რის გამო საყვედურობს საკუთარ თავს მაგდა ანიკაშვილი
ამბიციური, ამაყი და კარიერისტია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
- მაგდა, პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდები, არა? - ახალი სპორტული ტელევიზიიდან სპორტული გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, რამაც დამაინტერესა და დავთანხმდი. ტელევიზია ძალიან მენატრებოდა. ამას ყველა განიცდის, ვისაც ტელევიზიაში მცირე ხნით მაინც უმუშავია. ამ სამყაროსთან კავშირს მუდმივად გრძნობ.
- სხვა ტელევიზიისგან შემოთავაზება არ გქონია?
- იდეები, რაღაც დონის მოლაპარაკებები იყო. მეც გარკვეული ვალდებულება მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პარლამენტში ყოფნის დროს, გენდერულ საკითხებზე ვმუშაობდი და სხვადასხვა ფონდსა თუ ქალთა ორგანიზაციასთან ჩემი თანამშრომლობა პარლამენტის მიღმაც გაგრძელდა. ახლა ყველა სამუშაო დასრულებული მაქვს და ჟურნალისტიკაშიც დავბრუნდი. მართალია, დღემდე სპორტული ხაზით არ მიმუშავია, მაგრამ ძალიან კარგ ჯგუფთან ვთანამშრომლობ და იმედია, მათ იმედს გავამართლებ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლებია, სპორტულ მოვლენებს აშუქებენ.
- წარმატებებს გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტროპორტრეტი.
- მამლის წელში დაბადებული მორიელი ვარ. 24 სექტემბერს დავიბადე, მორიელის ნიშნის ათვლა კი წინა დღიდან იწყება. კლასიკური მორიელი არ გახლავართ. მგონი, სასწორის თვისებები გაცილებით მეტი მაქვს.
- "მორიელს შეუძლია იყოს საშიში, სასტიკი და დაუნდობელი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული". - ჩემს ხასიათში ეს თვისებები ნაკლებად არის. მშვიდი ადამიანი ვარ.
- "საკუთარ ემოციებს იმდენად ფლობს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".
- ამ შემთხვევაში, ასტროლოგებს სრულად ვეთანხმები. ემოციების გამოხატვა ახლობელ ადამიანებთანაც კი ნაკლებად მჩვევია. თავშეკავებული ვარ. მგონია, რომ საჭირო არ არის, ყველაფერი სახეზე გეტყობოდეს.
- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".
- ცხოვრებაში არავინ დამიგესლავს, მით უმეტეს - საკუთარი თავი.
- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".
- პირიქით, შემიძლია ვთქვა, როგორც კი ვამჩნევ, რომ სიტუაცია იძაბება, ბრძოლის ველს მაშინვე ვტოვებ. როცა ვხვდები, ზედმეტად ემოციურ ადამიანთან მაქვს საქმე და შესაძლოა, მათთან ურთიერთობა დამეძაბოს, კავშირს ვწყვეტ. ადამიანებს შორის შეტაკებები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ზოგიერთი იმიტომ ჩხუბობს, რომ ნეგატივისგან იცლება და ახალ ენერგიას იკრებს. ჩემზე მსგავსი რამ ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომ ვდგები და მივდივარ.
- ეს თვისება პოლიტიკაში ყოფნის დროსაც შეინარჩუნე?
- შევეცადე და მგონი, გამომივიდა.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?
- "ორგანიზებული". ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგია. ხანდახან წვრილმანს ზედმეტ ყურადღებას ვაქცევ. გაწერილი მაქვს, როდის რა უნდა გავაკეთო. არადა, გაცილებით იოლია ცხოვრება, თუ ყველაფერს მარტივად შეხედავ, მაგრამ მე ამას ვერ ვახერხებ.
- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".
- გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგრამ ვიდრე ნაბიჯს გადავდგამ, ახლობლებს აზრს აუცილებლად ვეკითხები, მათ რჩევებს ვისმენ, სულ ავტორიტეტებს ვეძებ.
- ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც რჩევისთვის მიმართავ?
- სფეროს გააჩნია. ზოგიერთ თემებზე დედას, დას, მამას, დეიდას ველაპარაკები, ზოგიერთ თემებს კი მეგობრებთან განვიხილავ.
- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".
- მყავს ბავშვობის დროინდელი მეგობრები. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. ინსტიტუტში შეძენილი მეგობრებიც მყავს. დროის უქონლობის გამო, ზოგიერთთან ისეთი ინტენსიური კავშირი არ მაქვს, როგორსაც ვისურვებდი.
- პოლიტიკოსებთან?
- ვმეგობრობ იმ გუნდის წევრებთან, რომლის წარმომადგენელიც ვიყავი. მართალია, ერთმანეთს ხშირად ვეღარ ვხვდებით, მაგრამ ერთურთს ტელეფონით მოვიკითხავთ ხოლმე.
- "თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია".
- კი, ასეა. ზოგჯერ საკუთარ თავს ვსაყვედურობ, ემოცია, რომელიც მქონდა, რატომ არ გამოვხატე-მეთქი? ადამიანს თუ არ უთხარი, რომ მისი ნახვა გაგიხარდა, მისი ცუდი გეწყინა, ვერც კი მიხვდება, ის შენთვის რამდენად ძვირფასია.
- "მორიელი ქალი მომხიბვლელი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ ერთი საიდუმლო თვისება აქვს - მამაკაცობა სურს".
- მართლა? ჩემი - არა, ეს ალბათ ნოემბერში დაბადებული მორიელების თვისებაა.
- "მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, სასურველ მამაკაცს კისერზე რომ ჩამოეკიდოს".
- მართალია!
- ემოციებს შეყვარებულიც კი ნაკლებად გამოხატავ?
- ალბათ ასეა. თინეიჯერობის პერიოდიც რომ გავიხსენო, შეყვარებული არ ვყოფილვარ. საკმაოდ თავშეკავებული და ჩაკეტილი ვიყავი. ჩემთვის მამაკაცთან ურთიერთობისას ინიციატივის გამოჩენა მიუღებელია. კონსერვატორი ვარ. ეს არ შემიძლია, მაგრამ მომწონს, როცა ქალი მამაკაცის მიმართ სიმპათიას გამოხატავს. ეს თუ შეგიძლია, კარგია. ჩემს წარმოდგენაში, პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას.
- შეიძლება, პირად ცხოვრებაზე გკითხო?
- პირად ცხოვრებას პირადი იმიტომ ჰქვია, რომ ამაზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკო.
- გეთანხმები, მაგრამ შენც იცი, საზოგადოებას ეს თემა ყოველთვის აინტერესებს. - დღეს ჩემს პირად ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, სალაპარაკოდ რომ ღირდეს.
- შეყვარებული არ ხარ?
- არა.
- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ხომ საერთო შვილი გვაკავშირებს. დაშორების მიზეზსა და დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.
- "ქალი მორიელები ნაწილობრივ ჯადოქრები არიან: მეექვსე გრძნობის წყალობით, თავიანთ ნახევარს დანახვისთანავე ცნობენ".
- ვერ ვიტყვი, რომ კარგად განვითარებული ინტუიცია მაქვს. ჩემს ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი რამ ისე მომხდარა, წინათგრძნობაც კი არ მქონია.
- ვინმეს უთქვამს, რომ გარეგნულად ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ?
- არ უთქვამთ, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებდე.
- "უყვარს სხვისი საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".
- საიდუმლოს თუ გამანდობ, არაფრით გავთქვამ. თავად კი არ მაქვს დიდად იმის მოთხოვნილება, რომ ჩემი საიდუმლოებები ვინმეს ვუამბო. ზოგიერთს გულის გადაშლა, "დაცლა" სჭირდება, მე კი ყველაფრის მარტო გადატანა შემიძლია. ასეთ დროს საკუთარ თავთან ვმსჯელობ ხოლმე...
- განმარტოების მოთხოვნილება ხშირად გაქვს?
- მარტო ყოფნა არ მიჭირს. ხანდახან არის მომენტი, როცა მეგობრებთან ერთად გასვლა, გართობა გინდება, ხანდახან კი ჩაის მარტო დალევაც სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი კონტაქტური ვარ, სახლში მარტო გაჩერება არ შემიძლია-მეთქი..
- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- გონივრულად ვხარჯავ, ხელფასიდან ხელფასამდე მყოფნის. არ მახსენდება შემთხვევა, მთლიანი ხელფასი პირველ კვირაშივე დამეხარჯოს.
- "ამბიციური, ამაყი და კარიერისტია".
- ამბიციური რომ არ ვიყო, ვერც ჟურნალისტიკაში ვიქნებოდი და ვერც - პოლიტიკაში. კარიერის გამო ისეთ ნაბიჯს არასდროს გადავდგამ, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება. ყველაფერი ეთიკის ფარგლებში უნდა იყოს.
- დაშვებულ შეცდომებს ხშირად იხსენებ?
- ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად მახსენდება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ უკან ყურება და შეცდომებზე დარდი არასწორია. ამაზე დროის დაკარგვას სჯობს, წინ გაიხედო და მომავალზე იფიქრო.
- პოლიტიკაში წასვლა შეცდომა იყო?
- არა. ის წლები ჩემი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ღია სივრცეში გავედი, ბევრი ადამიანი გავიცანი და ისეთ სიტუაციებში მოვხვდი, რასაც სტუდიიდან ვერ ვნახავდი.
- იმ 6 წელმა რა გასწავლა?
- განსხვავებული პროფესიის, ასაკის, სოციალური ფენის, ბედის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა თავისთავად, ძალიან დიდი სკოლაა. მით უმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდში. გამოცდილებას გიჩვენებს, რომ მოვლენა ერთ ჭრილში არ უნდა განიხილო და სხვადასხვა რაკურსიდან შეხედო. იყო დაძაბული საუბრებიც, მაგრამ ეს ყველაფერი პიროვნულ ზრდაში დამეხმარა. თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"