ეკა ნიჟარაძის აუსრულებელი ნატვრა და სურვილი - გზაპრესი

ეკა ნიჟარაძის აუსრულებელი ნატვრა და სურვილი

"ნუთუ, ასეთ საქართველოს ვაშენებდით?!" - გულისტკივილით გვითხრა მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ, რომელთან ინტერვიუ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე შეკითხვით დავიწყეთ:

- ყველამ იცის, რომ ქართველი ხელოვანების და მეცნიერების უმეტესობა წლების განმავლობაში მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობდა. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რას გრძნობენ ეს ადამიანები: ისინი ჩამოაშორეს საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. კიდევ უფრო სავალალოა, რომ ისინი იმ მიზერულ შემოსავალსაც კარგავენ, რაც ჰქონდათ. არ მინდა მატერიალურ მხარეზე გავამახვილო ყურადღება, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ახლა მათი სულიერი მდგომარეობაა! საშინელებაა, როცა შენს საქმეს აკეთებ, თან კარგად და უეცრად ვიღაცას არ მოეწონები, უბოდიშოდ გამოგიშვებს. მე ტელევიზიით ვნახე, როგორ იდგა ასაკოვანი მეცნიერი - იულონ გაგოშიძე მუზეუმის კართან, როგორ არ შეუშვეს და მთელი ღამე არ მეძინა! იმდენად ვინერვიულე, სიტყვით ვერც კი გადმოვცემ. კიდევ კარგი, თავად ბატონი იულონი პოზიტიური ადამიანია და ამ სიტუაციას იუმორით უყურებს, მაგრამ როგორია? - 84 წლის კაცმა მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა, მადლობის ნაცვლად, "საბჭოთა მეცნიერი" უწოდეს და სამსახურიდან უბოდიშოდ გამოუშვეს - მე მგონი, ეს არავის უნდა აკადრო, მით უმეტეს, ხანდაზმულ მეცნიერს. სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებასთან ერთი შეკითხვა მაქვს.

- რა შეკითხვა, ქალბატონო ეკა?

- ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ 12-14 წლის წინ, რომელიმე კულტურის მინისტრს რომ ჩაედინა, რა ამბავი ატყდებოდა - ალბათ საშვილიშვილოდ დაწყევლიდნენ და შეაჩვენებდნენ... მაშინ ამ პოსტზე ჯერ გოკა გაბაშვილი იყო და მერე - ნიკა რურუა - ერთიმეორეზე უკეთესი კულტურის მინისტრები იყვნენ: თეატრში მოდიოდნენ, შეხვედრებს მართავდნენ და ხშირად გვეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გვჭირდებოდა... მარტო მსახიობებთან კი არა, კულტურის ნებისმიერ მუშაკთან ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა რა ხდება ამ სფეროში? ვის ინტერესებს ემსახურება გადაწყვეტილებები, რომელსაც ასრულებენ? ნუთუ, საქართველოს კულტურის მინისტრის სურვილია, მუზეუმში აღარ იყვნენ თანამშრომლები, მწერალთა სახლში - მწერლები, თეატრში კი - მსახიობები?! აბა, მათ ადგილას ვინ უნდა იყოს? კი ბატონო, კარგი მენეჯმენტი აუცილებელია, მაგრამ გვერდით თუ არ გეყოლება პროფესიონალი, ერთგული ხალხი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, მის გამო ბევრი ნერვიულობა და უძილო ღამე აქვს გადატანილი, მარტო მენეჯმენტით რას მიაღწევ? ცოცხალ ადამიანს ასე როგორ უნდა მოექცე?! არადა, ამ ხალხის გულის მოგება უმარტივესი იქნებოდა: უბრალოდ მისულიყო ქალბატონი თეა და ეკითხა, - რა უჭირთ, რა ულხინთ, ეთქვა, გვერდში დაგიდგებითო! ადამიანის გულის მოგება ხომ ძალიან მარტივია?! ჩვენ, ყველა, მისიანები ვიქნებოდით, მაგრამ არა - ყველაფერი პირიქით ხდება: ჯერ მუზეუმებიდან ხალხის გაშვება, მერე "ლიტერასთან" დაკავშირებული პრობლემები, რეჟისორების გაუთავებელი მოხსნა-დანიშვნა და ა.შ.

- ვინმემ იცის, ეს პროცესი რას ემსახურება?

- რაღაცას ხლართავენ და რატომ, გაუგებარია, როცა შეიძლება ყველაფერი უბრალოდ, მარტივად მოგვარდეს: ხელი შეუწყონ ყველა ხელოვანს, რომელიც თავისი საქმისთვის თავგადადებულია. აბა, ასე საქმე როგორ გაკეთდება? დარწმუნებული ვარ, თავის სფეროში ქალბატონმა თეამ ბევრი რამ იცის, მაგრამ კულტურა სხვა რამეა: "მოვედი, ჩავქოლე, კარი ჩავრაზე და საკუთარი აზრი ავკრძალე" - ხელოვანებთან ასეთი დამოკიდებულება არ ამართლებს. ჩემთვის ეს გაუგონარი ამბავია. დიახ, ქართველი ხელოვანები მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ, მაგრამ საქმეს არ ღალატობენ. მართალია, ზოგიერთები გვსაყვედურობენ, სულ ანაზღაურებაზე წუწუნებთო, მაგრამ სიმართლე მწარეა: დიახ ბატონო, საქართველოში ყველას დაბალი ანაზღაურება აქვს, მარტო ხელოვანებს კი არა, სხვებსაც. პური რომ ისევ 50 თეთრი ღირდეს, ხორცი - 5 ლარი, ხოლო ბენზინი ძველებურად, 1 ლარი, მაშინ არავინ დაიწუწუნებდა, მაგრამ ახლა იმ თეთრებსაც უკარგავენ, რომელიც ჰქონდათ!

dsc-2706-copy-1655105741.jpg

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ?

- იცით, რა მაკვირვებს? - ამტკიცებენ, ოპოზიციას უნდა, ომში ჩაგვითრიოსო, - აბა, სად არის ოპოზიცია? სად არიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები? "ნაცების" საფრთხობელად გამოყვანაც აღარ გამოსდით, რადგან ეს პარტია საფრთხობელად აღარ გამოდგება. ნუთუ ჰგონიათ, რომ მათ მიერ შეთხზულ "შეთქმულების თეორიებს" ვინმე დაიჯერებს? რომ გამოდიან და ამბობენ, ბატონი ბიძინას ფული უნდა დავიცვათ და აქცია მოვაწყოთო, ესეც ხომ სრული აბსურდია?! ეროვნული მუზეუმიდან ამხელა კაცი გაათავისუფლეს, ამდენი წლის მეცნიერი და მის დასაცავად რატომ არ გამოდიან, ეს მაინტერესებს. ადამიანი ხომ თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით და საქმისadmi ერთგულებით ფასდება და არა სხვა რამით? მეცნიერს და ხელოვანს საერთოდ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკა და პოლიტიკური ხედვა. უკვე გითხარით, საერთოდ არ მინდა ვიცოდე, სათავეში ვინ იქნება ან ოპოზიციაში რა ხალხია. ჩემი სურვილია, საქართველოში არჩევნები ნამდვილი დღესასწაული იყოს და არა თავ-პირის მტვრევა და ლანძღვა-გინება, როგორც ჩვენთანაა.

- სერიოზული პრობლემაა ტროლ-ბოტების არსებობა, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აბულინგებენ და მათზე საშინელებებს წერენ.

- იქნებ ეს სოციალური ქსელების ბრალია? - შეგიძლია დაწერო რაც გინდა, გალანძღო, ვინც არ მოგწონს და ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ტროლ-ბოტები კი არა, თანამდებობის პირები ილანძღებიან საქვეყნოდ, ევროპარლამენტარებს ლანძღავენ და ვიღაც ტროლი რომ ილანძღებოდეს, რა პრობლემაა?

- ჩვენი ხალხის ყველაზე დიდ პრობლემად რა მიგაჩნიათ?

- საშინელი პრობლემაა განათლების ნაკლებობა და კიდევ უარესი - უმუშევრობა. ადამიანებს საქმე არა აქვთ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. საშუალო ფენა აღარ არსებობს - ის ფენა, თვის დასაწყისში ხელფასი რომ ჩაერიცხება და თვის ბოლომდე ნორმალურად იცხოვრებს, არც შია და არც სწყურია... ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემაა გაუნათლებელი, უპერსპექტივო ახალგაზრდობა, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს. ამ რამდენიმე დღის წინ, აბაშიძის ქუჩაზე, ვიღაცებმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს და ორი ბიჭი დაჭრეს. ეს მოხდა ეპიცენტრში - იქ, სადაც სამი სკოლაა. ჩემი შვილიშვილიც იქ დადის, სწორედ იმ დროს ვაკითხავ ხოლმე და სკოლიდან გამომყავს. ძალიან მაწუხებს კითხვა - როგორ მივედით ამ ზღვრამდე? ნუთუ ასეთი საქართველო გვინდოდა ჩვენი შვილებისთვის?!

- თქვენი დაკვირვებით, რატომ კამათობენ ამდენს სააკაშვილის მკურნალობასა და უცხოეთში გადაყვანაზე?

- ესეც სიჯიუტის და ვითომ პრინციპულობის ბრალია: ჩვენს ხელში ხარ და არსად გაგიშვებთო, ამტკიცებენ. თუ მისი ცუდად ყოფნისა არ სჯერათ, შევიდნენ მის საკანში სამთავრობო არხები, ინახულონ და ინტერვიუც ჩაწერონ - რატომ არ შედიან? ხომ შეიძლება ქვეყანაზე იფიქრონ და რაღაცაზე შეთანხმდნენ? იქნებ რაღაც მთავრობამაც დათმოს, იქნებ ეს ოპოზიციაც რაღაცას ჭკვიანურს ამბობს? აქეთ პრეზიდენტს უპირისპირდებიან და მისი გამონათქვამები არ მოსწონთ... მოკლედ, გაუგებარია, რა ხდება, სრული bაკqანალიაა, ამასობაში კი, ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიექანება! ამიტომ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა ხალხმაც უნდა აიღოს - ხელისუფლებას მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ლანძღვა-გინების გარეშე უნდა გავაგებინოთ, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს - ხალხი, რომელსაც კონკრეტული საქმეების კეთება სჭირდება.

ekaaa-copy-1655105728.jpg

- რას ფიქრობთ ოპოზიციის კრიტიკაზე, რომ საქართველო უკრაინას სათანადოდ არ ეხმარება?

- ის, რაც უკრაინაში ხდება, ყველას აღელვებს! 24 თებერვლის მერე ჩემი ყველა დღე უკრაინით იწყება და მთავრდება. სულ მაქვს კონტაქტი ჩემს იქაურ მეგობრებთან. საერთოდ რატომ გაჩნდა საკითხი, რომ საკმარისად არ დავეხმარეთ? - იმიტომ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებები ომის პირველივე დღეებიდან სრულიად აბსურდული და წარმოუდგენელი იყო: ომი უკრაინაშია და არა ჩვენთან, არანაირ სანქციებს არ შევუერთდებითო - ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, იუნკრების საფლავზე წარმოთქვა და ამ სიტყვებმა ყველაფერი ამოატრიალა. რომ გამოსულიყო და ეთქვა: სიტუაციას დავაკვირდებით და რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთო, არაფერიც არ მოხდებოდა! თანამდებობის პირს ცოტა დიპლომატია ხომ უნდა ჰქონდეს? ხომ იცოდნენ, ამას რა მოჰყვებოდა?! თან ამის შემდეგაც არ გაჩერდნენ: ებრძვიან ზელენსკის, ებრძვიან არახამიას, ყველგან "ნაციონალები" ეჩვენებათ და ყველას ებრძვიან! შეიძლება საქმით სხვა რამეს აკეთებენ, არ ვიცი... მე მხარში დავუდგები ნებისმიერს, ვინც ამ ქვეყნისთვის კარგ საქმეს გააკეთებს, მაგრამ ქართველ ხალხს რომ არ აეტეხა ერთი ამბავი, ევროკავშირში განაცხადსაც არ შეიტანდნენ - 2024 წლამდე დრო გვაქვსო, ხომ ამბობდნენ? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი მაინც არ დაგვტოვებს ამ მდგომარეობაში. ამ ქვეყნის უმეტეს ნაწილს დასავლეთთან მჭიდრო კავშირი და მშვიდი, დაცული ცხოვრება უნდა და არა ისეთი, სამხედროები რომ მოვლენ, ნახევარ სოფელს ჩამოგაჭრიან და შენ საკადრის პასუხსაც ვერ გასცემ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ ურთულეს ბრძოლაში სიკეთე გაიმარჯვებს - ეს ჩემი დიდი ნატვრაა, რომელიც აუცილებლად უნდა ამისრულდეს!

ხათუნა ჩიგოგიძე