"პრაიმ ჰაუსში" ხელოვნური სიტუაციები რომ იქმნებოდა, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებდი" - გზაპრესი

"პრაიმ ჰაუსში" ხელოვნური სიტუაციები რომ იქმნებოდა, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებდი"

მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი რეალითი შოუს ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. პროექტი მაშინ დატოვა, როცა სხვა მონაწილეებთან ურთიერთობები დაალაგა. მიაჩნია, რომ მასში ძლიერ, შემტევ ქალზე სენსიტიურმა, მეოჯახე გოგომ გაიმარჯვა, ვისაც უაზრო ჩხუბისა და კამათის ხარჯზე მაღალი რეიტინგი არ სჭირდება...

- უკვე 2 კვირაა, რაც პროექტის გარეთ ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ჩემს ოჯახში ვიმყოფები, საქმეებს მივხედე, დავისვენე, გამოვიძინე.

- პროექტში მშვიდად ძილს ვერ ახერხებდი?

- ძალიან გვიან, ზოგჯერ დილის 4-5 საათზე ვიძინებდით და ადრე ვიღვიძებდით. ამიტომ ძილი არასოდეს მყოფნიდა.

- პროექტის გარედან შენი და სხვა მონაწილეების ცხოვრება როგორ ჩანს?

- ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როცა პროექტს სხვაგვარად შევხედე, აღმოჩნდა, რომ ყველანაირი ურთიერთობა უკეთ წარიმართა. პირველ 2 კვირას როგორიც ვიყავი (გაღიზიანებული, მქონდა კამათები...), ისეთი თეონა არ მომწონს. საერთოდ, ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა საზოგადოება ასეთს მხედავს. ამიტომ ვეცადე, ურთიერთობები მომეგვარებინა, თუმცა ალბათ, სწორედ ამის გამო, საინტერესო აღარ ვიყავი... მონაწილეებს რაც შეეხებათ, ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, დაძაბულობა, უაზრო კამათები ადვილად მოგვარდეს, რაღაც დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, თორემ ეკრანზე ეს ცუდად ჩანს: ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ამის ყურება უსიამოვნოა.

- გამარჯვების გარდა, თუ იყო ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ამ პროექტში გინდოდა, მაგრამ ვერ მოასწარი?

- სხვათა შორის, არა: მინდოდა, ხალხისთვის ჩემი თავი გამეხსენებინა. უფრო მეტმა ადამიანმა სხვა მხრივაც გამიცნო. ზოგმა არ იცოდა, რომ მოცეკვავე ვარ, სიმღერის ნიჭიც მაქვს და ა.შ. გული არაფერზე მწყდება.

- პროექტში ყოფნისას ყველაზე დიდ დისკომფორტს რა გიქმნიდა?

- მონაწილეებსაც ვეუბნებოდი, - მგონია, რომ "ფეიკ" საზოგადოებაში ვარ-მეთქი, ოღონდ - იცი, რას ვგულისხმობ? საერთოდ, სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ნამდვილი, ბუნებრივი ვარ. შესაბამისად, ხელოვნური სიტუაციები რომ იქმნებოდა, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებდი. მავიწყდებოდა, რომ პროექტში ვიყავი და ეს თამაში იყო. დისკომფორტს მიქმნიდა.

- "ხელოვნურ სიტუაციებში" რას გულისხმობ? შეგიძლია, მაგალითი გვითხრა?

- არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, ვინც "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობს, პროექტის გარეთ როგორც მოიქცეოდა, ისე არ ვიქცეოდით. შეიძლებოდა, რაღაცებზე თვალი დაგვეხუჭა ან პირიქით - არ დაგვეხუჭა... იქ ცოტათი სხვანაირი ბრძოლა მიმდინარეობს, რადგან ეს თამაშია, ადამიანის სხვანაირი თვისებები ვლინდება, რაც ცოტათი არ მომეწონა. ახლა კონკრეტული ეპიზოდი არ მახსენდება, რომ მაგალითად მოვიყვანო.

- საბოლოო ჯამში, როგორ ფიქრობ, ცხოვრობდი თუ თამაშობდი?

- იქ ყოფნის განმავლობაში, ყოველთვის ისეთი ვიყავი, როგორიც რეალურად ვარ, ყველანაირ სიტუაციაში. უბრალოდ, ბოლოს ჩემი ემოციების კონტროლი ვისწავლე (ამას "თამაშს" არ დავარქმევ), რადგან, როგორც აღვნიშნე, საკუთარი თავი არ მომეწონა, როცა გაღიზიანებული, ნამტირალევი, გარკვეულწილად აგრესიული ვიყავი. აღარ მინდოდა, ასე გაგრძელებულიყო. გადავწყვიტე, რაღაც წყენები ცოტა ადეკვატურად მომეგვარებინა, ძალიან ემოციური არ ვყოფილიყავი... სხვა მხრივ, ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში: რისი გაკეთებაც არ მინდოდა, ისედაც არ ვაკეთებდი.

- როცა მონაწილეები განიხილავდით, რა მოხდებოდა "ლაივზე", შენ აღნიშნე - ჟიური გადამარჩენსო. სხვაგვარად რომ მოხდა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდა?

- მართლა ყველა წერდა, - ხალხი თუ არა, ჟიური გადაგარჩენსო. ასე ფიქრობდნენ ჩემი გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და თავად პროექტის მონაწილეებიც კი... ყველაფერი სხვანაირად მოხდა. შემდეგ, "ლაივზე" ყოფნისას, როცა საქმის გარჩევები, კამათების განხილვა წარიმართა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ნეიტრალური, არააგრესიული ადამიანი ვარ, რომელიც უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებდა (პროექტში ცეკვის გაკვეთილები დავიწყე, საკუთარი თავის სხვაგვარად გამოვლენა მინდოდა და არა - კამათი და ჩხუბი), თუმცა ამან განაპირობა, რომ პროექტისთვის საინტერესო აღარ გახლდით, რადგან თურმე მონაწილეებთან გაუთავებელი ჩხუბი, კამათი უნდა გამეგრძელებინა... საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ეს არ მჭირდება და მერე არ მომეწონებოდა... ალბათ, ჟიურიმ ამიტომ გადაწყვიტა, რომ საჭირო აღარ ვიქნებოდი, რადგან დაძაბული ურთიერთობა არავისთან მექნებოდა. მაგალითად, ლიზამ "დისლაიქი" რომ დამიწერა, ვუთხარი, - თუ პროექტში ადამიანისგან რაღაც გწყინს, თან - ისეთისგან, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს, "დისლაიქამდე" არ უნდა მიიყვანო საქმე-მეთქი. კარგი იქნებოდა, მანამდე ეთქვა, ჩემგან რა ეწყინა და მოეგვარებინა. "აუთსაიდერობისას" ეს საკითხი ლიზასთანაც მშვიდად, ადეკვატურად მოვაგვარე.

- და მაინც, რამ გადაგაწყვეტინა, რომ ემოციები მეტად გაგეკონტროლებინა? თუ სწორად მახსოვს, იმ პერიოდში 1 დღით გასვლის საშუალებაც მოგცეს. გულშემატკივრებმა ხომ არ გირჩიეს, რომ პროექტში მონაწილეობა სხვაგვარად გაგეგრძელებინა?

- ისეთი დრო დაემთხვა, რომ "ნერვებზე ვიყავი" - პმს-ის პერიოდი მქონდა. ამ დროს ქალები უფრო მეტად გაღიზიანებულები, მგრძნობიარეები, სენსიტიურები არიან. არ ვამბობ, რომ რამე არასწორად, ცუდად გავაკეთე. პროექტის გარეთაც ასე მოვიქცეოდი: ადამიანისგან რაღაც მეწყინა, შეურაცხყოფად მივიღე და ამაზე შესაბამისი რეაქცია მქონდა. ეს ნორმალურია. უბრალოდ, მერე ყველაფერი ისე დამონტაჟდა, ვითომ გიორგი ნაზღაიძე დაიჩაგრა და ყველაზე საბრალოა, რათა რეიტინგული ყოფილიყო, - ნახეთ, რა მოხდა, თეონა რატომ ტირისო?.. რეალურად, ყველამ ვიცოდით, რა როგორ მოხდა და ამაზე მქონდა რეაქცია: ყველაფერი რატომ არ აჩვენეს-მეთქი?.. ეს ყველაფერი ჩემთვის სენსიტიური აღმოჩნდა. მერე ისე დაემთხვა, რომ 1 დღით გამოგვიშვეს. ვნახე, ჩემი რეაქცია იმაზე, რაშიც მართალი ვიყავი, ეკრანზე როგორ აჩვენეს... შემდეგ ყველაფერი "გადავხარშე", გავაანალიზე, რომ ეს პროექტია, სადაც უნდა გაიმარჯვო. შეიძლება, კომფორტულ სახლში ცხოვრობ, მაგრამ ეს თამაშია, სადაც ყველაზე ძლიერი იმარჯვებს. ჩემს შემთხვევაში, ძლიერ, შემტევ ქალს სენსიტიურმა, მეოჯახე გოგომ აჯობა, ვისაც არ სჭირდება მაღალი რეიტინგი "დაწეროს" რაღაც უაზრო ჩხუბებით, განხილვებით, კამათებით... ჩემი ოჯახი ასე ცხოვრობს: უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ერთმანეთი გვიყვარდეს, ადამიანებში უარყოფითი თვისებები არ ვეძებოთ - დადებითზე ვართ კონცენტრირებული. არ მომეწონა, როცა ამხელა აუდიტორიამ გაღიზიანებული მნახა. გადავწყვიტე, გიორგისთან ურთიერთობა მომეგვარებინა. შედეგად, როგორც აღვნიშნე, პროექტისთვის საინტერესო აღარ ვიყავი, ალბათ...

- საერთოდ, ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?

- საერთოდ, კომუნიკაბელური ვარ. მაგალითად, ჩემს მეუღლეს ნებისმიერთან საერთო ენის გამონახვა, დაახლოება, დამეგობრება შეუძლია, მე კი უბრალოდ შემიძლია, საერთო ენა გამოვნახო, მაგრამ შეიძლება, ნაკლებად ვეკონტაქტო. გააჩნია, მინდა თუ არა. როცა არ მინდა, უბრალოდ, არ ვაკეთებ.

- ვინ გინდა, რომ გაიმარჯვოს და შენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს?

- ძალიან მინდა, პროექტის გამარჯვებული როიალი ან პატრისია (პატრიკი) გახდეს. ჩემი აზრით, პატრიკი შოუს ბუნებრივად "აკეთებს" - უბრალოდ ასეთია. შექმნილი პერსონაჟი არ არის. რეალურად, მეგობრების წრეშიც ასეთი ხუმრობები სჩვევია. პროექტს კარგად მოერგო, თუმცა დაიღალა და ხშირად ამბობდა, რომ იქ ყოფნა აღარ უნდოდა. ყველას თავი შეაყვარა. სამართლიანი, კარგად გაზრდილი ბავშვია. ვფიქრობ, გამარჯვებას იმსახურებს. გარკვეულწილად, მებრძოლიც არის... როიალს რაც შეეხება, ისიც ძალიან საინტერესო, ნიჭიერი, ბევრ საკითხში სამართლიანი ადამიანია. შოუს "კეთების" მხრივ როიალიც არანაკლებია - გამარჯვებას იმსახურებს... ჩემს პროგნოზს რაც შეეხება, შოუს არანაკლებ აკეთებს და რეიტინგს "დებს" გიორგი ნაზღაიძე. ამ ადამიანმა იცის, სად რა და როგორ თქვას, ვის როგორ მოექცეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პერიოდი ნაწყენი ვიყავი, ურთიერთობა დავალაგეთ, ბოდიშიც კი მომიხადა. ცუდი ადამიანი არ არის. უბრალოდ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ ეს ყველაფერი თამაშია და შეიძლება, ადამიანებს რაღაცები შეგვეშალოს. ვინმეს არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ, მაგრამ შეურაცხყოფის ბევრი ეპიზოდი იყო. ამას ვერ ვიგებ და ვერც ვერასოდეს გავიგებ. გინდა, "თამაში" დავარქვათ, გინდა - არა: შეურაცხყოფის მიყენების გამართლება არ მესმის.

- ახლა, როცა უკვე იცი, რეალითი შოუში რა როგორ ხდება, პროექტში მონაწილეობას ისევ მიიღებდი?

- არა, მაგრამ გიო (ჩემი მეუღლე) შემდეგ სეზონზე მონაწილეობაზე ფიქრობს (იცინის). ჯერჯერობით ამ საკითხს უბრალოდ განიხილავს. ვნახოთ... პირადად მე, მსგავს პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ.

- შენმა ბიჭუნამ აღიქვა, სად იყავი წასული, როცა პროექტში მონაწილეობდი?

- კი. უკვე 7 წლისაა. პარასკეობით, როცა გამოვდიოდი, დემიანს (ჩემს შვილს) ყველაფერს ვუყვებოდი. ჩემი მეუღლეც უყვებოდა. "სტრიმზეც" ხშირად მიყურებდა. ყველაფერი იცოდა - სად ვიყავი, რას ვაკეთებდი... როცა "აუთსაიდერი" ვიყავი, ვკითხე: როგორ გინდა, ამ შაბათს პროექტში დავრჩე თუ "გამოვვარდე" და შენთან მოვიდე-მეთქი? - მინდა, რომ "გამოვარდეო", - მიწინასწარმეტყველა (იცინის)... მოვედი სახლში მშვენივრად, ჩავეხუტე... ახლა სულ ერთად ვართ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

img-3323-copy-1655728094.jpeg

- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- რაც უნდა იყოს, ჩემთვის მთავარია, რომ ბოლოს ადამიანი ადამიანად დარჩე. გარეთ რომ გავდივარ, 5 წლიდან ზემოთ, ყველა ასაკის ხალხი დიდი სიყვარულით მხვდება. ერთი ნეგატიური ეპიზოდიც კი არ ყოფილა. ყველა მეუბნება, - პროექტში რომ არ დაგტოვეს, უსამართლო გადაწყვეტილება იყოო... ხალხის დამოკიდებულება სულ სხვაა, ჟიურისა და პროდიუსერებს კი სხვა მოლოდინი და გეგმები ჰქონდათ... მეუღლეს ვეუბნებოდი, მეჩვენება თუ რა ხდება-მეთქი? სადაც უნდა მივიდე, ყველა ძალიან კეთილგანწყობილია, სიყვარულით მიყურებს და მესალმება. ეს მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ჩემი მაყურებელი და გულშემატკივარი ძალიან მიყვარს.

- თეონა, ახლა რას აპირებ?

- პროექტიდან რომ გამოვედი, ჩემი სტუდია ისევ ფუნქციონირებდა: მოსწავლეებთან გაკვეთილებს ჩემი მეუღლე აგრძელებდა. ახლა უკვე სეზონს ვასრულებთ. ზაფხულში ბავშვები ბანაკში მიგვყავს, ძალიან საინტერესო იქნება... სამომავლოდ, ისევ ჩემი პროფესიის, სტუდიის განვითარებაზე ვიფიქრებ და ვიზრუნებ. ჩვენს მაყურებლებს ბევრ საინტერესო და მაგარ ვიდეოს შევთავაზებთ.

ეთო ყორღანაშვილი