“არ მინდა, რომელიმე პოლიტიკოსს დავემსგავსო”
თეატრით ბავშვობაში “მოიწამლა”, 27 წელია, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრთან თანამშრომლობს. პოპულარობა მირიანის როლმა მოუტანა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”. როგორ გახდა ქვეყნის “პრემიერ-მინისტრი”, რას ფიქრობს ნამდვილ პრემიერ-მინისტრზე, რას ეუბნებიან ქუჩაში შემხვედრი მაყურებლები და როგორი როლები იზიდავს? - ამ ყველაფერზე მსახიობი ვახტანგ ამანათიძე გვესაუბრება.
- ბატონო ვახტანგ, “პრემიერ-მინისტრი” როგორ გახდით?
- ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ ვიდეო გადაიღე და გადმოგვიგზავნეო. მოგეხსენებათ, სერიალში ამ როლს ჩემამდე გოჩა ცომაია ასრულებდა, რომელიც მოულოდნელად იძულებული გახდა, სერიალს ჩამოშორებოდა. მისი ჩანაცვლება ძალიან მოკლე დროში მომიხდა.
- მანამდე ამ სერიალს უყურებდით?
- რა თქმა უნდა, რეიტინგული სერიალია, რამდენიმე წელია გადის და თვალს ვადევნებდი.
- თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს როლი რით არის საინტერესო?
- მსახიობი ძირითადად მაინც სცენარზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ საინტერესოა მოძებნო შენი ხასიათი, შენი ხაზი, არ დაემსგავსო არავის, არ განმეორდე. ასე რომ, რადიკალურად განსხვავებული პრემიერი გამოვიდა, ვიდრე წინა იყო. როლზე მუშაობა საინტერესო იმითაც არის, რომ ყოველ სერიალში ახალი ამბავი ხდება, ახალი სიტუაციაა. ძალიან არ მინდა, რომელიმე პოლიტიკოსს დავემსგავსო.
- თქვენი პერსონაჟის პროტოტიპი პოლიტიკოსი არავინაა?
- არა. ეს არ იქნებოდა საინტერესო, მაშინ გამოვიდოდა მიბაძვა და არა თამაში. შეიძლება ვინმემ მანერაში, გამოხედვაში საკუთარი თავი ამოიცნოს, მაგრამ ეს შეგნებულად არ მაქვს გაკეთებული.
- როდესაც როლზე მუშაობა დაიწყეთ, პოლიტიკოსების გამოსვლებს, მათ ქცევებს, ჟესტიკულაციას არ დაჰკვირვებიხართ?
- არა. ვცდილობ ეს იყოს მირიანის მიმიკა, ჟესტიკულაცია, მეტყველება და არავის ჰგავდეს.
- ნანა ბუთხუზი როგორი პარტნიორია?
- ნანა საოცარი ადამიანია, დიდი პროფესიონალი. ბედნიერებაა მის მსგავს ადამიანებთან მუშაობა. ერთმანეთს მარტივად ვუგებთ, ჯერ არც ერთი სცენის გადაღება არ გაგვჭირვებია.
- რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკური პროცესებით ინტერესდებით, თვალს ადევნებთ?
- დღეს ძალიან ძნელია, ისე იცხოვრო, რომ პოლიტიკით არ დაინტერესდე. ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა ისეთი დიდი დოზითაა შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ... ტელევიზია, გარემო, ჩვენი ყოფა-ცხოვრება... სულ რომ არ გინდოდეს, მაინც გეხება, მთლიანად ვერ გაემიჯნები.
- თქვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას როგორ აფასებთ?
- ყველას თავის საკეთებელი აქვს და უკეთესი იქნება, ყველა ჩვენს საქმეს თუ გავაკეთებთ. ეს სფერო ძალიან რთულია. მე არ ვიცი, შიგნით რა ხდება, გარეთ რა ხდება. არის რაღაცები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, მე მის ადგილზე ასე მოვიქცეოდი, ამას გავაკეთებდიო, იქ რომ მიდიან, იქ როგორ აკეთებენ, ეს უკვე ცოტათი უცნაურია.
- ცალსახად დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება არ გაქვთ?
- არა.
- ქართულ პოლიტიკაში ფავორიტი გყავთ?
- არა.
- მსოფლიო ლიდერებიდან რომლის დასახელება შეგიძლიათ?
- ნელსონ მანდელა შემიძლია დავსახელო. ყველა ქვეყანას თავის პატრიოტი ჰყავს. ჩემი აზრით, არა მგონია, გერმანელი პატრიოტის იდეა და ქმედება მოერგოს ქართულს.
- მირიანის როლმა პოპულარობა მოგიტანათ. სამწუხაროდ, მსახიობები მხოლოდ სცენაზე თამაშით ისეთივე პოპულარულები ვერ ხდებიან, როგორც ეკრანზე ერთი გამოჩენით. მაყურებლები რას გეუბნებიან?
- გეთანხმებით, ეს ცუდი ტენდენციაა. გუშინ მეტროთი ვმგზავრობდი და ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა მითხრა: თქვენ მეტროთი მგზავრობთო? წარმატება მისურვა და დააყოლა: აი, ასე უნდა იმგზავროს ყველა პოლიტიკოსმაო. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსები საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობენ. არადა, საზღვარგარეთ ეს ჩვეულებრივი ამბავია, იქ ძალიან ბევრი საჯარო მოხელე სამსახურში ველოსიპედით დადის. თანამდებობა არის ქვეყნის სამსახური და არა პირადი კეთილდღეობის საშუალება. ამას არანაირი პრივილეგია არ უნდა ახლდეს, მე ასე ვფიქრობ და არა მგონია, რაიმე საკვირველს ვამბობდე. ასე უფრო ადვილია ცხოვრება. ხალხთან ურთიერთობა ყველა პრობლემას გაცილებით მარტივად დაგანახვებს. ჩვენ ხომ ურთიერთობებით ვარსებობთ. ყველა ურთიერთობა არის ძვირფასი და ამოუცნობი.
- პერსონაჟთან ხშირად გაიგივებენ?
- საკმაოდ ხშირად და ეს სასიამოვნოც არის, მაგრამ უხერხულ სიტუაციაშიც არაერთხელ ჩავვარდნილვარ.
- პოპულარობა სასიამოვნო უფროა თუ დამღლელი?
- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ეს უხერხული მომენტები რომ არ ახლდეს.
- შეგიძლიათ ერთი შემთხვევა გაიხსენოთ?
- 20 ივნისის მიტინგი რომ იყო, საღამოს რეპეტიციიდან გამოვედი და ვიღაცამ მომაძახა: პრემიერო, შენ სად მიდიხარ, აქ მიტინგია, ხალხი მოიყვანე და მოდიო. ვუთხარი, მოვიყვან და მოვალ-მეთქი.
- მიხვედით?
- რა თქმა უნდა.
- ყველაზე მეტად, როგორი როლები გიზიდავთ?
- როცა პერსონაჟთან ბევრი საერთო გაქვს, ეს ნაკლებად საინტერესოა; რაც მეტად გჭირდება გარდასახვა, რაც მეტია საძიებელი, რაც მეტი აღმოჩენის გაკეთება გიწევს, ის როლი უფრო საინტერესოა.
- პერსონაჟთან კონფლიქტი მუშაობის პროცესს საინტერესოს ხდის?
- განსხვავებული სახის შექმნაზე მუშაობის პროცესს სხვა ხიბლი აქვს, სულ სხვაა, როცა სცენაზეც და ცხოვრებაშიც ადამიანი ერთნაირად აზროვნებს და გამოიყურება.
- მსახიობობის სურვილი რა ასაკში გაგიჩნდათ?
- დედას ხშირად დავყავდი მარჯანიშვილის თეატრში. ძალიან მიყვარდა ამ ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრა. სამყაროში, რომელიც ცვლიდა ჩემს აზროვნებას, ჩემს ფიქრებს. თეატრით მოვიწამლე და მერე ვერანაირად ვეღარ ჩამოვშორდი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, ჩემგან სხვა არც არაფერი გამოვიდოდა. ეს ერთადერთი საქმეა, რომელიც მიყვარს და ვაკეთებ. შესაბამისად, პროფესიული არჩევნის გამო, სინანულის განცდაც არასდროს მქონია.
- ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში როგორ მოხვდით?
- მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში ვმუშაობდი. ჩემი მეუღლე მსახიობი მაგდა ჩიხლაძე გახლავთ, ის წარმოშობით ქუთაისელია. ჩვენ ერთმანეთი თბილისში გავიცანით. რაღაც პერიოდი მოგვიწია ქუთაისში საცხოვრებლად გადმოსვლამ. თავდაპირველად სულ რაღაც 1-2 წლით ვგეგმავდით, მაგრამ... მე მესხიშვილის თეატრში მოვხვდი და ქუთაისი სიგიჟემდე შემიყვარდა. საოცარი სითბო, სიყვარული ვიგრძენი. მესხიშვილის თეატრს კი ისეთი ისტორია აქვს, ისეთი ტრადიციების მატარებელია, საქართველოში ბევრი თეატრი რომ ვერ დაიკვეხნის. აქ საოცარი არტისტები თამაშობდნენ და თამაშობენ, რეჟისორები მუშაობენ, ურთიერთობები ხომ გამორჩეული და ამაღლებულია. უკვე 27 წელია, ამ თეატრში ვარ. არა მგონია, არსებობდეს ადამიანი, ქუთაისი გაიცნოს და არ შეუყვარდეს.
- ამ ქალაქის მთავარი ხიბლი რა არის?
- ყველაფერი მიახლოებულია იდეალურთან: ქალაქის სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები, ტრადიციის პატივისცემა, აქ არც ძველს კარგავენ და თან თანამედროვეები არიან, ამ შერწყმას ძალიან კარგად ახერხებენ. ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც არ გღლის. აკეთებ შენს საქმეს დიდი სიყვარულით, რუდუნებით და ხალხისგან გრძნობ დიდ სიყვარულს. ასე რომ, ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ, ქუთაისში გეპატიჟებით. მესხიშვილის თეატრში საქმიანობის პარალელურად, ახლად აღორძინებულ დმანისის თეატრშიც ვარ. ეს თეატრი გიორგი სიხარულიძესთან ერთად, ახალ ცხოვრებას იწყებს, ივლისში პრემიერა გვექნება.
- თქვენ იმ მსახიობთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ყოფნას, სცენაზე თამაშს ამჯობინებენ?
- არა, ასე ვერ ვიტყვი. ორივე თავისებურად საინტერესოა. ნანა ექვთიმიშვილის ფილზე “ჩემი მშვენიერი ოჯახი” ვიმუშავე, ახლახან კი დავასრულე გადაღებები მერაბ კოკოჩაშვილთან ფილმზე “ტერცო-მონტო”. იმედია, მაყურებელი ამ საინტერესო ნამუშევარს მალე იხილავს. კინოში თამაშის შესაძლებლობა როცა მაქვს, სიამოვნებით ვთანხმდები. ბატონ მერაბთან მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერება და სიამოვნებაა, ჩემს ცხოვრებაში ისტორიის ნაწილია.
- როგორც ვიცი, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით.
- 20 წელზე მეტი ერთ-ერთ სკოლაში თეატრალურ ხელოვნებას ვასწავლიდი, არჩევითი საგანი იყო. ახლა დროის გამო ვეღარ ვახერხებ. ბავშვებთან ურთიერთობა არის საოცრება. მათი გულწრფელობა, თვალები, გულუბრყვილო შეკითხვები... ყველაფერს სწორად აფასებენ. ჩვენ არ გვქონდა ჩარჩოები, გაკვეთილები მხოლოდ კლასში ყოფნა არ იყო, დავდიოდით სპექტაკლებზე, მერე ვარჩევდით. ბავშვებიდან ზოგიერთი ხელოვნებას გაჰყვა, უმრავლესობა კი კარგ მაყურებლებად ჩამოყალიბდა.
- თქვენს ოჯახზე მიამბეთ.
- მეუღლე მსახიობია, მყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი - ანდრია ამანათიძე, რომელიც ბაბუს ძალიან უყვარს და ჩემზე თავადაც გიჟდება.
- როდესაც ეკრანზე გხედავთ, მისი რეაქცია როგორია?
- მგონი, ჩემზე უფრო მეტად რცხვენია, ისე ურთიერთობაში გაცილებით თამამია.
- თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო? ერთმანეთს პროფესიამ დაგაკავშირათ?
- დიახ, ერთად ვმუშაობდით გიორგი შავგულიძის სახელობის ახალგაზრდულ თეატრ “სახიობაში”. პირველად ერთმანეთს იქ შევხვდით, პარტნიორები ვიყავით და მას შემდეგ აღარც დავშორებულვართ, 28 წელია ერთად ვართ.
- გმადლობთ ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე