ვისი წყალობით მოხვდა მესამეკურსელი დავით უფლისაშვილი რუსთაველის თეატრში - გზაპრესი

ვისი წყალობით მოხვდა მესამეკურსელი დავით უფლისაშვილი რუსთაველის თეატრში

ზესტაფონში, მსახიობების ოჯახში გაიზარდა და თეატრის კულისების შესახებ ყველაფერი იცოდა: პრემიერის ღელვა, მილოცვები, როლებზე განაწილება, რეპეტიცია... სკოლა დაამთავრა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. პირველკურსელი სტუდენტი რუსთაველის თეატრის წინ რომ გაივლიდა, გაიფიქრებდა ხოლმე: ღმერთო, ამ თეატრის სცენაზე დამაყენა და ერთი სიტყვა მათქმევინაო. დავით უფლისაშვილი, რუსთაველის ეროვნული თეატრის წამყვანი მსახიობი და დასის მმართველი, უკვე 50 წელზე მეტია, ერთგულად ემსახურება თეატრს.

- ბავშვობაშიც იდექით სცენაზე?

- ზესტაფონის სახალხო თეატრში ცნობილი რეჟისორის, სერგო ახალაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ვითამაშე, მერე იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ იმავე სცენაზე. პატარაობიდან საკმაოდ კარგად ვკითხულობდი ლექსებს და კონცერტებზე გამოვდიოდი. ლექსების კითხვა დედამ შემაყვარა. ზესტაფონის რკინიგზის მე-7 სკოლაში ვსწავლობდი, არაერთ ოლიმპიადასა და ღონისძიებაზე გამოვსულვარ წარმატებით. თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრაც ლექსის წაკითხვამ განაპირობა. ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის იუბილეზე, რომელსაც მთელი თეატრალური საზოგადოება ესწრებოდა, ლექსი წავიკითხე. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. ქალბატონმა ვერიკომ თქვა: რა კარგი ახალგაზრდაა, თეატრალურში ხომ არ ჩააბარებსო?.. მეორე დღეს მე და დედა ვერიკოსთან მივედით. დედამ უთხრა, რომ სახალხო თეატრის მსახიობია, რომ ჩემი ბიძაა სტეპკო ჯაფარიძე და სწორედ სტეპკომ არ გაუშვა ქუთაისის თეატრში სამუშაოდ. ამ საუბრის დროს ვერიკომ მითხრა: თეატრალურში უსათუოდ უნდა მოხვდე და ამისთვის ყველაფერს ვიღონებო. მომერიდა: არა, ქალბატონო ვერიკო, რას ბრძანებთ! უბრალოდ, თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის-მეთქი...

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით ლექსთან დაკავშირებით: უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გიორგაძე ჩამოვიდა ზესტაფონში და მასთან შეხვედრაზე ლექსი წავიკითხე. იმდენად მოეწონა, დამიბარა და მკითხა: რა გაჩუქოო? რა თქმა უნდა, არაფერი მითხოვია. ავტოკალამი მაჩუქა, მეტი არაფერი მაქვსო, რომ გადმოაბრუნებდი, კრემლი ქვევით ჩამოდიოდა. მთელი ზესტაფონი ამ ამბავს განიხილავდა. სხვათა შორის, წლების შემდეგ, როცა უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი გავხდი, ქალბატონმა ზინამ წამიყვანა ლექსების ჩასაწერად. სამი ფირფიტა გამოვიდა, სადაც გურამ საღარაძესთან, ზინა კვერენჩხილაძესა და სხვებთან ერთად, მეც ვკითხულობ ლექსებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი ახალგაზრდული დაუდევრობის გამო, მხოლოდ ერთი ფირფიტა მაქვს.

iulius-keisari1-copy-1655108363.jpg

- თეატრალურში გამოცდებისთვის მომზადება არ სთხოვეთ ბიძას?

- აპა, პა, პა... კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თეატრი იმხელა შრომას მოითხოვს, ძალიან გაგიჭირდებაო, - მეუბნებოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობმა იცოდა ამ პროფესიის სპეციფიკა. მე შევარჩიე ლექსიც, იგავ-არაკიც... გამოცდებზე ეთერ გუგუშვილი კითხულობდა: რომელია ის ახალგაზრდა, ზესტაფონში რომ ლექსი წაიკითხაო? ვერიკოს თავისი აზრი მაინც უთქვამს. გამოცდებზე ვღელავდი, გარეგნობით ვერავის გავაკვირვებდი. ეტიუდი კარგად შევასრულე. ისე მოეწონათ, შედეგების გამოცხადებისას ჩემი გვარი პირველი დაასახელეს. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ნაწყვეტის - „შენ ძალიან უყვარდი მურადას...“ წაკითხვის მერე მითხრეს: ქუთაისის თეატრის მსახიობი, ჯემალ ხერხეულიძე გაგვახსენეო.

ბიძაჩემმა თავის საესტრადო ჯგუფში ამიყვანა, როცა მეორე კურსზე ვსწავლობდი. ის საესტრადო ნომრებს თავად წერდა. ბედნიერი ვიყავი, კონცერტებზე ერთად დავდიოდით სტეფანე, მე, გიორგი საღარაძე, იპოლიტე ხვიჩია... დასავლეთ საქართველო სულ შემოვიარეთ. იპოლიტე საოცარი პიროვნება იყო, ქუჩაში რომ გაივლიდა, მთელი ქალაქი უკან მოჰყვებოდა. ბაზარში წამომყევი, ხილი ვიყიდოთო, - მითხრა. ფულს ვინ გადაახდევინებდა, ყველაფერს ჩუქნიდნენ. საირმეში ორი დღის მანძილზე სამ-სამი კონცერტი გვქონდა - დილას, შუადღეს და საღამოს. ბილეთები არ იშოვებოდა. მე კონფერანსიე ვიყავი და შიგადაშიგ ლექსებსაც ვკითხულობდი, ჩემი რეპერტუარი მქონდა. ამ კონცერტებში ჰონორარს ვიღებდი, რაც სტუდენტს მატერიალურად ძალიან მეხმარებოდა.

- თეატრის პარალელურად, რადიოდადგმებშიც მონაწილეობდით. ის პერიოდი გაიხსენეთ.

- რადიოში ხშირად მეძახდნენ რეჟისორები ზურაბ კანდელაკი და ბადრი მიქაშავიძე. სამწუხაროდ, ბადრი გარდაიცვალა, ზურა ახლაც აგრძელებს ამ საქმეს. ამას წინათაც დამიძახა. მაშინდელი ჩაწერების დროს გავიცანი ჩვენი უსაყვარლესი არტისტები: ტარიელ საყვარელიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ლეო ანთაძე, გიზო სიხარულიძე... საოცარი ხალხი იყო. თუ რამე შეგეშლებოდა, საყვედური არასოდეს დასცდებოდათ, პირიქით, გაგამხნევებდნენ: არა უშავს, ახალგაზრდავ, თავიდან დავიწყოთო! ისეთ აურას ქმნიდნენ, რომ გეგონებოდა, შენც მათი დონის მსახიობი ხარ. ასე იქცევიან დიდი ბუნების ადამიანები. იმ გვარების გვერდით ჩემს გვარსაც რომ აცხადებდნენ, მიხაროდა. სხვათა შორის, რადიოდადგმებში უმაღლეს „სტავკას“ მიწერდნენ, რომელსაც ვიღებდი რუსთაველის გამზირზე მდებარე მეოთხე საფოსტო განყოფილებაში იმიტომ, რომ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი.

- რუსთაველის თეატრში მესამე კურსიდან აღმოჩნდით, როცა მიხეილ თუმანიშვილმა ბარდღუნიას როლი მოგცათ სპექტაკლში „გვადი ბიგვა“. სახელოვანი მსახიობების გვერდით იდექით, როგორ გახსოვთ ისინი?

- ბატონ მიშას თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ ურჩია როლზე ჩემი აყვანა. თუმანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ჩემს აღზრდაში და ამ თეატრში რომ ვარ. პირველი სპექტაკლის შემდეგ ბატონმა მიშამ მითხრა: "ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ, ასე გააგრძელე!“ მედიკო ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე და კარლო საკანდელიძე, რომელიც მერე „ჭინჭრაქაში“ შევცვალე რეჟისორის გადაწყვეტილებით, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მექცეოდნენ. უსაყვარლესი რამაზ ჩხიკვაძე დიდებული მსახიობი იყო, მასთან ერთად არაერთი როლი მითამაშია. ისინი, და ზოგადად ყველანი, ვინც დამხვდნენ, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, ფიქრობდნენ თეატრის მომავალზე - ახალგაზრდა მსახიობი კარგ ფესვებზე უნდა გაიზარდოს.

სერგო ზაქარიაძეს ვაღმერთებდი. რომ მკითხონ, რატომ გინდა არტისტობაო? ვუპასუხებ - იმიტომ, რომ სერგო ზაქარიაძე არსებობს! სპექტაკლში „სალამურა“ ერთ ეპიზოდში იარუსზე ბოქსის კარი უნდა გვეჯახუნებინა. ავად გავხდი და თეატრში ვერ მივედი, არც არავის ვუთხარი. მაშინ სერგო თეატრის დირექტორი იყო, დამინახა ფოიეში, თავი გადააქნია და მომიახლოვდა: არ მეგონა, ზესტაფონელი თუ მიღალატებდიო (თავადაც ამ ქალაქიდან იყო). ეს იყო და ეს, ამის მერე, ჩემი გაცდენა ან დაგვიანება არ არსებობს. ახლა დასის მმართველი ვარ და ვინმე ასე რომ მოიქცეს, ალბათ, დავახრჩობ. თეატრი წესრიგის და დისციპლინის გარეშე წარმოუდგენელია.

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ბევრ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებთ, მათ შორის არის „იულიუს კეისარი“, „თამაშის დასასრული“... დასის მმართველობასაც ასწრებთ.

- დასის მმართველი ვარ იმ დროიდან, როცა თეატრის დირექტორი იყო თემურ ჟღენტი. ჩემამდე ამ მოვალეობას ასრულებდა ძალიან მაგარი კაცი ვანო ჯინჯიხაძე, რომელიც გარდაიცვალა და ვიღაცას ხომ უნდა შეეცვალა. დირექტორს უთხრეს, უფლისაშვილი შეძლებსო, დამიბარა და დავთანხმდი. მერე ასე დავრჩი და დავრჩი... ურთულესი როლებია იულიუსი და ჰამი, დიდი ფიზიკური დატვირთვა მაქვს. ვთამაშობდით „თამაშის დასასრულს“ და ერთ-ერთ სპექტაკლზე ისე გავითიშე, აბსოლუტურად აღარაფერი მახსოვდა, არ ვიცოდი - ვინა ვარ? სადა ვარ? რას ვაკეთებ? საათი და ოცი წუთი სცენიდან არ გავდივარ... ჩემი პარტნიორის, გოგა ბარბაქაძის კარნახმაც ვერ მიშველა. როგორღაც ჩავათავეთ სპექტაკლი. ბოლოს "სასწრაფოს" ექიმები მოვიდნენ.

- ფილმში „ნატვრის ხე“ მხოლოდ ერთი ეპიზოდი გაქვთ, მაგრამ დასამახსოვრებელი. ვინ აგარჩიათ ამ როლზე?

- ფილმზე მეორე რეჟისორი გია მატარაძე იყო. მან წაგვიყვანა დათო კვირცხალია, მე და ზაზა ხალვაში, რომელიც მაშინ სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. სამივე ერთად ვმონაწილეობთ წყაროსთან ეპიზოდში, სადაც მარიტას ვეუბნები: „ჯანდაბაში მივდივართ, იქნებ ვეღარც კი დავბრუნდეთ, იქნებ ყორნებმა დაგვინაწილონ. ერთი გვაკოცნინე, რა!“ შთამბეჭდავი სცენაა, იქ ჩანს მარიტას ხასიათი. გადაღების მერე ბანკეტი გაგვიმართეს, იმხელა სიხარული მოგვანიჭეს! „ნატვრის ხეში“ მარიტას თინა მგალობლიშვილი, ხოლო შეთეს - მე ვახმოვანებ. სხვა ფილმებშიც, ყველგან, სადაც ზაზა კოლელიშვილი თამაშობს, მისი გმირები ჩემი გახმოვანებულია. კინოსტუდიის დუბლიაჟის განყოფილებაში 500-მდე ფილმი გავახმოვანე. რა ხალხი იყო! უბრწყინვალესი პიროვნება კოტე დაუშვილი, „მხეცები“ იყვნენ ვანიჩკა საყვარელიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, დავით სოკოლოვი... დუბლიაჟის გაერთიანებას ხელმძღვანელობდა ვახტანგ ტაბლიაშვილი და მასალის ნახვისას თუ რომელიმე სიტყვა ქართულად ცუდად ჟღერდა, ასე ამბობდა ხოლმე: რაღაც შესატყვისი მოუძებნეთო.

shvilishvilebtan-copy-1655108380.jpg

- აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემია რა როლისთვის მიიღეთ?

- „ნატვრის ხის“ შემდეგ გავიდა ცოტა დრო და ახალგაზრდა მსახიობის ასარჩევად აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა რეჟისორის ასისტენტი. ბატონმა თენგიზმა ჩემი ნახვა ურჩია. იმ ქალს შევხvდი და ვისაუბრეთ. ფილმს ჰქვია „დაბადების დღე“, სცენარის ავტორია რუსლან იბრაგიმბეკოვი, რეჟისორი რასიმ ოჯაგოვი. ეს იყო სატელევიზიო ფილმი მოსკოვის დაკვეთით. სინჯები გადამიღეს და წამოვედი. დეპეშა თეატრში მოვიდა, რომელიც გოგი ხარაბაძემ გადმომცა: ნახე, ბიჭო დაგამტკიცესო, ყველას გააგებინა. ფილმში მთავარ როლს ვასრულებ, ჩემს გმირს ალი ჰქვია. საკავშირო ეკრანზე დიდი წარმატებით გავიდა ფილმი და წარადგინეს სახელმწიფო პრემიაზე, მიიღო კიდეც. არ დამავიწყდება დაჯილდოების ცერემონიალი. ბაქოში საზაფხულო თეატრის სცენაზე დგას ჰეიდარ ალიევი. გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, ავედი და ფეხები უკან მრჩება. იცით, ალიევს როგორი მზერა ჰქონდა? ამ რანგის ადამიანებს სხვანაირი გამოხედვა აქვთ, რაღაც დამატყვევებელი. ასეთი მზერა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესაც, როცა მოვიდა „კაცია-ადამიანის“ პრემიერაზე და სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ამოვიდა. ალიევმა ჯილდო გადმომცა, მომილოცა და მითხრა: ფილმი ვნახე და არ მეგონა, თუ ქართველი იყავიო. ისევ ძლივს ჩამოვედი კიბეზე და ოჯაგოვს ალიევის ნათქვამი გავუმეორე.

- მშობლები მოესწრნენ თქვენს წარმატებებს?

- მამა გარდაიცვალა, როცა მეცხრე კლასში ვიყავი. დედაჩემი „ჭინჭრაქაზე“ მოვიდა და ისეთი გახარებული იყო, სულ ტიროდა და ტიროდა. ფეხი სტკიოდა, კიბეზე ძლივს ამოვიდა, მაგრამ ამას არ დაეძებდა. მერე, ჩემი უსაყვარლესი კარლო საკანდელიძე, იმდენი კოცნა... როლის მომზადებაში კარლო დამეხმარა.

- ახლახან კარაპეტას როლი შეასრულეთ სპექტაკლში „ძუნწი“, რას იტყვით ამ როლზე?

- რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა სპექტაკლი და მანდო ეს როლი. გოჩას უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან. ისიც ზესტაფონელია, მაგრამ ამის გამო არ მოუცია მთავარი როლი. ყოველი ახალი სამუშაო ნიშნავს იმას, რომ რაც გითამაშია, უნდა დაივიწყო, თითქოს ახლა იდგამ ფეხს - სტურუამ მასწავლა. კარაპეტას როლი ბევრს შეუსრულებია და თუ რომელიმეს მიბაძე, ჩათვალე, რომ დაღუპული ხარ.

- ლექსებს ღონისძიებებზე ან კონცერტებზე ხშირად კითხულობთ?

- ამ ბოლო დროს აღარ ვკითხულობ, რადგან ყველა კითხულობს. მაგრამ შარშან თბილის-ქალაქობაზე რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. 9 აპრილის სახელობის ბაღში გაიმართა საღამო, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი გამოდიოდა. მე, როგორც იმერელმა, ლექსი წავიკითხე იმერეთზე: „ცა ერთია, მიწაც ერთი/ ქვეყნად ღმერთიც ერთია,/ რა ვქნა, ჩემი იმერეთიც/ ჩემთვის ერთადერთია./ თაფლში დავლებული სიტყვა,/ იმერელს რომ სჩვევია/ გულს ახარებს, ბატონო, და/ ძვირი, რა სათქმელია./ იმერეთი არშიყია,/ იმერეთი ბრძენია,/ იმერეთში ღიმილიც თოვს,/ სიყვარულის რთველია./ ცა ერთია, მიწაც ერთი/ ქვეყნად ღმერთიც ერთია,/ კოკროჭინა იმერეთი/ მართლაც ერთადერთია“. ლექსმა დიდი ოვაციები გამოიწვია. ექიმ თამაზ სანებლიძის დაწერილია, ეს პიროვნება გარდაცვლილია.

- თქვენ შვილს არ უნდოდა მსახიობობა?

- ლაშა „მოდი ნახეს“ თეატრში მთავარ როლებს ასრულებდა, მაგრამ ვურჩიე, ამ პროფესიას არ გაჰყოლოდა. ვერ გაუძლებდა ამდენ ტანჯვას. ჩემი ვაჟი 19 წელია ამერიკაში ცხოვრობს თავისი ოჯახით, მყავს მშვენიერი რძალი მარიამ ბადურაშვილი და ორი შვილიშვილი - მია და მაშო. ჩემი მეუღლე დოდო ლომჯარია მუსიკის პედაგოგი და ჩემი როლების კრიტიკოსია. უფროსი შვილიშვილი 12 წლის გახდება, პატარა ოთხისაა. მია ანსამბლ „ფესვებში“ ცეკვავს. მაშო, როგორც კი მუსიკის ხმას იგებს, მაშინვე ცეკვას იწყებს. ის როცა "ბაბუ, ბაბუს" მეძახის და დახტის, ეს არის ჩემთვის ყველაფერი.

ნანული ზოტიკიშვილი