"მართალია, ქართველი არ ვარ, მაგრამ დიდი სიყვარული მაქვს საქართველოსი" - გზაპრესი

"მართალია, ქართველი არ ვარ, მაგრამ დიდი სიყვარული მაქვს საქართველოსი"

საქართველოსა და ქართულ მუსიკაზე შეყვარებული ფაბიენ მოღნე ერთ პატარა ლამაზ ფრანგულ ქალაქში, ოკეანესთან ახლოს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსია და როგორც გიტარისტი, მუშაობს კინომუსიკებზე, ტელევიზიის ბენდებისთვის. ასევე, ხელმძღვანელობს მუსიკალურ ჯგუფს "კავკაზ", რომელიც ძირითადად ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებს... ასეთი შესავლის შემდეგ ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფაბიენს ქართველი ცოლი ჰყავს - ლიკა ვეკუა საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა, სადაც მომავალ მეუღლეს შეხვდა და ერთმანეთი უსაზღვროდ შეუყვარდათ...

ფაბიენი:

- პარიზში არის ერთი დიდი ასოციაცია, რომელსაც ჰქვია "ქართული კულტურის ცენტრი ლაზი". ამ ასოციაციას აქვს ქართული ენის სკოლა, ტარდება ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილებიც. ჩვენ ამ ასოციაციაში შევხვდით ერთმანეთს, მერე გრძნობა მოვიდა და დავქორწინდით.

- გაცნობიდან რამდენ ხანში დაქორწინდით?

ლიკა:

- დაახლოებით 2 წელიწადში... მე 2008 წლიდან აქ ვცხოვრობ. სასწავლებლად ჩამოვედი და ასე შემოვრჩი საფრანგეთს (იღიმის). ანთროპოლოგიურზე ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში, როცა ფაბიენი გავიცანი. ფრანგებს განსხვავებული კულტურა აქვთ, მაგრამ ისეთი არაფერია, რასაც ვერ შევეგუებოდი... კარგი ხალხია, სტუმართმოყვარე და ლაღი.

- ზოგადად, მშობლებს უჭირთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ შეიძლება უცხოელი სიძე ან რძალი ჰყავდეთ. თქვენს შემთხვევაში როგორ მიიღეს ფაბიენი?

- მართალი ხართ, ქართველებს უჭირთ უცხოელი სიძის მიღება, ასეთი ბევრი შემთხვევა ვიცი, მაგრამ ისე მოხდა, რომ სანამ დავოჯახდებოდით, ფაბიანი საქართველოში იყო ჩასული და ჩემი მშობლები გაიცნო. ასე რომ, როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. მართალია, ერთგვარად განიცადეს, რომ მათგან შორს მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ მშობლისთვის ხომ მაინც ის არის მთავარი, შვილი ბედნიერი ეგულებოდეს.

- ფრანგებმა როგორ მიგიღეს?

- ძალიან კარგად. მეც გათხოვებამდე გავიცანი ფაბიენის მშობლები. სხვათა შორის, ისინიც ნამყოფი იყვნენ საქართველოში, იცნობდნენ ქართულ კულტურას და ამანაც გამიადვილა მათთან ურთიერთობა. ფაბიენის მშობლები მრავალკულტურულ ასოციაციებში მოღვაწეობენ და ასე თუ ისე, აქვთ წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაზე.

ფაბიენი:

- პირველად 2010 წელს მქონდა ბედნიერება, საქართველოში ჩავსულიყავი, სადაც მეგობარ მომღერალთან ერთად, არტგენზე გახლდით მიწვეული. ჩემი მეგობარი წარმოშობით ქართველი ნათელა დავრიშაშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა (ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრის, ნოე ხომერიკის შთამომავალი. - ავტ.). მასთან ერთად ნიაზ დიასამიძემ მიმიწვია თქვენს სამშობლოში. ძალიან მომეწონა საქართველო!

რაც შეეხება ენის სწავლას: ჩემს ქართველ მეგობარს გიტარაზე დაკვრა ვასწავლე, ის კი ქართულს მასწავლიდა - ერთგვარად, ბარტერული გაცვლა გამოვიდა (იცინის).

- თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ ენა გესწავლათ, რა იყო? როგორც ამბობენ, არ არის ადვილი ქართულის სწავლა...

- ცოტა რამ ხომ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა საქმემაც მოითხოვა, ქართული უკეთ მესწავლა: როგორც ანსამბლ "კავკაზის" დირიჟორმა, ყველა წევრს უნდა გავუგო და ავუხსნა კიდეც, როგორ დაუკრან ან იცეკვონ. ჩვენმა ქორეოგრაფმა ბექა ნონიაშვილმა სწორად აღნიშნა: რომ იგრძნო, რეალურად რა დევს ამა თუ იმ ქართულ მუსიკაში ან ცეკვაში, ქართული კარგად უნდა იცოდეო და მართალიც არის. ამან მიბიძგა, რომ კიდევ უფრო დამეხვეწა ენის ცოდნა. დღემდე ვსწავლობ...

- თქვენი მუსიკალური ჯგუფი "კავკაზ" ძირითადად ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებს. ეს თქვენს თანამემამულეებს ცოტა უცნაურად არ ეჩვენებათ?

- რატომ უცნაურად? ფრანგებს უყვართ, როცა რომელიმე ქვეყნის კულტურას ეცნობიან... მოსწონთ ფოლკლორი. ჩვენი ანსამბლი ქართულ და ზოგადად, კავკასიურ სიმღერებს ჩვენებურად ვასრულებთ. სულ 10 ვართ და აქედან 4 ქართველი მოცეკვავეა. ჩვენი მომღერალი ქალი კატალონიელია, დრამერი ირანიდან გახლავთ, კონტრაბასისტი - სომხეთიდან და ა.შ. მოკლედ, საინტერესო მიქსია. ვმართავთ კონცერტებს, ვმონაწილეობთ ფესტივალებში...

- ალბათ განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს ახარებთ თქვენი მოსმენა და ყურება...

- არა მარტო ქართველები, ყველა მოდის ჩვენს კონცერტზე. ზოგადად, ფრანგებს ძალიან აინტერესებთ ქართული კულტურა, კერძები, მუსიკა და ცეკვა. ამაზე ჩვენს ტელევიზიებში რეპორტაჟებიც კი მზადდება. ბევრი ქართული რესტორანია პარიზში, სადაც სიამოვნებით მივდივართ და არა მარტო კერძებს, ქართულ ღვინოსაც სიამოვნებით ვაგემოვნებთ.

- მართლა, ქართულ ღვინოზე რა აზრის ხართ? ფრანგებსაც ხომ არაჩვეულებრივი სასმელები გაქვთ...

- ფრანგების უმეტესობას მოგვწონს ქართული ღვინო და საერთოდ, თქვენი კულტურა, ტრადიციები... სხვათა შორის, პარიზში გვაქვს ქართული რესტორნები, სადაც ბევრი ფრანგი დადის იმიტომ, რომ ძალიან მაგარი საჭმელები და საინტერესო ღვინო აქვთ. ჩვენ ახალი გემოები მოგვწონს.

- კარგი ღვინის გარდა, რა გვაკავშირებს ფრანგებს და ქართველებს?

- ამ კითხვას რომ მისვამენ, სულ მახსენდება ქართული ფილმი "ჩარირამა". იქ არის სიუჟეტი, როცა მოლხენის დროს ოჯახს ესტუმრება ფრანგი მოგზაური და ამ სუფრასთან მყოფი ერთ-ერთი გლეხი მას ფრანგულად გაესაუბრება... საერთოდ, ისეთი ფრანგი მოგზაურები, როგორებიც იყვნენ დიუმა, შარდენი და ა.შ., თქვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს იჩენდნენ. ასევე, ქართველები ხშირად ჩამოდიოდნენ საფრანგეთში. როგორც ჩვენ, ქართველებსაც უყვართ სტუმარმასპინძლობა და ალბათ ოდითგანვე ამიტომაც ვუგებდით ერთმანეთს ასე კარგად...

279689528-10229005210899058-1119990551805286290-n-copy-1653985419.jpg

- ცოლს ამზადებინებთ ქართულ კერძებს?

- ჰო, აბა როგორ (იცინის)?! ბადრიჯანი, მჭადები, იმერული ხაჭაპური, ჭარხალი... ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.

- საქართველოს რომელი კუთხე მოგწონთ ყველაზე მეტად?

- ჩვენ ყოველ წელს მივდივართ თუშეთი. იქ რომ არის, ისეთი პეიზაჟი და ხედები, სხვაგან არსად მინახავს, საუცხოოა... სამეგრელოც მომწონს, ნამყოფი ვარ ზუგდიდში; იმერეთში, ზესტაფონშიც ხშირად მივდივართ. მაგარი ადგილებია, მაგრამ თუშეთში სულ სხვა ატმოსფეროა. მთაში ყოფნა, იქაური სიმღერების მოსმენა სხვანაირად მელამაზება.

- ლიკა, მგონი თქვენი მეუღლე ჩვენზე მეტად ქართველია, მეთანხმებით?

- მგონი, მართლაც ასეა (იცინის)...

- უღრმესი მადლობა, რომ საქართველოს და ქართულ კულტურას აცნობთ საკუთარ ხალხს.

ფაბიენი:

- რას ამბობთ, ამას სიამოვნებით ვაკეთებ... მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვენატრა საქართველო. ჩემი და ანსამბლის წევრების დიდი სურვილია, რომ ერთხელ "კავკაზმა" შეძლოს კონცერტი გამართოს თბილისში ან სადმე მთაში. ბევრი ძვირფასი მუსიკოსი მეგობარი მყავს თბილისში და მინდა, მათი ჩართულობით მოხერხდეს ეს ყველაფერი. იმედია, ამას მოვახერხებთ. მაგალითად, მინდა დავასახელო ჩემი მეგობარი უჩა პატარიძე, რომელმაც 2012 წელს მასწავლა ფანდურზე კარგად დაკვრა და ყოველთვის, როცა თბილისში ჩავდივარ, ვხვდები ამ კარგ ადამიანს და ვუჩვენებ, რა როგორ განვავითარე. ძალიან უხარია, რომ ფრანგს ასე მაინტერესებს ფანდური. 30 წელია ვუკრავ გიტარაზე. პატარა ვიყავი, როცა დავიწყე და ახლა ნელ-ნელა გადავედი ფანდურის დაკვრაზე, რადგან ძალიან მომწონს. ნოსტალგია, საოცარი მელოდიურობა, რიტმი - ყველაფერი ერთად "მოაქვს".

სხვათა შორის, პანდემიის დროს კონცერტების "ლაივსტრიმები" დავატრიალეთ სოციალურ ქსელებში, ბევრი კლიპი გადავიღეთ და შედეგად, ბევრ ადამიანს გავაცანით ანსამბლი. განსაკუთრებით ბევრი "ნახვა" და "მოწონება" ჰქონდა ქართულ "ბუქნა ჭოტოს", რომელიც ჩვენც ძალიან გვიყვარს...

- სულ რამდენ ენაზე ასრულებთ სიმღერებს?

- ქართულის გარდა, ვასრულებთ მეგრულ სიმღერებს (განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს "ასე ჩონგური") და ერთ აფხაზურსაც. ასევე გვაქვს სომხური, თურქული, ჩერქეზული სიმღერაც...

სულ ვამბობ, რომ სიყვარული, მუსიკა და ცხოვრება განუყოფელია ერთმანეთისგან. თუ არ გიყვარს, საქმეს კარგად ვერ გააკეთებ. მართალია, ქართველი არ ვარ, მაგრამ დიდი სიყვარული მაქვს საქართველოსი, ქართული მუსიკის და მთელი გულით ვცდილობ, რასაც ავაჟღერებთ, კარგი გამოვიდეს.

- როგორც ვიცი, ახალი წლის წინა დღეებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეთ პარიზში.

ლიკა:

- კონცერტი გაიმართა პარიზთან ახლოს, იქ მოხდა გამოფენა-გაყიდვაც. აქ ბევრი ემიგრანტია, რომლებიც პანდემიის დროს ხელსაქმით აქტიურად დაკავდნენ, აქსესუარების კეთება დაიწყეს. გამოფენის მოწყობისას ასევე შემოგვიერთდა ერთი მხატვარი ბიჭი, რომლის ნახატებიც გამოვფინეთ. ზოგს საქართველოდანაც კი გამოუგზავნეს ნივთები, რომ გამოეტანათ.

ფაბიენი:

- ჩიჩილაკიც კი გამოფინეს, რომელიც ჩვენც შევიძინეთ.

- კი, ვნახე თქვენს გვერდზე ჩიჩილაკის ფოტო. იცოდით, რა დატვირთვა აქვს მას ქართველებისთვის ახალ წელს?

- ადრე არ ვიცოდი და როცა ეს უცნაური ხე ვნახე, მერე მისი წარმოშობის ისტორიაც მიამბეს. ჰოდა, რომ დავინტერესდი და მომეწონა, ამიტომაც შევიძინე (იღიმის).

12974418-1363954600297053-8620990248052713685-n-copy-1653985407.jpg

ლიკა:

- მოსწონთ ფრანგებს ხელნაკეთი ნივთები და განსაკუთრებით, ქართული ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა.

- ლიკა, ამჟამად თქვენ რას საქმიანობთ პარიზში?

- 2016 წლიდან ერთ-ერთ სასტუმროში, მენეჯერის თანაშემწედ ვმუშაობ. ახლახან დავაარსე კომპანია, რომელიც ფეხს იდგამს. მყავს მეგობარი გოგონა, რომელიც თექის ნივთებს ამზადებს, ასევე საქართველოდან ჩამოვიტანე ერთ-ერთი კომპანიის მიერ ტყავისგან დამზადებული ჩანთები, საფულეები და ამ ყველაფრის რეალიზაციას ვცდილობთ; გვინდა, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ, მათ გავაცნოთ და მოვაწონოთ ხარისხიანი ქართული ნივთები.

- წარმატებებს გისურვებთ! მიხარია, რომ საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევით. მადლობა ამისთვის...

ლიკა ქაჯაია