იაგო ხვიჩია განსხვავებულ ამპლუაში - გზაპრესი

იაგო ხვიჩია განსხვავებულ ამპლუაში

"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი, პარლამენტარი იაგო ხვიჩია კულინარიული პროექტის - "სამზარეულოს ომების" ერთ-ერთი მონაწილეა, სადაც ცნობილი ადამიანების მეწყვილეები გამოცდილი მზარეულები არიან. ეთერში გადაცემა უკვე გავიდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- იაგო, მზარეულის ამპლუაში გამოჩნდით. რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

- მინდოდა, სხვა კუთხითაც დავენახე ადამიანებს; ასევე მინდოდა მესწავლა სამზარეულოს პრინციპები. ბუნებით აზარტული ვარ და ყველანაირ თამაშში ვმონაწილეობ. თან პარლამენტში ცოტა მოვიწყინე, იქ არ ხდება საინტერესო ამბები, თითქოს შედეგებიც წინასწარაა ცნობილი, ამიტომ გადავწყვიტე, ამ გართობაზე უარი არ მეთქვა და ბედი მეცადა...

- ამბობთ, პარლამენტში მოვიწყინეო, რა მოლოდინი გქონდათ და რა დაგხვდათ?

- მეგონა, რაიმე მნიშვნელოვან თემაზე იღებდნენ პარლამენტში გადაწყვეტილებას, მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ იქ ასე არ ხდება, მივხვდი, ნაკლები აზარტია ამაში და სხვა თამაშია. პარლამენტის დეპუტატთა რაღაც რაოდენობა მაინც უნდა შეთანხმდეს, რომ პოლიტიკოსობა უნდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მე ისეთ ადამიანთა რიგში ვარ, რომლებიც თანამდებობით პოლიტიკოსები არიან, თუმცა ეს არ უნდათ. გინდა, მათთან "პოლიტიკოსობანა" ითამაშო, მაგრამ არ გამოდის. ეს იმას ჰგავს, ფეხბურთის თამაშისას ზოგს რომ არ უნდა სირბილი და ძალით ათამაშებენ. ასეთ დროს ფეხბურთის თამაში არ გამოდის.

- ამდენი პოლიტიკოსიდან ერთი იდეის გარშემო არავინ ერთიანდება?

- ძალიან შეზღუდულია ასეთი პოლიტიკოსების რაოდენობა. სულ სამი იდეა არსებობს პოლიტიკურ სპექტრში: მიშას იდეა, ბიძინას იდეა და თავისუფლების იდეა, ანუ ჩვენი, "გირჩის". შესაბამისად, ძალიან მწირია საუბრის საშუალებაც.

- სამზარეულოში ფუსფუსის გამოცდილება გაქვთ თუ ესეც გამოწვევაა?

- ძალიან მწირი გამოცდილება მაქვს, ისიც მივიწყებული მქონდა. გამიმართლა მეწყვილეში, არაჩვეულებრივი პროფესიონალია ვახა ცანავა. მაყურებელიც ნახავს, რომ იმ კონცეფციისთვის, რომლითაც მე მინდოდა წარდგენა, ჩემი მეწყვილე შესაფერისია. ეს დიდ მოტივაციას გაძლევს ადამიანს. მეწყვილეს არჩევა ჩემზე არ იყო დამოკიდებული. თამაშის ორგანიზატორებმა ასე გადაწყვიტეს. გამოცდილი მზარეულია, თან მეგრელია... გასაცნობად ქუთაისში ჩავაკითხე, რომ მისი შეხედულებები მომესმინა. პირადად არ ვიცნობდი და მაინტერესებდა მისი გეგმები. რესტორანში შევხვდი ვახას და მისი მომზადებული კერძიც გავსინჯე.

- მეგრულად საუბარი შოუში თქვენი მოფიქრებულია?

- ორი მეგრელი ვართ და ეს ბუნებრივია. საერთოდ, ეს შოუს ელემენტებსაც შეიცავს. დიდი ხანია, მეგრულად არც მე მისაუბრია, რაღაცნაირი ნოსტალგია მქონდა, ამიტომ ამ პროცესით ვისიამოვნე. მაყურებელმა ნახა, როგორი გადაცემა გამოვიდა და სხვა გადაცემებშიც ძალიან საინტერესო სიახლეები იქნება.

- გამორჩეულად რომელი კერძი გიყვართ?

- საერთოდ, გემრიელი კერძები მიყვარს, გამორჩეულად - ქართული და ჩინური სამზარეულო. რომ გითხრათ, რომელიმე ქვეყნის სამზარეულო არ მიყვარს-მეთქი, არ იქნება სიმართლე. როცა ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავდივარ, იმ ქვეყნის საფირმო კერძებს აუცილებლად ვსინჯავ. განსხვავებული გემოებია და თუ გემრიელია, მომწონს.

- მშობლები ალბათ გგულშემატკივრობენ, არა?

- ოჯახი ბევრად ხალისით და სიმშვიდით შეხვდა ამ ამბავს, ვიდრე ჩემს პოლიტიკოსობას. მგულშემატკივრობენ. საჭმლის მომზადებას რაც შეეხება, დედას ესმოდა, რომ სტუდენტობის დროს მე და ჩემს ძმას მარტო მოგვიწევდა ცხოვრება და მაქსიმალურად ცდილობდა, რაღაცები გვცოდნოდა, რათა საკუთარი თავისთვის მიგვეხედა. რომ გითხრათ, შინ კერძების მომზადებაში ვმონაწილეობდი, ასე არ იყო. ამიტომ დედაჩემისთვისაც სიურპრიზია ტელევიზიით ამ ამპლუაში ჩემი ნახვა.

- კულისებში რა ხდება, დიდია კონკურენცია?

- შიგნით ურთიერთობები ყალიბდება. ადამიანები მეგობრდებიან, უახლოვდებიან ერთმანეთს, გულისწყვეტაც არის, რადგან თამაშია. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ახალი ურთიერთობებით, ახალი თავგადასავალია ჩემს ცხოვრებაში და ეს ძალიან მომწონს. მინდა ბევრი ასეთი თავგადასავალი მქონდეს, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი გავიცნო, ამით ხომ ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანდება.

- თქვენს "ფეისბუკ"-გვერდზე განსაკუთრებულად გააზიარეთ ვანიკო თარხნიშვილის ვიდეო, ის თქვენი კონკურენტია და აპიარებთ?

- ვანიკო შოუში გავიცანი. მისმა სამსახიობო ოსტატობამ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პირველად მომიწია კულისებიდან მისმა ხილვამ. სხვა მსახიობებიც არიან, მარტო ვანიკო არა, ილოც ასეთია. ბევრად თავისუფლად გრძნობენ თავს. ვანიკო აქტიური, საინტერესო და ძალზე სასიამოვნო ადამიანია. მისი იმ ვიდეოდანაც ძალიან კარგად ჩანდა ხასიათი.

- თქვენი მიზანი, ბუნებრივია, მოგება იქნება, არა?

- საერთოდ, თამაშში ყველა მოგებისთვის იბრძვის. მე პოლიტიკოსი ვარ და ჩემი მიზნები მაქვს. რაღაცნაირად, სხვადასხვა კონცეფციით გავდივართ ყველა თამაშში და მინდა, სხვა თვალით დავანახვო საზოგადოებას მეგრული სამზარეულო. პირველი გადაცემა იყო თევზის კულტურაზე. სამეგრელოში თევზს არ სცემენ სათანადო პატივს, ამას ვაბრალებ საბჭოთა პერიოდში ზღვის ჩაკეტვას. ზღვა დახურულ ზონად გამოაცხადეს და "რკინის ფარდა" ჰქონდათ ჩამოფარებული. შესაბამისად, თუ ზღვაში ვერ გადიხარ, არ შეიძლება თევზის ქვეყანა იყო. მინდა დავიბრუნოთ სამეგრელოში ის კულტურა და ეს მინდოდა მეთქვა... მეორე კონცეფცია უკავშირდება ასევე საფირმო პროდუქტს კულინარიაში, ოღონდ, კანაფის პროდუქტს. ეს არის ჩემთვის, როგორც გასტრონომიული გადაცემა, ასევე, მეორე მხრივ, რაღაცნაირად პოლიტიკური პროექტის ნაწილიც, ამიტომ ვეცდები მაყურებლის ყურადღების იმისკენ მიპყრობას, რომ სხვადასხვა ტურში სხვადასხვა კონცეფციით წარვდგე და ჩემი სათქმელი ვთქვა. სხვადასხვა გემოს დაბრუნება მაინტერესებს, რომელიც დაკარგულია. მინიმუმ, უნდა გავსინჯოთ, მაგალითად, ღომის ღომი, რომელიც სამეგრელოში არსებობდა და გადაშენდა სიმინდის გაჩენის შემდეგ. მინდა გავიგო, მინიმუმ, სწორად გადაშენდა თუ რამე სხვა მიზეზია ამის. ეს პროდუქტი გასინჯული არ მაქვს და მოვიძიეთ, შევთავაზებთ ამასაც. მაინტერესებს კიდევ ერთი აკრძალული გემო - სამეგრელოში ტკბილ-ცხარე გემო იყო. მინდა ეს კონცეფცია სადმე წარმოვადგინოთ, ის კარგად შეესაბამება მეგრელი კაცის ხასიათს. მაგალითად, ციტრუსის შეზავება წიწაკასთან, ხურმის შეზავება. ესეც კომუნისტების მიერ აიკრძალა, კატლეტისა და პიურეს შემოღების დროს. ისევე, როგორც არ არსებობდა თეთრი შოკოლადი საბჭოთა კავშირის დროს, ანანასი და ბანანი. რატომღაც აკრძალული იყო და რატომ - არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, დღეს სამეგრელოში გემოთა შეთანხმება იშვიათად გვხვდება. უცნაური გეგმები მაქვს თამაშთან და გართობასთან ერთად ამ პროექტში და ვნახოთ, რა გამოგვივა.

- ამბობთ, რომ აზარტული ხართ...

- მგონია, თამაში ყველაზე ეფექტური ფორმაა და ადამიანები თამაშის დროს ყველაზე უკეთ სწავლობენ, თან ამით სიამოვნებასაც ვიღებთ. როცა სიამოვნებას იღებ, უფრო მეტად სწავლობ, ამიტომ თამაში მიყვარდა მთელი ცხოვრება. დედაჩემი სულ ცდილობდა, ნაკლებად აზარტული ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მაინც არ გამოუვიდა, რადგან ჩემში აზარტი მაინც იმარჯვებს. ადამიანები ამას უარყოფით თვისებად თვლიან, მე კი ვფიქრობ, რომ პირიქით არის. თუ ადამიანს აზარტი აქვს, ეს შეაძლებინებს, რაღაც შეცვალოს. თამაში მხოლოდ კაზინოში ფულის დადება ხომ არ არის. ძალიან ბევრგანაა თამაშის ელემენტები. ზოგმა შეიძლება არასწორად გაიგოს და იფიქროს, რომ კაზინოში დავდივარ. არა, ამას არ ვგულისხმობ. საერთოდ, ნებისმიერ საქმეს, რასაც ვაკეთებ, ვუყურებ როგორც თამაშს. კაზინოში რომ მომინდეს შესვლა, შევალ, მაგრამ უფრო საინტერესო თამაშები მიყვარს და არა - კაზინო. მაგალითად, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს. პოლიტიკაც თამაშია და მეც ხომ ყველაზე მეტად ამის გამო ვარ პოლიტიკაში.

- არადა, ამბობთ, რომ პარლამენტში მოიწყინეთ...

- იმიტომ, რომ ჩემი კოლეგები ცუდად, უგულოდ თამაშობენ. როცა ხვდები, რომ შენს მოედანზე თამაშობ და შენი კოლეგები, რომლებიც ასევე მოედანზე დადიან, ამ თამაშით არ არიან დაკავებული და სხვა რამეზე ფიქრობენ (ზოგი - შეყვარებულზე, ზოგი - დედაზე, მამაზე, ზოგი - ისტორიაზე და ზოგიც საერთოდ არაფერზე), წარმოიდგინეთ, ეს როგორია? ამ დროს შენ მოგება გინდა და ამას სხვა რომ არ ცდილობს, ეს მოსაწყენს ხდის ყველაფერს.

- რა არის თქვენი გატაცება?

- ცნობისმოყვარე ვარ და ბევრი რამ მაინტერესებს. მიყვარს წიგნების კითხვა. მაინტერესებს ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა. ზოგადად, აზრები მაინტერესებს. სამყაროში ჩემამდე რომ იყვნენ, იმ ხალხს რა აზრები ჰქონდა - ეს ყოველთვის მაინტერესებს და ისიც, თუ რა შედეგი გამოიღო ამ ნააზრევმა. ეს ხომ ისტორიის ნაწილია... ბოლო დროს წიგნის კითხვისთვის, სამწუხაროდ, დრო არ მრჩება. ძირითადად, რასაც ვკითხულობ, პროფესიული ლიტერატურაა, თუმცა შიგადაშიგ სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, ლიტერატურის სამყაროდან არ ამოვვარდე და ემოციური ბმა სულ მქონდეს. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა. იძულებით არასოდეს წამიკითხავს. მშობლები რაღაც პერიოდი, პირიქით, მეუბნებოდნენ, - ამდენი არ შეიძლება, თვალი გეტკინებაო. შუქი არ იყო და ლამპის შუქზე მიწევდა კითხვა. ერთადერთი გასართობი 90-იან წლებში ხომ წიგნებით გაცნობილი სამყარო და ფეხბურთის თამაში გახლდათ.

- ლექსებს ხომ არ წერთ?

- ასეთი ცოდვა არასოდეს ჩამიდენია. გალაკტიონ ტაბიძის დიდი გულშემატკივარი ვარ, ისევე, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის; შოთა რუსთაველის - თავისთავად. რუსთაველი არის ადამიანი, რომელმაც მეთორმეტე საუკუნეში გვითხრა, რომ თავისუფალი უნდა იყო, როცა საჭიროა, ღმერთისგან უნდა გაიქცე. ილია ჭავჭავაძის აზრებს ვეთანხმები და ვცდილობ, რაშიც ვეთანხმები, ისე მოვიქცე ყოველდღიურად. რამდენად გამომდის, ეს სხვა საქმეა. საერთოდ, კარგად და ეფექტურად ნათქვამი აზრი ძალიან მიმზიდველია. მიხარია, რომ უნარი მაქვს აღვიქვა, კარგი რაც არის.

- საინტერესო გადაცემა მიგყავთ - "საქართველოს დაბადება". როგორ გრძნობთ თავს ჟურნალისტის ამპლუაში?

- კლასიკურად ჟურნალისტის ამპლუაში არ ვარ. ისტორია სულ მაინტერესებდა. თუ გადაცემას გავაკეთებდი, მაშინ მექნებოდა შანსი, ის ადამიანები მომეწვია, ვისი ისტორიაც მაინტერესებს და ესეც ერთგვარი შანსია, რომ განსხვავებულ ხალხთან ისაუბრო, განსხვავებული ისტორიები მოისმინო და ადამიანებს დაანახვო ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ. ძალიან საინტერესო რესპონდენტები გვყავს, კარგი გამოხმაურება მოჰყვა სტუმრებისგანაც ამ გადაცემას. კითხვებს წინასწარ არ ვამზადებ. დამოკიდებული ვარ იმაზე, რესპონდენტი როგორ მომყვება საუბარში. კარგი მეგობრებისა და თანამშრომლების ჯგუფი მეხმარება ამაში.

288223566-453928790067458-3015894868395895767-n-1656315060.jpg

- დაბოლოს, მინდა, ევროპის გადაწყვეტილება შეაფასოთ.

- საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არც ასეთ პასუხს გამოვრიცხავდი, ამიტომ არ გამკვირვებია. მართლა მოვინდომეთ რაღაცნაირად, არაფერი გაგვეთვალისწინებინა და არასათანადოდ მოვქცეულიყავით. გვითხრეს, რომ ევროპისთვის ჯერ მზად არ ვართ. თან ისიც გვითხრეს, რა გვაქვს ამისთვის გასაკეთებელი. რაღაცნაირად, ეს არის ქართველი ხალხის მისამართით გზავნილი. გვეუბნებიან, თუ გინდათ ევროპაში, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ერთი კაცის მმართველობაო. 30 წლის მანძილზე შეგვეძლო, ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ გავიაზრეთ და ახლა წამოგვეწია ყველაფერი. ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გვყოლია ხელისუფლება, რომელმაც ერთპიროვნულ მმართველობაზე უარი თქვა, რაც ყველაზე არაევროპულია, ამიტომ, თუ ევროპაში ვერ აღმოვჩნდით, ეს მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ სიტუაციის შესაცვლელად?

- ეს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს. ეს მათი შეუსრულებელი მისიაა. ჩვენ ეს გვითხრეს - რომ ერთი პარტია არ უნდა გვმართავდეს და ეს უნდა გამოასწოროთო. ამას "ქართული ოცნება" ვერ იზამს. სხვა რამე გვაქვს გასაკეთებელი. უნდა მოვიფიქროთ, როგორი მმართველობა გვინდა არსებული ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად. 30 წლის მანძილზე უცვლელია სახელისუფლებო ვერტიკალი. ჯერ ჩვენ უნდა შევქმნათ იდეა, როგორია ქართული მმართველობის სტილი, არა ერთპიროვნული, არამედ - დემოკრატიული და ევროპული და ასე უნდა მივიდეთ ევროპელებთან. უნდა მოვიფიქროთ, როგორი სასამართლო, როგორი პოლიცია გვინდა, სხვადასხვა სფერო როგორი გვსურს რომ იყოს და ეს აზრი უნდა მივაწოდოთ ევროპელებს. ხელს გვიშლის ის, რომ არსებითად ვერაფერს ვცვლით.

თეა ხურცილავა