"საბედნიეროდ, მეგობარი ოჯახურ ძალადობას გამოვარიდეთ" - გზაპრესი

"საბედნიეროდ, მეგობარი ოჯახურ ძალადობას გამოვარიდეთ"

მსახიობ შორენა ზუბიაშვილს ტელემაყურებლები კომედიური როლებით იცნობენ, თეატრში კი უფრო მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს. შორენა პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ გულახდილად გვესაუბრა.

- როცა "კომედი ჯგუფი" "რუსთავი 2"-ზე იყო, მათთან 3-4 წელი ვთანამშრომლობდი (ვმონაწილეობდი "გარეკილებში", "ქალთა სახეებში", "კომედი ქიდსში" და "კომედი შოუს" რამდენიმე სკეტჩში). ძალიან გამიხარდა, რომ "ფორმულაზე" გადასვლის შემდეგაც დამირეკეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. პირველად მასწავლებლის როლი ვითამაშა, რაც ძალიან საინტერესო იყო - სასაცილო პერსონაჟია.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით? როგორი მასწავლებლები გყავდათ?

- 90-იან წლებში დავიბადე - 37 წლის ვარ. მოგეხსენებათ, მაშინ რთული პერიოდი იდგა. სკოლაში შეშის ღუმლით ვთბებოდით. მოსწავლეებს ნავთი უნდა მიგვეტანა... 5 კლასის განმავლობაში, გადასარევად ვსწავლობდი. მერე რაღაც ვირუსი შემხვდა, რის გამოც 2 კვირა ლოგინში ვიწექი. როგორც ხდება ხოლმე, სკოლაში დაბრუნების შემდეგ მათემატიკაში რაღაცები ვეღარ გავიგე და ამ საგნის სწავლას საერთოდ დავანებე თავი. ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და კარგადაც ვსწავლობდი. ბავშვობიდან დეკლამაცია მიტაცებდა. გალაკტიონის ლექსები 6 წლიდან ზეპირად ვიცოდი. ერთ დღესაც, მათემატიკის გაკვეთილზე, კლასში ერთი ქალბატონი შემოვიდა და თქვა, - შორენა ზუბიაშვილს დირექტორი იბარებს; საღამო ეწყობა, სადაც ლექსი უნდა წაიკითხოს, თუ გამოუშვებთო? მათემატიკის მასწავლებელმა მითხრა, - წადი, წადი, შვილო, შენგან მათემატიკოსი არ დადგება, იქნებ მსახიობი მაინც გახდეო (იცინის)... მოკლედ, ცნობილი იყო, რომ სადაც ღონისძიება იმართებოდა, ყველგან ლექსებს ვკითხულობდი, მხატვრული კითხვის კონკურსებზე პირველ ადგილს ვიკავებდი... 7 წლის ვიყავი, როცა პირველიდან მეთერთმეტე კლასამდე სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში ვეჯიბრებოდით. პირველი ადგილი დავიკავე. უბედნიერესი ვიყავი, რადგან პრიზი სოფიკო ჭიაურელმა გადმომცა.

- ისეთი კეკლუცი მასწავლებელი თუ გყავდათ, როგორიც "კომედი სკეტჩში" განასახიერეთ?

- სულ ხანში შესული პედაგოგები მყავდა. ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც ბიჭები ეპრანჭებიან, არ მყოლია. "სკეტჩში" ჩემი პერსონაჟი წარმოსახვით შევქმენი.

- სკოლაში ბიჭებს შორის პოპულარული გოგონა იყავით?

- კი. მგონი, ცოტათი კომპლექსი მქონდა: ქართულ ცეკვაზე ბავშვობიდან დავდიოდი. სიარულის სპეციფიკური მანერა მქონდა - წელში გამართული, თავაწეული დავდიოდი. ჩემ შესახებ ამბობდნენ, - სიარულის ლამაზი მანერა აქვსო. გარდატეხის ასაკში, როცა სხეულის ფორმები შემეცვალა და ბიჭები მიყურებდნენ, მივხვდი, არ მსიამოვნებდა. მაშინ ცოტათი კომპლექსები გამიჩნდა (იცინის)... მერე, რაღაცნაირად, თეატრში მუშაობასთან ერთად, ყველა კომპლექსი მომეხსნა: 13-დან 16 წლამდე პანტომიმის სახელმწიფო თეატრში, ამირან შალიკაშვილთან ვმუშაობდი. ბატონმა ამირანმა შტატში ჩამსვა, ხელფასი დამინიშნა... მოკლედ, სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, უკვე სცენაზე ვიდექი, როლებს ვასრულებდი და 16 წლისას ხელფასიც მქონდა... მას შემდეგ სხვადასხვა დრამატულ თეატრში ვმუშაობ.

- ამჟამად სად საქმიანობთ?

- "თავისუფალ თეატრში" ვარ. დიდ მადლობას ვუხდი ავთო ვარსიმაშვილს, რადგან ჩემი პროფესიული ზრდა, რომელიც ამირან შალიკაშვილმა დაიწყო, მისი დიდი დამსახურებაა. ბატონი ავთო დღესაც გვერდით მიდგას, რჩევებს მაძლევს და მაძლიერებს, როგორც მსახიობს და მეგობარს. 18 მაისს სპექტაკლის პრემიერა გვქონდა. 2 ივნისს მეორე საპრემიერო დღე იყო, ხოლო მესამე საპრემიერო დღისთვის ახლა ვემზადები... სპექტაკლში - "ტრამვაი სახელად "სურვილი" - ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ეს ტენესი უილიამსის ცნობილი პიესა გახლავთ. სტელას როლს ვთამაშობ. მნიშვნელოვანი პერსონაჟია... პიესა ძალადობის თემას ეხება. ჩემს გმირს ქმარი სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ ქმარი მოძალადეა - სცემს. ამიტომ ჩემი პერსონაჟი სიყვარულს შეწირულია, მაგრამ ისმის კითხვა: ეს გრძნობა სიყვარულია, როცა გარშემო არაფერი გაინტერესებს? მერე შვილიც უჩნდება, რომელიც ძალადობრივ გარემოში უნდა გაზარდოს... მოგეხსენებათ, ძალადობა როგორი საშინელია და დღესდღეობით - როგორი აქტუალური. მით უმეტეს, როლზე მაშინ ვმუშაობდი, როდესაც თბილისში შემზარავი ამბავი მოხდა: ქმარმა ცოლი ავტობუსში მოკლა... ვამბობდი, - შევიშლები-მეთქი... ტელევიზიიდან ხალხი კომედიური როლებით მიცნობს, თეატრში კი დრამატულ, სერიოზულ, სახასიათო როლებს ვასრულებ... ასევე ვთანამშრომლობ გრიბოედოვის სახელმწიფო თეატრთან. კიდევ, არსებობს "აზდაკის ბაღი" - შშმ პირების თეატრი. ახლა იქ რეზო გაბრიაძის "შერეკილებს" დგამენ, რომელშიც მარგარიტას როლს ვასრულებ. "აზდაკის ბაღში" საოცარი სიტუაციაა. ძალიან მაგარი მოზარდები მუშაობენ. მათთან გულთბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. 3-4 თვეა, რეპეტიციები მიმდინარეობს. თავდაპირველად, 1-2 დღე ფრთხილად ვიყავი - ვფიქრობდი, რამე ისეთი არ ვთქვა, რომ ეწყინოთ-მეთქი, მაგრამ ძალიან შემაყვარეს თავი. თავისუფლები, გახსნილები, საყვარლები და ისეთი მაგრები არიან, რომ ბევრ ნიჭიერ მსახიობს გაუწევენ კონკურენციას... პლუს, ჩემი კომპანია მაქვს: სხვადასხვა ღონისძიებისთვის თეატრალურ პერსონაჟებს ვაკეთებ, პერფორმანსებს ვდგამ.

- შორენა, ქალზე ძალადობის ფაქტს შესწრებიხართ?

- შევსწრებივარ. ასეთი პრობლემა ჩემს ახლობლებს, უახლოეს დაქალებს ჰქონიათ. შეუძლებელია, ადამიანი სრულ ჭკუაზე იყოს და საყვარელ ქალს ხელი დაარტყას. ასეთ დროს არ იცი, რა გააკეთო: რომ ჩაერიო და უარესი მოხდეს?.. რომ არ ჩაერიო და უფრო ცუდი ამბავი დატრიალდეს?.. უმძიმესი სიტუაციაა... მეგობრებთან ერთად, ეს პრობლემა მოვაგვარეთ და საბედნიეროდ, ამ საშინელ სიტუაციას გამოვარიდეთ. მიმაჩნია, რომ როცა ძალადობა ხდება, ასეთი ოჯახი უნდა "დამთავრდეს". არ შეიძლება, ბავშვები ძალადობას უყურებდნენ. პატარები ჯანსაღ, ბედნიერ გარემოში უნდა იზრდებოდნენ.

- გული ხომ არ გწყდებათ, რომ ეკრანიდან მხოლოდ კომედიური როლებით გიცნობენ?

- მართალია, სერიოზულ ფილმებში თამაშის გამოცდილება არ მქონია, მაგრამ გული არ მწყდება - ველოდები და დარწმუნებული ვარ, ასეთი როლებიც იქნება. კი, 20 წელია, სცენაზე ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მსახიობობა ისეთი პროფესიაა, რომ ყოველდღიურად ვიზრდები, ყოველ ახალ რეჟისორთან უფრო და უფრო მეტს ვსწავლობ. ამიტომ ვფიქრობ, რაც დრო გადის, უფრო მეტად ვიხვეწები, როგორც მსახიობი. ყველაფერს თავისი დრო აქვს...

- ფაქტობრივად, პროფესიული გზა ბავშვობიდან აგირჩევიათ. ამ ხნის განმავლობაში ორჭოფობა არ დაგიწყიათ - იქნებ სხვა საქმე მეცადაო?

- კი, სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია მქონდა, ცხოვრებაში მძიმე ეპიზოდებიც გამოვიარე: პანტომიმის თეატრში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ პირდაპირ მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადავედი. მოგეხსენებათ, ეს სხვადასხვა ჟანრია: პანტომიმა პლასტიკის, მიმიკის ხელოვნებაა, არ ლაპარაკობ, უცებ კი დრამის ჟანრში გადავედი, სადაც მეტყველების კულტურაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან დეკლამაციას მივყვებოდი, ლექსებს ვკითხულობდი, დრამატულ თეატრში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, უცებ კი 150-მდე გამოცდილ მსახიობს შორის აღმოვჩნდი. თავდაპირველად გამიჭირდა. რა თქმა უნდა, საქმეში ძალისხმევა "ჩავდე". თან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სულ საბავშვო სპექტაკლებია. ჩემს პლასტიკას, სიმღერის ნიჭს იყენებდნენ და შესაბამის როლებს მაძლევდნენ... შემდეგ თეატრის მმართველობა შეიცვალა და იქიდან წამოსვლა მომიხდა... ახმეტელის თეატრში გადავედი, სადაც 5 წელი ვიმუშავე. მანამდე 3 თვე უმუშევრობის პერიოდი მქონდა. წარმოიდგინეთ, 13 წლიდან პანტომიმის თეატრში მუშაობა რომ დავიწყე, პირველი შემთხვევა იყო, როცა არ ვმუშაობდი. ამას ისიც დაემთხვა, რომ ქმარს დავშორდი. მოკლედ, თეატრიც დავკარგე, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შემიძლია, ოჯახიც დამენგრა და შვილთან ერთად, მშობლებთან დავბრუნდი. 2-3 თვე მელანქოლიური პერიოდი მქონდა. იმ დროს მეგობარმა ერთ-ერთი გამომცემლობის ქოლ-ცენტრში მუშაობა შემომთავაზა, სადაც ხალხისთვის უნდა დამერეკა და წიგნები შემეთავაზებინა. მითხრა, - მსახიობი ხარ, გამართულად ლაპარაკი იცი, შეგიძლია, ხალხს შენი აზრი თავს მოახვიო, ეს საქმე გამოგივაო. სამსახური მჭირდებოდა და ვცადე... მახსოვს, ოფისში რომ მივედი, აუდიტორიაში ასამდე გოგო დამხვდა, ტრენინგს უტარებდნენ. ძალიან დავიბენი. ჩემთვის აბსოლუტურად სხვა სფერო იყო, არაფერი მესმოდა. ცუდად გავხდი. მეგონა, ჰაერი არ მყოფნიდა. "ტრენერს" ვუთხარი, - ბოდიში, მაგრამ გავალ-მეთქი... ჩემთვის ის გარემო გაუგებარი თემა იყო, რადგან წლების განმავლობაში, სცენაზე დგომის გარდა, არაფერი მიკეთებია. გარეთ გამოვედი და თითქოს სასწაული მოხდა: მეგობარმა მსახიობმა დამირეკა და, - შოკა, ირაკლი გოგია "ანა ფრანკის დღიურებს" დგამს და ედიტის როლისთვის მოეწონე, თუ თანახმა ხარ; მერე შანსია, რომ იქიდან ახმეტელის თეატრში გადახვიდეო... რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ახმეტელის თეატრში ჩემი კარიერა აქედან დაიწყო... შემდეგ, კოვიდ-პანდემიის დროს, სრულიად უმუშევარი დავრჩი. "კოვიდიც" რთულად გადავიტანე. აი, მაშინაც დავფიქრდი, - სხვა რა საქმე შეიძლება გავაკეთო-მეთქი? რამდენჯერაც სირთულე შემხვდა, იმდენჯერ დამირეკეს და ჩემი პროფესიით დამაკავეს...

მოგეხსენებათ, ჩვენს სფეროში დიდი კონკურენციაა; შურის, ნეგატიური დამოკიდებულების შემთხვევებიც არის, რის გამოც ენერგეტიკულად სუსტდები და არ იცი, დაკარგული ენერგია როგორ აღიდგინო. მაყურებლებს უყვარხარ, მაგრამ იმავდროულად, ვიღაც გლანძღავს... მსახიობობა რომ რთული პროფესიაა, ეს ახალი ამბავი არ არის. როგორ იყო ძლიერი და აკონტროლო თავი, ამას სწავლა სჭირდება. იოგას ვარჯიშებს ვასრულებ - ესეც მეხმარება.

276109534-5362554340445197-6835832318707215723-n-copy-1657637395.jpg

- თქვენს შვილზე რას გვეტყვით?

- მარგარიტა (მარგო) მელია 13 წლის ხდება. უკვე თინეიჯერობს, ჭკუას მარიგებს, ყველაფერს მასწავლის. ფაქტობრივად, თეატრში გაიზარდა. მახსოვს, ერთხელ კულისებში რომ დავსვი, მსახიობები იცინოდნენ, - თაგვივით ზისო, რადგან ყურებიანი "აბადოკი" ეკეთა. სპექტაკლის ბოლომდე წყნარად იჯდა. არადა, ძალიან ცელქია. მუცელშიც არ ისვენებდა... მოგეხსენებათ, მელიების გენეტიკა როგორია - მოუსვენრები და საყვარლები არიან (იცინის). ბობოქარი ბავშვია. რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, თურმე რუსული ენის გაკვეთილზე გამოაცხადა, - რუსულს აღარ ვისწავლიო. მასწავლებელმა უპასუხა, - მაშინ ეს სახელმწიფომ უნდა აკრძალოს, მე რა შუაში ვარ? ჩემი საქმეა, გასწავლოთ, თორემ ნახევრად უკრაინელი ვარ და წარმოიდგინეთ, გული როგორ მტკივაო... მახსოვს, მარგო პირველ კლასში იყო, როცა ერთ-ერთი მასწავლებელი არ მოეწონა. მთელი კლასი "ააბუნტა". როცა სიტუაცია გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ მასწავლებელი ჩემს შვილს კი არა, მის კლასელებს ჩაგრავდა. მარგოს მათ გამო გაუჩნდა პროტესტის განცდა... როცა ჩემს სპექტაკლზე დასასწრებად მიმყავს, ყოველთვის კრიტიკულია და ზუსტ შენიშვნებს მაძლევს, რაც მომწონს... კარგად ხატავს. დედაჩემი მხატვარია, მამა - იუველირი. ხელოვანი ოჯახის წევრები მყავს.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ახლა მარტო აღარ ვარ - მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. ცნობილი მხატვარია. ჯერ დაქორწინებული არ ვართ, მაგრამ სერიოზული გეგმები გვაქვს. ალბათ ცხოვრებაში ამდენი სირთულე იმიტომ გამოვიარე, რომ ეს ადამიანი მეპოვა. როცა სცენაზე ვდგავარ, ვფიქრობ, მისთვის ეს ინსპირაციის წყაროა - უხარია... მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, ბევრი მსახიობი გოგონასგან მსმენია, რომ მათ ქმრებს, შეყვარებულებს არ უნდათ, მათი მეორე ნახევრები სცენაზე იდგნენ და სხვა ადამიანებმა უყურონ. თეატრებში მოვარდნის შემთხვევებსაც შევსწრებივარ... ჩემს რჩეულს ჩემი კარგად ესმის, გვერდით მიდგას, რაც მნიშვნელოვანია. ასევე ადეკვატურად აღიქვამს, როცა უცხო ადამიანები მწერენ. იცის, რომ ეს მსახიობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემს შვილს მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ერთმანეთს კარგად უგებენ, ერთმანეთი უყვართ. თან, მარგოც ხატავს... ჩემს შვილს ეხმარება, ამ სფეროზე ახალ-ახალი ინფორმაციას აწვდის. მოკლედ, კარგად ერთობიან (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი