზე დადო შენი გულისნადები. არ ვთვლი, რომ გულახდილობა ცუდი თვისებაა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ამას. ამიტომ, თუ გვინდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვისი დაკარგვაც არ გვინდა, მაშინ ნაკლებად გულახდილები უნდა ვიყოთ.

- „მე არ განმიცდია მარცხი, უბრალოდ, ვიპოვე 10 000 ხერხი, რომელიც არ მუშაობს“ (თომას ედისონი).

- მე განმიცდია მარცხი სპორტულ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი ვიპოვე 10 000 ხერხი, მაგრამ არ იმუშავა... რაც შეეხება სპორტს, მარცხის შემდეგ დეპრესიაში დიდხანს არ ვვარდები, პირიქით - ვფიქრობ, რომ შემდგომ ყველაფერი გამომივა. 2021 წლის ტოკიოს პარაოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ვიბრძოდი, მაგრამ დავმარცხდი. მაშინ ვთქვი, ამაზე დიდი მარცხი ცხოვრებაში არ უნდა მომივიდეს-მეთქი, და ასეც იქნება! იმედგაცრუება ჩემთვის იმის პირობაა, რომ შემდეგ გამარჯვებით დავასრულებ.

- „ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს ჰპატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება" (მარკუს ავრელიუსი).

- ღალატი მანკიერი თვისებაა. ძალიან მიმტევებელი ვარ. შემიძლია ყველაფერი ვაპატიო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვლავ გვერდით დავიყენებ და გავაგრძელებ ურთიერთობას. არავის დავუტოვებ კითხვას, ნეტავ მაპატია თუ არაო? გულახდილად ვეტყვი, რისი თქმაც მინდა, რა არ მომეწონა და რა იყო ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ მეორედ ღალატის შესაძლებლობას აღარ მივცემ.

- „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- სიყვარულიც ხომ ეს არის, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ოქროსა და სიმდიდრეს. გიყვარს და იმის იქით არაფერი გაინტერესებს. თანაცხოვრების პერიოდში ნელ-ნელა ამჩნევ უარყოფითს და მერე იწყება სირთულეები. არ მოგატყუებთ, რომ მყვარებია ისე, სპილენძი ოქროდ მომჩვენებოდა... ვისურვებდი, მქონდეს ასეთი გრძნობა, მაგრამ რაციონალური და რეალისტი ვარ.

240238393-4390011401061684-5892251477052788430-n-copy-1653382921.jpg

- „წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი - ცოტათი ყრუ“ (გორდონ დინი).

- ალბათ ასეა. ურთიერთობისას იმდენი პრობლემა იჩენს თავს, ზოგჯერ ბრმაც უნდა იყო და ყრუც. როდესაც ორივე თვლის, რომ ეს ურთიერთობას ადგება, რატომაც არა?! მეც ბევრჯერ დამიხუჭავს თვალი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მეორე ნახევარი იყო ყრუ. ყოველთვის მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა თმობდეს ყველაფერს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რომ პიროვნულად ვკნინდები და ვერ ვვითარდები. არ შემიძლია მაღალი ტონის და ძალადობის ატანაც, ეს ჩემთვის წითელი ხაზია.

- „ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- თვითონ ხომ სხვაზე უკეთესად იცი, რა ნაკლიც გაქვს?! ყოველ შემთხვევაში, მე სხვაზე მეტად ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რა მაქვს უარყოფითი. პირდაპირი ვარ, ცოტა არ იყოს, მკვახე, სათქმელს შეულამაზებლად ვამბობ და ბევრს არ მოსწონს ჩემი ასეთი ხასიათი.

- „რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!“ (თომას ელიოტი).

- 36 წელი სწორედ ამ პრინციპით ვცხოვრობ. ადამიანების არსებობა ნამდვილად არ იქნება აზრიანი, სხვაზე თუ არ ვიფიქრეთ და არ ვიზრუნეთ. თუკი მოვინდომებთ, ყველას შეგვიძლია, ერთმანეთს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ტვირთი, ეს ჩვენს ცხოვრებას აფერადებს.

ნინო ჯავახიშვილი