რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე? - გზაპრესი

რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე?

WEG-მა ("გლობალური გამოცდილება საქართველოსთვის") ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას მოკლევადიან პერსპექტივაში. კვლევა მოიცავს შემდეგ საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთის მიმართ და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე.

რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულება ხშირად არის დანახული, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც, რაც შეიძლება მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად იქნას გამოყენებული. კვლევის ძირითადი დასკვნის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არა აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარასა და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის.

ამ თემაზე ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ გიორგი მუხიგულიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო გიორგი, პირველი პუნქტით დავიწყოთ - რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით.

- საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული რუსული კაპიტალისა და აქტივების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, მოქალაქეები დაიცვას რუსული კომპანიების სანქციების შესაძლო ზეგავლენისგან. იმპორტდამოკიდებულებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია დივერსიფიკაციის დონე, რომელიც ენერგომატარებლების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ელექტროენერგია რომ ავიღოთ, 2017 წელს რუსეთზე ყველაზე მაღალი იმპორტდამოკიდებულება გვქონდა - 4%-ს აღწევდა. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგეტიკაში მიწოდების წყაროები დივერსიფიცირებულია (ყველა მეზობელთან გვაქვს ურთიერთდამაკავშირებელი ქსელები), ამ მხრივ დიდი საფრთხე არ არის. ბუნებრივ გაზს რაც შეეხება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთიდან იმპორტირებული აირის წილი: თუ 2020 წელს 8%-მდე იყო, 2021 წელს მთლიან მოხმარებაში უკვე 15%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბუნებრივ გაზზე დივერსიფიკაცია ფაქტობრივად არ ხდება, რადგან ძირითადად აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული.

- ბუნებრივი აირის წყაროებზე მეტი დივერსიფიკაცია რატომ არ მიმდინარეობს?

- 2006 წელს (რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული აქტის შემდეგ) ჩვენი ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, რეგიონში სხვა მწარმოებელი ფაქტობრივად არ არის. აზერბაიჯანულ წყაროზე გადასვლას სამხრეთკავკასიური გაზსადენის მშენებლობა მოჰყვა, საიდანაც ასევე გატარებული ტრანზიტული გაზის 5% და პლუს დამატებითი გაზი გვრჩება, სხვადასხვა პირობით.

- ნავთობპროდუქტებზე რა შეგვიძლია ვთქვათ?

- 2020 წელს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე 27%-მდე დამოკიდებულება გვქონდა. 2021 წელს 18%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი დივერსიფიცირებულია: იმპორტს არა მარტო რუსეთიდან, არამედ აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან ვახორციელებთ. მცირე წილი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაზეც მოდის. ამ მიმართულებითაც დიდი რისკები არ ჩანს, სხვა წყაროებით იოლად შეგვიძლია ჩანაცვლება.

- რუსულ იმპორტზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიმართულებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- იცით, რომ ენგურჰესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების ენერგეტიკული ობიექტია - ჩვენს მოხმარებაში დაახლოებით 35%-ს შეადგენს. არსებობს არაოფიციალური შეთანხმება კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასთან, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება 40-60%-ზე ხდებოდეს - ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ჯამურ გენერაციაში. მაგრამ ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, აფხაზეთის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება და ამ ობიექტიდან წაღებული ელექტროენერგია საკმაოდ მნიშვნელოვან წილს აღწევს. რეალურად, შეთანხმებულ 40%-ზე მეტი მიაქვთ გარკვეული თვეების განმავლობაში - ძირითადად, ზამთრის პერიოდში. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური ძალიან დაბალია. წელს (მიმდინარე ომის შედეგად) მოსალოდნელია, რომ სანქციების გამო, რუსი ტურისტების ნაკადი აფხაზეთში გაიზარდოს, რაც დენის მოხმარებას გაზრდის. ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების მკაცრი დაცვა მოხდეს - არა მარტო წლიურ ჭრილში, არამედ - ყოველთვიურად და დღეების მიხედვითაც კი.

- არის თუ არა რაიმე პროგრესი აფხაზეთში გამრიცხველიანების კუთხით, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი?

- ჯერჯერობით სიახლე არაფერია. არსებობს გარკვეული პროგრამები, მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, რომლებიც გამრიცხველიანებას ითვალისწინებს, თანხების ამოღება რომ გაიზარდოს. ამასთან, წელს აფხაზეთში მოსალოდნელია ტარიფების ზრდა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ძვრები არ არის, რადგან მგონია, ტარიფების ზრდა კიდევ უფრო შეამცირებს ამოღებას, ეს კი დამატებით პრობლემებს შექმნის. არადა, ტარიფების ზრდა საჭიროა, რადგან ამჟამად მინიმალურია - ათჯერ ნაკლებია აფხაზეთში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

energozegavlena-1654767796.jpg

- ქართულ მხარეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რა ნაბიჯები აქვს გადადგმული?

- რა თქმა უნდა, ჩვენც (არასამთავრობო ორგანიზაცია WEG-მა) შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული რისკების შესამცირებლად, გარკვეული პრევენციისთვის. ერთი მხრივ, ეს ადგილობრივი გენერაციის წყაროების განვითარებაა; ადგილობრივი წიაღისეულის, ნავთობპროდუქტებისა თუ ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოების გაძლიერება, რაც უკვე დაწყებულია შავი ზღვის შელფზე. ამას ემატება ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება, ენერგიის დაზოგვა იქ, სადაც შესაძლებელი და ხარჯთეფექტურია. გარდა რიგი ღონისძიებებისა, როგორებიცაა: გაზსაცავის მშენებლობა, "ელენჯი" (Liquefied Natural Gas - გათხევადებული ბუნებრივი გაზის) ტერმინალის განვითარება, ნავთობპროდუქტების სტრატეგიული რეზერვების შექმნა, მოძველებული თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება ახალი, უფრო ეფექტური, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურებით. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს თავდაცვა და ზედამხედველობა კრიტიკულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, რადგან რუსეთის ჰიბრიდული ომი მოიცავს როგორც კინეტიკურ, ასევე კიბერსაფრთხეებსაც. მნიშვნელოვანია მოხდეს ენგურჰესის გამომუშავების 40-60%-იანი განაწილების მკაცრი დაცვა და გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობამ შეიმუშაოს ხედვა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში გამრიცხველიანების პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ საჭიროა, კომპეტენტურმა ორგანოებმა კოორდინირებული თანამშრომლობით სისტემურად შეაფასონ არსებული და მოსალოდნელი რისკები და მოამზადონ შესაბამისი სამოქმედო გეგმა-სცენარი ენერგეტიკის სექტორში. კიდევ არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენს კვლევაში დაწვრილებითაა წარმოდგენილი.

- კრიპტოვალუტის მაინინგის სფეროში რაიმე პროგრესს თუ მიაღწიეს სოხუმში? ამაზე ერთი პერიოდი დიდი ხმაური იყო ატეხილი.

- წარმოების შეზღუდვის გარკვეული მცდელობები იყო, რადგან ძალიან გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და პრობლემები შეექმნა უკვე ადგილობრივ გამანაწილებელ ქსელს - მიწოდებაში წყვეტები ხდებოდა. ამიტომ ადგილობრივმა მთავრობამ გააუქმა ის კომერციული ობიექტები, რომლებიც მას მოიპოვებდნენ. მიუხედავად ამისა, შემდგომში ადგილობრივმა მოსახლეობამ ცალკეულ საყოფაცხოვრებო ობიექტებში მათი გამომუშავება მაინც დაიწყო, ამიტომ ხანმოკლე შემცირების შემდეგ დენის მოხმარება ისევ გაიზარდა. რაც შეეხება მარეგულირებელ გარემოს, ამაზე საუბარი ზედმეტია. სოხუმში ელექტროენერგეტიკული სისტემის მოწესრიგება არ ხდება, ხოლო კრიპტოვალუტების რეგულირება მსოფლიო მასშტაბითაც კი ჭირს.

- რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა...

- კრიტიკული არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რუსული კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. როგორც იცით, მკაცრად რეგულირებული სექტორია და ყოველი საფრთხის შემთხვევაში, უკვე გარკვეული პრაქტიკაც გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა მოხდეს კომპანიებში, სადაც რაიმე პრობლემა შეიქმნება.

- რაც შეეხება სანქციების ზეგავლენას...

- კომპანიებში, სადაც ყველაზე მაღალი წილები აქვთ, მათთვის შეზღუდულია ფინანსური რესურსები - ეს შეეხება კრედიტებს, ასევე, საბანკო გარანტიებს. ასე რომ, აქაც საქმე არ გვაქვს დიდი რისკის შემცველ გარემოებასთან, რადგან საკანონმდებლო სისტემაში დაცვის მექანიზმები არსებობს. რაც შეეხება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელთა გამოც მცირდება ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების იმპორტი ევროპის ქვეყნებში და ისინი იმპორტს ისეთი ქვეყნებიდან ზრდიან, როგორიც აზერბაიჯანია, - ამან შესაძლოა, გაისად გამოიწვიოს ფასების გაზრდა ბუნებრივ გაზზე, მათ შორის, კომერციულ ნაწილში, ჩვენთვისაც. რეალურად, ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირი რუსულ გაზს ნაწილობრივ სწორედ აზერბაიჯანულით ჩაანაცვლებს. გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება და ქვეყანა მეტ იაფ გაზს მიიღებს. ევროკომისია ასევე აღნიშნავს: "ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომ საიმედო და მდგრადი ენერგიით იყვნენ უზრუნველყოფილი"... შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც მუდმივ ომში ვიმყოფებით რუსეთთან. ამიტომ საჭიროა რისკებისა და საფრთხეების მუდმივად შეფასება, შესაბამისი რეაგირება - ეს იქნება შემარბილებელი, საპრევენციო თუ მედეგობის ღონისძიებების გაზრდა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში.

გელა მამულაშვილი