ფოთის თეატრი - “არაშენდა” და გიორგი სურმავას გულისტკივილი - გზაპრესი

ფოთის თეატრი - “არაშენდა” და გიორგი სურმავას გულისტკივილი

სახელი გვარი: გიორგი სურმავა.

ასაკი: 42 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ფოთის თეატრის მსახიობი.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: თეატრში ყოფნა.

ცხოვრების დევიზი: სიყვარული.

- გიორგი, რა ხდება ფოთში, წყალდიდობის შემდეგ როგორ ხართ?

- როგორც ვიყავით, ისევ ისე ვართ: ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ წვიმს, ხან ქუჩებში წყალი დგება, ხან - ზვავებია...

- წვიმიანი ამინდი ქალაქში დისკომფორტს ხშირად ქმნის?

- ზოგჯერ ქმნის, როცა მაგრად წვიმს. როცა მზეა, დისკომფორტს ეგეც ქმნის, ასევე - ქარიანი ამინდიც... მოკლედ, ფოთში დისკომფორტს ბევრი რამე ქმნის.

- თქვენი ქალაქისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

- ჩემს ქალაქში ბევრი პრობლემაა, მაგრამ პირადად მე ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ ჩემი სახლი ანუ თეატრი არ მაქვს. ფოთში თეატრი საშინელ მდგომარეობაშია. არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ვინმე ან რამე სიტუაციას გამოასწორებს. პრობლემაა გზებიც, ინფრასტრუქტურაც, ქალაქიდან წასული ახალგაზრდებიც...

- ამჟამად ფოთის თეატრი სად, როგორ ფუნქციონირებს?

- ქუჩაში, ტყეში, ეზოში, პარკში... ახლა კულტურის სახლში პატარა სცენა გვაქვს. მთავარია, ვითამაშოთ და ყველგან ვითამაშებთ, ადგილს რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ეგ პატარა სცენაც ავარიულ მდგომარეობაშია. ასე უპატრონოდ მიყრილები ვართ, რა.

- ეს ის თეატრია, რომლის ჭერიც გარემონტების შემდეგ ჩამოინგრა, არა?

- დიახ, ის თეატრია, რომელიც “ნულიდან” ააშენეს, შენობაში შეგვიყვანეს, მაგრამ 3 წელიწადში გამოვედით, რადგან შენობა ავარიულ მდგომაროებაში იყო - ჭერი ჩამოინგრა... მერე ისევ მილიონობით ფული დახარჯეს, გაარემონტეს. ისევ არ ივარგა. ისევ გამოვედით, ისევ რემონტი დაიწყეს... მოკლედ, ამ თეატრს “არაშენდა” ჰქვია, რა... მიუხედავად ამისა, არ შემიძლია, თეატრში ყოველდღე არ მივიდე, საგრიმიოროში არ დავჯდე, ხალხი არ ვნახო...

- ბოლოს მაყურებლის ამპლუაში თეატრში როდის იყავით?

- ბოლო ხანს სულ მაყურებლის ამპლუაში ვარ. სამწუხაროდ, ჩვენთან რაღაცები ისე ხდება, რომ ზოგჯერ დრამატულ თეატრში ისეთი სპექტაკლებია, რომლებში თამაშიც არ მინდა, ზოგჯერ - თავად არ მათამაშებენ... რაღაცნაირად, სახელმწიფო დრამატული თეატრი თოჯინების თეატრად გადაიქცა. ამაში მონაწილეობა არ მინდა. მსურს, სცენაზე ვიდგე და ჩემი საქმე ვაკეთო, მეტი არაფერი. ჩემი საქმე მიყვარს, ბავშვობიდან აქ ვარ... რა ვქნა? ცოტა ხანს მოვითმენთ. ალბათ მერე სიტუაცია გამოსწორდება: ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით... მთავარია, შემართებით ვიყოთ.

- ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- შესანიშნავი ოჯახი, მეუღლე და 2 შვილი მყავს. ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა ეგ არის.

- თქვენი შვილები თქვენს საქმიანობას უკვე აღიქვამენ?

- ბარბარე 10 წლისაა და “გარეგნულად” მოსწონს, რასაც ვაკეთებ. “შიგნით” რა ხდება, არ იცის, თორემ ალბათ არ მოეწონებოდა... ბარბარეს ხან მსახიობობა უნდა, ხან - მხატვრობა. სცენაზე თამაში სურს. მოსწონს ასეთი ამბები... იოანე ჯერ 3 წლის არის.

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- ადამიანს პატიება უნდა შეეძლოს. გარკვეულ დონეზე, შემიძლია კიდეც, მაგრამ რაღაცნაირად, თუ ადამიანზე გული ამიცრუვდა, მასთან ურთიერთობა საერთოდ აღარ მინდა, აღარ მაინტერესებს. ალბათ ჩემი ყველაზე ცუდი თვისება ეს არის. ვცდილობ, წყენა გულში არ ჩავიდო. ბოღმიანი ტიპი არც ვარ. უბრალოდ, ზოგჯერ გულს განსაკუთრებულად ძლიერ მატკენენ ხოლმე...

- თქვენს ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდი ხშირია?

- საბედნიეროდ, ხშირი არ არის.

- ისეთი ეპიზოდი თუ არის, რომელსაც წაშლიდით, რომ შეგეძლოთ?

- კი, არის. უბრალოდ, მართლა ვერ მოვყვები... ახლა განვლილ ეპიზოდებს რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ რაღაც, რაც გავაკეთე, არ უნდა გამეკეთებინა...

- ეს თქვენს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება?

- დიახ, უფრო - პროფესიულს.

- თქვენთვის უცხო ადამიანებს, რომლებიც სერიალიდან გიცნობენ, ყველაზე უცნაური რა უთქვამთ?

- სერიალიდან - “ჩემი ცოლის დაქალები” გამომდინარე, ზოგი ჩემი და ნანუკა გულუას პერსონაჟების სახელებს - ტონისა და დოჩის აერთიანებს და ტონის ნაცვლად, “ტოჩის” მეძახის, ზოგს მილიარდერების სიძე ვგონივარ (იცინის)... მთელი ამბებია!..

- ფულის სასესხებლად მოდიან?

- არა, მაგრამ მეუბნებიან, - აუ, შენ ფეხით რატომ დადიხარ, რა ხდება? უთხარი იმ კაცს და მანქანას გიყიდიანო: სერიალიდან რაღაცები რეალობაში “გადმოაქვთ” ხოლმე, მაგრამ ეს კარგია - ბუნებრიობას ქმნის ის პროექტი, რომელშიც დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობდი და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვიხსენებ “ჩემი ცოლის დაქალების” გუნდს. სერიალში დაბრუნების დიდი იმედი მაქვს.

- ყველაზე კომფორტულად როგორ გარემოში გრძნობთ თავს?

- რა თქმა უნდა, ოჯახში, ბავშვებთან, მეუღლესთან, მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი იმ ადამიანებთან ერთად ყოფნაა, ვინც ძალიან მიყვარს და ვისაც ძალიან ვუყვარვარ.

- მეუღლესთან ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?

- ცოლ-ქმრის ამბავში არავინ უნდა ჩაერიოსო, ასე არ არის (იცინის)?.. საერთოდ, ყველაფერზე კამათი გვიწევს. ძირითადად ეს ჩემს პროფესიას უკავშირდება: თეატრში განუსაზღვრელი დროით ყოფნა მიწევს. შვილებს ვენატრები, მაგრამ რა ვქნათ?..

- ასაკის მატება გაშინებთ?

- საერთოდ არ მაშინებს. ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა (იცინის)... ამის უფლება საკუთარ თავს არც უნდა მისცე. საერთოდ, რეალისტი ვარ (ფეხბურთის გუნდებს შორისაც “რეალს” ვგულშემატკივრობ) - რაც არის, ეგ არის. ისეთ სიტუაციაში არც ვარ, რომ ასაკის მატებაზე ვინაღვლო. ცოტათი თითქოს თმა კი გამიჭაღარავდა...

- დღე-ღამეში რამდენi საათi გძინავთ?

- დაახლოებით 8 საათi. ეტყობა, არ დავბერებულვარ (იღიმის).

- რა არის სიყვარული?

- (ფიქრობს) ალბათ, სიყვარულია ჩემი ბარბარე და იოანე, ჩემი მეუღლე... ზუსტი ახსნა არ ვიცი... სასწაულია, როცა ხედავ, რომ ჯერ მარტო იყავი, მერე ორნი გახდით, მერე - სამნი, ოთხნი... აი, ეგ არის სიყვარული, როცა ადამიანები ბევრნი ხდებიან, რა...…უნდა გიყვარდეს და მთელი სიცოცხლე სიყვარულით იცხოვრო, თორემ ალბათ გაგიჟდები, “გააფრენ” ან ცუდ რაღაცებს ჩაიდენ. ვინც ცუდ საქციელს სჩადის, მგონი, მათ საერთოდ არ იციან, სიყვარული რა არის.

- შეიძლება, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილად ბედნიერი იყოს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. რატომაც არა?! თუ ისეთ ადამიანს მოძებნის, ვისთანაც ბედნიერი იქნება, იყოს ბედნიერი; შეიძლება, ვიღაც მარტო ცხოვრობდეს და ბედნიერი იყოს... თუ ოჯახის შექმნის შესახებ მეკითხებით, მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია, რადგან პატარა ერი ვართ და უნდა გავმრავლდეთ.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- მეგობრებს თეატრიდან, ოჯახს... ვის არა?!. დღის განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრები.

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ჩემი ოჯახი, პროფესიული საქმე, ქვეყანაზე ფიქრი...

- უცებ დამისახელეთ ერთი ქართველი მოქმედი, ღირსეული პოლიტიკოსი...

- ვაიმე, დედა!.. არ ვიცი, უნდა ვიფიქრო...…ალბათ - ის, ვისაც სინდის-ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია. არა, ასეთს ვერავის ვიხსენებ. ყველას ჰგონია, თითქოს ღირსეულია, საქმეს აკეთებს, მაგრამ ჩვენს რეალობას ხომ ხედავთ, არა?.. საერთო სიტუაციაზე ვსაუბრობ. პოლიტიკოსებს პოლიტიკურ პარტიებად არ ვყოფ - ერთად უნდა მიხედონ ჩვენს ქვეყანას.

holland-holland-2-copy-1656924088.jpg

- საამაყო ქართველებიდან პირველი ვინ გახსენდებათ?

- ასეთი ბევრია... დიდ პატივს ვცემ ექვთიმეს, ქაქუცას... ჩვენს რეალობაშიც გვყავს საამაყო ქართველები, მაგალითად - ბიჭები, რომლებიც ავტომატებით შეიარაღებული დგანან და ქვეყანას იცავენ, მეეზოვეები, რომლებიც ქუჩებს ალაგებენ, მსახიობები და რეჟისორები, რომლებსაც თეატრი თავიანთი სახლ-მუზეუმი არ ჰგონიათ...

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ისეთ კაცს, რომელსაც ცხოვრებაში მეტი ვალდებულება და გასაკეთებელი აქვს, ვიდრე გაუკეთებია. ალბათ, სარკეში ჩახედვისას ყველას ასეთი განცდა უნდა ჰქონდეს. თვითკმაყოფილებით შეპყრობილი არ უნდა ვიყოთ. მგონი, თითოეულ ადამიანს დიდი მისია გვაკისრია. ბევრი პატარ-პატარა საქმე არსებობს, რომელიც დიდ შედეგს ქმნის: ადამიანებთან ურთიერთობა, სიკეთის კეთება, საკუთარ საქმეში წარმატება... ყველამ რაღაც რომ ვაკეთოთ, რაღაც კარგი გამოვა, ასე მგონია. ზოგჯერ დღე ისე გავა, რომ ამ რაღაცების კეთების საშუალება ან მოთხოვნილება არ გვაქვს. უმოქმედონი გავხდით. საკუთარი თავი გვაინტერესებს, სხვებზე, საქმეზე, ურთიერთობაზე, საერთო მეგობრულ ამბავზე არ ვზრუნავთ. რაღაცნაირად, ერთმანეთი დაგვავიწყდა...…როცა სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ, ზოგჯერ ამ ყველაფერს ვხედავ, ვგრძნობ და თავს ვიდანაშაულებ კიდეც.

- თქვენი საყვარელი ფილმი რომელია?

- როცა თეატრალები, “კინოშნიკები” ფილმებს განიხილავენ, ხუმრობით “როკის” დავასახელებ ხოლმე - ცუდი ფილმი რომ იყოს, მეშვიდეს ხომ არ გადაიღებდნენ-მეთქი (იცინის)?!. უამრავი კარგი ფილმი არსებობს. ნუ დამაკონკრეტებინებთ...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- აუ, მხოლოდ 1 რამეს გავაკეთებდი: მთელ მსოფლიოში არსებულ საბრძოლო იარაღს ერთ დიდ ბურთად გადავადნობდი და ზემოდან ბევრ მტრედს დავახატავდი.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ისე ვიცხოვრო, რომ სარკეში ჩახედვის არ შემრცხვეს. ადამიანმა თავი არ უნდა მოიტყუო და სხვებიც არ მოატყუო...

ეთო ყორღანაშვილი