რა მსხვერპლი გაიღო მარინა კახიანმა თავისი პროფესიისთვის? - გზაპრესი

რა მსხვერპლი გაიღო მარინა კახიანმა თავისი პროფესიისთვის?

რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი ყველა თაობისთვის საყვარელი შემოქმედია. ქალბატონ მარინას თეატრზე უსასრულოდ შეუძლია საუბარი და როცა თავის როლებს იხსენებს, თვალებში უცნაური ნაპერწკლები უკრთის. საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ მის საყვარელ საქმესა და ოჯახზე საუბრით დავიწყეთ.

- როდის მიხვდით, რომ მსახიობობა თქვენი ბედისწერა იყო და სცენის გარეშე ვერ გაძლებდით?

- როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრი ჩემი ცხოვრება იყო? - უკვე აღარც მახსოვს - ალბათ, ღრმა ბავშვობაში. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ დედ-მამაც ხელოვანები იყვნენ. მამა - კომპოზიტორი და დირიჟორი, ხოლო დედა - მომღერალი. დედაჩემმა კარიერა ძალიან ადრე მიატოვა და მთელი ცხოვრება ოჯახს და მე შემომწირა. როგორც მისი კოლეგები და მეგობრები ამბობდნენ, ძალიან კარგი ხმა ჰქონია, დრამატული სოპრანო. ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ ალბათ, გულში მაინც დარდობდა, რომ სცენა მიატოვა: მახსოვს, უკვე 20-30 წელი იყო გასული, მაგრამ სიზმარში ხედავდა, რომ სპექტაკლი აქვს, გრიმს იკეთებს და სცენაზე გასვლას აგვიანებს... - ეს დედას სიცოცხლის ბოლომდე ესიზმრებოდა...

რასაკვირველია, მშობლებს თეატრშიც დავყავდი და კინოშიც. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მშობლებმა ფილმის სანახავად წამიყვანეს. ეს იყო ფილმი-ოპერა "პიკის ქალი", სადაც ზურაბ ანჯაფარიძე მღეროდა და იმ დროის საუკეთესო მომღერლები მონაწილეობდნენ. ეტყობა, ეს ჩემთვის ჯერ ძალიან ადრე იყო და ახლაც მახსოვს, როგორ დავიტანჯე, როგორ ვთხოვდი, რომ ბებიასთან ყოფნა მინდოდა. მხოლოდ 3 თუ 4 წლისა ვიქნებოდი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში წამიყვანეს. "კონკია" გადიოდა და მაშინდელი შთაბეჭდილება კარგა ხანს გამყვა. როგორც ჩანს, ჩემზე იმდენად იმოქმედა ამ საოცარმა სამყარომ, რომ ავად გავხდი და ღამით სიცხე მომცა. ასე რომ, ძალიან ადრეულ ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ცხოვრება სცენასთან - ამ საოცრებასთან დამეკავშირებინა.

- სცენაზე ყოფნასაც ადრეულ ასაკში შეეჩვიეთ?

- დიახ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანეს, სადაც ფანტასტიკური გარემო დამხვდა. ჩვენ მომავალ ბალერინებად გვზრდიდნენ და ყოველდღიური, შემოქმედებითი ცხოვრება გვქონდა. საუკეთესო პედაგოგები გვყავდა, ბოლო წლებში კი ვახტანგ ჭაბუკიანი გვასწავლიდა - ეს საოცარი ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო განუმეორებელ მოცეკვავედ და ნოვატორად აღიარებს. ბედის მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები შემხვდნენ ცხოვრების გზაზე! როდესაც სულ პატარა ასაკში ბალეტს ვახტანგ ჭაბუკიანი გასწავლის, ეს ბედნიერებაა. მან რამდენიმე ბავშვი აგვიყვანა და სულ პატარა გოგოს ჟიზელის როლი მომანდო, მერე კი, გამოსაშვებ საღამოზე, ლაურენსია ვიცეკვე. ადრე ამაზე ლაპარაკი მერიდებოდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა: 15 წლისა ვიყავი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანმა სპეციალურად ჩემთვის დადგა კლასიკური ესპანური ვარიაცია, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე შევასრულე. ჩემზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ ეს იმედები გავუცრუე.

- რატომ?

- მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ბალეტისთვის თავი დამენებებინა და თეატრალურში ჩამებარებინა. მაშინ ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი უკვე გოგი ალექსიძე იყო. ამ თეატრში სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. კარგი პარტიები მანდო - ისეთი, რომლის შესრულებას წლების გამოცდილება სჭირდება. ყველამ დიდი სიყვარულით მიმიღო და როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ ცხოვრება დრამატული თეატრისთვის დამეკავშირებინა, ყველა გაოცებული დარჩა. მშობლებიც კი გაოგნებულები იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჩემი მომავალი უკვე გარკვეული იყო და ასეთ "სიურპრიზს" არ ელოდნენ. სხვათა შორის, ბალეტი არ ყოფილა ჩემი ერთადერთი გატაცება: მიყვარდა ლიტერატურა და სულ ვკითხულობდი. წიგნები ისე ძალიან მიყვარდა, რომ საბანში ფარანს ვმალავდი და მის შუქზე ვკითხულობდი, რომ დედას და მამას არ დაენახათ. მართალია, ლექსების სწავლა მეზარებოდა და დედა წიგნით დამდევდა, მაგრამ მხატვრული ნაწარმოებები ჩემი დიდი გატაცება იყო.

- პედაგოგებმა რა თქვეს, როცა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს?

- ისინიც გაოგნებული დარჩნენ, თანაც, რეზო მაღალაშვილი მე და ნუკრი მაღალაშვილს საერთაშორისო კონკურსისთვის გვამზადებდა.ახლაც მახსოვს, როგორ გაბრაზდა ბატონი რეზო და ასეთი რამ მითხრა: თქვენ კინოში არავინ გადაგიღებთ, რადგან ქართული სახე არა გაქვთ, ბალეტში კი გაცილებით უკეთესი მომავალი გექნებათო. 16-17 წლისა ვიყავი, მაგრამ ბატონი რეზო თავის აღსაზრდელებს თქვენობით მოგვმართავდა. ამ დროს უკვე ჩაბარებული მქონდა თეატრალურში და მის სიტყვებზე ბევრი ვიტირე. მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვეტილება არ შემიცვლია, მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ როგორც კი შევძელი, ოპერაცია გავიკეთე და ჩემი აპრეხილი ცხვირი გავისწორე, რომ ქართული სახე მქონოდა. უნდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი ცხოვრების შეცვლა შემეძლო, თითქოს მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძაო - უეცრად გადავწყვიტე და არჩევანი ბოლომდე დავიცავი.

- რომელი იყო პირველი სპექტაკლი, თქვენთვის ყველაზე დიდი სტიმულის მომცემი?

- სტუდენტობის პერიოდში რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშეთ. ნიკა ჯანდიერმა დადგა საინტერესო სპექტაკლი, რომელსაც "მელაკუდები" ერქვა და მე მთავარ როლს ვასრულებდი. თამაზ მესხმა დადგა სპექტაკლი, სადაც ასევე მთავარ როლს ვასრულებდი, მაგრამ ყველაზე მთავარი მოვლენა მეოთხე კურსზე მოხდა, როცა ბატონმა რობიკო სტურუამ პირველად გადაწყვიტა აეყვანა მსახიობების ჯგუფი და ამ ჯგუფში მეც მოვხვდი. პირველ სემესტრში დადგა "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის". შემდეგ კი, ახალ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო - ეს იყო შემდგომში ძალიან გახმაურებული "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" - ძალიან თამამი სპექტაკლი, სადაც სცენაზე ერთად იდგა სამი ლენინი. მთელი სპექტაკლი ანტისაბჭოთა იდეებით იყო გაჯერებული და ამ სპექტაკლში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს მეც ვასრულებდი. სწორედ ეს სპექტაკლია ჩემთვის ყველაზე სამახსოვრო, სერიოზული ნაბიჯი მთელ ჩემს სასცენო კარიერაში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ - მეოთხეკურსელი ვიყავი და ბუმბერაზი მსახიობების გვერდით ვთამაშობდი: ედიშერ მაღალაშვილი, გოგი ხარაბაძე, ჟანრი ლოლაშვილი და სხვები... შემდეგშიც, იმ დონის მსახიობების გვერდით მომიხდა სცენაზე თამაში, რომ აღარც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო: რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჭკორი, კახი კავსაძე - ეს უდიდესი მსახიობები საოცრად უბრალოები და თავმდაბლები იყვნენ; ისინი თავისი უნიკალურობით საერთოდ არ გვაწუხებდნენ. ეს იყო საოცარი თაობა, რომელიც ალბათ, ვეღარასოდეს განმეორდება.

shvilishviltan-copy-1657637557.jpg

- ე.ი. თქვენი საყვარელი როლი სტუდენტობაში შეასრულეთ?

- შეიძლება ასეც ითქვას, რადგან მერე, წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი, ძალიან საყვარელი როლი შევასრულე, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ - ყველა მიყვარს. ისეთი პერსონაჟები განვასახიერე, რომ თითოეული ჩემთვის ძალიან ძვირფასია: კორდელია, ლავინია, მედეა, სტიუარტი, ბერნარდა ალბა და სხვა... ქართული ლიტერატურიდანაც უსაყვარლესი როლები მაქვს შესრულებული. ოდესღაც მქონდა ოცნება, მეთამაშა ანტიგონე, ჟანა დ’არკი... ჯულიეტა იმდენად არ მაინტერესებდა, მაგრამ მერე მისი თამაშიც მომინდა. ჩემი საოცნებო როლი იყო ტოლსტოის "აღდგომის" მთავარი გმირი - eკატერინა მასლოვა. ცუდია, რომ ასაკის გამო ამ როლებს ვეღარ შევასრულებ.

- ცნობილია, რომ ოჯახი დიდი სიყვარულით შექმენით. ხომ არ შეუშლია ამას ხელი თქვენი კარიერისთვის?

- დიახ, ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი, როცა ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვიყავი. ჩემი მეუღლე, გია მატარაძე ჩემზე საკმაოდ უფროსი იყო და უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. ჩვენმა ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, სხვების აზრს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, შემდეგში კი თავს იმართლებ, რომ ეს შენი ბედისწერა იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. გია კინორეჟისორი, ყოფილი მსახიობი გახლდათ და ჩემი საქმიანობის გამო საყვედური არასდროს გამოუთქვამს. ჩვენი ქორწინება 12 წელიწადს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, სტუმრადაც კი ერთად დავდიოდით. მხოლოდ მაშინ ვშორდებოდით, როცა მე გასტროლზე მივდიოდი და ეს საკამათო არასოდეს გამხდარა. ის ზომიერად ეჭვიანი იყო. ამას ვუგებდი, რადგან მე ალბათ, ძველი ყაიდის ქალი ვარ და მომწონს, როცა მამაკაცი ცოტათი ეჭვიანობს.

- არჩევანის წინაშე რომ ყოფილიყავით - კარიერა ან - ოჯახი, რომელს აირჩევდით?

- არ ვიცი, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. მე ამ არჩევანის გაკეთება გამიჭირდებოდა, რადგან ოჯახი და თეატრი ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია, ეს არის ყველაფერი, რაც გამაჩნია. გამიმართლა, რომ ამ არჩევანის წინაშე არ ვყოფილვარ - დედა ყველაფერში მეხმარებოდა და ხელს მაქსიმალურად მიწყობდა. მეც მაქსიმუმს ვაკეთებდი, ძალიან დაკავებული ვიყავი და დრო მეგობრებისთვისაც არ მრჩებოდა, მაგრამ ეს ორი უძვირფასესი რამ - ოჯახი და თეატრი ისე მავსებდა, დიდად არ განვიცდიდი. მარტო თეატრში კი არა, კინოშიც მიღებდნენ. საბედნიეროდ, არ გამართლდა ჩემი პედაგოგების პროგნოზი, - კინოში არ გადაგიღებენო.

- ერთადერთი ვაჟის დედა ხართ. ამბობენ, ბიჭის აღზრდა რთულიაო, თქვენთვისაც რთული იყო?

- რა თქმა უნდა, თანაც, ჩემი შვილი ურთულეს პერიოდში - 1990-იან წლებში გაიზარდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, ვათა ჯერ 12 წლისაც არ იყო. ერთი წლით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ უკვე გია... მოკლედ, ეს ურთულესი ეტაპი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში! ძალიან ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა: 12 წლის ბიჭი გარეთ რომ არ გამეშვა, ესეც არ ივარგებდა - კაცი ხომ უნდა გაზრდილიყო? ყოველთვის მძიმე არჩევანის წინაშე ვიყავი - სად და როდის უნდა გამეშვა და როდის ამეკრძალა - როდის დამედო მშობლის "ვეტო" სადმე წასვლაზე. დედაჩემს ეშინოდა და მეგობრებთან წასვლასაც უკრძალავდა, მე მაინც ვუშვებდი და ეს დიდი სტრესი იყო. ალბათ, ყველაფერმა ერთად იმოქმედა: გენეტიკამ, მისმა ხასიათმა და ბუნებამ, მე და დედაჩემმაც დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ და დღეს ის ძალიან კარგი ადამიანია. მეამაყება, როცა მეუბნებიან, რა კარგი შვილი გაგიზრდიაო.

- თქვენი საქმე განაგრძო თუ სხვა პროფესია აირჩია?

- ვახტანგი იურისტია, მაგრამ რუსთაველის თეატრში მუშაობს მთავარ ადმინისტრატორად, ამავე დროს, უნივერსიტეტის თეატრის დირექტორიცაა. ასე რომ, თეატრს მაინც ვერ მოსწყდა. ჰქონდა რაღაც შემოთავაზებები თავისი პროფესიით, მაგრამ თეატრში დარჩა.

- გარდა დროისა და ენერგიისა, რა მსხვერპლი გაიღეთ თეატრისთვის?

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პროფესიამ ჩემი მეორე შვილი შეიწირა: მინდოდა, მეორეც გამეჩინა, მაგრამ იმ ეტაპზე არ ვჩქარობდი. არ გავაჩინე და წლების შემდეგ ეს გადაწყვეტილება ვინანე. ჩემი შვილისთვისაც კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ერთი და ან ძმა ჰყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და ჰყავს. ისინი მამით ერთნი არიან და საუკეთესო ურთიერთობა აქვთ... ჩემს ყველა დარდს აქარვებს ჩემი პატარა ალექსანდრა მატარაძე - უმცროსი შვილიშვილი, რომელიც ახლა 3 წლის და 4 თვისაა. ჩემი შვილი ხუმრობს - სიჯიუტით ბებიას ჰგავსო, მაგრამ ასე არ არის. გოგონას დიდი ბებიების სახელი ჰქვია: ადრე ალექსანდრა საქართველოში არც ისე ხშირი სახელი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ დედაჩემსაც ალექსანდრა ერქვა და ჩემს დედამთილსაც. კარგი სმენა აქვს, სიმღერაც უყვარს, ხატვაც და თავისი ასაკისთვის საკმაოდ არტისტულია. საერთოდ, ბავშვის აღზრდა უაღრესად საინტერესო პროცესია - ყოველდღე რაღაც ახალი და საინტერესო ხდება. ის ჩემგან ბევრ რამეს სწავლობს, მაგრამ მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. ინტერესით ვადევნებ თვალყურს როგორ იქცევა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ვბაძავ კიდეც. უფროსი შვილიშვილიც მყავს - გიორგი, რომელიც უკვე დიდია. ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია.

scenaze-copy-1657637544.jpg

- საოცრად ნიჭიერი და კარგი თაობა წამოვიდა, მაგრამ ბევრი მათგანი უცხოეთში მიდის და უკან აღარ ბრუნდება! - ეს ხომ დიდი განსაცდელია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის?

- გეთანხმებით, ეს მართლა ძალიან ჭკვიანი და დამოუკიდებელი თაობაა, მაგრამ ძალიან მტკენს გულს, რომ უცხოეთისკენ იწევენ და მერე იქ რჩებიან. ეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მართლა დიდი ტკივილი და განსაცდელია! მე მესმის, რომ ადამიანი უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვის, მაგრამ ძალიან იშვიათია, რომ უცხოეთში მართლა რაღაცას მიაღწიო. მეც შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ იმდენად ვარ მიჯაჭვული ამ ჩემს ფესვებს, რომ ჩემთვის სადმე წასვლა და დარჩენა ყოველთვის წარმოუდგენელი იყო. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ახალი ქვეყნების გაცნობა, ბევრი ქვეყანა, მომწონებია, კიდევ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ არსად ცხოვრება არ მინდა. მე მაინც აქაურობა მომწონს, მინდა ჩემი სიხარული, წარმატება თუ გულისტკივილი იმ ადამიანებთან ერთად გავიზიარო, რომლებიც მიყვარს - იქნება ეს ნათესავი, მეგობარი თუ უბრალო ნაცნობი... ამიტომ, არასდროს მიფიქრია აქედან წასვლაზე. ჩვენმა ქვეყანამ იმდენი რამ გადაიტანა, ჩვენ თვალწინ იმდენი ძველი ცივილიზაცია წაიშალა და აღარ არსებობს, ჩვენ კი - ვარსებობთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პატარა, უმშვენიერესი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, მომავალშიც იარსებებს და არ გადაშენდება!

ხათუნა ჩიგოგიძე