თემურ ჩხეიძე - მთელმა საქართველომ უდიდესი რეჟისორი და პიროვნება დაკარგა... - გზაპრესი

თემურ ჩხეიძე - მთელმა საქართველომ უდიდესი რეჟისორი და პიროვნება დაკარგა...

78 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე. ექიმები მას რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ და ურთულესი ოპერაციაც ჩაუტარდა. კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელის, ანზორ მელიას თქმით, "მან გაიკეთა ძალიან რთული და მძიმე ოპერაცია. სამი დღე იყო ასეთ მდგომარეობაში, აორტის განშრევება ჰქონდა. მდგომარეობა იმდენად რთული გახლდათ, რომ ჩვენს კლინიკაში მხოლოდ ავსტრიელი ქირურგი დასთანხმდა მის ოპერაციას და თავისი საქმე ბრწყინვალედაც გააკეთა, მაგრამ სამი დღე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ორგანოდან სისხლდენა. სჭირდებოდა სასწრაფოდ სხვა სახის ოპერაციაც და სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, 5 დღე იცოცხლა... ძალიან გაწვალდა. გულის მხრივ ისე კარგად იყო, კონტაქტში შემოდიოდა. მაგრამ ცირკულაცია, სისხლის მიწოდება იყო დარღვეული ნაწლავებში, მთავარი აორტა კი განშრევებული გახლდათ. ბრძოლისუნარიანობაც უკვე დაქვეითებული ჰქონდა. შეუძლებელი გავაკეთეთ ჩვენც და იმათმაც. თითქოს ყველაფერი სტაბილურად იყო, მართვითი სუნთქვიდან უნდა მოგვეხსნაო, მაგრამ სისხლდენა დაეწყო..."

დიდი მაესტროს გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ცნობილმა ქართველმა ხელოვანებმა პალიტრა მედიას გაუზიარეს:

ნანული სარაჯიშვილი:

- ძალიან სამწუხაროა, აღარც ვიცი, რა ვთქვა... ასეთი გამორჩეული რეჟისორი და პიროვნება, იშვიათად თუ დაიბადება. ვიცოდით, ავად რომ იყო, მაგრამ არაფრით გვინდოდა დაგვეჯერებინა, ასე მალე თუ დაგვტოვებდა... რისი დაჯერებაც არ გინდა, წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვტოვა, დამუნჯებული ვარ, მეტის არაფრის თქმა აღარ შემიძლია...

ჯემალ ღაღანიძე:

- თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ მიმალავდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ეთქვათ და თავზარდაცემული ვარ... ჩვენ ოჯახებით ძალიან ახლოს ვიყავით, რადგან ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. შეიძლება ითქვას, რომ თემურ ჩხეიძე ჩემს ხელში გაიზარდა... თან გაიზარდა ძალიან დიდი, მსოფლიო დონის რეჟისორი და ისეთი ადამიანი, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად უდიდესი მიღწევები ჰქონდა.

თემურ ჩხეიძემ მოღვაწეობა ჩვენთან, რუსთაველის თეატრში დაიწყო და მე ბედნიერი კაცი ვარ, მის მიერ დადგმულ პირველ სპექტაკლში - "გუშინდელნი" რომ ვითამაშე... არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე სპექტაკლი იყო. შემდეგ ორმა უდიდესმა რეჟისორმა, თემურ ჩხეიძემ და რობიკო სტურუამ ერთად დადგეს "სამანიშვილის დედინაცვალი", მართლაც სასწაული სპექტაკლი!

ჩემ თვალწინ გაზრდილ ბიჭთან მუშაობა რაღაც საოცრება იყო. აღარც ვიცი, მისი მსგავსი, აღზრდილი ადამიანი. უდიდესი სიყვარულით იყო განწყობილი ყველას მიმართ და გამორჩეულად ტაქტიანი. მისგან განაწყენებული ადამიანი არავის უნახავს. არადა, ისეთი პროფესიის კაცს შეიძლებოდა ძალიან ბევრი განაწყენებული ჰყოლოდა, მაგრამ ის ადამიანებიც კი არ იყვნენ გაბრაზებული, რომლებმაც თემურ ჩხეიძესთან მუშაობა ვერ შეძლეს. არ შეიძლებოდა ამ ადამიანზე რამე ცუდი დაგცდენოდა...

მთელმა საქართველომ უდიდესი რეჟისორი და პიროვნება დაკარგა. ყველას მომფერებელი და გულშემატკივარი... ვფიქრობ, ვინღა დაგვრჩა მისი თანასწორი?.. კარგი ახალგაზრდები გვყავს, მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ქართული თეატრი სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და ამიტომ არ მინდა ახლა ქართველმა თეატრალებმა იმედი გადაიწურონ... ამხელა ტრადიციების მქონე ქართული თეატრი სულ მოწინავე იყო და მომავალშიც ასე იქნება!

გოჩა კაპანაძე:

- სამწუხაროდ, გარდაიცვალა უდიდესი მაესტრო, უდიდესი შემოქმედი... ბატონი თემური განსაკუთრებულად კეთილშობილი და თავმდაბალი ადამიანი იყო, კოლეგების მიმართ გამორჩეულად ყურადღებიანი... უზომოდ დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. მე მახსოვს, მასთან თანამშრომლობა რამდენად დიდი პატივი იყო ყველასთვის, მაგრამ თავად არასოდეს გაგრძნობინებდა, რომ ძალიან დიდი რეჟისორი იყო, მისგან წარმოუდგენელი იყო ზემოდან ყურება და ამიტომ თავს უბედნიერესად ვგრძნობდით. მიმართვა - მაესტროც კი არ უყვარდა, რადგან ზედმეტ პატივად მიაჩნდა...

აუცილებლად გაგიზიარებდა თავის შეხედულებას ამა თუ იმ სპექტაკლზე, ფილმზე, მუსიკაზე, თავისი შემოქმედების მიმართ თვითირონიული იყო. დიდოსტატი, რომელიც ფსიქოლოგიურად ლაბირინთებში ისე გატარებდა და გამოგიყვანდა, რომ ბოლოს იცოდი ძალიან კეთილშობილი ხდებოდი. არც ერთი მისი სპექტაკლი პესიმიზმს არ ტოვებდა... საკმარისია, გავიხსენოთ მისი უბრწყინვალესი სპექტაკლები საქართველოსა და მსოფლიოში და მივხვდებით, რომ მხოლოდ საქართველომ კი არა, მსოფლიომ უდიდესი ხელოვანი დაკარგა!

ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის მინისტრი:

"დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ.

ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა. განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.

ჩემი ვალია, მადლობა გითხრათ, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას".

გოგი ჭიჭინაძე, დირიჟორი:

"ბატონი თემური აღარ არის. როგორ არ არის, მაგრამ ჩვენ აღარ გვყავს. ვერც კი ვემშვიდობები - არ ვარ საქართველოში. სულ მთლად დავობლდი(თ). სულში სიცარიელეს ვგრძნობ იმიტომ, რომ ის ისეთი იყო... სულს გივსებდა იმით, რითიც უნდა იყოს სული სავსე. რაც თავი მახსოვს, სულ თემურ ჩხეიძით ვამაყობდი - პეტერბურგშიც, აქაც, ყველგან. ახლაც მგონია, რომ ყველაფერი იცოდა, ყველაფერზე პასუხი ჰქონდა. ჰო, ნამდვილად სულს გივსებდა მშვენიერებით, სიმართლით, ემოციების ოკეანით... და მე ვიცი, რომ მის გარეშე ვეღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი! ვერც ვერავინ იქნება, ვინც თემურ ჩხეიძეს და მის შემოქმედებას იცნობდა..."

20170118023653414184233-1654767376.jpg

მანანა ბერიკაშვილი:

"ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბატონო თემურ! როგორ ჩამწყვიტეთ გული, როგორი დაიმედებულები ვიყავით! მაპატიეთ, თუ იმდენი ვერ მოგეფერეთ, რაც გულში მქონდა".

თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული სარეჟისორო საქმიანობით, არაერთ ცნობილ თეატრში საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა. იგი 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში საქმიანობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან კი მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი.

გთავაზობთ ამონარიდებს თემურ ჩხეიძის ბოლო ინტერვიუებიდან, რომელიც პალიტრა მედიის არქივში ინახება:

"პეტერბურგში ერთი სპექტაკლის დასადგმელად წავედი, ისიც იმიტომ, რომ კირილ ლავროვმა დამირეკა და ტოვსტონოგოვის სახელით მთხოვა შილერის "ვერაგობა და სიყვარულის" დადგმა. მაშინ ავადმყოფობამ შემიშალა ხელი და ვერ წავედი. სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი, რომელიც 28 წელი მართავდა თეატრს. ცოტა ხანში კირილმა ისევ დამირეკა და მეც წავედი. მაშინ თეატრს კირილ ლავროვი ხელმძღვანელობდა, ნამდვილი რუსი არისტოკრატი, რომელიც უკვე აღარაა, გადაშენდა ეს ჯიში... ან გადააშენეს. პირველად რომ ვიმუშავე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვიყავი. ნახევარი წელი იქ ვიყავი, ნახევარი - საქართველოში. კირილ ლავროვის გარდაცვალების შემდეგ კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე და 6 წელი გავატარე პეტერბურგში. 2013 წელს საქართველოში დავბრუნდი, იქ, სადაც მინდა ვიყო...

უხეშად რომ ვთქვათ, ხომ არიან ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდევრები, მეორე მხარეს - ის, ვინც მოკლა ილია და მოიშორა მისი მიმდევრები. ასეა აქაც. ხომ არის რუსეთში მცხოვრები ხალხი, რომელიც ხელს აწერს ომის საწინააღმდეგო პეტიციებს, თუმცა იცის, რომ ამის გამო კარგი დღე არ ელის. ვგულისხმობ იმ პოპულარულ ხალხს, ვისაც ვიცნობთ, და რამდენი იქნება ისეთი, ვისაც არ ვიცნობთ. მათ ეშინიათ და აკეთებენ. როცა გეშინია და აკეთებ, ეგ არის ვაჟკაცობა. უშიშარი ადამიანი პატივსაცემია, მაგრამ გაცილებით მეტად პატივსაცემია მშიშარა, რომელიც მაინც აკეთებს, იმიტომ, რომ ზნეობა არ აძლევს სხვანაირად მოქცევის უფლებას..."

"ომთან დაკავშირებით ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. როგორ შეიძლება ამ უბედურებაზე რაიმე გასამართლებელი ვთქვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ არის რაღაც კოდექსი, ასე ვთქვათ, ადამიანებთან ურთიერთობის? ხომ არის რაღაც, რაც არ შეიძლება! შეიძლება ეს არსად წერია, მაგრამ არ შეიძლება, არა! იძახეთ, ამ 21 საუკუნეშიც ეს რა ხდებაო! ადამიანი არ იცვლება, ეტყობა, ყოველთვის ისეთია, როგორიც მუდამ იყო. მხოლოდ ტექნიკა შემოდის სხვა, ეგ არის და ეგ. კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ არა ზნეობრივად. შეიძლება ინდივიდუალურად, კანტიკუნტად. სიკვდილით დასჯა აღარ არის, მაგრამ აგერ ომია იმისთანა... რას ჰგავს ქვეყანა, განახევრდა მოსახლეობა... ომი საშინელებაა, ამაზე არც ღირს მსჯელობა, მაგრამ რამ გამოიწვია, ვერაფრით ჩავწვდი. რაღაც აქეთა მხარესაც დარღვეული აქვს, უკრაინას თუ ამერიკას, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ ხომ მოაწერეს ხელი, რომ არ წამოვიდოდა ნატო აქეთ, მაგრამ წამოვიდა. თუმცა ეს არ ამართლებს ამხელა კაცის კვლას. იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო. რუსეთს კი არ ვიცავ, ჩემი პროფესიაა ყველაფრის გაანალიზება.

ეს არის ჩემი მთელი რეჟისურა, გამოვიკვლიო, რა მოხდა და რატომ, როგორ? ყაზბეგის ხევისბერი გავიხსენოთ, კაცმა შვილი მოკლა. არ უნდა გავიგოთ, რატომ? რამ მიიყვანა იქამდე? თუ არაფერმა, მაშინ პათოლოგიაა. აგერ ნახევარი ევროპა ცეცხლშია გახვეული და ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ?

ყველაზე მეტად რაც საშიში იყო, ის მოხდა! მეორე მხრივ, ვერ დავივიწყებ იმ ადამიანურ ერთგულებას, რაც იმ ხალხმა ჩემ მიმართ გამოიჩინა წლების განმავლობაში და ამხელა რამე რომ შემემჩნია, როგორ ფიქრობთ, იქ გამჩერებელი ვიყავი?.."

"ყველგან, სადაც მუშაობა მომიხდა, პირველივე დღიდან გულითადად მიმიღეს. ამ მხრივ ყოველთვის განებივრებული ვიყავი, რისთვისაც განგების მადლობელი ვარ. მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა ხოლმე, სპექტაკლების დადგმა იმდენად აღარ მაინტერესებს, არამედ სტუდენტებსა და მსახიობებთან ერთად გამართული სარეპეტიციო, "ძებნის" პროცესი მიზიდავსო. მაშინ კარგად ვერ გავუგე. ვიფიქრე, ხომ არ აჭარბებს-მეთქი. არადა, სწორია. ზუსტად იმავეს განვიცდი მეც. საერთოდ, მთლიანად ვეყრდნობი თუმანიშვილის გზას. მისი მეთოდოლოგია მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, რაც ყველაფერს მიადვილებს. როცა ზუგდიდიდან ჩამოსულმა მუშაობა მოზარდში დავიწყე, მითხრა, - ჩემთან ასისტენტად ხომ არ მოხვალო? მომდევნო ორი წელი მასთან გავატარე. საოცარი სულისკვეთებით მუშაობდნენ მსახიობებიც. ერთხელ, გიგა ლორთქიფანიძემ დამირეკა, აკაკი ძალიან ცუდად არისო (აკაკი ვასაძე. - ავტ.). საავადმყოფოში მისულებმა დავინახეთ, როგორ გამოიყვანეს აკაკი შენობიდან. სახლში გზავნიდნენ. მისვლა მეუხერხულა, მაგრამ გიგამ - იქნებ ვეღარც ვნახოთო და მივუახლოვდით. გიგას გადაწყვეტილი ჰქონდა საღამოს დანიშნული სპექტაკლი მოეხსნა, მაგრამ ექიმებმა დაარწმუნეს, რომ თუ თავად პაციენტს სურვილი გააჩნდა, თამაშს შეძლებდა. ამის გაგონებაზე აკაკიმ მანქანა მოითხოვა და სასეირნოდ წავიდა, საღამოს კი სპექტაკლში ითამაშა... როცა ბოლო პერიოდში ვერიკო ანჯაფარიძე მთელი დღე იწვა, საღამოს 7 საათზე ადგებოდა თურმე და "ჯოკერი" არ ვითამაშოთო?! - მიმართავდა ოჯახის წევრებს. ეს დღის ის მონაკვეთი იყო, როცა მთელი ცხოვრება სპექტაკლს თამაშობდა... მხოლოდ ამ დროს გრძნობდა ენერგიისა და ძალების მოზღვავებას... მახსოვს, ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის იუბილეს აღსანიშნავად მივდიოდით. სპექტაკლში, რომელიც უნდა წარგვედგინა, ვერიკო ანჯაფარიძეც თამაშობდა. დავურეკე, ზეგ მივდივართ-მეთქი. კატეგორიული უარი განმიცხადა, სააბაზანომდეც კი ვერ მივდივარო. რა გაეწყობოდა, ბოდიში მოვუხადე და დუბლიორის წაყვანა გადავწყვიტე. ცოტა ხანში დამირეკა და ყოველგვარი შესავლის გარეშე მისაყვედურა, - არავინ მეუბნება, რომელი ვაგონია ან რომელ საათზე გამოვიდე... ხომ შეიძლება, ეს დროზე მითხრათო?! (იცინის). წავედით. მატარებლის დაძვრიდან 15 წუთში შეუძლოდ გახდა. პირველი "სასწრაფო" მცხეთაში ამოვიდა, შემდეგ გორში და ასე ნელ-ნელა მიღოღავდა მატარებელი, რომელიც გრაფიკიდან ამოაგდეს, რადგან ვერიკო იყო შეუძლოდ... საღამოს შვიდის ნახევარზე ჩიტივით გახდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მეუბნება, - ბედი არ მაქვს, რა კარგი იქნებოდა უშანგის მხარეში, ზესტაფონში პირდაპირ სცენაზე მოვმკვდარიყავიო..."

"ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ გარკვეული პროფესიები ერთმანეთთან დასაკავშირებელია. ერთმანეთის პროფესიას უნდა იცნობდნენ: მხატვრები, რეჟისორები, დრამატურგები... ამ ადამიანებმა ცალ-ცალკე, "ჩუმად" კი არ უნდა იმუშაონ, არამედ - ყველამ იცოდეს ერთმანეთის პროფესიის ღირებულებაც და რაც მთავარია - პრინციპიც. იქნებ, ამან მთელი რიგი მოვლენები გააადვილოს. უმაღლესი განათლება სწორედ სხვადასხვა პროფესიის დასაკავშირებლად არის საჭირო, რომ ყველაფრის "ნულიდან" დაწყება არ დაგვჭირდეს..."

"ჩემი პირველი პედაგოგი ბატონი დოდო ალექსიძე გახლდათ. ნამდვილი "ფეიერვერკი" იყო, ნიჭს აფრქვევდა. ცინცხალი გონების პატრონს იმპროვიზაციის დიდი უნარი ჰქონდა. სულ გვშურდა მისი. ვერ ვხვდებოდით, ასე წამიერად რაღაცის მოფიქრება როგორ შეეძლო? შემდეგ უკვე ბატონი მიშა თუმანიშვილი გვასწავლიდა. მას შედეგამდე მკაცრად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავდით. ჩემს "ხელობაში" თუ რამე ვიცი, ამ 2 ადამიანის მადლობელი ვარ. ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ - საქმეშიც, ცხოვრებაშიც..."

"დღეს იქ ვარ, სადაც მინდა ვიყო. ძალიან კარგი სტუდენტები მყავს. საფუძვლიანად ჩაყურყუმელავებული არიან თავიანთ საქმეში. ჩემი ვალია ჩავუნერგო მათ ამ პროფესიის სიყვარული და არა ჩემი, იმიტომ, რომ ცოტა ხანში უჩემოდ დარჩებიან და არ უნდა დაიბნენ, არ შეეშინდეთ. როცა შენი გაზრდილია, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. ამიტომ ვნერვიულობ ხოლმე. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ უძლიერესი თაობა მოდის ქართულ თეატრალურ სივრცეში... ეჰ, რამდენი რამ მინდოდა და ვერ გავაკეთე, არადა, დრო უსაშველოდ ჩქარა მიდის..."

P.S. "გზის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს რეჟისორის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს.