მარკუს მეტრეველი კახეთში "სიყვარულის სახლს" იშენებს - გზაპრესი

მარკუს მეტრეველი კახეთში "სიყვარულის სახლს" იშენებს

მარკუს მეტრეველი საცხოვრებლად კახეთის ერთ-ერთ სოფელში გადასვლას აპირებს. ფიქრობს, რომ დადგა დრო, როცა კლუბურ, ქაოსურ გართობაზე მეტად, მშვიდ გარემოში განტვირთვა უფრო სიამოვნებს. ვისთან ერთად აპირებს "სიყვარულის სახლში" ცხოვრებას და როგორ შეხვდნენ ადგილობრივები მარკუსს, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ...

- მარკუს, როგორ ხართ, ზაფხულს როგორ ატარებთ?

- ღვთის წყალობით, კარგად, მშვიდად ვარ. ზაფხულს თბილისში ვატარებ, რადგან ჩემი სამუშაო რეჟიმი არ დასრულებულა.

- პანდემიის შემდეგ, როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, საზღვარგარეთ დასვენებას არ აპირებთ?

- ძალიან მიხარია, რომ პანდემიის შემდეგ, ცხოვრება ძველ რიტმს დაუბრუნდა. ვფიქრობ, ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ტელევიზიით რაღაცებს კიდევ აანონსებენ. იმედია, ვარაუდები არ გამართლდება... დასვენებას რაც შეეხება, სტამბოლში უკვე ვიყავი, შემდეგ - ანტალიაში, ალანიაში... ძალიან კარგად დავისვენე. ძირითადად, ყველაზე უკეთ მაშინ ვისვენებ, როცა ვმუშაობ. თურქეთში სააგენტოდან მოდელები მყავდა წაყვანილი. ჩვენება და პატარა კონცერტი გვქონდა... შემდეგ თბილისში დავბრუნდი. როცა მუშაობას დავასრულებ, საქართველოს ტერიტორიებს მოვინახულებ, რადგან ყველაზე მეტად, საქართველოში დასვენება მიყვარს - მთაშიც და ზღვაზეც. მოგეხსენებათ, კახეთში აგარაკი შევიძინე. თან, მის გარემონტებაში ჩართული ვარ - მთელ დროს მშენებლობას ვუთმობ. იქ მუშები მყავს... მერე კახეთში გადასვლასა და საბოლოოდ, იქ დამკვიდრებაზე ვფიქრობ. ძალიან მინდა, ეს ოცნება განვახორციელო. ვნახოთ, გარემოება როგორ შემიწყობს ხელს... მერე 1 კვირით ბათუმში ჩასვლას ვაპირებ. სხვათა შორის, ანაკლია მიყვარს. მინდა, ყოველ წელს ვესტუმრო. შარშანაც ვიყავი და იმედია, წელსაც მოვახერხებ, შემდეგ ევროპისკენ გამგზავრებას ვაპირებ. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს...

image-50802177-1-copy-1657637190.jpg

- ინტერვიუ რამდენჯერმე ჩავწერეთ, როცა კახეთში იმყოფებოდით. მაშინ აგარაკი უკვე შეძენილი გქონდათ?

- კი, შეძენილი მქონდა. უბრალოდ, რაღაცების ბოლომდე თქმა არ მიყვარს, სანამ 100%-ით განხორციელებული არ არის (იღიმის)... აგარაკი ბოდბისხევში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) შევიძინე. ულამაზესი სოფელია. იქ სიმშვიდე, ლამაზი გარემოა. მინდა, ჩემ მიერ შეძენილი სახლი ისე გავარემონტო, მოვაწყო, რომ სულიერად ყველასთვის კომფორტული და მისაღები იყოს; მინდა, თბილისის ქაოსს გამოქცეულმა ნებისმიერმა მეგობარმა კარგად დაისვენოს...

- საქართველოს ულამაზესი კუთხეებიდან სწორედ კახეთი რატომ შეარჩიეთ?

- საერთოდ, საქართველოს ყველა კუთხე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - კახეთი, რადგან იქ გულთბილი ხალხია. ასევე, ძალიან მიყვარს კახური ღვინო, სტუმარმასპინძლობა, სიმღერა, პოლიფონია... ამ კუთხის თითოეული ქალაქი ძალიან მიზიდავს, განსაკუთრებით - სიღნაღი, რომელიც სიყვარულის ქალაქია. ზუსტად ამ მუნიციპალიტეტში პატარა აგარაკი ამიტომ შევიძინე.

- ადგილობრივები როგორ შეგხვდნენ, ბოდბისხეველებს დაუმეგობრდით?

- უამრავი მეგობარი გავიჩინე. ბოდბისხევში, ჩემ გარშემო უსაყვარლესი ადამიანები ცხოვრობენ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ამ სახლს ვერ შევიძენდი. თითოეულს დიდი სიყვარულით მოვიკითხავ... ძალიან კარგი ადამიანები არიან, გვერდით გვიდგანან, აგარაკის შეძენის დღიდან გვგულშემატკივრობენ...

- ხომ არ აპირებთ, სოფლის მეურნეობასაც მიჰყოთ ხელი?

- ამის დიდი სურვილი მაქვს, რადგან დღეს ყველაფერი გენმოდიფიცირებულია, მე კი მოგეხსენებათ, ჯანსაღ კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ. ამიტომ ძალიან მინდა, პატარა ბოსტანი მქონდეს, სადაც მოვიყვან მწვანილს, კიტრს, სტაფილოს, პომიდორს და საერთოდ, ნებისმიერ ბოსტნეულს, რაც მჭირდება. სხვათა შორის, ეზოში კაკლის ხეები და ბევრი ხილი მაქვს. მინდა, ქათამიც მყავდეს, ინდაურიც, ბატებიც (იცინის)...

- ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თუნდაც მცირე გამოცდილება გაქვთ?

- არანაირი გამოცდილება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ვსწავლობ: "იუთუბზე" ვიდეოებს ვუყურებ, ვკითხულობ... სხვათა შორის, მეფუტკრეობა მიტაცებს. ჩემთვის ეს მეცნიერება, ფილოსოფიაა, რომელსაც თავად უნდა ჩავუღრმავდე, შევისწავლო... მინდა, ფუტკრის ოჯახი მყავდეს. ამ მწერის შრომას, მის მიერ წარმოებულ თაფლს დიდ პატივს ვცემ. ვიცი, რომ მეფუტკრეობა რთულია და იმედია, გამომივა...

- სახლის მშენებლობაში უშუალოდ მონაწილეობთ?

- აბსოლუტურად მთელი ეზო (2000 კვმ) თავად გავასუფთავე: ბევრი ხე უკვე გაფუჭებული იყო და გასხვლა სჭირდებოდა. მინდორიც თავად გავთიბე. სახლის გალამაზებაში უშუალოდ ვმონაწილეობ. რა თქმა უნდა, მუშებიც მეხმარებიან, მაგრამ 50-60% - ჩემი შრომაა. ცხადია, სახლი პროფესიონალმა უნდა ააშენოს, მაგრამ უმეტესად, ჩემი წვლილი უნდა შევიტანო, რათა იმ ტერიტორიასთან ლამაზი მოგონებები მაკავშირებდეს.

- სახლს არემონტებთ თუ აშენებთ?

- აშენებული იყო. საკმაოდ კარგი ოჯახი ცხოვრობდა. ახლა სახლის ორივე სართულს ვარემონტებთ, რადგან ყველაფერი ძირფესვიანად გამოსაცვლელი იყო. იქ დიდი ხანია, არავის უცხოვრია. ფაქტობრივად, ყველაფერს "ნულიდან" ვაკეთებთ.

image-50802177-2-copy-1657637203.jpg

- ეკრანზე ყოველთვის მოწესრიგებული, მოდურად ჩაცმული ხართ. საინტერესოა, ადგილობრივ მცხოვრებლებს, მუშებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილს გხედავენ?

- ძალიან ადამიანური, მეგობრული... ისინი მიყვარს, თითქოს ჩემი კარგა ხნის მეგობრები არიან. ზოგს ღვინო შემოაქვს, ზოგს - ყვავილები, ნამცხვარი, ხილი... დადებითად შემხვდნენ და თითოეული მეც გულიანად მივიღე. მეგობრულები, კონტაქტურები არიან. ძალიან გამიმართლა.

- ვისთან ერთად აპირებთ კახეთში დაფუძნებას?

- რა თქმა უნდა, ეს აგარაკი მე და ჩემმა ყველაზე ახლობელმა ადამიანმა ვიყიდეთ და ვაპირებთ, ორივემ აქ ვიცხოვროთ. ეს ჩვენი "სიყვარულის პატარა სახლია", სადაც ბევრ კარგ, პოზიტიურ ადამიანს მივიღებთ და ჩვენს სიყვარულს გავუზიარებთ.

- ცხოვრების აქტიური სტილის მქონე ადამიანს დედაქალაქისგან მოშორებით ცხოვრება როგორ გესახებათ?

- ქალაქში ცხოვრება მიყვარს. საბერძნეთშიც დიდ ქალაქში ვცხოვრობდი. ხმაურიანი გარემო მიზიდავს. ამაზე მიფიქრია, სოფელში ცხოვრებას როგორ უნდა შევეგუო, სადაც მშვიდი გარემოა, ჩიტები ჭიკჭიკებენ-მეთქი?.. მგონი, ჩემთან ის დრო უკვე მოვიდა (ყოველ შემთხვევაში - ახლოსაა), როცა უკვე სიმშვიდე მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქაოსი მიყვარს, თბილისში ყოფნის დროსაც, მაინც ყველას გავურბივარ. მინდა, სადღაც სიმშვიდე ვიპოვო, ჩემთვის ვიყო... ვფიქრობ, ბოდბისხევში ჩვენი პატარა აგარაკი ის ადგილია, სადაც საბოლოოდ, სიმშვიდეს მოვიპოვებ (იღიმის)... შეგუებას რაც შეეხება, თბილისშიც ჩამოვალ, რა თქმა უნდა, რადგან ჩემი პროფესია, სამსახური მაქვს...

- საერთოდ, ბოლო წლებში, თქვენი დასვენების, არდადეგების გატარების სტილი შეიცვალა, არა?

- რადგან ზოდიაქოს ნიშნით ვერძი ვარ, იმპულსურობა მახასიათებს. ბევრი რამ ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული: შეიძლება, დღეს ერთ-ერთ სოფელში მარტო ვიყო, უცებ "ტვინში დამარტყას" და გოაზე გავემგზავრო, სადაც საოცარ, ქაოსურ, არაამქვეყნიურ, გიჟურ დასვენებას მოვიწყობ. სტანდარტები არ მაქვს, რომ გინდა თუ არა, ასე უნდა დავისვენო-მეთქი. ხასიათს "მივყვები". შესაბამისად, ჩემთვის სტანდარტები არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა: ზუსტად იმას ვაკეთებ, რაც კონკრეტულ დროს, ჩემს განწყობას უხდება. როცა თინეიჯერი გახლდით, უფრო ენერგიულად ვცხოვრობდი. ლამის მთელი ცხოვრება კლუბებში გავატარე: ხან მიკონოზე ვიყავი, ხან - სანტორინზე, სტამბოლში და ა.შ. ამიტომ ჩემთვის გართობის ეს სტილი ცოტათი გაცვდა. ახლა უფრო მშვიდ გარემოში განტვირთვას და დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას.

- პროფესიულ საქმიანობას კახეთში ხომ არ აპირებთ?

- კი. სხვათა შორის, შემოთავაზება მქონდა, რომ სიღნაღში ჩემი სამოდელო სააგენტო გამეხსნა და ახალგაზრდები მომეწვია. ლამაზი თაობა მოდის - გოგონებიც და ბიჭებიც. ვფიქრობ, იდეას განვახორციელებ, ოღონდ - ცოტა დრო მჭირდება: ჯერ სახლის რემონტი უნდა დავასრულო... მინდა, იქაურ ახალგაზრდობას მოტივაცია მივცე, შემდეგ კი ვინც საინტერესო სახე იქნება, თბილისში გადმოვამისამართო: 12 წელია, თბილისში, სააგენტოში ვმუშაობ. აქ ბევრი კახელი გოგო-ბიჭი მოდის. ამხელა გზაზე იმისთვის დადიან, რომ მოდის სფეროში გარკვეული ნაბიჯები გადადგან... მუსიკას რაც შეეხება, რამდენიმე მოსწავლე ვოკალშიც მყავს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მომმართოს - სიმღერასთანაც და სამოდელო სფეროსთან დაკავშირებითაც. ყველასთვის "გახსნილი" ვარ - არაფერს "ვბლოკავ" (იღიმის)... ამჟამად ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც მინდა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოვიდეს, თავისი კლიპით. იმედია, ჩემს მსმენელებს, მაყურებლებს სიახლით მოვისიყვარულებ...

ეთო ყორღანაშვილი