ფოტოგრაფის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო - გზაპრესი

ფოტოგრაფის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

"ფოტოგრაფიის მთელი მუღამი იმაშია, რომ სიტუაციის სიტყვებით აღწერა არ გჭირდება", - ამტკიცებდა მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი ელიოტ ერვიტი, თუმცა ყველაფერს ფოტოებით ვერ გადმოსცემ... ჩვენ დავინტერესდით, როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო და ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირს ვესაუბრეთ.

- თქვენი დაკვირვებით, რა არის ქართული მედიის მთავარი ნაკლოვანება?

- ალბათ ის, რომ თანამედროვე ქართული მედია ხშირად მიმართავს სიძულვილის ენას და ამით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს სამწუხარო რეალობაა: მედია შეიძლება იცავდეს რომელიმე მხარის ინტერესებს, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია ხალხისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. მიუხედავად ამისა, მაინც მომწონს, რომ ქართული მედია ყოველთვის ინარჩუნებდა და ახლაც ინარჩუნებს "მოდარაჯე ძაღლის" ფუნქციას. ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ დღეს ქართული მედია არც ისე თავისუფალია. გვარამიაც, ოპოზიციური განწყობის გამო დააპატიმრეს, მაგრამ ეს მცდარი გზაა: მედიასთან ბრძოლაში ყველა ხელისუფლება წააგებს და ცხვირს წაიმტვრევს. თუ გვინდა, ევროპულ ოჯახს შევუერთდეთ, ხელისუფლებამ მედიას უნდა მოუსმინოს.

- თუმცა, საქართველოში მედიასთან ბრძოლა საკმაოდ კარგად გამოსდით...

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ, გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი 5 ივლისი, როცა ჟურნალისტებს სცემეს და დაარბიეს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ თავისუფალი სიტყვა ვერ ჩაახშო. ჩვენმა საუბარმა გამახსენა, როგორ ახშობდნენ და ებრძოდნენ თავის დროზე რადიო "თავისუფლებას", მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ; მახსენდება რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელიც უკრაინის ომის საწყის ეტაპზე პირდაპირ ეთერში პლაკატით შეიჭრა და ხალხს უთხრა - "თქვენ გატყუებენ". ამიტომ, ყველა გონიერმა ხელისუფალმა იცის: ჯობია მედიასთან ითანამშრომლო, ვიდრე მას ეომო. ტელევიზია და პრესა თავისუფალი უნდა იყოს - ეს კარგად იციან ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში, სადაც პოლიტიკოსები მედიასთან თანამშრომლობას და მეგობრობას ცდილობენ. არავის უნდა მოუვიდეს აზრად, რომ მედიას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ძალით დაუპირისპირდეს.

- ნიკა გვარამიას დაპატიმრება ახსენეთ. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთს?

- ნიკა გვარამიას დაპატიმრება მეც ისევე არ მომეწონა, როგორც ყველას. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაზე კრიტიკული, ოპოზიციური არხის შემქmნელი და ხელმძღვანელი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. ამ მოვლენაში მეც თავისუფალი მედიის დაკნინების და დასუსტების მცდელობას ვხედავ. თავისუფალი მედია საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონდა, ამიტომ, ყველა ცდილობდა სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებას და მის დათრგუნვას. შესაძლოა, დღეს რომელიმე მედიასაშუალებას ჰქონდეს განცდა, რომ მას არაფერი ემუქრება, მაგრამ ეს ცრუ მოლოდინია - მსგავსი განსაცდელი ყველას შეიძლება დაემუქროს. შეიძლება ბევრი შემომედავოს, მაგრამ ასეა.

- ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ადამიანების მიღება და მათთან დაპირისპირებას ვამჯობინებთ... ამაზე რას იტყვით?

- დიახ, ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა: ჩვენ განსხვავებული აზრის მიღება კი არა, მოსმენაც გვიჭირს. ამიტომ ვერ ვეგუებით, როცა ამ აზრს მედია აშუქებს, 5 ივლისსაც ამიტომ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს ასე სასტიკად.

- როგორ ფიქრობთ, "ალტ-ინფოს" და რუსული ორიენტაციის მქონე სხვა არხების ან გაზეთების მიმართაც ლოიალურნი უნდა ვიყოთ?

- არა, რა თქმა უნდა. მარტო "ალტ-ინფოს" კი არა, ნებისმიერი მედიის მუშაობა უნდა აიკრძალოს, რომელიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ახმოვანებს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული! ეს არ არის განსხვავებული აზრის და დემოკრატიის ხელშეწყობა, ეს მტრული იდეების პროპაგანდაა: როდესაც ტელეეთერიდან გვირჩევენ, რომ პოლიტიკურ მოკავშირედ და მეგზურად მტერი ავირჩიოთ, ამის მოსმენა ჩემთვის შეუძლებელია. როცა საქმე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება, გულგრილი ვერ ვიქნები, ამიტომ, მე ყოველთვის ვირჩევ თავისუფალ მედიაში მუშაობას, სადაც მეტი თავისუფლება მექნება და იძულებული არ ვიქნები, რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს ვემსახურო.

- თუმცა, ეს ადამიანები ხშირად ტრადიციების დამცველთა ნიღაბს ირგებენ და თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად თუ კონსერვატორებად აცხადებენ.

- კონსერვატიზმი არ არის შენი ქვეყნის საწინააღმდეგო, მავნებელი იდეების გახმოვანება, დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ "ალტ-ინფო" და მისი მსგავსნი პირდაპირ რუსულ ინტერესებს ახმოვანებენ და ამ მიმართულებით მუშაობენ. განსხვავებული აზრის მიუღებლობა და შენგან განსხვავებული ადამიანის დაჩაგვრა არც ქრისტიანობაა და არც მორწმუნეობა. რუსეთის მხარდაჭერა კი, აუხსნელი მოვლენაა ახლა, როცა ეს ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ გამანადგურებელ ომს აწარმოებს.

- ნუთუ ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ უკრაინაც ჩვენი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ქვეყანაა?

- ამაზე მეც მიფიქრია: ნუთუ, ეს ხალხი ვერ ხვდება, როგორ გვექცეოდა რუსეთი 200 წლის განმავლობაში? რუსებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა გააუქმეს, ჩვენი ტაძრები თეთრად შეღებეს და ფრესკები ჩამორეცხეს. წარმოუდგენელი ბოროტებაა, რაც მათ უკრაინაში და უფრო ადრე ჩვენთან - აფხაზეთში ჩაიდინეს. ამ ყველაფრის მერე ხომ უნდა მიხვდე, რომ ყოფილი მეგობარი, რომელიც სახლში შემოგივარდა, აგაწიოკა და სახლ-კარი გადაგიწვა, უნდა დაივიწყო? ასეთ მეგობართან ძველებური ურთიერთობა როგორ გექნება? მე მგონი, ყველაფერს კარგად ხვდებიან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ. სიმართლე კი ის არის, რომ რუსეთი დამპყრობელი ქვეყანაა. ის ვერ იტანს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავისუფლება სურთ; მას არ უნდა უკრაინა, საქართველო და სხვა ქვეყნები ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ და ბედნიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები ააშენონ. დიახ, ეს ძალიან აგრესიული ქვეყანაა, რომლის პირველი პირები საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ.

282778836-2888785244755024-5396373849969952297-n-copy-1654498346.jpg

- ჩვენს ქვეყანაში ბევრს კამათობენ იმაზეც, რომ საქართველო უკრაინას უფრო მეტად უნდა დახმარებოდა.

- მართალია, პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი: უკრაინას იარაღით ვერ დავეხმარებოდით, თვითონაც საომარ მდგომარეობაში ვართ და ამდენი იარაღი არა გვაქვს. რით შეგვეძლო დავხმარებოდით და არ დავეხმარეთ? ვინმეს აქვს ამ კითხვაზე პასუხი? ჩვენს სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იყო და ამ მისიას მგონი, თავი კარგად გავართვით. საქართველომ უკრაინას საერთაშორისო სტრუქტურებშიც მხარი დაუჭირა, ჩვენი დელეგაცია იმ ქვეყნების ათეულშია, რომელიც ომისგან დაზიანებულ ბუჩაში ჩავიდა, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ომში უნდა დავეხმაროთ, ცდება: ჩვენ არც საამისო ძალა გვაქვს და არც შესაძლებლობა. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. აქვე უნდა გითხრათ, რომ საშინლად არ მომწონს კინკლაობა საქართველოს და უკრაინის ხელისუფალთა შორის. ჩემი აზრით, ომის დამთავრებამდე მაინც უნდა შევძლოთ და ეს კინკლაობა გვერდზე გადავდოთ.

- სავარაუდოდ, ამ კამათის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი მკურნალობაა... როგორ ფიქრობთ, უნდა გაუშვან ის სამკურნალოდ უცხოეთში?

- მე არ მაქვს უფლება არ დავუჯერო სააკაშვილის პირად ექიმს, რომელიც ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა მძიმეა და მას დახმარება სჭირდება. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილი ბოლო წლებში ისედაც უცხოეთში იყო და თუ მაშინ არ იყო საშიში, ახლა გახდა? მე ვფიქრობ, მას საფუძვლიანი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს და თუ საჭიროა, უცხოეთშიც უნდა გადაიყვანონ. აბა, რა ჯობია - დაიღუპოს?! ამის თავიდან ასაცილებლად, ურიგო არ იქნება, ექსპრეზიდენტს ახლანდელი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს - ეს იქნება ყველაზე ჰუმანური და მარტივი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

ხათუნა ჩიგოგიძე