იასამნის ტევრი - როგორ დავამარცხეთ მე და პატარა ბიჭმა სიკვდილის აჩრდილი ანუ - გზაპრესი

იასამნის ტევრი - როგორ დავამარცხეთ მე და პატარა ბიჭმა სიკვდილის აჩრდილი ანუ

ყველა ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია. მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი ხვიჩა ქვეყნის ერთ პატარა ქალაქში უბნის ინსპექტორად (მართლწესრიგის ოფიცრად) დაინიშნა. უცხო ალაგი არცთუ უინტერესო აღმოჩნდა. ძველი ჩინელების განთქმული წყევლა აუხდა, საინტერესო დროში ასევე მეტისმეტად საინტერესო ადგილას აღმოჩნდა. მოდი, მის ნაამბობს გავეცნოთ.

- "ქალაქი" ხმამაღალი ნათქვამი რომ არ გამომივიდეს, იგი მიახლოებით ხუთკილომეტრიან ცენტრალურ ქუჩას წარმოადგენს, დანარჩენი კი აღმა-დაღმა ვიწრო ქუჩები და ჩიხებია. აღმა გორებზე ქალაქელები ღორებსა და ძროხებს მწყემსავენ, ხოლო დაღმა მინდვრებში სასოფლო-სამეურნეო ჭირნახულს იმკიან. პატარა ქალაქს უწყლობა აწუხებს ძალზე მტკივნეულად. წყალი ონკანებში გრაფიკით დილა-საღამოს საათებში უნდა მოდიოდეს, მაგრამ მოდის, რო?!. სხვაგან თუ ცხრათვალა მზე მაცოცხლებელ ენერგიასთან ასოცირდება, ამ ქალაქში მზის რამდენიმედღიანი ჯიუტი ნათება გარანტირებულ უწყლობასთანაა გაიგივებული. სამაგიეროდ, ჟუჟუნა წვიმა აქ იმას ნიშნავს, რომ ქალაქელები საგანგებოდ "შავი დღისთვის" მომარაგებულ ავზებს პირთამდე გაავსებენ და მზის ჯინაზე კარგადაც იჭყუმპალავებენ. ამიტომაც წვიმიან ამინდში ქალაქის ქუჩებში რომანტიკულად მოსიარულე სანთლით რომ ეძებოთ, ვერ ნახავთ, ყველას სახლში მოჩხრიალე ონკანებისკენ მიეჩქარება.

რევოლუციაგამოვლილი ქვეყნის ბევრი ქალაქის მსგავსად, აქაც ცენტრალური ქუჩის სახლები შეღებილია, მაგრამ ეს ქალაქში გამეფებულ საერთო პესიმისტურ განწყობას ვერ შველის. მოძრაობა თითქმის არ არის. მხოლოდ ქალაქის პოლიციასა და საავადმყოფოშია დიდი ჟრიამული.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქალაქში ადამიანების მხოლოდ ორი კატეგორია ცხოვრობს: "ექიმი-პოლიციელები" და მათი პოტენციური "ავადმყოფი-დასაჭერი მოქალაქეები". რაღა გასაკვირია და, ამ ორ სისხლსავსე დაწესებულებას შორის კარგი თანამშრომლური სულისკვეთებაც სუფევს, ხოლო ამის კიდევ ერთ დასტურად ქალაქის პოლიციიდან მე გამიშვეს საავადმყოფოში ორი დაჭრილის საყარაულოდ. თანამშრომლობა რისია და, ეს დაჭრილები იმავდროულად, ჩვენი უწყების პოტენციური დასაჭერებიც იყვნენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელების შემდგომ.

დაჭრილ-დასაჭერების ყარაულობამ სამ-დღე ღამეს მომიწია. ჭეშმარიტად დაუვიწყარია ეს დღეები ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იქ ყოველდღე იხოცებოდნენ, სიცოცხლის რიტმი ამ ქალაქში ყველაზე მეტად მაინც ამ საავადმყოფოში იგრძნობოდა. ექიმ-ექთანებს ისეთი ჟრიამული აქვთ ატეხილი, მათ ბანალური სიკვდილი კი არა, სამყაროს წარღვნა ვერ წაუხდენს ნირს. თეთრხალათიანი ესკულაპები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ღვთის საკეთებელ საქმეში კი არ ერევიან. ყოველდღიურად მათ თვალწინ იმდენი ადამიანური ტრაგედია თამაშდება, რომ მათ ბუნებრივი რეაგირების უნარი დაკარგეს. სხვაგვარად იქ ყოველდღიური მუშაობა წარმოუდგენელიცაა. აი, პაციენტ-ავადმყოფებზე რა მოგახსენოთ. ერთიანად მოშვებულ-მოტეხილები, ჩამქრალები, ტაატით მავალნი, თანაგრძნობის მაძიებელნი, თუმცა - ამაოდ; იმხელა უფსკრულია მათ შორის, რომ ძნელია, აქ ისეთ ღრმაადამიანურ კატეგორიაზე საუბარი, როგორიცაა თანაგრძნობა... ჭეშმარიტად ამოუცნობია ადამიანის ბუნება.

- ადგილზე რისი მომსწრე გახდით?

- ჩემი მორიგეობის პირველსავე ღამეს შუახნის ქალი გარდაიცვალა. თრომბმა დაარტყა თავში და იმწამსვე იმსხვერპლა. არადა, მძიმე ოპერაცია უკვე გადატანილი ჰქონდა. ახლობლების რეაქცია უაღრესად ტრაგიკული იყო. დერეფანში გიჟებივით დარბოდნენ და კედლებს ეხეთქებოდნენ. თან ქალის დაღუპვით გამოწვეული ტრაგიზმის დიდი ნაწილი ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ ჰქონდათ. მოზრდილმა გოგონამ პატარა ბავშვივით ფეხზე გაიხადა და იატაკზე უგონოდ გაიშხლართა. იგი გარდაცვლილის შვილი აღმოჩნდა. ექიმ-ექთანები თავიანთ საქმეს ხელის აუკანკალებლად აგრძელებდნენ. სიცილ-კუნტრუშს კი სულ მცირე ხნით შეეშვნენ. ამასობაში დაღუპულის ახლობლებიც ცოტა მიყუჩდნენ და გარდაცვლილი საავადმყოფოდან "სასწრაფოს" მანქანით გაასვენეს.

მეორე დღეს საავადმყოფოს მორგში ასაკოვანი მამაკაცის გვამი მოასვენეს. დიაგნოზი მარტივია - გული გაუჩერდა. საავადმყოფოს უკანა ტერიტორია სულ მწვანეშია ჩაფლული. გარშემო ისეთი პირველყოფილი ბუნება და სილამაზეა, რომ სიკვდილი აქ რა მოსატანია. საავადმყოფოში ჩემთვის გამოყოფილი ოთახის ფანჯრები ზედ მორგს გადაჰყურებს. ხანდახან იქით ვიხედები, იქაურ "ბინადრებს" კი აღარც ცოცხალი აინტერესებთ, აღარც მკვდარი.

მორიგეობის მესამე დღეს განწირული პატარა ბიჭი შემოიყვანეს. გზაზე გადადიოდა და მოსახვევიდან მოულოდნელად გამოვარდნილი მანქანა დაეჯახა. ჯერ ჰაერში გაფრინდა და მერე ასფალტს დაენარცხა. პალატის საწოლზე წვეთოვანს ისე უღონოდ იყო მიერთებული, რომ პროგნოზს ექიმი კი არა, თვით ცოცხალი ვანგაც ვერ გამოთქვამდა. ექიმები ახლობლებს გადაჭრით ვერაფერს ეუბნებოდნენ. საამისოდ გარკვეული დრო იყო საჭირო.

- ადგილზე რეალობა შეიცვალა?

- სურათი მოულოდნელად დამძიმდა. ასაკოვანი, გინდაც შუახნის პაციენტების შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იყო - ადამიანმა ამ ცხოვრებისგან დაისვენაო, ეს ყოფილა მისი ბედიო, ექიმებმა რაც შეეძლოთ, გააკეთესო... მაგრამ ამ ბოლო შემთხვევაში არაფრისმთქმელი სიტყვების რახარუხი აშკარად უადგილო იყო.

ორი დღე-ღამე ამ საგიჟეთს გავუძელი, რადგან სამართალდამცველი ვარ და აკი გითხარით, პატარა ქალაქში ექიმები და პოლიციელები კარგად თანამშრომლობენ-მეთქი. მაგრამ საავადმყოფოს პალატის სარეცელზე უღონოდ მწოლიარე ბავშვმა ერთიანად შემძრა. სარეცელზე ებრძოდა იმას, რაც ამ პატარა ქალაქში მცხოვრები დიდი ადამიანებისთვის არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენდა. დიდები ერთადერთ რამეზე ოცნებობდნენ, რომ "ჯიგრულ სიმთვრალეში" გაპარულიყვნენ ამ ქვეყნიდან.

"ღვინით მთვრალი უნდა ჩავბარდე მიქელ-გაბრიელს", - ეს იყო ამ ქალაქელების საყვარელი სიმღერა. მაგრამ ამ შეხმატკბილებულ სურათში უღონო ბავშვი რაღაც ავადმყოფურად ვერ ჯდებოდა. მრავლისმნახველი ექიმებიც კი შეფიქრიანდნენ, მათშიც აღარ იგრძნობოდა ის სისხარტე და სილაღე, რაც სხვა დროს შეინიშნებოდა ხოლმე. ამ შემთხვევამ საავადმყოფოში სიკვდილის ყოვლად გაუფასურებული მითი წამში გააცამტვერა.

brdzola-1654767597.jpg

- მერე რა მოხდა?

- მორიგეობის ბოლო დღე მქონდა და საავადმყოფოს დერეფანში ბოლთას ვცემდი. უკვე ყველგან სიკვდილის აჩრდილს ვხედავდი. სპეციფიკური სუნიც კი დავაფიქსირე, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. მორიგეობის წინა დღეებში ამ ერთი შეხედვით საავადმყოფოსთვის ჩვეულ სუნს არ შევუწუხებივარ, მაგრამ პატარა ბიჭის მოყვანის შემდეგ ყოვლად აუტანელი გახდა.

მეორე სართულიდან ქვემოთ ეზოსკენ თავქუდმოგლეჯილი დავეშვი. მძაფრი სუნი კი არაფრით არ მშორდებოდა, ფეხდაფეხ მომყვებოდა. ცოტაც და გულისრევას ვერ ავცდებოდი... და სრულიად მოულოდნელად, საოცრად არომატული სურნელება მეცა. დაზაფრულმა მიმოვიხედე და თავი ულამაზესი იასამნის ტევრში მქონდა ამოყოფილი. სურნელი იგი იყო ძლიერ საამო, არომატული, სიცოცხლით სავსე.

იასამნის გასაოცარმა სილამაზემ და სურნელებამ გონზე მომიყვანა. პატარა ქალაქის საავადმყოფოს დიდ ტერიტორიაზე იასამნის ტევრი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ირგვლივ გამეფებულ სიკვდილსა და უიმედობას სიცოცხლე და სილამაზე ამარცხებდა.

რამდენიმე წუთი ამ მიწიერ სამოთხეში დამშვიდებული ბოლთას ვცემდი. სამი დღე-ღამის მორიგეობით გადაღლილი, ახალი სასიცოცხლო ენერგიით ავივსე და უკან საავადმყოფოს მეორე სართულზე, დამტვრეული ბავშვის პალატისკენ გავეშურე. ამასობაში მან ერთიანად ჩაშავებულ-ჩაბნელებული თვალები ფართოდ გაახილა და ენერგიულად გამოიხედა... ამის შემდეგ კიდურების ამოძრავებაც დაიწყო და დასტაქრების რეაქციიდან მივხვდი, რომ იქ გამეფებული უიმედობა საბოლოოდ განიდევნა.

იმ დღეს მე და პატარა ბიჭმა სიკვდილის აჩრდილი ერთად დავამარცხეთ!

ორ წელიწადში პატარა ქალაქიდან დიდ ქალაქში წამოვედი. იქაური ცოცხალი შთაბეჭდილებები დღემდე არ მტოვებს. ყველაზე ხშირად კი "პატარა სამოთხე დიდ ჯოჯოხეთში" - საავადმყოფოს ეზოში იასამნის ტევრი მახსენდება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც დიდი უსულო ქალაქიდან შორს, ძალიან შორს გაქცევა მინდა.

- "ძალიან შორს გაქცევა" კიდევ მესმის და, გერმანიაში წასვლა რატომ გინდა?

- როგორც ბერტოლტ ბრეხტი ამბობს, "ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ძლიერები არიან, და რომ მათ ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ". ეს მეც შემიძლია, ამიტომაც გადავდგი ნაბიჯი.

- შენც კერპივით ფიქრობ, რომ სიტყვებსაც საკუთარი სული აქვს?

- დიახ, ასეა, და სიტყვებთან ერთად მოქმედებითაც ეს დაუოკებელი სული კიდევ უფრო ძლიერდება, სასწაულებს ახდენს. აბა, გეკითხები, სასწაული არ იყო იასამნის ტევრიდან პალატაში ჩემი გიჟური შევარდნა და გადამტვრეული ბავშვის გამოღვიძება, სიცოცხლისკენ შემობრუნება?..

"ვინც იბრძვის, შეიძლება დამარცხდეს, ხოლო ვინც არ იბრძვის, უკვე დამარცხებულია"; "სიკვდილის კი არა, ცარიელი ცხოვრების უნდა გეშინოდეს"; "კრიზისი მაშინ ხდება, როდესაც ძველი ახლახან გარდაიცვალა და ახალი ჯერ არ დაბადებულა"; "უბედური ხალხი, ვისაც გმირები სჭირდება"; "აუტანელია ცხოვრება ქვეყანაში, რომელშიც არ არის იუმორის გრძნობა, უფრო აუტანელია ქვეყანა, სადაც იუმორის გრძნობა აუცილებელია გადასარჩენად", - აი ამ სიტყვებშიც ცამდე მართალია ბერტოლტ ბრეხტი.

გიორგი მეფარიძე