“საოცარი ქარიზმა ჰქონდა, გემრიელი სიმღერა იცოდა”
ქართველმა მსმენელმა ლევანი 2011 წელს, სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან - “ჯეოსტარი” გაიცნო. ის აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროექტებში და მისმა შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელი აღაფრთოვანა. მეგობრების თქმით, ბოლო წლებში ლევანი მოსკოვში ცხოვრობდა. ის ადრე რუსული ვოკალური პროექტ “გოლოსის” მონაწილე იყო. ასევე რუსეთში The Voice-ის მეშვიდე სეზონშიც მონაწილეობდა და ამ პროექტში ლევანის “მწვრთნელი” კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე გახლდათ. “ვოისის” შემდეგ ლევანი თურმე მოსკოვში დარჩა და აქტიურად დაიწყო მუშაობა თავის სოლო კარიერაზე. მართავდა კონცერტებს, გამოდიოდა პოპულარულ მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად. ბოლო დროს ბენდთან (PANGEO) ერთად მართავდა კონცერტებს.
ნოდიკო ტატიშვილი:
- ლევანი ძალიან ნიჭიერი და განსხვავებული შემსრულებელი იყო. საოცარი ქარიზმა ჰქონდა, გემრიელი სიმღერა იცოდა და რაღაცნაირად ემოციურად გავსებდა თავისი ნამღერით. ზოგადად, ძალიან კარგი ბიჭი იყო, მხიარული, საოცარი ადამიანი და შემზარავია ეს ამბავი. მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლევანი აღარ არის. ბოლოს რამდენიმე თვის წინ ჩვენი საერთო მეგობრის შვილის ნათლობაზე ვნახე. ისეთი კარგი დრო ვატარეთ და ისეთი დადებითი ემოციებით დავიტვირთე, რომ დაუვიწყარია ჩემთვის... მის ავადმყოფობაზე არაფერი ვიცი. ვიცოდი, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა ფეხზე, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე, არც კი დამიშვია. დიდი დანაკლისია ჩვენი სფეროსთვის და სრულიად საქართველოსთვის მისი გარდაცვალება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ცათა სასუფეველში დაუმკვიდროს ადგილი, ყველამ ვილოცოთ ლევანის სულისთვის. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. 12 ივნისს ჰქონდა დაბადების დღე, 31 წლის გახდა და ასეთი მძიმე რეალობის წინაშე ვართ დღეს.
მუსიკოსი დათო ლონდარიძე ლევანის ახლო მეგობარი:
- უმძიმესი ტრაგედიაა. ლევანს საკმაოდ დიდი პრობლემა ჰქონდა მენჯზე, ჯოხითაც დადიოდა და იძახდნენ, რომ “კოვიდის” მერე რაღაც დაუტოვა, საოპერაციო იყო. ძვალზე ჰქონდა პრობლემა, ძვლის დაშლის დიაგნოზით. სახსრის იმპლანტაცია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ რატომღაც წელავდა ოპერაციის გაკეთებას. ამას ვინ წარმოიდგენდა. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მალე უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. მითხრა, რამდენიმე კონცერტი მაქვს, იმას მოვილევ და ჩამოვალ, მთელი ზაფხული საქართველოში ვიქნებიო... ყველაზე დიდი მეგობარი დავკარგე, ყველაზე დიდი თანამოაზრე მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც.
ძალიან ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით ჩვენს აზრებს სიმღერაზე, ვსაუბრობდით მუსიკაზე. საოცარი ურთიერთობები გვქონდა, ძალიან სიღრმისეული. თავის წარმატებებზე მიყვებოდა. ალბომიც ჩაწერა და პრეზენტაციას გეგმავდა, მუსიკალურ აქტივობებში იყო ჩართული. მიჭირს მომხდარის დაჯერება.
P.S. ვუსამძიმრებთ ლევან კბილაშვილის ოჯახს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალებას.