ეკა სურმავა - ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტის განცდები პრემიერის წინ - გზაპრესი

ეკა სურმავა - ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტის განცდები პრემიერის წინ

2022 წლის მაისში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 170-ე სეზონზე „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა. პირველად უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით სპექტაკლი „ოტელო“ 1957 წელს დაიდგა და მისი ავტორები ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი, მხატვარი სოლიკო ვირსალაძე და კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი იყვნენ. 65 წლის შემდეგ კი, ამ ორმოქმედებიანი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიის რედაქცია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. თავდაპირველად წამყვან პარტიებს ვახტანგ ჭაბუკიანი და ვერა წიგნაძე ასრულებდნენ, დღეს კი ეს როლები კუბელმა მოცეკვავე ამილკარ მორეტ გონსალესმა და ჩვენი ოპერის თეატრის წამყვანმა სოლისტმა ეკატერინე სურმავამ მოირგეს. ბალერინამ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო წარმატებული ნაბიჯების გადადგმა და როგორც პროფესიონალები ამბობენ, დღეს მისი საშემსრულებლო ხელოვნება პიკშია.

ეკატერინე სურმავა:

- საქვეყნოდ აღიარებულია, რომ „ოტელო“ ბატონი ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიის მწვერვალია. შესაბამისად, ბავშვობიდან მესმოდა ამ ბალეტზე აღმატებულ ხარისხში საუბარი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც უშუალოდ მასთან მუშაობდა. მათ შორს არიან ლილიანა მითაიშვილი (რომელიც დეზდემონას პარტიას ცეკვავდა, თუმცა ფილმად გადაღებულ „ოტელოში“ ის ემილიას როლს ასრულებს) და ირინე ჯანდიერი, რომელიც ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდა და დღეს ჩემი პედაგოგი გახლავთ. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო, ვფიქრობ, „ოტელო“ ჩვენი კულტურისა და ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების გვირგვინია. შესაბამისად, როცა ამ ბალეტზე დავფიქრებულვარ, არ მეგონა, თუ სცენას დაუბრუნდებოდა, ეს დღე დადგებოდა და მით უფრო, ჩემი შემოქმედების პერიოდში. როცა გავიგე, რომ აღდგენას აპირებდნენ, გამიხარდა და თან ძალიან გამიკვირდა, ხოლო როცა შევიტყვე, რომ დეზდემონას პარტია უნდა მეცეკვა, შეიძლება ითქვას, მეტყველების უნარი დავკარგე. ისეთი გაცდა მქონდა, რომ რაღაც ხელშეუხებელი ხელშესახები ხდებოდა და მართალი გითხრათ, სანამ უშუალოდ რეპეტიციის პერიოდი არ დაიწყო, კარგა ხანს მიჭირდა ამ ყველაფრის გაანალიზება. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და კიდევ უფრო დიდი პატივი, რადგან ქალბატონი ვერას წიგნაძის შემდეგ მიწევს დეზდემონას პარტიის ცეკვა.

otelo5-copy-1654586702.jpg

- ქალბატონი ვერა წიგნაძე ალბათ გახსოვთ, მაგრამ მხოლოდ მაყურებლის სტატუსით, როცა უკვე ხანდაზმული დარბაზიდან ადევნებდა თვალს სპექტაკლებს...

- ჩემდა სამწუხაროდ, პატარა ვიყავი და მასთან უშუალო შეხება არ მქონია. მხოლოდ მაშინ ვხვდებოდი, როცა თეატრში სტუმრად მოდიოდა. ის თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე გახლდათ, ჩვენი სიამაყე. ყოველთვის მოწიწებით ვიყავი და ისეთი განცდა მქონდა, როგორც დიდ ფიგურასთან და ნამდვილ ლეგენდასთან შეხვედრისას.

- საპრემიერო სამზადისის დროს თავდაუზოგავად მუშაობთ, მაგრამ თუ გაქვთ თქვენეული წესები, მოსვენების საათები და ა.შ.?

- „ოტელოზე“ მუშაობისას ძალიან დატვირთული პერიოდი გვქონდა, რადგან მთელი სპექტაკლი თავიდან „იკვრებოდა“. ბევრი პატარა დეტალია, კოსტიუმები იკერება, განათება მონტაჟდება და ა.შ. მე და ჩემს პარტნიორს 1 თვე გვქონდა მოსამზადებელი პერიოდი და ნამდვილად თავდაუზოგავად ვმუშაობდით, დარბაზში ვაღამებდით. თითქოს ტექნიკური და ემოციური კუთხით მზად ვიყავი, მაგრამ პრემიერის დღეს მაინც საოცარი ღელვა ახლდა. წინა საღამოს ტელეფონზე ვიღებდი გამამხნევებელ მესიჯებს: „ეკა, აბა შენ იცი“, „შენზე ბევრია დამოკიდებული“ და მსგავსი შინაარსის ტექსტებს, რაც ერთგვარი წნეხიც იყო, რადგან ვიცოდი, პრემიერის დღეს დარბაზში იჯდებოდა ის მაყურებელიც, რომელსაც საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ჭაბუკიანის „ოტელო“. ჩემთვის უდიდესი სიხარული აღმოჩნდა, როცა პრემიერის შემდეგ რამდენიმე ქალბატონმა მითხრა, რომ წლების წინ ეს სპექტაკლი ქალბატონი ვერას შესრულებით ჰქონდათ ნანახი და მათგან კომპლიმენტი დავიმსახურე.

- ოტელოს პარტიის შემსრულებელი ამილკარ მორეტ გონსალესი ჩვენს თეატრში მოწვეული მოცეკვავეა. სპექტაკლებში, რომელიც მომავალში გაიმართება, ვინ იცეკვებს მის ნაცვლად?

- ამილკარი წარმოშობით კუბელი მსახიობი და არაჩვეულებრივი მოცეკვავეა. მგონია მან საკუთარი, ინდივიდუალური სახე შექმნა ოტელოს პარტიის შესრულებისას. მომავალში როგორ იქნება, არ ვიცი, ალბათ სპექტაკლი მაშინ გაიმართება, როცა მას კიდევ დაპატიჟებენ ან ჩვენს ოპერაშიც მოამზადებენ კადრს, რომელიც ამ ბალეტს შეასრულებს.

- ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გვსმენია, რომ ძალიან ცოტა მამაკაცი მიდის ამ პროფესიაში, ალბათ ახლაც ასეა...

- ბალეტში მამაკაცების სიმცირის პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოშია, თუმცა, ჩვენთან განსაკუთრებით. დასანანია, რომ დღეს საბალეტო სკოლაში თითზე ჩამოსათვლელი ბიჭი სწავლობს. შესაბამისად, არის ის რეალობა, რომ ყოველთვის მათი დანაკლისია. ჩვენ დღეს რამდენიმე ქართველი მოცეკვავე გვყავს: დავით ანანიაშვილი, პაპუნა კაპანაძე, მაგრამ ძირითადად მაინც მოწვეულები არიან.

- მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი კარიერა ასე განვითარდა: 2009 წლიდან ოპერის საბალეტო დასის მოცეკვავე და 2014 წლიდან წამყვანი სოლისტი ხართ. ბალეტში ქართული ცეკვიდან „მოხვედით“, თქვენმა მასწავლებელმა ურჩია მშობლებს ბალეტზე აქცენტის გაკეთება. ისიც მახსოვს, საბალეტო სასწავლებელში ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან შეხვედრებს როგორ ემოციურად აღიქვამდით და ერთხელ, ღელვის შედეგად, 38 სიცხეც კი მოგცათ...

- დიახ, ნამდვილად იყო ეს ფაქტი (იღიმის).

otelo1-copy-1654586716.jpg

- დღეს როგორ უმკლავდებით იმ ემოციებს, რაც თქვენს პროფესიას ახლავს? რა მეთოდებს მიმართავთ ემოციური და ფიზიკური ძალების აღსადგენად?

- მას შემდეგ, რაც თეატრის წამყვანი ბალერინა ვარ, ბევრი შემოქმედებითად საინტერესო რამ გადამხდა თავს. ახალი პროექტები, როლები, სპექტაკლები, ახალი გამოწვევები გაჩნდა. ალბათ რაღაც დოზით გავიზარდე და რაღაცებთან გამკლავება ვისწავლე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის ერთგვარი მწვერვალი და ფეიერვერკი, სწორედ „ოტელოს“ პრემიერაა. დღევანდელი დღის მონაცემებით, ოფელიას პარტია ჩემი კარიერის გვირგვინადაც შეიძლება დავასახელოთ. ნამდვილად ისტორიული ფაქტის თანამონაწილე ვიყავი და ეს ჩემთვის სასიხარულოა. რაც შეეხება ძალების აღდგენას, საპრემიერო დღეებში პირველი სამი სპექტაკლი, 13, 14 და 15 მაისს, მე და ჩემმა პარტნიორმა ზედიზედ ვიცეკვეთ. გარდა ტექნიკური მხარისა, სპექტაკლი დატვირთულია პანტომიმების ელემენტებით და დიდ ემოციურ დატვირთვას საჭიროებს. შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლის წინაღამეს ფაქტობრივად არ მძინავს. ვერ გეტყვით, ჩემდა უნებურად, ფიქრებში რამდენჯერ გავდივარ თითოეულ სცენას, მაგრამ შემდეგ სხეულის ისეთი მობილიზება ხდება, რომ სამივე სპექტაკლი ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით შევასრულეთ. რაც ხდება შემდეგ, ალბათ ბუნების კანონია, დიდი დაძაბულობის შემდეგ, ორგანიზმი ერთიანად ეშვება და მეც ასე, ერთიანად მოდუნებული და დაცლილი ვიყავი. თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება და მერე ახალი ენერგიით უბრუნდები საქმეს. ამ დროს და საერთოდ, ვცდილობ მივიღო ისეთი ჯანსაღი საკვები, რომელიც კუნთს კვებავს. ჩვენ ემოციურის გარდა, უდიდესი ფიზიკური აქტივობა გვიწევს. ვცდილობ, მივიღო მეტი სითხე და ის საკვები, რაც ენერგიის აღდგენაში დამეხმარება.

- დაბოლოს, რა იქნება დეზდემონას პარტიის შემდეგ და ახლა ხომ არ მიდის კიდევ რამე ბალეტის საპრემიერო სამზადისი?

- დიახ, შექსპირის გარშემო ვტრიალებთ და რამდენიმე დღეში „რომეოსა და ჯულიეტას“ პრემიერა გაიმართება. აქაც ანალოგიურად წამყვან პარტიას შევასრულებ - ჯულიეტა ვიქნები. ბედნიერი ვარ, რომ პარტნიორობას გამიწევს ჩვენი ყოფილი წამყვანი მოცეკვავე ფილიპ ფედულოვი, რომელიც ახლა რიგაში მოღვაწეობს. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ჩვენი თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, ერთად ვცეკვავდით და ახლა კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა.

ანა კალანდაძე