მეოთხე შვილის მოლოდინი, დაბრუნება ბავშვობაში და ჩერქეზეთიდან გამოყოლილი ემოციები - გზაპრესი

მეოთხე შვილის მოლოდინი, დაბრუნება ბავშვობაში და ჩერქეზეთიდან გამოყოლილი ემოციები

ჩერქეზეთში გატარებული წლები, ბებოს სითბო, მეხსიერებაში შემორჩენილი კადრი, - ძველი ხის ქოხის წინ, მდინარის ნაპირზე, შემაღლებულ მდელოზე ჩამომჯდარი, პატარა ბიჭი რომ ფიქრობდა, დღეს მისთვის ბავშვობასავით ძვირფასია. ჩერქეზეთი, ეს არის ადგილი, რომელთანაც ილო ბეროშვილს ემოციური კავშირი სულ აქვს. "სამზარეულოს ომებში" ბავშვობაში "იმოგზაურა", ემოცია კერძად აქცია და რა გასაკვირია, რომ მას ბებოს სახელი "სანათა" დაარქვა.

- ილო, პირველივე ტურში საინტერესო გამოსვლა გქონდა, ჩერქეზულმა კერძმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა, იმუნიტეტი მოიპოვე, ასეთ წარმატებას ელოდი?

- კულინარიულ შოუში პირველად ვმონაწილეობ. ერთადერთი კონკურსი, სადაც აქამდე გამოვსულვარ, სიმღერის კონკურსი "ორი ვარსკვლავი" იყო. ჩემთვის თავის დროზე ესეც უცნაური გახლდათ, ამ შემთხვევაში კი კულინარია ისეთი რამ არის, შეიძლება ძალიან კარგი პრეზენტაცია გააკეთო, შეიძლება კარგი შოუც გამოგივიდეს, მაგრამ მთავარი - შეფების რეცეპტორების ამუშავება ვერ მოახერხო. ჩემი მეწყვილე - დავითი იმდენად საინტერესო, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია, ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს. მისი დამოკიდებულება საქმისადმი არის მისაბაძი. კონკურენცია მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთს ვთამაშობ თუ კერძს ვამზადებ, ჩემში გამარჯვების სურვილი ყოველთვის დიდია. ვაცნობიერებ, პროცესით სიამოვნების მიღებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რაიმეს ნახევრად კეთება არ შემიძლია. მნიშვნელოვანია საკუთარი თავით ვიყო კმაყოფილი. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას საერთოდ არ ველოდებოდი, რადგან არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს. გამიხარდა, რა დასამალია და თან გამიკვირდა.

- გარდა იმისა, რომ შეფებს კერძი მოეწონათ, მნიშვნელოვანი იყო ის შინაარსი, რომელიც ამ კერძის პრეზენტაციას ახლდა.

- დიდი მადლობა.

- "ჩერქეზეთი" - ამ სიტყვის გაგონებისას, რა კადრი მოდის გონებაში, ამ დროს შენში რა ემოციაა?

- ჩემი სოფელი მახსენდება, ძალიან ძველი ხის ქოხი, სადაც გაიზარდა დედა, დეიდა, სადაც მერე მე ვიზრდებოდი. თბილისში დავიბადე, მაგრამ მალე ჩერქეზეთში წამიყვანეს, მაშინ დედა შეუძლოდ იყო. ენა და ფეხი იქ ავიდგი. სულ მახსენდება ბებია; ადამიანი, რომლის სახელიც ამ კერძს დავარქვი. ბებიის სითბო, მისი დამოკიდებულება ჩემდამი იყო ძალიან ტკბილი. ამ ჩვენი ძველი ქოხის წინ მდელო გახლდათ, მდინარე ჩამოედინებოდა. პატარა რომ ვიყავი, მდინარის პირას, ცოტათი შემაღლებულ მდელოზე ვჯდებოდი, ძალიან შორს ჰორიზონტს გავყურებდი და ველოდებოდი, წერტილებად როდის გამოჩნდებოდა ნახირი. წინ ძროხები მოდიოდნენ, უკან - ხბოები. ველოდებოდი, როდის მომიახლოვდებოდნენ, მერე ჩემს ძროხასთან მივდიოდი და ეზოში შემყავდა (პაუზის შემდეგ)... ჩერქეზეთის გახსენებისას სულ ეს კადრი ცოცხლდება ჩემს გონებაში. ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსოვს და მენატრება.

- ამ მონატრებას თან სევდაც ახლავს, არა?

- რა თქმა უნდა, სიამოვნებასთან ერთად დიდი ტკივილი მოაქვს. იქ დიდი ხანი რომ აღარ ვყოფილვარ და კავშირი გაწყდა, ამის გაანალიზება გულს მტკენს.

სულ მახსენდება ფილმი "რატატუი", კულინარიის ექსპერტი ბავშვობაში დედა რომ უმზადებდა, ისეთ რატატუის გასინჯავს და ბავშვად გადაიქცევა.

- "სანათამ" ბავშვობაში დაგაბრუნა?

- კი, ზუსტად ის გემო იყო. სოუსი ზუსტად ის იყო, სუნი, გემო, განცდები... ეს მართლა დროში მოგზაურობა გახლდათ.

- ჩერქეზმა ნათესავებმა რა თქვეს?

- დედას ჰქონდა საუბარი, დღეს ვიდეოზარით მე უნდა დავურეკო. მათთან რომ ვლაპარაკობ, ყოველთვის ტირილს იწყებენ და ეს ჩემზე მოქმედებს. ვიცი, კმაყოფილები და გაკვირვებულები არიან. ასეთი ძლიერი ემოცია ჰქონდათ, როცა დედამ სტუდენტებს ჩერქეზული ლექსი ასწავლა, ჩაწერა და გაუგზავნა და მეორედ ახლა. მიხარია, რომ ვიდეოს ნათესავები სხვა ჩერქეზებსაც აჩვენებენ. გული მწყდება, ჩერქეზული ენა რომ იკარგება, უკვე ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს, სწავლაც რუსულ ენაზეა, ურთიერთობაც. ფედერაციის შემადგენლობაში არიან. ჩემს მეგობარს უკმაყოფილება იმის გამო მოუხდა, ჩერქეზულად ლაპარაკობდა და დაუშალეს, მაგ ენაზე ნუ საუბრობ. იმ ენაზე ილაპარაკე, რომელიც ყველას გვესმისო.

- ამ კერძის მომზადება იცოდი, დედას სთხოვე დახმარება თუ...

- "სამზარეულოს ომებში" ჟიურის სამი ჩერქეზული კერძის გაერთიანება შევთავაზე. ეს კერძები ბავშვობაში ჩემ თვალწინ ხშირად მზადდებოდა. მერე სულ მქონდა სურვილი, ერთხელ მაინც მომემზადებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. დედამ გააკეთა ერთხელ და ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც ბებია ამზადებდა. დიდი დროის განმავლობაში აღარ მქონდა გასინჯული. რეცეპტი ნაწილობრივ ვიცოდი, დედასაც ვკითხე, ინტერნეტითაც მოვიძიე. ერთი ვიდეო ჩემი სოფლის მეზობელ სოფელში იყო ჩაწერილი, ეს ყველაფერი ჩემს პარტნიორს ვუთხარი, აზრები ერთმანეთს გავუზიარეთ. გვინდოდა, მრავალკომპონენტიანი მდიდარი კერძი გამოგვსლოდა. ამიტომ გადავწყვიტე სამი კერძი გაგვეერთიანებინა, მაგრამ ისე, რომ თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა. მნიშვნელოვანია, როგორ გაათანამედროვებ იმას, რაც საუკუნეებია ცოცხლობს, ამის საუკეთესო მაგალითად ყოველთვის მომყავს ანსამბლი "სუხიშვილები".

- ამ პროექტში შენთვის ყველაზე რთული რა არის?

- დრო ისე სწრაფად გადის, რომ გგონია, 5 წუთია გასული, საათს შეხედავ და დროის ნახევარი უკვე წასულია. სამზარეულოში წყნარად რომ ხარ და ისე ამზადებ, ეს ერთია, დროში რომ უნდა ჩაეტიო, კამერა რომ დაგვყვება და თან უნდა ილაპარაკო, ეს სულ სხვა სირთულეა. ამ პროექტში პარტნიორი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცეკვაში. ერთმანეთს უნდა გრძნობდნენ, მაშინაც კი, როცა ჩუმად არიან, ეს ერთი გამოწვევაა. მე და დავითი კიდევ უფრო და უფრო ვახლოვდებით. მნიშვნელოვანია, გქონდეს პასუხისმგებლობა, რომ არ დააღალატო შენი პარტნიორი.

- შინ კერძების მომზადებას ახერხებ?

- ბოლო დროს იშვიათად, მაგრამ მქონდა პერიოდი, როცა კულინარიით გატაცებული ვიყავი. ვერ გამიგია, რატომ დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ კაცი მხოლოდ ხორციან კერძებს უნდა ამზადებდეს, მხოლოდ მაყალთან მუშაობდეს. ვთვლი, რომ კულინარია ძალიან საინტერესო სფეროა და ამ ამბავში კაცები ძალიან ყოჩაღები ვართ. დროის სხვადასხვა პერიოდში, სულ ვცდილობდი, რაღაცები მეკეთებინა, ვამზადებდი ქათამს სოკოთი და არაჟნით, "ბოლონეზეს", ერთხელ "საბჭოთა სოუსიც" გავაკეთე, იმ გემოს გახსენება მინდოდა. ამ პროექტში მოხვედრამდე მეგონა, კულინარიაში მოყვარულის დონეზე ბევრი რამ კარგად ვიცოდი, მაგრამ იმდენი ახალი პროდუქტის შესახებ გავიგე, იმდენი ახალი ინგრედიენტის, სანელებლის გამოყენება ვისწავლე და ტექნიკური დამუშავების ამბებშიც ისე გავერკვიე, კულინარიის უზარმაზარი და საინტერესო სამყარო აღმოვაჩინე.

41935326-244979162878917-1345629806640758784-n-copy-1656315490.jpg

- უპირატესობას რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებ?

- მიყვარს ჩინური სამზარეულო, ცხარე მექსიკურ კერძებზე ვგიჟდები, იტალიურიც მომწონს, მაგრამ მწვადს არაფერი მირჩევნია. განსაკუთრებით - კახეთში, ჩემს სოფელში, წალამზე თუ არის შემწვარი, მას მართლა არაფერი შეედრება.

- ეგზოტიკური კერძები რამდენად მოგწონს?

- ლოკოკინები მიყვარს, ნიორის გემო მომწონს. ჩემი მეუღლე სულ ხუმრობს, შეუძლია ნიორი და ყავა ერთად მიირთვასო. ლოკოკინებს ნიორი ძალიან უხდება, მომზადებისას კარაქში ერევა და გემრიელია. პირველად რომ გავსინჯე, ისე მომეწონა, გავგიჟდი. გველი და მსგავსი რამ არ მაქვს გასინჯული.

- მოგზაურობის დროს შეგიძლია მიირთვა კერძი, რომელიც არ იცი, რისგანაა დამზადებული?

- ერთი რამ ვიცი, აფრიკულ ტომთან რომ მოვხვდე, მითხრან, ეს კერძი შეჭამეო და გამოიყურებოდეს, როგორც მაიმუნის თავი, უარს ვერ ვეტყვი, მასპინძელი რომ არ გავანაწყენო. ეს ნამდვილად შემიძლია.

- შეფებზე რას გვეტყვი?

- არ ვიცი, პროექტის ავტორებმა როგორ მოახერხეს, სამი ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის, კარგი პიროვნების და ამავე დროს განსხვავებული ადამიანის შერჩევა. მომწონს მათი ინდივიდუალიზმი, პროფესიონალიზმი, განსხვავებულობა და ამავე დროს გუნდურობა.

- მაყურებლისთვის საგრძნობია პოზიტივი, რომელიც ამ ადამიანებისგან მოდის და არა - ირონია.

- რა თქმა უნდა, შენიშვნასაც დელიკატურად გეუბნებიან. იგრძნობა, რომ გგულშემატკივრობენ, შრომას არ გიკარგავენ. ამავე დროს ძალიან ხალისიანები არიან.

- კონკურსანტებიდან ყველაზე ძლიერ კონკურენტად რომელს აღიქვამ?

- ყველა მოტივირებული და კარგად მომზადებულია. ჯანსაღი კონკურენცია მომწონს. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ პროექტში უდიდესი შრომაა ჩადებული.

- ფეხმძიმე მეუღლის განებივრებას ახერხებ?

- ჯერის რომ ველოდებოდით, მაშინ უფრო ვახერხებდი, პანდემია იყო, ჩაკეტილები ვიყავით და კერძებს შინ ვამზადებდით. ანის შემწვარი ახალი კარტოფილი ძალიან უყვარს, როგორც კი შემოვიდა, რამდენჯერმე მოვუმზადე.

- ჯერის საყვარელი საკვები რომელია?

- პური, პური, პური... გადავირიე, ხელში სულ პური უჭირავს, მსგავსი არაფერი გამიგია. ჯერ ბევრ სიტყვას ვერ ამბობს, მაგრამ ამბობს "პური".

- ანი როგორი კულინარია?

- ანი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ეს თავადაც არ იცის. იშვიათად ამზადებს, დრო არ აქვს, მაგრამ როცა გაუმზადებია, უგემრიელესი გამოსვლია. ჯერი ისეთი მესაკუთრეა, არაფრის გაკეთებას არ აცლის. უამრავი სათამაშო აქვს, მაგრამ მისი საყვარელი სათამაშოა ქვაბი; ოღონდ ქვაბში წყალი ჩაასხმევინე, მაკარონი ჩაყრევინე, არაფერი უნდა. როგორც კი სამზარეულოში რაიმეს გაკეთებას ვიწყებთ, ჯერი სულ ცდილობს, ჩაერთოს ამ პროცესში და ეს ძალიან რთულია.

- მგონი, ოჯახში მომავალი შეფი გეზრდებათ.

- მეც ასე ვფიქრობ, 2047 წელს რომ "სამზარეულოს ომები" გავა, ჟიურის წევრი ჯერი ბეროშვილი იქნება.

36064359-206958173261005-6738171000086593536-n-copy-1656315479.jpg

- მეოთხე შვილს ელოდები. გაგვიზიარე, ეს რა განცდაა?

- 14 წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. 40 წლის ვარ, ამ ასაკში შვილის გაჩენა სხვაგვარი შეგრძნებაა, ბევრი რამ გაქვს უკვე ნანახი, დაღვინებული ხარ, ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ და უფრთხილდები. სესი და ევა უკვე დიდები არიან.

- გოგონებმა ეს ამბავი როგორ მიიღეს?

- სესის რომ ვუთხარი, გაუკვირდა და რაღაცნაირად მითხრა, "მართლა?" ვერ მივხვდი, რა რეაქცია ჰქონდა. დღეს მკითხა, ნეტავ გოგოა თუ ბიჭიო? უნდა, რომ ბიჭი იყოს. სქესი ჯერ თავადაც არ ვიცით.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" სცენების უმეტესობა ანისთან გაქვს. რა ხდება მაშინ, როცა პარტნიორი შენი მეუღლეა?

- ეს აბსოლუტურად სხვა განცდაა. უთქვამთ, ძალიან გეტყობა, რომ გიყვარს, შაგუ უფრო ბრუტალური უნდა იყოსო. თვალებში ვიწვები ხოლმე. თავად ანი მეხმარება, ისე ვითამაშო, როგორც საჭიროა.

ორივე იმდენად დაკავებულები ვართ, მგონი, გადასაღებ მოედანზე ვახერხებთ ურთიერთობას, მართალია, როგორც შაგუ და ნინი, მაგრამ მაინც (იღიმის)...

თამუნა კვინიკაძე