"სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს" - გზაპრესი

"სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს"

1999 წელს თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა აკადემიური გუნდის დირიჟორის სპეციალობით. 12 წლისა ანსამბლ "ფაზისში" მღეროდა, შემდეგ - "მძლევარში", 1995 წელს კი საკუთარი ანსამბლი "ბერიკა" ჩამოაყალიბა და "ოქროს მართვეს" ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო, 2000-ში კი დააარსა ანსამბლი "ბასიანი". 2 წელია, რაც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს, ასევე საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს ხელმძღვანელობს, ასწავლის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტშიც.

აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში და სხვა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მისვლის შემდეგ. მასთან სწორედ ფოლკლორის ცენტრის მიერ უკვე განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების და ხალხური სიმღერის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრეთ.

- ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რა არის მისი. ქართულ სიმღერას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რომელიც გენშია და საუკუნეებს ითვლის. მე და ჩემი ძმა რომ მივედით სიმღერაზე, მაშინ ქვეყანაში არეული დრო იდგა - გარეთ გასვლაც კი საშიში იყო და სწორედ სიმღერამ შეგვიფარა და გადაგვარჩინა. საოცარი მასწავლებლები მყავდა: ჯუმბერ ყოლბაია, მეცნიერებათა აკადემიის ვოკალური ანსამბლის "ფაზისი" ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ და კახა ონაშვილები, ტრისტან და გური სიხარულიძეები, თამაზ ანდღულაძე, პოლიკარპე ხუბულავა, ოთარ ბერძენიშვილი. ასეთი ადამიანები გაყვარებენ ქართულ სიმღერასაც და ცეკვასაც. ისეთი ღირსებებით იყო ანზორ ერქომაიშვილი შემკული, როგორ შეიძლებოდა არ აღფრთოვანებულიყავი? ათასობით ბავშვი გაზარდა "მართვეში" და ყველას უყვარდა. თავისი საქმის პროფესიონალი იყო, ყველაფერი იცოდა ქართული სიმღერის შესახებ. ეს არის საქმე, რომელიც სიყვარულით უნდა აკეთო და რომელიც მხოლოდ ქვეყანას კი არა, იმ ადამიანებსაც სჭირდება, ვინც ამ საქმეს ემსახურება. სიმღერა გულისხმობს ერთობას, გუნდურობას, თავდადებას, პროფესიონალიზმს, შრომას - იმას, რაც სამწუხაროდ, დღეს გვაკლია ქართველებს. ეს ყველაფერი თავმოყრილია ხალხურ სიმღერაში და თუ ამ თვისებებს ისევ გავაღვიძებთ ჩვენში, ქვეყანა წინ წავა. სიმღერა ვერ შეიქმნებოდა ზერელე, შრომის არმოყვარე ხალხისგან, რომელიც სულ სხვისკენ იყურება. სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს და მისთვის იბრძვის; ვინც ტაძარში დადის და გალობს; იცის თანადგომა და უფროსის პატივისცემა. ასეთები იყვნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომ მოგვწონს ამდენი საუკუნის შემდეგაც ჩვენი ფოლკლორი, ამიტომ ვერ ჩავწვდით და ამოვხსენით ბოლომდე. შეიძლება ახალი ვერ შევქმნათ, მაგრამ ძველი უნდა შევინარჩუნოთ. ღვთის დიდი წყალობაა, რომ სამხმოვანი სიმღერა გვაქვს. ამასთან დაკავშირებით გია ყანჩელს აქვს ნათქვამი საოცარი სიტყვები: ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, ვერ ამოვხსენი, როგორ ქმნიდნენ ანონიმები გურულ სიმღერებს, ისინი ბეთჰოვენის, მოცარტის, ბახის ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენო. მართლაც ასეა, საოცარ სიმღერებს ქმნიდნენ უბრალო გლეხები, რომელთა სახელი და გვარიც კი არ ვიცით დღეს...

- საინტერესოა, დღეს რა გვიშლის ხელს ამაში?

- მუშაობა არ გვინდა - დილით ადრე ადგომა გვეზარება, მეგობრისთვის ხელის გაწვდენა არ გვინდა, ზოგჯერ ნაცნობისთვის გამარჯობის თქმაც კი გვეზარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთი არ გვიყვარს, სოციალურ ქსელსა და ეკრანს ვართ მიჯაჭვულები დიდი თუ პატარა და ვუსმენთ, ვინ ვის ესროლა, ვინ მოკლეს, ვინ შეურაცხყვეს და ა.შ. ადრე სხვანაირად ცხოვრობდა ხალხი, სხვა ფასი ჰქონდა სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ამიტომაც გვიჭირს შევქმნათ რამე ახალი და ღირებული. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ რაც გვაქვს და ახალგაზრდებს თუნდაც "ჩაკრულოდან" ერთი აბზაცი ვასწავლოთ. მნიშვნელოვანია, ამ საქმეში მთავრობამ ხელი შეგვიწყოს და უნდა ითქვას, რომ მხარდაჭერა თეა წულუკიანის მოსვლის შემდეგ ნამდვილად გვაქვს. შეიძლება ვინმეს ეწყინოს ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ პირველად ვიგრძენით, რომ მინისტრი გვყავს და ვიღაც დაინტერესებულია ფოლკლორით. არ არსებობს დღეს ანსამბლი, რომელიც ჩოხებს არ იკერავს და აქტიურად არ ემზადება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის. საქმეს ვერც კი ავუდივართ, რაც ძალიან გვახარებს.

- უფრო ვრცლად გვითხარით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ...

- შემოდგომაზე დასრულდება ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, რომელმაც ყველა რეგიონი მოიცვა. ეს ფესტივალი 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ფაქტობრივად, ეს არის ექსპედიცია, რომლის საშუალებითაც ვხვდებით, რა მდგომარეობაა საქართველოს მასშტაბით ფოლკლორის ყველა დარგში. შემდეგ ამის მიხედვით იგეგმება, რომელ დარგს უფრო სჭირდება დახმარება - სიმღერას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, გამოყენებით ხელოვნებას თუ ტრადიციულ გალობას. ეს არის პროექტი ფოლკლორის დასახმარებლად და შესანარჩუნებლად. ამ ფესტივალმა დაგვანახვა, რომ ახალგაზრდების ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით დედაქალაქში. ახლა როგორც ვიმუშავებთ, ამის შედეგი მომდევნო ფესტივალზე გამოჩნდება და დავინახავთ, რომ რეგიონებშიც უკეთესი მდგომარეობა იქნება.

რაც შეეხება "მომავლის ხმებს", ეს სალოტბარო სკოლების ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წელს ანაკლიაში გაიმართება 17-24 ივნისს. მასში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. "მომავლის ხმები" ორ ეტაპად ჩატარდება. 17-დან 20 ივნისამდე ანაკლიაში წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დარჩებიან, მომდევნო ოთხი დღის მანძილზე კი მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლის ბავშვები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ. მონაწილეებისთვის მასტერკლასები და 2 კონცერტი გაიმართება სენაკის ახალ რეაბილიტირებულ თეატრში. კონცერტში ბავშვთა ანსამბლი "მართვეც" მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდების ლიდერები იქნებიან. ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მესამედ იმართება ფესტივალი. მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

286414298-2185972511570438-3988877973011777897-n-copy-1655712731.jpg

- მკითხველს შევახსენებ, რომ სალოტბარო სკოლებიც სწორედ თქვენი პროექტია.

- დიახ, ასეა და მიხარია, რომ მართლაც იდეალური პროექტია, რომელმაც უკვე ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. ფუნქციონირება 2015 წლიდან დაიწყო, ეტაპობრივად და, როგორც აღვნიშნე, უკვე 30-მდე ასეთი სკოლაა გახსნილი რეგიონებში. მოთხოვნა გაიზარდა და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე დაემატება. სხვათა შორის, პედაგოგები ჩვენივე კურსდამთავრებულები არიან. ამ პროექტის მიზანიც ფოლკლორის შენარჩუნებაა. ვინც სალოტბარო სკოლებში დადის, ყველა ლოტბარი ვერ გამოვა, მაგრამ ბევრი მიმდევარი ეყოლება და ამას რა სჯობს? სიმღერაში სხვას რითაც ვჯობნით, პოლიფონიაა და ეს უნდა იცოდეს ყველამ, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. ქართული სიმღერა გადაარჩინეს ოჯახებმა, გვარებმა. წინათ ვინ არქმევდა ანსამბლს სახელს, იყვნენ ერქომაიშვილები, ჩავლეიშვილები, ღუღუნაიშვილები, კავსაძეები და ასე, გვარებით იცნობდა ხალხი მომღერალ ოჯახებს. საბედნიეროდ, კიდევ ბევრი ოჯახი მღერის, პანდემიამ დაგვანახვა ეს, როდესაც საოჯახო ანსამბლებმა ვიდეოები ჩაწერეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. ასეთი 50-მდე ოჯახი იყო.

- ვიცი, რომ მრავალშვილიანი მამა ხართ და ისიც ვიცი, რომ არ გიყვართ ინტერვიუში პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ ორიოდე სიტყვით გვითხარით ოჯახზეც.

- 7 შვილი მყავს, უფროსი 19 წლისაა, პატარა - 5-ის. სიმღერაზე არც ერთი არ მიტარებია, მაგრამ კარგად მღერიან - ისეთ გარემოში გაიზარდნენ, რომ კარგად იციან სიმღერის ფასი.

ნინო ჯავახიშვილი