"სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია" - გზაპრესი

"სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია"

ევროპის კრიტიკას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ქართველებმა "ერთობლივად უნდა დასძლიონ ის დაბრკოლებები, რაც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება" და ასე უნდა შევიდნენ ევროკავშირის "ფართოდ გაღებულ კარში". ამ დაბრკოლებებს შორის დასახელებულია ოლიგარქიული მმართველობა, პოლარიზაცია და კორუფცია... ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე სასაუბროდ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძეს მივმართეთ:

- ევროკომისიის წევრებმა საქართველო მწვავედ გააკრიტიკეს - ვისი შეცდომების ბრალია ეს - ხელისუფლების თუ ოპოზიციის?

- უმჯობესია ასე ვთქვათ: აქ "დამნაშავეა" ჩვენი შეცდომებიც და ახალი გეოპოლიტიკური კონიუნქტურაც, რის გამოც, ევროპელი ლიდერები გადაწყვეტილებებს ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. ასეთი დამოკიდებულება კანდიდატობის საკითხის მიმართ ჩემთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი: დღეს მსოფლიოში ისეთი გაურკვეველი სიტუაციაა და იმდენი ძალა მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, რომ ამ ხარისხის მონიჭება ასე მარტივად ვერ გადაწყდებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდით და დაშვებულ შეცდომებზე მივუთითებდით, ყურადღებას არ გვაქცევდა და თავისი "მრევლის" დარაზმვით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, ვინმეს თვალსაზრისი მათთვის საყურადღებო არ არის. ასე რომ, ყველაფერი ლოგიკურია - მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა მთავარია, ევროკავშირის კრიტიკა ტრაგედიად არ აღვიქვათ, დასავლეთთან თანამშრომლობა განვაგრძოთ და მათი მითითებები შევასრულოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითგვემა და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა არაფერს გვიშველის.

- რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ამ მითითებების შესასრულებლად?

- არ მინდა წინასწარმეტყველის მანტია მოვისხა, ამიტომ, ისე გესაუბრებით, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე: ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ამას ადრეც ვამტკიცებდი და დღესაც იმავე აზრზე ვარ. არჩევნები თვითმიზანი არ არის, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ ჩანს, ის უნდა ჩატარდეს. იმის გამო, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება საკამათო გახდა, ვიღაცამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ვიღაც თანამდებობიდან გადადგეს, რადგან ეს აშკარა მარცხია.

- კი მაგრამ, ამ რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას შევძლებთ?

- ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები 2023 წლის შემოდგომისთვის მაინც უნდა დაიგეგმოს, ქვეყანაში ყველაფერი რომ დალაგდეს. სულაც არ ვგულისხმობ, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს წააგებს, შეიძლება მოიგოს კიდეც, რადგან თავისი ელექტორატი ჰყავს, რომელიც მას მხარს უჭერს. მიუხედავად ამისა, ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რომ საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს. სხვა შემთხვევაში, პოლარიზება გაგრძელდება და მთავარ ხარვეზებს ვერ აღმოვფხვრით. ჩვენი პოლიტიკოსების მთავარი პრობლემა იცით, რა არის? - ვიღაცას უცხოეთში, შამპუნით მორეცხილ ქვაფენილზე რომ გაუვლია, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, მერე აქ ჩამოდის და ამ უძველესი კულტურის მქონე ხალხის და ქვეყნის მართვა სურს. საქართველოში ვისაც ფული არა აქვს, პარტიას ვერ ქმნის, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული გადამწყვეტი ფაქტორია. როდესაც ადამიანს მილიონები აქვს ნაშოვნი, ცხადია, თავი შენზე ჭკვიანი ჰგონია და რატომ დაგიჯერებს, როცა შენ ერთი მილიონიც ვერ გიშოვია?! - აი, ეს არის ყველაზე რთული პრობლემა 21-ე საუკუნის საქართველოში.

- ევროპამ ოლიგარქიული მმართველობა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც ახსენა... თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- დაუფარავად გეტყვით: მე ვიცნობ ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ის ამ ქვეყნის პატრიოტია. მას ბევრი კარგი საქმე აქვს საქართველოში გაკეთებული და კარგი იქნება, თუკი მართვის სადავეებს მთლიანად დათმობს, ძველი, კარგი საქმეების კეთებას განაგრძობს, რის გამოც ჩვენმა ხალხმა ქვეყანა ანდო.

- ფაქტია, რომ "პოლარიზაცია" და "ოლიგარქიული მმართველობა" მთავარი მიზეზებია, რის გამოც ევროპა გვაკრიტიკებს...

- მოდით ვთქვათ, რომ ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატის სტატუსი პრაგმატული მოსაზრებების გამო მაინც უნდა მოგვცენ, თუმცა, ეს სტატუსიც, თავისთავად, არაფრის გარანტი არ არის. ამას თურქეთის მაგალითიც გვიჩვენებს, რომელიც უკვე 30 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. სამწუხაროდ, ევროკავშირის პოლიტიკას გერმანია და საფრანგეთი განსაზღვრავს, განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთის ჩამოცილების შემდეგ. პატივცემულმა ემანუელ მაკრონმა გეოპოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მაინც უნდა დაასკვნას, რომ სამხრეთ კავკასიის რუსეთისთვის დათმობა დასავლეთის კრახის წინა პირობა იქნება, რუსეთისთვის კი - დიდი ფორის მიცემა. საქართველო თითქოს კუთხეში დააყენეს და ყური აუწიეს, რაც სასიამოვნო სანახავი სულაც არ არის. ამიტომაც ვთავაზობ ხელისუფლებას და ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. სხვა ვარიანტი არ არსებობს ქვეყანაში, რომელსაც ახლა ბიძინა ივანიშვილი მართავს. არაფორმალური მმართველობით, რომელიც მან 2012 წლის შემდეგ დაამკვიდრა, ევროპა ვერ მიგვიღებს - ეს აშკარაა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ჩვენს ქვეყანას სერიოზული კრიტიკა დაატყდა თავს და რის გამოც კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ამ გზაზე კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რაშიც თქვენ - ჟურნალისტებმა და ჩვენ - ანალიტიკოსებმა სერიოზული წვლილი უნდა შევიტანოთ.

- რას გულისხმობთ?

- უამრავი შეცდომაა დაშვებული როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან და ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ეს ჩვენი სამშობლოა, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ და ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის უკეთესი მომავალი გვინდა, ამიტომ უნდა ავწონ-დავწონოთ: რატომ მოხდა ეს მარცხი, როგორმე ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმაც უნდა ვისწავლოთ. ეს ორი ძალა - "ოცნება" და "ნაციონალები" ვეღარ გაერთიანდებიან, მაგრამ მათი გამიჯვნა ახალი პოლიტიკური სპექტრის შექმნით უნდა მოხერხდეს. ბოლოს მაინც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - მან უნდა დაადასტუროს, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, მერე კი, ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ - სხვა გზა არ არსებობს, რომ ამ ურთულესი ვითარებიდან გამოვიდეთ. განსაკუთრებით, თუ ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს გავითვალისწინებთ. პანდემიის პირობებში ლამის დამბლადაცემული ეკონომიკა თანდათან იღვიძებდა და ამ დროს, შუაგულ ევროპაში საომარმა მოქმედებებმა იფეთქა, სადაც აგრესორი კანიბალიზმის მასშტაბურ აქტს ატარებს. 150-მილიონიანი ქვეყანა თავს დაესხა 43-მილიონიან უკრაინას და ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა გამართა. ამაში დამნაშავე რუსეთია, მაგრამ მეორე მხარე იმაზე კი არ ლაპარაკობს, როდის ან რა პირობებით უნდა შეწყდეს ეს ომი - პირიქით, მის გაგრძელებაზე საუბრობენ... ამ სიტუაციაში საქართველომ გაასმაგებული სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოს.

- არ ფიქრობთ, რომ ამ ომში რუსეთი უეჭველად უნდა დამარცხდეს?

- ვცდილობ, ყველაფერს რეალისტის თვალით შევხედო: დასავლური, თანამედროვე შეიარაღებითაც კი ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება - ჯერჯერობით, ამის თქმა მიჭირს. უკრაინელი ხალხი მამაცია და არ ნებდება, მაგრამ აშკარაა, რომ არც რუსეთი იხევს უკან. არადა, მსოფლიო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგას და არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ სიტუაცია განიმუხტოს. ჩემი აზრით, ახლო მომავალში ევროპულ ოჯახში რომ არ მიგვიღონ, ეს მხოლოდ საქართველოს მარცხი კი არა, ევროკავშირის მარცხი იქნება, რომელიც კავკასიის მნიშვნელობას ვერ ხედავს, მით უმეტეს, ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ვერ ხედავს, რომ საქართველო წინა აზიის გასაღები და ამ რეგიონის პლაცდარმია. სად არის დასავლეთის მიერ ჩვენკენ რეალურად გადმოდგმული ნაბიჯები? - მე ამას ვერ ვხედავ.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც დასავლეთი გვაკრიტიკებს, მედიის მდგომარეობა და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაა...

- გეთანხმებით. ცხადია, პირველ რიგში, სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობას გულისხმობენ. მე სულ ვამბობდი, რომ სააკაშვილის დაკავება საჭირო არ იყო. ხელისუფლებას ის ქვეყნიდან უნდა გაეძევებინა, რადგან მისმა დაპატიმრებამ ჩვენს სამშობლოს დიდი ზიანი და სერიოზული ნეგატივი მოუტანა. ეს სერიოზული შეცდომა იყო, მაგრამ რომ დააკავეს, ხომ შეიძლებოდა, მერე წასულიყვნენ კომპრომისზე? ეს მმართველ გუნდს კი არ მოუტანს ნეგატიურ შედეგებს, პირველ რიგში, ქვეყანას დააზიანებს.

- რას ეტყოდით ჩვენს ხალხს, რომელიც უიმედოდ არის განწყობილი, რომელსაც მძიმე სოციალური პრობლემები და სიღარიბე ვერ დაუძლევია?!

- უიმედო ჩემი მტერი იყოს! მე არ ვარ განწყობილი უიმედოდ: რატომღაც მგონია, რომ მეომარი მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და თანდათან მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. ამ პირობებში, არ უნდა მოვწყდეთ იმ მაგისტრალურ ხაზს, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. მართალია, ნელა, ძალიან მძიმედ, მაგრამ წინსვლა მაინც უნდა გავაგრძელოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ცივილიზებულ სამყაროს დაგვაშოროს. ამავე დროს, ჩვენს მეზობლებთანაც უნდა ვითანამშრომლოთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ტვირთნაკადები და ახალი ინვესტიციები, რომელიც აქ შემოვა. ვფიქრობ, თუ ამ ყველაფერს გონიერი და პატრიოტი გუნდი გაატარებს, თუ მთავრობა ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს, განვითარების შანსიც გვექნება.

- სამწუხაროდ, ამ სიტუაციით სარგებლობს ხალხი, რომელიც დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და აცხადებს - რუსულ ორბიტას თუ დავუბრუნდებით, გადავრჩებითო. რამდენად ლოგიკურია ეს მოსაზრება?

- ეს ომიც დამთავრდება, პუტინის ეპოქაც დასრულდება და შეიძლება რუსეთი თვითონაც წავიდეს იმ ცივილიზაციისკენ, რომელსაც დასავლეთს ვუწოდებთ. ამიტომ, ღმერთმა ნუ ქნას, ისევ რუსულ ორბიტას დავუბრუნდეთ. ყველაფერს თანდათან მივაღწევთ, მთავარია, მომავლის იმედი არ დავკარგოთ და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ვიმოქმედოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე