რა უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს გეგმავს ნანუკა გულუა დედად გახდომის შემდეგ
"...გემოვნება არ არის ერთი სწორი რჩევა! გემოვნება არის ყველაფერში... როცა რაღაც ისე გაცვია, რომ ცხოვრება გიხარია, იქ არის შენი გემოვნებაც! შესაბამისად, ყველა ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც სურს; ის უნდა ჩაიცვას, რაც მას აბედნიერებს და ახარებს..." - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა.
- ადამიანის გემოვნების დახვეწაზე ძალიან დიდ გავლენას მისი წრე და ოჯახი ახდენს. თუმცა, ესეც არ არის რაიმეს გარანტია. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ვთქვათ, ოჯახში გემოვნების მეტრი არ ჰყავდათ, მაგრამ ძალიან გემოვნებიანები აღზრდილან. ამით იმის თქმა მინდა, რომ გემოვნება არ არის სიღარიბესა და სიმდიდრეში, სულ სხვა რამ განაპირობებს... გემოვნებიან ჩაცმას თუ ვგულისხმობთ, ეს ერთგვარი კულტურაა და მნიშვნელობა არა აქვს, რა ბიუჯეტი გაქვს. სულ "მეორადებშიც" შემოსილან ადამიანები ულამაზესად.
- მოგზაურობას რომელ ქვეყნებში ამჯობინებთ?
- ახლახან დავძლიე ფრენის ფობია... ჩემს ცხოვრებაში გამოტოვებული მაქვს ყველა ის მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები ან მეგობრები ახერხებდნენ. მართალია, ფობია დავძლიე, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვერსად მივფრინავ... პატარას როგორც კი გავაჩენ, მერე მეუღლესთან ერთად იმდენი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი, ყველაფერი ერთად უნდა ავინაზღაურო. ჯერჯერობით, სადაც ამ შიშის პირობებში მოგზაურობა მოვახერხე, ეს არის - თურქეთი, ეგვიპტე, დუბაი...
რაც შეეხება კითხვას, რომელი ქვეყნები მიზიდავს: ეგვიპტე წასასვლელად იმ მიზნით შევარჩიე, რომ ჩავიდოდი და კარგად დავისვენებდი. დუბაი უფრო სანახაობრივი კუთხით ავარჩიე, უფრო შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი და თანამედროვეა!
- ანუ ის ქვეყნები უფრო გიზიდავთ, სადაც თანამედროვე მიღწევებია?
- დიახ, ვგიჟდები სიახლეებზე. ვერ ვიტან სიძველეებს - ახლაც ხომ მოდაშია რაღაც დაძველებული ნივთები და ასე შემდეგ. მე იქ ვკვდები. ახალი, ცინცხალი მომწონს ყველაფერი - შპალერით დაწყებული, ნებისმიერი რამით დამთავრებული. შეიძლება ქვეყნები სამოგზაუროდ მთლად ასე არ შევარჩიო, სადაც ყველაფერი ახალი იქნება და მაინცდამაინც ჩემს გართობას მორგებული, რადგან ყველაფრის ნახვა, ერთბაშად ანაზღაურება მსურს...
- სად გეგულებათ ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა?
- ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონია, ბრაზილია ჭკუიდან გადამიყვანს. ბავშვობიდან ერთადერთი ქვეყნის სერიალებს ვუყურებ და ეს არის ბრაზილიური. ვგიჟდები პირდაპირ, იმდენად მომწონს! ან სახლი როგორი დიზაინით აქვთ გაკეთებული, ან ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი... ვინც ყოფილა, მეუბნებიან, იქ საშიში ადგილებიც არის, სიღარიბეაო, მაგრამ ბავშვობიდან რაც არის ჩემთვის ბრჭყვიალა და მიმზიდველი, მგონია, იმ ყველაფრის ადგილზე ნახვა გამაგიჟებს და ამიტომაც, აუცილებლად უნდა მოვხვდე! ბრაზილიაზე ჭკუიდან გადავდივარ და თუ მეგრელი არა, ბრაზილიელი ვიქნებოდი!
- ეთანხმებით, რომ ამბობენ, მეგრელები ისტორიულად განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევიანო?
- დიახ, ვეთანხმები. მეგრელები ნამდვილად კარგი გემოვნებით გამოირჩევიან, ძალიან უყვართ ლამაზად ჩაცმა, თავის მოვლა! გემოვნების ჩამოყალიბებაზე ბავშვობიდან იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ პატარაობიდან მახსოვს ჩემი მამიდაშვილები, ოჯახის წევრები რა დიდ ყურადღებას აქცევდნენ ლამაზად ჩაცმას. მაგალითად, არ მავიწყდება დედაჩემის "ორეულები" და "სამეულები" თავისივე ფერის ხელჩანთით. სულ ვაკვირდებოდი, მომწონდა და ეს კულტურაც მგონია, რომ ბავშვობიდან მოდის.
- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ განსაკუთრებულად გემოვნებიანი?
- ძალიან ბევრი შემიძლია დავასახელო, მაგრამ ყველას ვერ ჩამოვთვლი, ალბათ ვინმე გამომრჩება და იმედია, არ მიწყენენ. ძალიან გემოვნებიანი არიან: თეონა თავართქილაძე, მაკა ასათიანი, რუსკა ჩაჩუა. როცა გემოვნებაზე ვსაუბრობთ, ნანი ბრეგვაძე არის მეგა - ყველა თაობისთვის გემოვნების მეტრი! არსად და არასოდეს მინახავს ნანი ბრეგვაძე ისე ჩაცმული, ყურადღება არ მიექციოს. ნანი ბრეგვაძე და მისი შვილი ეკა მამალაძე უმაღლესი გემოვნების ქალბატონები არიან. ლიზა ბაგრატიონი კარგი გემოვნებით გამოირჩევა. მამაკაცებიდან გამოვყოფდი კახა კალაძეს, რომელიც კარგად მოვლილია.
- ზოგჯერ მასზე უთქვამთ, ზედმეტად თამამი ჩაცმულობაც კი აქვსო...
- ეგ თამამი ჩაცმულობაც ძალიან მომწონს, გადასარევად იცვამს და ნამდვილად გამოირჩევა.
- გემოვნების დეფიციტის გამო გაუკრიტიკებიათ ტელეწამყვანები, პოლიტიკოსები...
- მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. მე მომწონს ჩვენი - ქართველების გემოვნება. ძალიან იშვიათად ყოფილა, ვინმეზე მეფიქროს, რა უგემოვნოდ აცვია-მეთქი, თითქმის არც მახსენდება... ტელეწამყვანებს შესაფერისად აცვიათ. მაგალითად, საინფორმაციოს წამყვანებს - აკადემიურად და სხვა სახის ტელეგადაცემების წამყვანებს - ნაკლებად აკადემიურად, მეგა-პროექტების წამყვანებს - ბრჭყვიალა და ულამაზესი კაბები. მშვენივრად უხამებენ, ვერაფერს ვიტყვი, თან - ჩვენი ქვეყნის დუხჭირი ყოფის პირობებში.
- ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი თმის ფერი გაქვთ შერჩეული. ჩაცმულობა როგორი გიყვართ?
- დიდი მადლობა!.. ერთი საოცარი გოგოა, რომელთანაც ლამის მთელი ცხოვრებაა დაკავშირებული ვარ, მას ვერ ვღალატობ, რადგან ის არის ჩემი თმის ფერის შემრჩევი და შემოქმედი. რაც შეეხება ჩაცმულობას - გააჩნია, როგორ წონაზე ვარ. ჩემი გემოვნება წონის მიხედვით იცვლება. ორსულობის პერიოდში გარდერობი მთლიანად შევიცვალე. ისეთ ჩაცმულობაზე გადავედი, ვერასოდეს რომ ვერ წარმომედგინა, ოდესმე თუ ჩავიცვამდი. როცა ვხდები, ცოტა უფრო თამამი სტილისკენ ვიხრები - მაღალწელიანი შარვლები, დეკოლტეები, გამოკვეთილი სამოსი და ასე შემდეგ. თუ წონა მომატებული მაქვს, მაშინ ისეთი სტილის კაბებს ვარჩევ, ეს თვალში საცემი რომ არ იყოს.
- ამ წლებში რამდენი ყოფილა თქვენი მაქსიმალური და მინიმალური წონა?
- როდესაც გავთხოვდი, 63 კილო ვიყავი და მანამდე ამაზე ქვევით თუ ჩამოვიდა ჩემი წონა, არ მახსენდება. მაქსიმუმი - 126 კილო ვიყავი. ჩემს მეგობრებშიც არიან ისეთები, როგორი წონაც უნდა ჰქონდეთ, გარდერობს არ იცვლიან. მაგალითად ერთი გოგოა, რომელსაც ყველაფერი ოვერსაიზი აქვს და ცოტას მოიმატებს თუ დაიკლებს, მაინც ერგება. მე ოვერსაიზი არ მაქვს, რადგან თუ ვხდები, ყველაფერს ძალიან მოტკეცილს ვყიდულობ. შესაბამისად, როგორც კი მოვიმატებ, იმ სამოსში მომატებული წონა მყისვე მეტყობა.
- აქსესუარები, ფერები...
- განსაკუთრებულად ვერცხლისფერი მიყვარს. ოქროს როგორც კი ვიკეთებ, არ მსიამოვნებს. რაც შეეხება ფერებს ჩაცმულობაში - ჩემი ჟღალი თმის გამო ბევრი ფერის სამოსს ვერ ვიცვამ, რადგან არ უხდება. ძალიან მიყვარს კვასკვასა ვარდისფერი, წითელი და სულ ამ ფერის ტუჩსაცხებით გადამქონდა ეს ჩემი ფერების სიყვარული. ახლა ცოტა ხნით ისევ ჩემი ბუნებრივი ფერის თმა მაქვს და ბავშვს რომ გავაჩენ, შემდეგ ისევ ჟღალს დავიბრუნებ.
- რას ურჩევთ ქალბატონებს, მიუხედავად მძიმე პირობებისა, ყოველთვის გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ?
- როცა რაღაც ისე გაცვია, რომ ცხოვრება გიხარია, იქ არის შენი გემოვნებაც! შესაბამისად, ყველა ისე უნდა გამოიყურებოდეს და იმას იცვამდეს, რაც აბედნიერებს და ახარებს... მინდა, ყველა ქალს ვუსურვო, რა სამოსიც მის გემოვნებას პასუხობს, ის ჩაიცვას. რამე დაწერილი სახელმძღვანელო არ არსებობს, შენ უნდა იყო შენს თავთან ჰარმონიულად. არ უნდა გეცვას ის, რაც არ გინდა და მაინცდამაინც ჩაიცვა იმიტომ, რომ მოდაშია.
- რამდენად ადევნებთ თვალს ქართველი თუ უცხოელი დიზაინერების შემოქმედებას?
- როცა ვამბობ, რომ ძალიან მომწონს ქართველების გემოვნება, მათ შორის ქართველ დიზაინერებსაც ვგულისხმობ. ბევრი მათგანის შემოქმედება მომწონს და რასაკვირველია, უსაზღვროდ მახარებს მათი საერთაშორისო წარმატება. სხვადასხვა დიზაინერის ბრენდები მომწონს, რაღაც ერთი და ამოჩემებული არ მაქვს. ჩემთვის აუცილებელიც არის, მოდის ტენდენციებს თვალყური ვადევნო, რადგან ჩემი ატელიე მაქვს, მაგრამ შეგნებულად არ ვადევნებ, რადგან არ მსურს, გავლენის ქვეშ მოვექცე და ჩემს პროდუქციას დაეტყოს... მგონია, რომ ჩემი გემოვნებით შექმნილი უფრო ინდივიდუალური და საინტერესო იქნება.
- ანუ დიზაინერი ერთგვარად თვითონ ხართ?
- ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ატელიე მაქვს, მიყვარს ეს საქმე, სადაც ადამიანებს მათი სურვილის მიხედვით ვუკერავთ სამოსს. სინთეზს ვქმნით მე და ჩემი ატელიეს მომხმარებლები ერთობლივად.
- დღეს დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ერთ-ერთი გამორჩეულია ფიგურაა. მოგწონთ მისი შემოქმედება?
- დემნა გვასალია არის ჩემი ჯიშის, ჯილაგის, გენის საუკეთესო წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, მისით ძალიან ვამაყობ. არის რაღაცები, რაც არანორმალურად მომწონს, ჩავიცვამდი და სულ ვატარებდი; არის რაღაცები, რასაც ვერ ჩავიცვამდი, მაგრამ სხვა გოგოებს რომ აცმევს, მათზე მომწონს.
- ინიექციების, პლასტიკური ოპერაციების მომხრე თუ ხართ?
- ადრე მიკვირდა, პლასტიკურ ოპერაციებს რატომ იკეთებენ, ყველას ბუნებრიობა უხდება-მეთქი... თუმცა, ასე არ არის. როდესაც ადამიანს რაღაც გაკომპლექსებს, ცუდ ხასიათზე გამყოფებს, რაც გაგაბედნიერებს და ცხოვრებას გაგილამაზებს, აუცილებლად უნდა გააკეთო. რამდენიც გინდა, იმდენი რამ უნდა გაიკეთო, თუ ეს უკეთესად გაგრძნობინებს თავს. ცხოვრება ხანმოკლეა და ვისაც როგორ უნდა, დღეები ისე უნდა გაიხალისოს.
მე თვითონ არაფერი მაქვს გაკეთებული, მაგრამ სიამოვნებით გავიკეთებდი წვივების გამოჭრა-გამოგლეჯას (იცინის), მაგრამ ჯერჯერობით ამ სახის პლასტიკური ოპერაცია არ კეთდება. მთელი ცხოვრებაა ვდიეტობ და იმ შედეგამდე ვერ მივედი, თხელ წვივებზე რომ დაქიქინობენ, ასეთი გოგო ვერაფრით გავხდი... ყველა მეუბნებოდა, - რას იგონებ, რაში გჭირდებაო?! - მაგრამ სწორედ მაგას ვამბობ: შენ რომ გგონია, გასაკეთებელი გაქვს და ცვლილება გაგაბედნიერებს, აუცილებლად უნდა გაიკეთო. ახლა ერთ-ერთმა არაჩვეულებრივმა ქართველმა სპეციალისტმა დამაიმედა, გავაკეთებო... როცა პატარას გავაჩენ, მერე ალბათ საუკუნე დამჭირდება, ფორმაში რომ ჩავდგე და სასურველ შედეგს მივაღწიო, შემდეგ კი ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ.
მანანა გაბრიჭიძე