"თუ გინდათ, ზედმეტი კალორიები დაწვათ, მიწათმოქმედებით უნდა დაკავდეთ" - გზაპრესი

"თუ გინდათ, ზედმეტი კალორიები დაწვათ, მიწათმოქმედებით უნდა დაკავდეთ"

პანდემიის დროს, თბილისიდან აგარაკზე გადასახლებულმა მსახიობმა უკვე ვენახის გაშენებაც გადაწყვიტა... მაკა ძაგანიას ცხოვრების სტილის შესახებ ვესაუბრეთ...

- გარეგნობაზე ზრუნვით დაკავებული ნაკლებად ვარ, მეტიც - სალონებში სიარული ძალიან მეზარება. სულ ამის გამო დამცინიან, რომ სალონში მისვლას სახლში "წათხიპვნა" მირჩევნია (თმის შეღებვა ახლა უკვე მჭირდება - ასაკის მატებასთან ერთად, ჭაღარა "წამოვიდა"). ერთადერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, სახის კანზე ზრუნვაა: მშრალი კანი მაქვს. ბანაობის მერე ძალიან იჭიმება, ამიტომ სპეციალურ ზეთს ან კარაქს ვიყენებ...

- საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- ალბათ, ეს მომხიბვლელობა არ არის - ეს ყველა გოგოს და ბიჭს ემართება, როცა გარდატეხის ასაკში გადადის და უკვე ხვდება, რომ ქალდება ან კაცდება. იმ დროს ადამიანი ცოტათი უფრო მეტად იპრანჭები, სხვანაირად იქცევი და ცდილობ, სხვანაირად ჩაიცვა... მე ეს პერიოდი დაახლოებით 16 წლისას დამიდგა, ანუ ცოტათი უფრო გვიან, ვიდრე ახლანდელ ახალგაზრდობას. მანამდე "რეზინობანას" ვთამაშობდი.

285067228-755733985582397-5378012116561423140-n-copy-1654586992.jpg

- თქვენთვის ამ პერიოდის გვიან დადგომა რამ განაპირობა?

- ხომ იცით, ადრე ამბობდნენ, რატომ იყო რევოლუციამდე ბავშვი გონებაჩლუნგიო (იცინის)? ჩვენი მოზარდობისას კიდევ სხვანაირი სიტუაცია გახლდათ: ვერ ვხედავდით, მსოფლიოში რა ხდებოდა, თუკი საქართველოს საზღვრებს გარეთ არ გადიოდი, რაც ძალიან რთული იყო. ახლანდელი თაობა მსოფლიოს უყურებს. ჩემი აზრით, ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა - უფრო მეტი იციან, ვიდრე მათ ასაკში ჩვენ ვიცოდით...

- ბალერინობის შემდეგ თქვენი ცხოვრების სტილი, რიტმი შეიცვალა თუ დღემდე ვარჯიშობთ?

- ბალერინობას თავი რომ დავანებე, "ფეხი აღარ გამინძრევია", სანამ არ დამჭირდა. ეტყობა, ამდენი ვარჯიში და შრომა იმდენად ყელში ამოსული მქონდა, რომ როგორც კი შევეშვი, მივხვდი, აღარ მინდოდა, თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში, 3 წლის განმავლობაში, სტუდენტს ცეკვას გასწავლიან - ქართულსაც, სახასიათოსაც... ამიტომ სულ ვარჯიშობ. შემდეგ, ცეკვა სპექტაკლებშიც გჭირდება. სულ ფორმაში ყოფნა გიწევს. თან, 2003 წლიდან 2006-მდე ცეკვის მასწავლებლის - დოდო ჩოგოვაძის ასისტენტი გახლდით. მერე "ილიაუნში" ვასწავლიდი ცეკვას... როცა ასწავლი, მოსწავლეებს უნდა აჩვენო, რა როგორ გააკეთონ. ამიტომ მათთან ერთად, მეც სულ ვვარჯიშობდი, სხვა გზა რომ არ მქონდა.

- სხეულის ფორმაში ყოფნისთვის ახლა როგორ ზრუნავთ?

- ჩემი ფიზიკური აქტივობა მიწათმოქმედებით ჩანაცვლდა. რაკი ვიცი, კუნთები როგორ უნდა ამუშაო, გაწელო, ვხვდები, რომ რასაც ვაკეთებ, მაგალითად - დაბარვის, მოთოხნის, მოფოცხვის დროს, ბევრად მეტი კუნთი მუშაობს და ბევრად მეტ კალორიასაც წვავ. სოციალურ ქსელში "სთორიც" მედო: თუ გინდათ, ზედმეტი კალორიები დაწვათ, მიწათმოქმედებით უნდა დაკავდეთ-მეთქი. მართლა სერიოზული ფიზიკური შრომაა: თან, ყველა კუნთი მუშაობს. ძალიან სასარგებლოა (იცინის)...

284147126-376343934316644-552137523383921551-n-copy-1654587007.jpg

- მიწათმოქმედების შესახებ რამე ინფორმაცია გქონდათ, ვიდრე ამ საქმეს შეეჭიდებოდით?

- სოფელში სახლიც კი არ მქონია. ერთადერთი, ბებია-ბაბუამ სურამში მიწა შეიძინეს და სახლი ააშენეს, როცა დაახლოებით 6 წლის ვიყავი. იქ ჩავდიოდით, მაგრამ სააგარაკე სიტუაცია იყო. კი, ხეხილიანი ბაღი გახლდათ, მაგრამ მიწათმოქმედებას არ მივდევდით. თან, მაქსიმუმ 1 თვით ჩავდიოდით. ამიტომ არც გამოცდილება მქონდა. ხომ იცი, როცა სოფელში ბევრ დროს ატარებ, ბებია-ბაბუა იქ გყავს, სხვანაირი დამოკიდებულება გიჩნდება, რადგან ქათამიც ჰყავთ, მწვანილიც აქვთ... მიწათმოქმედების შესახებ შენც უფრო მეტი იცი, ჩემთვის კი ეს ყველაფერი ყოველთვის უცხო იყო. პანდემიის გამო რომ ჩავიკეტეთ, კორპუსის ბინაში და იტალიურ ეზოში ჯდომას აგარაკზე წამოსვლა ვამჯობინე - სახლი მქონდა. მანამდეც ჩამოვდიოდით და რაღაცებს ვაკეთებდით, მაგრამ აქაურობა როგორც აგარაკი, ისე იყო. პანდემიამ ყველაფერი გააჩერა. როცა გაზაფხულდა, ვიფიქრე, მიწათმოქმედება მეცადა. მალე საკუთარი ხელით მოყვანილი პომიდორი, ბადრიჯანი გავსინჯე. უკვე ბუნება თავად მეუბნებოდა, რომელი კერძი უნდა მომემზადებინა: გარეთ გავიდოდი, მოსავალს გადავხედავდი და ვხვდებოდი: - მოდი, დღეს ბადრიჯნისგან რამეს მოვამზადებ, ხვალ კი - პომიდორს კვერცხით-მეთქი... ასე რომ, ნელ-ნელა მიწათმოქმედების სწავლა დავიწყეთ. თუმცა ვერ ვიტყვი, ბევრგან გავიკითხეთ-მეთქი. მინდოდა, ბოსტნეული არ შემეწამლა - ბიოპროდუქტი მიმეღო. რომ შემეწამლა, მაგალითად, უფრო დიდ პომიდორს მივიღებდით, მაგრამ ასეთს ხომ ისედაც ვყიდულობთ და რა აზრი აქვს? მირჩევნია, წვრილი და ცოტათი შეუხედავი იყოს, მაგრამ ვიცოდე, რომ ბუნებრივ სასუქზეა გაზრდილი. საბოსტნე ადგილზე ნაკელიც კი შევიტანეთ...

- თქვენი მოსავალი საკმარისია თუ ბოსტნეულის შეძენა მაინც გიწევთ?

- სათბური თუ არ გაქვს, მოსავლის მიღება ივნისის ბოლოდან იწყება, მანამდე ვერ ასწრებს. მით უმეტეს, წელს ისეთი ცივი გაზაფხული იყო, რომ ნორმალური ზომის ჩითილიც (პომიდორი, ბულგარული და მწარე წიწაკა, ბადრიჯანი, რეჰანი, კიტრი...) ვერ მოესწრო. წელს მაისის ბოლოს ჩავრგეთ. შესაბამისად, მოსავლის დამწიფებაც ცოტათი გადაიწევს... როცა მოსავალი დამწიფებას იწყებს, იმ პერიოდში ბოსტნეულს აღარ ვყიდულობ, რა თქმა უნდა. ეგ კი არა, შარშანწინ იმდენი პომიდორი მქონდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და კონსერვების გაკეთება დავიწყე. ჩემმა ქმარმა ერთ დაკრეფვაზე 20 კილო პომიდორი შემოიტანა. 20 კილოს ხომ ვერ შევჭამდი, რა მექნა? გავიკითხ-გამოვიკითხე და ხან საწებელი მოვამზადე, ხან - ტომატი...

- თქვენი სტანდარტული დღე როგორია?

- როცა გავიღვიძებ, აუცილებლად ყავას ვსვამ, რომ გამოვფხიზლდე. მეორე ჭიქა ყავის დალევის შემდეგ, უკვე ბოსტნის შემოვლას ვიწყებ - ნაყოფი რას ასხია, რას - არა? რა აყვავილდა, რას აქვს კოკორი?.. მერე ძაღლები უნდა გამოვკვებო, ბავშვი ვასაუზმო... დაახლოებით პირველის ნახევრისკენ უკვე შემიძლია, სხვა საქმეებსაც მივხედო, მანამდე არ მცალია... მერე სერიოზული სამუშაო იწყება: თუ თბილისში არ მივდივარ ან ეზო მაქვს გასაწმენდი, ან - ხეხილისთვის მიწა მოსაბარი, მერე სადილი უნდა მოვამზადო. ახლა ვენახის გაშენება გვაქვს წამოწყებული - ბევრი საქმეა: მიწა - დასასუფთავებელი, ქვა - გასატანი... ყოველი დღე ერთნაირი არაა, მაგრამ მაინც მიწის სამუშაოებს უკავშირდება... ვენახის გაშენება ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ. ამაში უკვე კონსულტაციები გვჭირდება. ვინც რა იცის, ყველას ვეკითხებით, რადგან რაკი ვაზს ეხება საქმე, ისეთი საოცარი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ახალი სიცოცხლე უნდა დავბადო. ნერგები მაისის ბოლოს უნდა მიგვეღო, მაგრამ სიცივის გამო, ივნისის შუა რიცხვებისთვის "წამოვიყვანთ". 3 სახეობის ვაზი უნდა "ჩავყაროთ": ხიხვი, ქისი და ბუდეშურის საფერავი. მართალია, მცირე საოჯახო მარანი გვექნება, მაგრამ გვინდა, ბიოწარმოებას მივყვეთ...

- მიწათმოქმედებით დაინტერესებამ თქვენს ჩაცმის სტილზე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?

- ჩემი ჩაცმის სტილი დიდად არ შეცვლილა, თუმცა ჰო, თავისუფლად რომ ვიყო, "ელასტიკში" თავს კარგად ვგრძნობ. ბათინკები აუცილებლად უნდა მეცვას, რადგან მიწასთან მუშაობისას მყარი ძირი მჭირდება, ასევე - ხელთათმანები. ზოგადად, ჩაცმის სტილის ცვლილებას ასაკს უფრო ვაბრალებ: იყო პერიოდი, როცა სულ მინიქვედაკაბები მეცვა, ახლა კი საერთოდ ვეღარ ვიყენებ - არაკომფორტულად ვარ. საერთოდ, ჩემი სამოსი არის ცოტათი ტანზე მომდგარი, მოკლასიკურო სტილის შარვალი, შორტი, "ელასტიკი", "ბლუსკა", ჯემპრი ან "საროჩკა"...

- რომელიმე ეტაპზე, თქვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვლილა?

- მგონი, ჩემი ცხოვრების სტილი საერთოდ არ შეცვლილა. ქალაქს მოვშორდი და აგარაკზე წამოვედი - ეს ცხოვრების სტილის შეცვლა არ არის, რადგან რასაც მანამდე ვაკეთებდი, ახლაც იმავეს ვაკეთებ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თბილისში მიწას ვერ მოვჩიჩქნიდი, აქ კი მიწას ვჩიჩქნი (იცინის)...

- წლების განმავლობაში, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თქვენმა პერსონაჟმა - თინამ თქვენზე პიროვნული ზეგავლენა მოახდინა?

- არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. რაღაცები, რაც თინაში არ მომწონდა, ისევ არ მომწონს, მაგრამ მას ბევრი რამ ხომ ჩემგან აქვს აღებული, არა? გარდა იმისა, რომ ტექსტს მიწერენ, როლი ხომ უნდა მოვირგო, ვითამაშო? ბევრი რამ, რაც თინას ახასიათებს, ჩემია, მაგრამ მაგალითად, ჩემი პერსონაჟი დედამისს როგორ უხეშადაც ექცევა, ამას ვერასოდეს მივიღებ - არ მომწონს, თუმცა სხვა გზა არ არის. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, რომ მიცდია, თინა ცოტათი მომელბო, არ ეჩხუბა, მაგრამ არ გამოდის - რეჟისორს რაც სჭირდება, ის უნდა გააკეთო...

- როგორ ერთობით, თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ბუხართან ჯდომა, მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, კაფეებში, რესტორნებში სიარული დიდად არ მომწონს. ოჯახურ, მშვიდ გარემოში, ვიწრო წრეში დასხდომა, ლუდის წრუპვა მირჩევნია, ვიდრე ღრიანცელში სიარული.

- მრავალფეროვანი სამეგობრო წრე გყავთ?

- უფრო კონკრეტულ სივრცეში ვტრიალებ - ჩემს სამეგობროში სამსახიობო სფეროს წარმომადგენლები ჭარბობენ, თუმცა მეგობრები სხვა სფეროებიდანაც მყავს.

284240022-429627325260851-8222944045512675804-n-copy-1654586957.jpg

- შვილების აღზრდისას იმ მეთოდს იყენებთ, როგორც მშობლებმა აღგზარდეს?

- ალბათ, რაღაცებს ვიყენებ, მაგრამ ამას არასოდეს დავკვირვებივარ. ადამიანი როგორც იზრდები, სავარაუდოდ, საკუთარ შვილსაც იმავენაირად ზრდი, თუმცა პირადად მე, მშობლები უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევდნენ. ამ მხრივ, თავად ცოტათი "გიჟი" მშობელი ვარ. ჩემი უფროსი შვილი სულ ამას მეუბნება, - ამდენს ნუ მირეკავო. როცა ტელეფონზე ვურეკავ და არ მპასუხობს, მესამე ზარზე უკვე ვიცვამ და მის საძებნელად გავრბივარ (იცინის). მე მშობლები ასე გიჟებივით არ დამდევდნენ. ჩემი ხასიათის ამ თვისებას სულ ვებრძვი, მაგრამ არაფერი გამომდის...

- ბედნიერებისთვის რა გჭირდებათ?

- სიყვარული მაბედნიერებს, რადგან მას ბევრი რამ მოსდევს: გაღიმება, ჩახუტება... ზოგად სიყვარულს ვგულისხმობ: სიყვარულია, როცა ვინმეს დანახვა გიხარია, თავს კარგად გრძნობ. მაგალითად, ჩემი ძაღლი რომ შემომეგებება ხოლმე, ამ წუთებს არაფერი მირჩევნია; დილით ჩემი შვილი თვალს რომ გაახელს და მზერას შემომანათებს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინაა... უამრავი პატარ-პატარა ბედნიერებაა...

ეთო ყორღანაშვილი