რატომ გადაპარსა შვილმა თმა ქეთი ხუციშვილს? - გზაპრესი

რატომ გადაპარსა შვილმა თმა ქეთი ხუციშვილს?

ახლახან მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა - თმა გადაიპარსა. აღმოჩნდა, რომ ქეთის ეს ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად გადაუდგამს...

- კორონავირუსის შტამი - ომიკრონი მსუბუქად გადავიტანე. შემდეგ შევიტყვე, რომ თმის ცვენას იწვევდა. საერთოდ, ვის შესახებაც ვიცი, რომ "კოვიდი" შეხვდა, ყველას თმა გასცვივდა. თმა მეც ძალიან შემითხელდა. ნერვები არ მეყო, რომ სამკურნალო ნიღბები შემეზილა. რაკი ვიცოდი, რომ გადაპარსვა მაგრად შველოდა, ამ მეთოდს მივმართე. საერთოდ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს წამიერად ვიღებ - დაფიქრება არ მჩვევია. გადავწყვიტე თუ არა, იმ დღესვე გადავიპარსე. თან, არც მიფიქრია, როგორი თავის ფორმა მქონდა, მომიხდებოდა თუ არა... ერი და ბერი რომ განცვიფრდა, - უი, რა კარგია, როგორ გიხდებაო, ჩემი თავის ფორმას მერე დავაკვირდი (იცინის). მეუბნებიან, - ქუდიც არ დაიხურო, ასე იარეო...

- გადაწყვეტილების შესრულებამდე იფიქრე, რომ შეიძლებოდა, გადაპარსვის მერე პარიკი დაგჭირვებოდა?

- კი, პარიკზე ვიფიქრე. ერთ-ერთ მაღაზიაში მივედი. ბუნებრივი, მაღალი ხარისხის, ლამაზი თმისგან დამზადებული პარიკი მინდოდა. მომიხდა კიდეც... თურმე, ძალიან ძვირი ყოფილა. შეძენას ვგეგმავ, მაგრამ ახლა, როცა ყველა მეუბნება, - გადაპარსული თავი გიხდებაო, შეიძლება, ასე კარგა ხანს დავიტოვო (იღიმის)...

- ანუ შეიძლება, თავზე თმა კიდევ გადაიპარსო?

- არა, ასე "ნულზე" - არა. წარმოიდგინე, თავზე თმის გადაპარსვის შემდეგ, ერთჯერადი სამართებლითაც ბოლომდე "გადავუარე". ახლა ძალიან მაგარი ხარისხის თმა ამომდის.

- დამოუკიდებლად გადაიპარსე?

- ჩემმა შვილმა გადამპარსა. ჯერ თავად საფეთქლები ავიპარსე, - ვიფიქრე, აღარ შევჩერდები-მეთქი. გიორგიმ (შვილმა) რომ დამინახა, გაოცდა: რას ჰგავხარო (იცინის)?! უცბად საპარსი აპარატით მომადგა და გადამპარსა.

- საერთოდ, თმას როგორ უვლიდი?

- სხვათა შორის, სახლის პირობებში თმის მოვლა ძალიან მიყვარს. ამ შემთხვევაში, თმის ცვენის პრობლემას ვეღარ გავუმკლავდი და როგორც აღვნიშნე, გადაპარსვაც ამიტომ გადავწყვიტე. მანამდე თმისთვის ხარისხიან, ძვირად ღირებულ შამპუნებს ვიყენებდი - ამ საკითხში ფულს ვერ "მოვჟოშკავდი". ახლა შხაპის მიღების შემდეგ, აბაზანიდან გამოსვლისთანავე მშრალი მაქვს თავი. ამწამს მზის გულზე ვდგავარ და თავის კანზე D ვიტამინს ვიღებ...

- შინიდან გასასვლელად საჭირო მოსამზადებელი დროც შემცირდა, არა?

- რა თქმა უნდა, თუმცა ამისთვის რიტუალები ისედაც არ მჭირდებოდა. ძალიან სწრაფად ვემზადები. ფენს, თმის უთოს წინათაც არ ვიყენებდი... ყველაფერი უნდა გაიმარტივო ადამიანმა.

- სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას, გაუცხოების შეგრძნება არ გაქვს ხოლმე, თუნდაც - წამიერად?

- კი, ასეთი შეგრძნება მქონია, მაგრამ მალევე მივეჩვიე. სხვათა შორის, როცა ჩემი შვილი 2 წლის იყო (ახლა 20 წლისაა), თავი პირველად მაშინ გადავიპარსე, უცებ გადავწყვიტე... ახლა საერთოდ არ მიფიქრია - ვაიმე, ეს რა ჩავიდინე-მეთქი? ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მომწონს. მით უმეტეს, მიხარია რომ გარშემო მყოფებიც კომპლიმენტებსაც მეუბნებიან. უარყოფითი არავის არაფერი უთქვამს, პირიქით - მეუბნებიან, ასე დაიტოვეო...

- წლების წინ, თმის გადაპარსვის მიზეზი რა იყო?

- მშობიარობის მერე, ქალს თმის ცვენა ეწყება და ამის აღმოსაფხვრელად, ათასი რაღაც უნდა შეიზილო, 2 საათით გაიჩერო... ამის ნერვები მაშინაც არ მქონდა და გადავიპარსე. ძალიან კარგი თმა ამომივიდა.

- საერთოდ, ვარცხნილობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები გახასიათებს?

- არა, არასოდეს მახასიათებდა. საერთოდ, სიახლეები არ მიყვარს. გადაწყვეტილების მიღებისას ლოგიკურად ვმსჯელობ: მაგალითად, ვარცხნილობასთან დაკავშირებით, თავი პრობლემის მოსაგვარებლად გადავიპარსე და არა - მოდის გამო. თან, ვიფიქრე, ამდენი ხნის ნაწვალები თმა მაქვს-მეთქი (გადაღების გამო, ხან მიხვევდნენ, ხან - ლაქს მასხურებდნენ, რაც თმის ხარისხს აფუჭებდა)... მოკლედ, რასაც ვაკეთებ, ტვინს ვატან.

- სიახლეები რატომ არ გიყვარს?

- თითქოს მაშინებს. შეიძლება სასიხარულო სიახლე იყოს, მაგრამ ძლიერი ემოციები მეუფლება. ამიტომ განსაკუთრებული ემოციებისგან თავს ვიკავებ - ასეთი ხასიათი მაქვს.

- "სკეტჩებში" ახალი "ვარცხნილობით" ჯერ არ გამოჩენილხარ...

- არა, ჯერ ჩემს პერსონაჟს არ დასჭირვებია, რომ გადაპარსული თავით ეკრანზე გამოჩენილიყო, თორემ რა პრობლემაა? ბოლო პერიოდში, "სკეტჩებში" სულ პარიკები მიკეთია...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენს პერსონაჟთან დაკავშირებით, რამე სიახლე ხომ არ არის?

- არა. ჯერჯერობით, სერიალში "ჩემი" ძმა - თენგო ფიგურირებს. საერთოდ, მსახიობებმა წინასწარ არ ვიცით, სცენარში რა ხდება. გვირეკავენ და გვეუბნებიან, - ტექსტი უნდა ისწავლოო. შესაბამისად, ვერ გეტყვი, ლოდინის რეჟიმში ვარ-მეთქი. თუ რამეა, დამიკავშირდებიან.

- ქეთი, იმიჯის რადიკალურად შეცვლამ შენს ხასიათზე გავლენა არ მოახდინა?

- არა. ალბათ, ჩემნაირი ცვალებადი ხასიათის მქონე ადამიანი დედამიწაზე მეორე არ დაიარება. არ იცით, ეს რა კოშმარია! საკუთარ თავთან დისკომფორტში "მოვდივარ". ბავშვობიდან ასე ვარ. დღის განმავლობაში შეიძლება, ხასიათი იმდენჯერ შემეცვალოს, რომ ვერც დავითვალო. ამას მიზეზი არ აქვს. შეიძლება, მარტო ვიყო, მაგრამ 24 საათში გუნება-განწყობილება უამრავჯერ შემეცვალოს.

- ამის გამო გადაწყვეტილების მიღება არ გიჭირს?

- ჩემი ცვალებადი ხასიათი ბევრ რამეში მიშლის ხელს. ბევრჯერ ეს კარგიც ყოფილა, ბევრჯერ - ცუდიც. ვეღარ ვიგებ... მივყვები: რაც არის, არის... გამოდის, რომ ცხოვრება ჩემი ხასიათის მიხედვით მიმყავს, მაგრამ ხან ვერ მიმყავს, წინააღმდეგობებს ვაწყდები, თუმცა საბოლოოდ, როგორიც ხარ, ცხოვრებასაც ისე მოიწყობ ადამიანი.

- კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, სინანულის განცდა გეუფლება?

- სიღრმისეულად "შესვლას", რომ რაღაც ინანო, აზრი არ აქვს. მოხდა და მოხდა...

- კარგი. ქეთი, ახალი იმიჯი ახალი სტილის სამოსს ხომ არ "ითხოვს"?

- 2 შარვალი მაქვს, რომელიც ჩემმა შვილმა მიყიდა და 1 კაბა, რომელიც დამ "სამადლოდ" მაჩუქა (იცინის). სხვა სამოსი მართლა არ მაქვს.

- სხვა ტანსაცმელს რა დაემართა?

- პერიოდულად, გავაჩუქებ ხოლმე... საერთოდ, ბევრი ტანსაცმელი არასოდეს მაქვს. ფეხსაცმლის "მანიაკი" ვარ: ტანსაცმლის შეძენას მირჩევნია, მერვე წყვილი კედი ვიყიდო. ასე შეიძლება?! ამიტომ გარდერობის კარს სირცხვილით ვერ გამოვაღებ, რადგან ტანსაცმელი არ მაქვს, კედები - ბლომად (იცინის)!.. გარკვეულწილად, ესეც სიგიჟეა.

- ცოტა რამ თაყვანისმცემლებზეც გვითხარი...

- ეს თემა ისე აღარ მაინტერესებს, რომ ჩემს ცხოვრებაში ფლირტებიც აღარ არის, გჯერა? აი, იმ პოზიციამდე მივედი, რომ არ მაინტერესებს. ეს თვითნებურად მოხდა. არ ვიცი, ვის მოვწონვარ, ჩემ შესახებ ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ, რადგან ურთიერთობებით ვერანაირი "კაიფი" ვერ "დავიჭირე".

- სკოლაში პოპულარული გოგო იყავი?

- არა, არა, ჩემთვის ვიყავი... ბევრი მეგობარი არ მყავდა. უფროსებთან, მამაჩემის ასაკის ადამიანებთან საუბარი მიყვარდა. მახსოვს, ბავშვობაში საცხოვრებელი კორპუსის დაბლა კლინიკა იყო, რომელსაც ბევრი განყოფილება ჰქონდა: ბავშვებს ცრიდნენ, სტომატოლოგიური კაბინეტიც იყო... წარმოიდგინე, ბავშვები ეზოში "წრეშიბურთს" და სხვა უამრავ რამეს თამაშობდნენ, მე კი მეძებდნენ - სად არისო? ამ დროს კლინიკის ერთ-ერთ ოთახში ვიჯექი და ვუყურებდი, კბილის პროთეზებს როგორ ამზადებდნენ. იმ სუნში რა მინდოდა (იცინის)?! რა თქმა უნდა, ჩემი ნებით შევდიოდი. ყველას ძალიან ვუყვარდი... კიდევ, ფეხსაცმელების ხელოსნის ჯიხური სიგიჟემდე მიყვარდა! იქ ძმაკაცი - ფეხსაცმელების ხელოსანი მყავდა. ჯიხურში მივდიოდი და ვიჯექი, ხელოსნის მუშაობას ვუყურებდი... ჩემს თანატოლებს ისე, უბრალოდ თუ გავურბენდი ხოლმე... უცნაური ბავშვი გახლდით.

- გაპრანჭვა როდის დაიწყე?

- მგონი, 14-15 წლიდან. დეტალები არ მახსოვს. საერთოდ, გულმავიწყი ადამიანი ვარ.

dsc4010-1653985099.jpg

- ქეთი, პლასტიკური ქირურგიისთვის მიმართვას კიდევ ხომ არ აპირებ?

- არა, ჯერჯერობით ამის ფინანსური საშუალება არ მაქვს. თუ ადამიანი ამას გადაწყვეტ, მაგარ, სანდო კლინიკაში უნდა მიხვიდე. თუ კარგად არ გავიკითხე, ძალიან მეშინია. სიმართლე გითხრა, გარეგნობაში რამის შეცვლა არც მინდა - რაც გავიკეთე, მაკმაყოფილებს. სახეს ჩვეულებრივი, დღის და ღამის კრემით ვუვლი. კრემის წასმამდე სპეციალურ დასაბან ქაფს ვიყენებ...

- ტრენაჟორების დარბაზში ისევ ვარჯიშობ?

- არა, რადგან აღარ მინდა: 6 წელი, კვირაში 3-ჯერ, 3 საათს დარბაზში ვატარებდი. ძალიან დავიკუნთე (თან, კუნთები ბავშვობიდანვე განვითარებული მაქვს)... არანორმალურად ვვარჯიშობდი. ტრენერი რომ მიყურებდა, გიჟდებოდა. დარბაზიდან აღარ გავდიოდი... მოკლედ, ისე დავიკუნთე, რომ ჩემი სხეული კადრშიც აღარ მომწონდა. ახლა მინდა, ფრანგულ წონაზე "ჩამოვიდე" - "თხელი" გოგო ვიყო. სახლში მსუბუქად ვვარჯიშობ. დღეში 7-8 კილომეტრს ფეხით დავდივარ. მივხვდი, სიარული მაგარი რამეა: ყველა კუნთი ვარჯიშობს, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. საერთოდ, დარბაზში ვარჯიშით სხეულის ძლიერად დატვირთვა საჭირო არ არის, თუ ბოდიბილდერობას არ აპირებ. ყველაზე კარგი ვარჯიში ფეხით სიარულია.

- ქეთი, კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა, რის შესახებაც არ მიკითხავს?

- საერთოდ, ცხოვრების დაგეგმვაც არ მიყვარს. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ. იმაზე ზრუნვით ზედმეტად ტვინს არ ვიღლი, 1-2 კვირის მერე რა იქნება... მარტივად ვცხოვრობ. სახლში 1 ტაფა, 1 ქვაბი და 3 თეფში მაქვს, სხვა ჭურჭელს არ ვყიდულობ, არ მინდა. ჩემთვის მარტივი ცხოვრება ეს არის, თუმცა შეიძლება, ვიღაცისთვის მიუღებელიც იყოს...

ეთო ყორღანაშვილი