“ხორციან კერძს საკვებად ვერ აღვიქვამ” - გზაპრესი

“ხორციან კერძს საკვებად ვერ აღვიქვამ”

ახლახან “ტიკტოკზე” ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე კამერის მიღმა მყოფ გოგონას ემოციურად მიმართავს: - გოგო, ნუ აწვალებ ძაღლს, ხომ ხედავ რომ სტკივა? ფეხი არ აქვსო... ვიდეო სხვა სოციალურმა ქსელებმა და საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს. ბატონმა გიამ ხალხისგან უამრავი დადებითი კომენტარი მიიღო...

- “ტიკტოკზე”, ჩემი გვერდის გამომწერებისთვის მისალმების ვიდეოს ვწერდი. ერთ-ერთი პროდიუსერი - თათია ზუხბაია ლეკვს ეთამაშებოდა. ამ დროს ძაღლმა კუდზე იკბინა და წკმუტუნი დაიწყო. რომ აწკმუტუნდა, გავხედე და დავინახე, რომ წინა, მარცხენა ფეხი არ ჰქონდა. ჰოდა, თათიას ვუყვირე, - გოგო, ნუ აწვალებ ძაღლს! ხომ ხედავ, რომ სტკივა-მეთქი?!. სულ მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ცხოველი ვიყავი. ცხოველები ისე მიყვარს, რომ მათთვის თვალებში ყურება არ შემიძლია - დიდ სევდას ვხედავ... მაგალითად, მანქანაში ახლაც ძაღლის სპეციალური საჭმელი და პური მიდევს - მიუსაფარ ცხოველებს ვაჭმევ ხოლმე. სხვადასხვა უბანში, მეგობრებთან სტუმრად რომ მივდივარ, ძაღლები მცნობენ და მომდევენ. მგონია, რომ ჩემი ავტომობილის ნომერს კითხულობენ (იცინის). აბა, რატომ მომდევენ? თან, კი არ ყეფენ, თითქოს რაღაცას ამბობენ...

- აღნიშნეთ, მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ცხოველი ვიყავიო. როგორ ფიქრობთ, რომელი ცხოველი იყავით?

- გამოთქმა ხომ გაგიგონიათ, - ძაღლის ბედი აქვსო? წინა ცხოვრებაში ძაღლი ვიყავი, ამ ცხოვრებაში კი ძაღლის ბედი დამებედა...

- ვიცით, რომ ბევრ ცხოველთან მეგობრობთ. თქვენი პირველი ოთხფეხა მეგობრის შესახებ გვიამბეთ...

- როცა ამ ამბავს ვყვები, ყოველთვის მეტირება: სკოლის მოსწავლე გახლდით. ტანითაც პატარა ვიყავი - არ ვიზრდებოდი. ბავშვობაში სულ “ჩიას” მეძახდნენ... ერთხელ სკოლიდან მოვდიოდი, როცა დავინახე, მდინარე ყვირილას პირას კაცი იდგა, ძაღლთან ერთად. ძაღლს ყელზე თოკი ჰქონდა შებმული, თოკზე კი - დიდი ქვა იყო დამაგრებული. კაცმა ქვა წყალში გადააგდო, მოტრიალდა და გაიქცა... ლამის გავგიჟდი! მდინარის პირას მივვარდი და დავინახე, რომ კისერზე თოკგამობმული ძაღლი ნაპირზე იყო, წყალში ჩავარდნილი ქვა კი ძაღლს ნელ-ნელა მდინარისკენ “ექაჩებოდა” - საბრალო ცხოველი წყალს უნდა წაეღო... არ მახსოვს, რა ძალა დამეუფლა, წყალში როგორ ჩავედი (თან, ცურვა არ ვიცოდი), ძაღლი ხელში ავიყვანე და შინ წავიყვანე... დავბანეთ, ვაჭამეთ. ჩემმა ძმამ წიწვებით სახლი აუშენა... კუსურკუსა დავარქვით. იცით, რა მოხდა? ის ძაღლი 15 წელი გვყავდა და ამ ხნის განმავლობაში, კუსურკუსამ ხელით შეხების უფლება არ მოგვცა - სულ გვიღრენდა. ორჯერ მიკბინა კიდეც. სულ ეშინოდა - ეგონა, რომ ვიღაც წყალში გადააგდებდა... მისი თვალები არასოდეს მავიწყდება...

- როგორ ურთიერთობდით?

- ვერ ვეთამაშებოდი. შორიდან ვუყურებდი და ბედნიერი ვიყავი... მერე მყავდა პატარა მგელი, დათვი, მელა... პეკინზე, სამი თვის განმავლობაში, მელიის ლეკვი მყავდა. მერე გაიზარდა და ჩემს დასთან წავიყვანე, რომელსაც ეზოიანი სახლი ჰქონდა და მელა იქ დარბოდა. წარმოიდგინეთ, ეზოში მელა და კურდღლები ერთად თამაშობდნენ.

- მელიის ლეკვი თქვენთან როგორ მოხვდა?

- მონადირეებმა უმწეო მდგომარეობაში იპოვეს. დედა მელია არსად იყო. ამიტომ ლეკვი წამოიყვანეს.

gia-4-copy-1656923397.jpg

- თქვენს გაზრდილ გარეულ ცხოველებთან განშორება არ გიჭირთ, როცა ბუნებაში აბრუნებთ?

- როცა მათ ტყეში ვუშვებ, განვიცდი, მაგრამ მერე ბედნიერი ვარ... მაგალითად, მგელი რომ წამოიზარდა, ტყეში წავიყვანე და გავუშვი. ვიდექი და ვუყურებდი, როგორ დარბოდა... უცებ, ეს სიტუაცია ვეღარ ავიტანე, რადგან იმ მგელს ვეღარასოდეს ვნახავდი. მოვტრიალდი და იქვე, დიდ, კლდესავით ქვაზე Camoვჯექი. კარგა ხანს იქ ვიჯექი... უცბად, ჩემ მიერ გაზრდილი მგელი ზურგიდან მომახტა და თმაზე თათებით თამაში დამიწყო, ყურთან მლოკა და მლოკა. მეც ბევრი ვკოცნე... მერე, ნელ-ნელა წავიდა და წავიდა...

- ბუნებაში ადაპტირება ხომ სჭირდებათ, სანამ ტყეში დააბრუნებთ?

- მანამდე ეზოში არიან ხოლმე, სხვა რა უნდა ვქნა?.. მაგალითად, ჩემი ვირი ახლა ერთ-ერთ მონასტერშია... ახლა პატარა ბეკეკა და 10 მაკე კურდღელი მყავს. ასევე, მაკე თხა მაჩუქეს და მალე პატარა თიკანი მეყოლება. სხვათა შორის, ჩემს ბეკეკას სულ ველაპარაკები. საერთოდ, ცხოველებს ჩემს ყველა საიდუმლო ვუყვები - მათ ვენდობი (იღიმის).

- თქვენს ბეკეკას რა ბედი ეწევა?

- ვეგეტარიანელი ვარ, რომ იცოდეთ! 9 თვის ვიყავი, “ჩიჩია” და ბულიონი რომ მაჭამეს და “მოვკვდი”. მერე “გამაცოცხლეს”... ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი საკვებად ხორცს არ იღებს. სუფრაზე ხორციან კერძს საკვებად ვერ აღვიქვამ.

- ბავშვობაში, ოჯახის წევრები ხორციანი კერძების ჭამას მაინც ხომ არ გაძალებდნენ - ორგანიზმის განვითარებისთვის საჭიროაო?

- არა. დედას და მამას ვუყვარდი. რომ იცოდნენ, ხორცი არ უნდა მეჭამა, პრობლემას არ მიქმნიდნენ, პირიქით - ხელს მიწყობდნენ. ლობიო, თხილი, გოგრის მარცვალი, ნიგოზი და კიდევ უამრავი პროდუქტი არსებობს, რომელსაც ხორცის ჩანაცვლება შეუძლია...

- მალე ბაჭიებიც გეყოლებათ და ალბათ, გააჩუქებთ. როგორ გააკონტროლებთ, რომ არ დაკლან?

- ეს რთულია, მაგრამ ისეთ ვინმეს ვაჩუქებ, ვინც ვიცი, რომ ნამდვილად არ დაკლავს.

gia-5-copy-1656923385.jpg

- ცხოველების მოვლა რთული არ არის?

- აბა, ადამიანს რომ გინდა, ბედნიერიც იყო? როცა ბედნიერი ხარ, კი უნდა მოუარო... როცა ცხოველი გიყვარს, ბოლომდე უნდა გიყვარდეს. გასართობად კი არა, იმიტომ მყავს, რომ მიყვარს და ვუყვარდე... ჩვენს ქუჩაზე ერთი ულამაზესი კატა ცხოვრობს, რომელსაც “პესოიას კოკო” დავარქვი.

- ეს რას ნიშნავს?

- სიზმარში ვნახე. თითქოს ბაზრობიდან მოვდიოდი. დავინახე, ვიღაც კაცი ჟირაფს ყიდდა. უცებ, მოვტრიალდი და ის კაცი კურდღლად გადაიქცა. ამ კურდღელს ვკითხე, - ჟირაფი რა ღირს-მეთქი? - პესოიას კოკოო, - მიპასუხა... რომ გავიღვიძე, იმ დღეს უბანში კატა ვნახე და “პესოიას კოკო” დავარქვი (იცინის).

- რას ეტყვით ადამიანებს, ვისაც ცხოველები დიდად არ უყვართ?

- აუცილებლად უნდა შეიყვარონ. მაგალითად, ვუგებ ადამიანს, ვისაც ცხოველები უყვარს, მაგრამ არ უნდა, რომ სახლში ჰყავდეს ან ალერგია აქვს, ან - აწუხებს და ა.შ. ვისაც უნდა, ჰყავდეს, ვისაც - არა, ნუ ეყოლება - ამის უფლებას ნუ წავართმევთ, მაგრამ ყველას ვურჩევ, რომ მშიერი ცხოველები დააპურონ...

ეთო ყორღანაშვილი