"ახლა ისეთი ეტაპი მაქვს, ოჯახის მხარდაჭერა მჭირდება"
მსახიობი სალომე შარვაძე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან აქტიური პერიოდია. მიიღო გამოწვევა და "სამზარეულოს ომებში" ჩაერთო, თამაშობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", არის "ქალების" თანაწამყვანი და როგორც ამბობს, ათას საქმეს აკეთებს. ამჯერად გაგაცნობთ, როგორი კულინარია, რაში ეხმარება გურმანობა, როგორი კონკურენციაა სამზარეულოში, სადაც ვარსკვლავები ტრიალებენ და რას ფიქრობს ქალებზე ძალადობის თემაზე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, მწვავე და აქტუალური არა მხოლოდ სერიალშია.
- "სამზარეულოს ომების" პროდიუსერისგან მივიღე შემოთავაზება, ჩავრთულიყავი ამ კონკურსში. ეს იყო ძალიან მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო წინადადება, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი.
- აქამდე რომელიმე კონკურსში თუ მიგიღია მონაწილეობა?
- არა. ასეთ მასშტაბურ პროექტში პირველად ვარ. საინტერესო გამოწვევაა, გამოწვევები კი მართლა ძალიან მიყვარს.
- როგორ ფიქრობ, კულინარია შენი ძლიერი მხარეა?
- (იცინის) არის, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმეს სჭირდება. სამზარეულო ჩემთვის უცხო ადგილი ნამდვილად არ არის.
- გამორჩეულად კარგად რომელი კერძის მომზადება გამოგდის?
- ხორცეული, სალათი, დესერტი... ყველაფერი გემრიელი გამომდის. შეიძლება ხშირად ვერ ვაკეთებ, მაგრამ როცა ვამზადებ, ყველა კმაყოფილი რჩება. გამორჩეულად კარგად ალბათ ლობიოს და ჩაქაფულს ვამზადებ.
- შენებური რეცეპტი გაქვს?
- ჩემი დოზები მაქვს, პატარ-პატარა საიდუმლოებები, რაც გამორჩეულ გემოებს მატებს. დღესასწაულები მიყვარს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად დაკავებული ვარ, არ მაქვს დრო, ყოველდღე რაიმე კერძი მოვამზადო, მაგრამ აღდგომას, შობას, ახალ წელს სულ ვცდილობ, ვახშმის მთავარი კერძები ჩემი მომზადებული იყოს.
- მეუღლეს გამორჩეულად რომელი კერძი მოსწონს?
- რაც უნდა მოვამზადო, მას ჩემი გაკეთებული ყველაფერი მოსწონს. მეუბნება, კიტრისა და პომიდვრის სალათსაც კი განსხვავებულად გემრიელად ამზადებო. სანამ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე კერძებს დიდად არ ვამზადებდი, სამზარეულო მერე თანდათან ავითვისე. მეუღლის გამო ვისწავლე სოკოს სხვადასხვა მეთოდით მომზადება - ტაფაზე ჩახრაკული, სუნელებით, საკმაზით, ესეც ძალიან გემრიელი გამომდის.
- დედის, ბებიის მიერ ნაცადი რეცეპტებით თუ სარგებლობ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბებიის მიერ ჩაწერილი რეცეპტების დღიური, სადაც ყველაფერი წერია, აჯიკიდან დაწყებული, ტორტით დამთავრებული. იქ ამოიკითხავ: "დოდოს ტორტი", "დარეჯანის ტორტი"... მეგობრებთან რომ მიდიოდა და მათ ნამზადს აგემოვნებდა, შემდეგ რეცეპტსაც იწერდა, ტორტებს სახელებიც ასე დაარქვა. ბებო პროვიზორი იყო, როგორც მალამოების რეცეპტები ჰქონდა, ასევე ჰქონდა ჩანაწერები სამზარეულოსთვის. იქ უწერია, როგორ უნდა მოვამზადოთ მურაბები და რაც ძალიან მიყვარს, ამ ჩანაწერების რვეულს ვანილის პუდრის საოცარი სურნელი აქვს. როგორც ჩანს, მზადების დროს რომ ხელმძღვანელობდა, სუნები "აიღო" და დღემდე მოჰყვება. ეს ჩანაწერი პირველად მაშინ გამოვიყენე, როცა კექსის მომზადებას "შევეჭიდე".
- გურმანი ხარ?
- გურმანი ნამდვილად ვარ და ამ პროექტში ეს ძალიან მეხმარება. კერძს იმდენად კარგად ვგრძნობ და დაგემოვნებაც იმდენად მიყვარს, შემიძლია, საიდუმლო ინგრედიენტები თუ აქვს გარეული, ჩვეულებრივ კერძს სხვანაირს რომ ხდის, ამოვიცნო რომელია, ასე ხშირად მომხდარა. ჩვევად მაქვს - სერვირებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, მით უმეტეს - ამ ბოლო დღეებში სადაც მივდივარ, ყველაფერს გაორმაგებული ინტერესით ვაკვირდები.
- უპირატესობას რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებ?
- ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს და მომწონს იაპონური, ჩინური - ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი გემოები, მომზადების ტექნიკა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, ყველაფერი ვერ მოგეწონება. თურქული სამზარეულოს ზოგიერთი კერძი მომწონს, მაგრამ ზედმეტად ტკბილი დესერტები არ მიყვარს.
- საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს შეგიძლია მიირთვა კერძი, რომელიც არ იცი, რისგანაა დამზადებული?
- არ შემიძლია, მსგავს სიტუაციაში ყოველთვის თავს ვიკავებ. არ მომწონს ზღვის პროდუქტები, მაგალითად - მიდიები. ბევრისთვის შეიძლება რაღაც დელიკატესი და ძალიან ძვირად ღირებული იყოს, მაგრამ მე გემოს გასინჯვაც კი არ შემიძლია. სხვათა შორის, ბავშვობაში ზეთისხილს არ ვჭამდი და ახლა ძალიან მიყვარს. შეიძლება მომავალში სხვა პროდუქტებზეც ასე დამემართოს. რაც არ მსიამოვნებს, ის ძალით რომ შევჭამო, ცუდად გავხდები.
- რას იტყვი მეწყვილეზე, რომელიც პროექტში პარტნიორობას გიწევს?
- არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ჯერ სამზარეულოში მარტო არ შევიშვები (იცინის). ვეცდები, მას იმედი არ გავუცრუო. ვიქნები მონდომებული. ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. ის წარმატებულია, ბოლომდე იხარჯება, დაუზარელია, თავისი საქმე იმდენად უყვარს, მჯერა, წინ დიდი მომავალი ექნება.
- კონკურენციაში ჩართვა დიდი აზარტია?
- ყველა მონაწილეს ვგულშემატკივრობ, ამას გულწრფელად ვამბობ. წამმზომი ირთვება და ჩვეულებრივი ბრძოლა იწყება. ეს არის ბრძოლა ტაფებით, ქვაბებით, გაზქურებთან... ძალიან დიდი აზარტია, დროში რომ უნდა ჩაეტიო და თან ვერ ეტევი. რომელიმეს რამდენიმე წუთი თუ მოგვრჩება, ვამბობთ, აბა, რომელს გინდათ, მოგეხმაროთ?.. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, ასეთი ჯანსაღი კონკურენცია ნეტავ ყველგან იყოს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას დანარჩენებიც ისეთივე გაფაციცებით ვუსმენთ, როგორც - საკუთარს.
- როგორ ფიქრობ, კონკურენციის პირობებში, ამ სიჯანსაღის შენარჩუნებას ბოლომდე შეძლებთ?
- დარწმუნებული ვარ. საუკეთესო მონაწილეები და საუკეთესო შემადგენლობა ვართ. მაყურებელს საინტერესო გადაცემები ელის. სუსტი და ძლიერი ამ კონკურსს არ ჰყავს, ნებისმიერ დღეს შეიძლება სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ყველა ტურს დიდი ინტერესით ველოდები, ყველას თავისებური ხიბლი აქვს და არც ერთი ტური მარტივი არ არის. ყველა ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.
- შეფებზე რას გვეტყვი?
- ასეთი უნიკალური, განსხვავებული და ნიჭიერი ჟიური (შეფები: მიშა ავსაჯანიშვილი, ირაკლი ასათიანი და დათო ნარიმანიშვილი) არ ვიცი, რომელიმე კონკურსს თუ ჰყოლია. ისინი რომ პროფესიონალები არიან, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ყველა მათგანი პიროვნულად ძალიან კარგია. ობიექტურები არიან და როცა რომელიმე შენიშვნას ვიღებთ, ყოველთვის არის დამსახურებული.
- გამორჩეულად რომელიმე მათგანის შეფასებას თუ ელოდები?
- ვერ გამოვყოფ, სამივეს აზრი ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
- გარდა იმისა, რომ ხარ "სამზარეულოს ომების" მონაწილე, ხარ "ქალების" თანაწამყვანი, თამაშობ "ჩემი ცოლის დაქალებში"... დროს როგორ ანაწილებ?
- თავადაც არ ვიცი, ათას საქმეს ვაკეთებ. ძალიან განვიცდი, როცა რამდენიმე დღე ისე მიეწყობა, დრო შვილისთვისაც არ მრჩება. თუმცა ახლა ისეთი ეტაპი მაქვს, ოჯახის მხარდაჭერა ნამდვილად მჭირდება. როგორც ფეხბურთელები ემზადებიან თამაშისთვის და წინადღეს თავისებური წესებით ატარებენ, ზუსტად ასე ვარ. ვცდილობ, როგორც კონკურსანტი, ფორმაში ვიყო, მეწვილეს და ჟიურის იმედი არ გავუცრუო.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" ბოლო სერიებში სცენარისტი ქალებზე ძალადობის თემას შეეხო, თავად ამ პრობლემაზე რას იტყვი?
- ძალიან მტკივნეული თემაა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ხელის ერთი მოქნევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ არც ერთი წუთი იმ მოძალადის გვერდით აღარ გაატაროს. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება. არ არსებობს ადამიანი, ერთხელ თუ გააკეთა, არ გაიმეოროს, რადგან მოძალადე არის მოძალადე. სადაც ფიზიკური ძალადობაა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ექნება ადგილი. არსებობს მოძალადე ოჯახებიც, გოგონები რომ თხოვდებიან და მერე მათ საქმეში ყველა ერევა, ვისაც არ ეზარება, ოჯახიდან დაწყებული, საგვარეულოს წევრებით დამთავრებული. ძალადობის მსხვერპლ გოგონებს უვარდებათ თვითშეფასება, დეპრესიაში ჩავარდნილნი ხელს ჩაიქნევენ ცხოვრებაზე. გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. შვილს დედისა და მამის სიყვარული კი უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ისეთი დროა, მგონი, საკუთარი თავის სიყვარული გაასმაგებულად უნდა ვასწავლოთ. ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი თავის იმედი რომ ჰქონდეს და სხვა ვინმეზე არ იყოს დამოკიდებული. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის მსხვერპლი გოგონებისთვის საიმედო საყრდენი მშობლებიც კი არ არიან. რას ჰქვია, ვერ მიიღებს?! უნდა მიიღოს, თავზე ხელიც უნდა გადაუსვას და მხარში ამოუდგეს.
- თავად ამ პრობლემას რომელიმე მეგობრის ან ახლობლის ცხოვრებაში, პირისპირ თუ შესჯახებიხარ?
- კი, ეს გამოცდილებაც მაქვს. ხანდახან რომ ერევი, მერე გადის დრო და ისინი ისევ რიგდებიან...
- როცა პრობლემა მწვავეა, ასეთ დროს როგორ იქცევი?
- ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ვისაც უნდა ეწყინოს, ვისაც უნდა გაუხარდეს და ვისაც უნდა საერთოდ აღარ დამეკონტაქტოს. ჩვენ ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ. შეიძლება შენი სიტყვები იმ ადამიანისთვის იმედად იქცეს და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გაუადვილოს. მსხვერპლი გოგონები ყოველთვის ძალიან დათრგუნვილები არიან და გამხნევება სჭირდებათ, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ვცდილობ, სწორი გზის დანახვაში დავეხმარო.
თამუნა კვინიკაძე