ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით რეალობას ცვლიან... - გზაპრესი

ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით რეალობას ცვლიან...

როგორც წესი, ნიშნობას ქორწილი მოჰყვება. ჰოდა, ახლაც სცენაზე დიდი სამზადისია. ბეპომ და კეკინამ დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ყველაფერი თავდაყირა დგება. ამქვეყნად ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის საქმეში “ცხვირს ჰყოფენ”. ზოგჯერ შეიძლება დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვებმა სრულიად შეცვალოს რეალობა, სამომავლო გეგმები და ა.შ. სწორედ ამგვარი ჭორიკანა ქალების ენაჭარტალობის წყალობით, მთელ ვენეციაში გავრცელდება ამბავი, რომელიც წყვილის დაქორწინების შემაფერხებელი ხდება. სცენაზე დიდი ალიაქოთი და ორომტრიალია, ყველა ინტერესით ელის ფინალს.

კარლო გოლდონი იტალიური რეალისტური კომედიის ფუძემდებლად ითვლება. XVIII საუკუნის იტალიელი დრამატურგის შემოქმედება საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს გახდა ცნობილი პიესით “ბუზღუნა კეთილისმყოფელი” და პიესა მაშინვე დაიდგა სათაურით: “როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს”. სხვადასხვა დროს ქართულ სცენაზე გოლდონის სხვა პიესებიც იქნა წარმოდგენილი, მათ შორის: “ორი ბატონის მსახური”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “სასტუმროს დიასახლისი”, “საპატარძლო აფიშით” და სხვა.

რაც შეეხება გოლდონის დელ-არტეს სტილში დაწერილ პიესას “ჭორიკანა ქალები”, ის პირველად 1750 წელს გამოიცა და როგორც ცნობილია, ავტორმა კომედია საგანგებოდ ვენეციის ყოველწლიური კარნავალისთვის დაწერა.

რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა პაპუნა წერეთლის თარგმნილი “ჭორიკანა ქალების” თავისებური ადაპტაცია გააკეთა და დამდგმელ მხატვარ ნინო ჩიტაიშვილსა და ქორეოგრაფ გია მარღანიასთან ერთად შექმნა წარმოდგენა, რომელიც სიახლეა არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ იმ მსახიობებისთვისაც, რომლებიც ამ სპექტაკლში მონაწილეობენ.

კარლო გოლდონის “ჭორიკანა ქალების” პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე 24 ივნისს 19 საათზე შედგა (მუსიკალური გაფორმება ლევან გვაზავასა და დიმიტრი ხვთისიაშვილის, ვიდეოპროექცია ირაკლი ხვთისიაშვილისა; მონაწილეობენ მსახიობები: ლაშა გრძელიძე, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი კაჭახიძე, ბესო მეგრელიშვილი, პაატა კიკვაძე, მერაბ ბრეკაშვილი, ზვიად ურიდია, გიორგი ოქრუაშვილი, თაკო ჭანუყვაძე, ქეთი ქიტიაშვილი, მაკა ბარდაველიძე, მაია ხორნაული, რამონა მიქელაძე, იაკო ჭილაია).

კომედია დელ-არტე პირველად იტალიაში 1545 წელს გაჩნდა. მსახიობები ნიღბებს ატარებდნენ და სცენარით განსაზღვრული ტექსტების გარდა, იმპროვიზაციას ახდენდნენ.

ასეთ თეატრალურ დასებს უმეტესწილად, ფიქსირებული ადგილი არ ჰქონდათ, მუდმივი მოგზაურობისას თან დაჰქონდათ ფიცარნაგი სცენები. ემპათური ჟესტიკულაციის მქონე პერსონაჟები, იმპროვიზებული დიალოგებითა და მასხარაობით ცდილობდნენ მოეზიდათ სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ პირობებში მყოფი პუბლიკა და ეს მიდგომა ამართლებდა, - ჟანრი მალევე გახდა პოპულარული.

- მაია, თქვენ ერთ-ერთ ჭორიკანა ქალბატონს თამაშობთ და, როგორც გჩვევიათ, ფეიერვერკი მოაწყვეთ სცენაზე...

მაია ხორნაული:

- დიდი მადლობა... უდიდეს დრამატურგ კარლო გოლდონისთან და კომედია დელ-არტესთან შეხება ძალიან საინტერესო იყო, ამისთვის დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის. არაჩვეულებრივ კოლექტივთან მუშაობა საინტერესოსთან ერთად, სახალისოც იყო. საერთოდ, ეს ისეთი ჟანრია, ფეიერვერკი თუ არ მოაწყვე, სხვანაირად არ გამოვა. ამავდროულად, ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა, რადგან ბოლომდე კომედია არ არის და ბალანსი უნდა შეინარჩუნო. ყველას დიდი მადლობა და მაყურებელს მომავალ წარმოდგენებზე ველით.

- ქეთი, აქტიური, დინამიკური სპექტაკლია, ლამაზი კოსტიუმებით. როგორი იყო თქვენთვის მუშაობის პროცესი?

ქეთი ქიტიაშვილი:

- კომედია დელ-არტეს ჟანრის სპექტაკლის თამაში ჩემი ოცნება იყო და სურვილი ამისრულდა. ეს არის მოედნის თეატრი, ნიღბების კომედია, ბევრი მოძრაობით, ზეაწეული ტონით და შენი სახე თუ ჩაცმულობა, აბსოლუტურად სხვა ადამიანად ქცევას გულისხმობს. ამაში ძალიან დამეხმარნენ მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი და ქორეოგრაფი გია მარღანია. ჩემი კოსტიუმი ცოტა რთულად სატარებელია, თუმცა ერგება და პერსონაჟის ხასიათს ზუსტად გადმოსცემს. პრემიერის ბოლოს კულისებში ჩემთვის უცნობი ქალბატონი შემოვიდა და თქვა, რა კარგი სპექტაკლია, თქვენ კი ჩემს დირექტორს ჰგავხართ, ზუსტად თქვენნაირიაო. ასეთი შეფასება მსახიობისთვის დიდი კომპლიმენტია. რაც იმას ნიშნავს, რომ შენი მისია შესრულებულია (იღიმის).

დაბოლოს, ერთ ცნობასაც მოგაწვდით: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის დახურვის შემდეგ საზღვარგარეთ გასტროლზე გაემგზავრება, ასევე, წარმოდგენებს გამართავს საქართველოს რამდენიმე რეგიონში. თვალი ადევნეთ თეატრის “ფეისბუკ”-გვერდს, სადაც მიმდინარე სიახლეების გაცნობა ყოველდღიურ რეჟიმშია შესაძლებელი.

ანა კალანდაძე