"იმედი მქონდა, მომშორდებოდა, მაგრამ ბოლომდე გამომწურა..." - გზაპრესი

"იმედი მქონდა, მომშორდებოდა, მაგრამ ბოლომდე გამომწურა..."

სახელი, გვარი: ზურა გორგაძე.

ასაკი: 33 წლის.

განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი.

ჰობი: თევზაობა, სიმღერა, ცეკვა.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს დავნებდეთ".

- ზურა, წარმოიდგინეთ, არავინ გიცნობთ. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენთ - ვინ ხართ?

- ვარ მხიარული, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ უჟმური (ოღონდ - თუ ვინმე გამაუჟმურებს), მეგობრული, საზოგადოებასთან "გახსნილი", გულთბილი. ასევე - გარკვეულ სიტუაციებში პრაგმატული, ობიექტური. ხანდახან საკუთარი თავისთვის კარგი რჩევის მიცემა და გარკვეული გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია, სხვებისთვის კი - როგორც ჩემი მეგობრები და გარშემო მყოფები ამბობენ, - ძალიან კარგი მრჩეველი ვარ. როგორც ყველა ადამიანს, მეც ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს და ვცდილობ, რაც არ მომწონს და ხელს მიშლის, გამოვასწორო. ამაზე მუშაობა მთელი ცხოვრება გრძელდება, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია რომ მივიღოთ.

- როგორ ფიქრობთ, უკეთესი მსახიობი ხართ თუ ტელეწამყვანი?

- სამსახიობო სფეროს არ მივყევი, დიდი შესაძლებლობა არ მომეცა. შესაბამისად, იმის საფუძველი არ მაქვს, რომ ვთქვა, - კარგი მსახიობი ვარ-მეთქი. როცა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავასრულეთ, რეჟისორმა საკუთარ თეატრში წამიყვანა, რაც ჩემთვის დიდი სტიმული და მტკიცებულება იყო, რომ რაღაც შემეძლო. იმ წლებს თუ გადავხედავთ, ცუდი მსახიობი არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ამ პროფესიას მუდმივად აქტიურ ფაზაში ყოფნა, მუდმივი "ტრენაჟი" სჭირდება, მენტალურადაც და ფიზიკურადაც. რაკი ბოლო წლებია, ტელეწამყვანი ვარ, ამჟამად ეს საქმე უკეთ გამომდის, მაგრამ არც "იქაა" გვიან: ყოველთვის ვფიქრობ, რომ ერთ დღეს სცენაზე დავდგები, ამისთვის დროს გამოვნახავ.

- მიზეზი რა არის, რის გამოც აქტიური მსახიობი არ ხართ?

- იმ პერიოდში კინოს სფერო დიდად განვითარებული არ იყო. ახლა კინემატოგრაფი გაცილებით უკეთეს დონეზეა: წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი ქართული ნამუშევრები ვნახეთ... თეატრს რაც შეეხება, მასში მთელი გონებით უნდა გადაეშვა... წლების წინ, როცა ჩემს ცხოვრებაში ტელევიზია, რადიო, გახმოვანება შემოვიდა, რაღაცნაირად, თეატრს ვეღარ შევუთავსე და ამ სფეროებმა გადამძალა. საკუთარ თავს ვატყობდი, რომ სხვადასხვა სფეროში მუშაობის ხარჯზე, სცენას, როლზე მუშაობას ბევრ რამეს ვაკლებდი. თუ სცენაზე დგახარ, ძალიან მაგარი უნდა იყო, "ისე რა" ყოფნა არ გამოდის. ადამიანს შინაგანი დისკომფორტი გაქვს, რასაც საბოლოოდ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მიჰყავხარ. რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილება იმის შედეგიცაა, რომ ჩვენთან თეატრში ისეთი შემოსავალი არ არის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი საჭიროებისამებრ უზრუნველყოს. მოკლედ, გარემო ფაქტორების მსხვერპლი გავხდი: თეატრისთვის თავი არ დამინებებია - "შემომენება".

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- კომფორტის ზონა ცუდი არ არის, მაგრამ როგორც კი მასში შევდივარ, ყოველთვის ნერვიულობას ვიწყებ. ცოტა მეშინია, რომ სიტუაციით ძალიან არ დავტკბე. ხშირად ისე ხდება, თითქოს განვითარებას წყვეტ და რაღაცებს აღარ ცდილობ, ცხოვრებაში სხვა ფერები აღარ შემოგაქვს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემი კომფორტის ზონა გავადისკომფორტო და ჩემს ცხოვრებაში ფერები შემოვიტანო, სხვადასხვა რაღაც ვცადო...

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- კლუბი. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, კლუბი, ელექტრონული მუსიკა და ცეკვა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რადიკალიზმი მახასიათებს: ხმაური არ მიყვარს, მაგრამ კლუბური ხმაური მომწონს: შემიძლია, მთელი ღამე დაუღალავად ვიცეკვო და მეორე დღეს ბედნიერი ვიყო; მეორე უკიდურესობა ისაა, რომ დაღლილი აბსოლუტურ სიჩუმეში უნდა ვიყო (თუნდაც - სახლში), 1 ჭიქა ღვინოს ვსვამდე და რამე სასიამოვნო ფილმს ვუყურებდე ან მეგობრებთან სიწყნარეში ვმუსაიფობდე.

- კლუბური გართობის შემდეგ დილის ეთერში მჯდარხართ?

- კი, პირდაპირ კლუბიდან ეთერში მივსულვარ (ოღონდ - პანდემიამდე). კლუბურ გართობას ჩემთვის საქმეში ხელი არ შეუშლია, რადგან რეალურად, ამით ენერგიას ვიღებ, ვიკვებები... ახლა, გადატვირთული ცხოვრების გამო კლუბურ გართობას დიდად ვერ ვახერხებ... პასუხისმგებლობა თუ გაქვს ადამიანს, ყოველთვის იცი, შენი ენერგია სადამდე გაგყვება. შესაბამისად, ჩემთვის გართობას საქმეში პრობლემა არ შეუქმნია.

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- მათი იუმორის, პასუხისმგებლობის, ერთგულების მიხედვით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართალი ადამიანი უნდა იყოს. ამას მალევე ვხვდები და აურითაც ვცნობ. ეს უნარი მსახიობებს განსაკუთრებულად გვაქვს განვითარებული: 4 წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა ადამიანების ქმედებების შეფასება და სწავლაა, რაც შემდეგ სცენაზე გადაგვაქვს. მსახიობები კარგად ვხედავთ, როდის ტყუის ადამიანი, როდის არის მართალი და ა.შ.

- პირადად შეხვედრისას ადამიანის გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- ალბათ - ღიმილი. თუ ადამიანი მიღიმის, მნიშვნელობა არა აქვს მის პარამეტრებს (სიმაღლე, თმის ფერი და ა.შ.) - მთავარია, დადებითი განწყობა "მოვიდეს".

4ec0091c-ff5e-4b1e-a5cf-96d094371a80-1655728414.jpeg

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- ძალიან ემოციური ვარ. ამ თვისებას მთელი ცხოვრება ვარეგულირებ. ადამიანს ემოცია უნდა ჰქონდეს - ეს ბუნებრივია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ემოციური ვარ, რომ თუ ვინმემ ჩემ წინაშე რაღაც დააშავა, შეიძლება, ისეთი საპასუხო რეაქცია მქონდეს, რომ ცოტა ხანში საბოდიშოდ თავად გამიხდეს საქმე (იცინის). ემოციების კონტროლი ცოტათი მიჭირს. მთელი ცხოვრება ამაზე ვმუშაობ.

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- მადლობა ღმერთს, რომ შანსი მომცა, თუნდაც ეკრანზე, სცენაზე ვყოფილიყავი და იმაზე მეტ ადამიანთან მქონოდა ურთიერთობა, ვიდრე შეიძლებოდა, სხვა "სცენარის" შემთხვევაში მომხდარიყო. ალბათ ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ერთი ადამიანი მაინც გავაღიმოთ, დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. როცა ბევრი ადამიანი გიყურებს, ეს უკვე დიდი როლია: ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ჩვენს მაყურებელს ეხმარება. ყველა პლატფორმას მაქსიმალურად ვიყენებ, რომ გარშემო ნეგატიური განწყობა დავახშო და პოზიტიურზე ვკონცენტრირდე. ალბათ ესეც ჩვენი როლია - სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც რაღაც კარგი გავაკეთოთ; ვეცადოთ, სწორად ვიცხოვროთ: საღამოს, როცა შინ დაბრუნებული ვფიქრობ, დღეს ტყუილად არ ჩაუვლია და ოდნავი კმაყოფილების შეგრძნება მაინც მაქვს, ბედნიერი ვარ.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა: რადგან ჩემი პროფესია გახმოვანებას მოიცავს, ყოველდღე უამრავი გვერდის წაკითხვა მიწევს. ჩემს თვალს მეტის აღქმა და მიღება უბრალოდ, აღარ შეუძლია. შესაბამისად, წიგნებს ძალიან იშვიათად ვკითხულობ, თუმცა ბოლოს, 2 თვის წინ, ჯონათან ფრენზენის "შესწორებები" წავიკითხე (ძლივს ჩავამთავრე). საკმაოდ კარგად წასაკითხი ნაწარმოებია, ოჯახური ურთიერთობების შესახებაა...

- ამჟამად რომელ სერიალს უყურებთ?

- გახმოვანების მიღმა, ბოლოს "მხევლის წიგნი" და "ლაზიერის გამბიტი" ვნახე. ამ ორმა სერიალმა მომხიბლა. ისე, გახმოვანების წყალობით უამრავ სერიალს ვუყურებ, მათ შორის ისეთს, რომლის ნახვაც არ მინდა: თურქულებს, ინდურებს...

- სერიალების გახმოვანებისას ალბათ, ბევრი უცნაური ან სასაცილო ეპიზოდი შეგხვედრიათ...

- კი. განსაკუთრებით ინდურ სერიალებში იმდენი სისულელე "გამოხტება", არც კი მჯერა, ასეთი რამ სამყაროში თუ შეიძლება მოხდეს. მაგალითად, მახსოვს, მთავარი პერსონაჟი ავტომობილის საჭესთან იჯდა. მუხრუჭებმა უმტყუნა. იმედი მქონდა, ავტოავარიაში მოყვებოდა, გარდაიცვლებოდა და ეს პერსონაჟი "მომშორდებოდა", მაგრამ - არა, ძალიან შევცდი: დაახლოებით 10 სერიის განმავლობაში იმ მანქანით მიდიოდა. არსად არაფერს დაეჯახა. ყველას ჩამოურეკა, ელაპარაკა, თუ როგორ უყვარდა, ყველაფერი გაიხსენეს, რაც მანამდე, 110 სერიის განმავლობაში მოხდა. სულ ეს პერსონაჟი ლაპარაკობდა... შემდეგ მგონი, ავტოავარიაში მოჰყვა, მაგრამ მერე კომაში ჩავარდნილს მოგონებები ჰქონდა და კომაში მყოფის ლაპარაკს ვახმოვანებდი გაუჩერებლად ()... ბოლომდე "გამომწურა".

- როგორ ფიქრობთ, ადამიანს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- კი, შეუძლია. ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი ხიბლი, მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ადამიანი თუკი მეორე ნახევრის გარეშეა, ეს ნიშნავს, რომ თავს მაინც ბედნიერად გრძნობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებდა, რომ მეორე ნახევარი ეპოვა. ადამიანს ბედნიერება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია. გარკვეულწილად, ბედნიერებაც ჩვენი არჩევანია. არის გარემოებები, რამაც შეიძლება, ხელი შეგვიშალოს, მაგრამ თუ გვინდა, ბედნიერები აუცილებლად ვიქნებით - მარტივი რაღაცები გაგვაბედნიერებს. აი, ასეთი დამოკიდებულება მაქვს.

- მეგობრები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?

- ალბათ, ჩემს ემოციურობას. მეგობრები კარგად მიცნობენ და ჩემი ემოციურობა მათთვის აბსოლუტურად გასაგებია, ასე რომ, იმის გამო მსაყვედურობენ, რომ ზედმეტი ემოციურობითა და ნერვიულობით ზიანს საკუთარ თავს, ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას ვაყენებ.

- თქვენს ცხოვრებას რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ჩემთვის მთავარი ფასეულობებია: სიკეთე, ერთგულება, პატიოსნება, სამართლიანობა ანუ ყველა ის თვისება, რომლებიც ადამიანებად გვაქცევს. ცხოვრების განმავლობაში 10 მცნებას თუ შევასრულებთ, ასე თუ ისე, ე.ი. სწორად გვიცხოვრია. შინაგანად ყოველთვის ვხვდებით, რა არის სწორი და რა - არა. უნდა ვეცადოთ, მთავარ ფასეულობებს არასოდეს გადავუხვიოთ ან თუ გადავუხვევთ, კვლავ სწორ "რელსზე" დავდგეთ, რათა შინაგანი "მე" კმაყოფილი იყოს...

ეთო ყორღანაშვილი