რუსკა ქარქაშაძე "სამზარეულოს ომების" კულისებზე - გზაპრესი

რუსკა ქარქაშაძე "სამზარეულოს ომების" კულისებზე

მალე ვარსკვლავური "სამზარეულოს ომები" იწყება, რომელშიც კონკურსანტები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები იქნებიან. გადაცემის ერთი ეპიზოდი უკვე ჩაწერილია და სანამ ეთერში გავა, სამზარეულოს კულისებში მომხდარ ამბებზე, კონკურსანტების ერთმანეთთან დამოკიდებულებასა და საკუთარ კულინარიულ შესაძლებლობებზე ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გვესაუბრება.

- "სამზარეულოს ომებში" როგორ მოხვდი?

- პროექტიდან შემოთავაზება მივიღე, იდეა მომეწონა, ჩავთვალე, რომ საინტერესო იყო, თან კულინარიით დაინტერესებული ვარ და რატომ არ უნდა მეცადა?! წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი.

- კონკურსანტების შემადგენლობას გადავხედე და მგონი, ამ პროექტშიც ასაკით ყველაზე პატარა ხარ.

- ასეა, საერთოდ ყველა პროექტში ასაკით ყველაზე პატარა ვარ (იცინის).

- სამზარეულოში თავს როგორ გრძნობ, კერძების მომზადება გეხერხება?

- ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც ამ პროექტში ჩავერთე, მივხვდი, პროფესიული კულინარია შრომატევადია და ყოველდღიური ოჯახური სამზადისისგან, აბსოლუტურად განსხვავებული. რა თქმა უნდა, შინ არაერთხელ არაერთი რამ მომიმზადებია, მაგრამ ამ შემთხვევაში როცა პროფესიონალების გვერდით გამოდიხარ, ყველა დეტალი ზედმიწევნით უნდა დაიცვა, რაოდენობა, ტემპერატურის რეჟიმი, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ადვილი საქმე სულაც არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, ყურადღებით ვიყო, მოვინდომო და შევისწავლო ის, რაც არ ვიცი.

- პროფესიონალ მეწყვილეზე რას გვეტყვი?

- ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი შეფი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ერთმანეთს მარტივად გავუგეთ, ურთიერთობის აწყობა არ გაგვჭირვებია, კარგი კოლაბორაცია გამოგვივიდა. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, სულ შეკითხვებს ვსვამ, მისგან სულ რაღაცას ვსწავლობ.

- მზადების პროცესში მხოლოდ მითითებებს გაძლევს თუ თავადაც გეხმარება?

- 50/50-ზეა გადანაწილებული კერძის მომზადება, ასე რომ, ორივე თავიდან ბოლომდე ვართ ჩართულები.

- საკუთარ თავში ახალი უნარები თუ აღმოაჩინე?

- კულინარიული ტერმინების შესწავლა დავიწყე. რომ მეგონა, ეს წარმოუდგენელი იყო, ვერ დავიმახსოვრებდი, ასე სულაც არ აღმოჩნდა, თურმე მარტივად ვითვისებ. იმ დეტალების შესწავლა დავიწყე, რაც შეფებმა უნდა იცოდნენ.

- შინ "მეცადინეობ"? იმ მეთოდით, რომელიც პროექტში შეფისგან ისწავლე, რაიმეს თუ ამზადებ?

- სამწუხაროდ, ამ დღეებში საამისოდ დრო ნაკლებად მაქვს. ისე კი სამზარეულოში ტრიალს მანამდეც არ ვაკლებდი, კულინარია ყოველთვის მიყვარდა. ის, რასაც პროექტში ვაკეთებ, ძალიან სპეციფიკური და შრომატევადია, სახლში გასაკეთებლად რთულია, თავისებური ტექნიკაც სჭირდება.

- ყველაზე გემრიელი რა გამოგდის? ოჯახის წევრებს, მეგობრებს რომელი კერძის გამო შეუქიხარ?

- ყველაზე კარგად გამომდის სტეიკი ღვინის სოუსით.

- როგორ ამზადებ, რაიმე განსაკუთრებული ტექნიკა გაქვს შემუშავებული?

- ერთი რეცეპტით არასდროს არაფერს ვამზადებ, ყოველთვის ინტერპრეტაციას მივმართავ. სამზარეულოში ექსპერიმენტები მიყვარს. ხორცს ყოველთვის ვაბასტურმებ, მაგრამ ამასაც სულ სხვადასხვაგვარად ვაკეთებ, ახალი გემოები შემაქვს.

- მაგალითად?

- ბასტურმა სვანური მარილითაც მომიმზადებია და ძალიან გემრიელი გამოდის. შემდეგ ხორცს ვალაგებ გრილზე, ვწვავ, სუფრაზე ბოსტნეულის გარნირთან და ღვინის სოუსთან ერთად მიმაქვს. ბარდა, სატაცური - ნებისმიერი ბოსტნეულის ვარიაცია შეგიძლია გამოიყენო, ჯანსაღი პროდუქტია. ღვინის სოუსის ჩემებური საიდუმლო რეცეპტი მაქვს, ძალიან უხდება.

- ოჯახში თუ გაქვთ გამორჩეული კერძი, რომელსაც დღესასწაულებზე ამზადებთ?

- შინ ყველანი გურმანები ვართ, დედას და ბებიას ძალიან "გემრიელი ხელი" აქვთ. არ მახსოვს დღე, სახლში სადილი არ მომზადებულიყოს. იმერლები ვართ და თითქმის ყოველთვის გვაქვს მჭადი, ყველას ძალიან გვიყვარს, ხშირად ვამზადებთ ნიგვზიან ბადრიჯანს.

- თავად გამორჩეულად რა გიყვარს?

- აჭარულ ხაჭაპურზე ვგიჟდები. გურმანი ვარ, ჩემთვის ქართული სამზარეულო გამორჩეულია. პასტაც მიყვარს, თავადაც გემრიელად ვამზადებ.

- ამბობ, რომ გურმანი ხარ. როგორ ახერხებ, ეს შენს წონაზე არ აისახოს?

- ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს, ვვარჯიშობ, ბევრს ვმოძრაობ და ალბათ ეგ მშველის. თავს სულ ვაკონტროლებ. პანდემია რომ გამოცხადდა და გარეთ არ გავდიოდით, 5 კილოგრამი მოვიმატე, ძალიან შემეტყო, ჩემი თავი სასწრაფოდ ხელში ავიყვანე და ძველ წონას დავუბრუნდი. კი მეუბნებიან, შენ რა გენაღვლება, ჭამ და არ სუქდებიო, მაგრამ ასე არ არის.

- გემრიელსა და ჯანსაღ პროდუქტს შორის არჩევნის გაკეთება გიჭირს?

- ორივე თანაბრად მიყვარს, ბოსტნეულსა და ხილს სულ მივირთმევ. არაჯანსაღი საკვებიც მიყვარს. თურმე ორგანიზმისთვის საჭიროა, კვირაში ერთხელ მაინც არაჯანსაღი პროდუქტი მიიღო. როცა მუდმივად ჯანსაღ პროდუქტს იღებ, იმას ორგანიზმი ეჩვევა და დიდად სარგებელს ვეღარ იღებს. ეს ერთი დღე გეხმარება იმაში, რომ ორგანიზმს შეახსენო, რა არის ცუდი და რა კარგი. ამას ყველა ტრენერი ამბობს.

- რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულისებში? იქ ყოფნა დიდი აზარტია?

- ძალიან დიდი აზარტია. კონკურსანტების უმრავლესობა ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით და ვმეგობრობდით. 2 მონაწილეს არ ვიცნობდი, მაგრამ მათთანაც დავმეგობრდი. ჯანსაღი კონკურენციაა, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, მხარს ვუჭერთ, კერძებს ვუსინჯავთ, რჩევებს ვაძლევთ. მართალია, ჩვენ კონკურსში ვართ ჩართულები, მაგრამ ადამიანური ურთიერთობის დაკარგვის ფასად, არანაირი გამარჯვება არ ღირს. კულისებში, როცა ყველანი ჩვენ რიგს ველოდებით, ერთმანეთს ვამხნევებთ, ვერთობით, ვცეკვავთ და დროს სასიამოვნოდ ვატარებთ. სოციალურ ქსელში "ვითომ ერთმანეთი გვიყვარს" ხუმრობის ეს ხაზი აქტუალურია. ჩემს ფოტოს სალომე შარვაძემ რაღაც თბილი კომენტარი დაუწერა, ვახო ბიჭიკაშვილმა კი იხუმრა, ვითომ ძაან გიყვარსო (იცინის). ყველა ადამიანისთვის, ვინც კონკურსშია ჩართული, მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. თუ დავიმსახურებთ, მოვიგებთ, არ დავიმსახურებთ - ვერ მოვიგებთ, სულ ესაა.

- კონკურსანტებს შორის ფავორიტი გყავს?

- არა. რადგან ყველას მეწყვილედ პროფესიონალი შეფი გვყავს, ყველას მომზადებული კერძი არის ძალიან გემრიელი და კარგი. აქედან გამომდინარე, ჯერ ფავორიტის დასახელება არ შემიძლია. განა იმიტომ, რომ ვმალავ, ჩვენ შორის რჩეული არ მყავს. ჟიურის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, ისეთი გემრიელი კერძები, როგორსაც ახლა ვაგემოვნებთ, დიდი ხანია საკონკურსო პირობებში არ გაგვისინჯავსო.

284848638-2136129069896456-6695796079240415038-n-copy-1654587365.jpg

- თქვენს კერძებს 3 შეფი აფასებს, მათზე რას გვეტყვი?

- ძალიან კარგი ადამიანები არიან, რაც მთავარია - ობიექტურები. მათთან მუშაობა სასიამოვნოა, ხშირად გვაძლევენ რჩევებს, რითაც ძალიან გვეხმარებიან - როგორ მოვხარშოთ, რა როგორ გავაკეთოთ, ტემპერატურის კონტროლი როგორ უნდა და ა.შ.

- მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესით, რომელი შეფის შეფასებას ელოდები?

- ყველაზე საყვარელი და ლმობიერი არის მიშა ავსაჯანიშვილი, ირაკლი ასათიანი და დათო ნარიმანიშვილი ცოტათი მკაცრები არიან. დათო უფრო კრიტიკულია, ამიტომ მის შეფასებას განსაკუთრებით ველოდები. ვფიქრობ ხოლმე, - აბა, დათო რას იტყვის? თუ დავიმსახურებთ, საქებარი სიტყვების თქმაც არ ენანებათ, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია.

- გამარჯვებულისთვის პრიზი რა არის?

- არ ვიცი, ეს ალბათ ეთერში გასვლისას გახდება ცნობილი.

- წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე