რას შთააგონებს საკუთარ თავს მარიტა ჯანაშია - გზაპრესი

რას შთააგონებს საკუთარ თავს მარიტა ჯანაშია

"ენაკვიმატია, ოღონდ ყოველთვის ირონიული. არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე ლაღად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ, ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი იოლად უმკლავდება. არ სჩვევია წყენის გულში ჩახვევა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მარიტა ჯანაშიას ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ამ სფეროს მიმართ დიდი ინტერესი მაქვს. მინდა ვიცოდე, სად არის ჩემი მზე და მთვარე. მეუბნებიან, თხის რქის ხასიათი არ გაქვსო.

- ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევით. ეთანხმები?

- ცვალებადი ხასიათი მაქვს, ზედმეტად ემოციური ვარ, სხვა რომ ყურადღებას არ აქცევს, ისეთი უმნიშვნელო დეტალიც კი გულთან ახლოს მიმაქვს. შეიძლება ხასიათი სისულელის გამოც კი შემეცვალოს, მაგრამ მერე ის განწყობაც სწრაფად გადამდის, რაღაც ძალიან სერიოზული თუ არ არის.

- "ყველაზე რთულ პრობლემებსაც იოლად უმკლავდება".

- არ ვიცი, რამდენად იოლად გამომდის, მაგრამ სულ ვცდილობ, ყველანაირი სირთულიდან გამოსასვლელ გზაზე ვიფიქრო. პრობლემაზე დიდი ხნით ჩაციკვლა არ მახასიათებს. გამოსავლის ნახვა ყველაზე საჭირო რამ არის.

- ხელის ჩაქნევა, უკან დახევა არ გჩვევია?

- ზოგჯერ ასეც ხდება. დიდი მონდომების, მრავალჯერ ცდის შემდეგ, შეიძლება გული ამიცრუვდეს. უმეტესად მაინც ვცდილობ, ასე არ მოხდეს, არანაირ დაბრკოლებას არ შევუშინდე, იოლად არ დავნებდე.

- "პერიოდულად დეპრესიული განწყობა ეუფლება, რაც ხშირად განმარტოებისკენ უბიძგებს".

- ჩემს მდგომარეობას მელანქოლიურს უფრო დავარქმევ, ვიდრე - დეპრესიულს. ასეთი პერიოდები მაქვს, თუმცა მარტოობა არ მიყვარს, ეს განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდებში ხდება - გაზაფხული რომ დგება, შემოდგომა და ა.შ. მარტო ყოფნაზე არ ვგიჟდები. ნახევარი საათით წყნარად, მშვიდად ყოფნას მარტოობას არ ვარქმევ. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შვილთან და ქმართან ერთად ვარ. ჩაკეტვა და დიდი ხნით მარტოობა არ შემიძლია.

- "გარშემო მყოფებს შორის მარტოსულ, ამოუცნობ და ძნელად გასაგებ ადამიანად ითვლება".

- ეს ჩემთვის არასდროს უთქვამთ. ძალიან კომუნიკაბელური, გახსნილი გახლავართ. იმის ანტიპოდი ვარ, რაც ახლა ჩამოთვალე.

- გადაწყვეტილების მიღება გიჭირს?

- კი, ძალიან დიდხანს უნდა ვიფიქრო, თუმცა ზოგჯერ სწრაფადაც ვიღებ გადაწყვეტილებას, ოღონდ ამას ახსნას ვერ ვუძებნი. ჩემში ორი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის კარგად დაფიქრების, საკითხის გაანალიზების შემდეგ მირჩევნია. წლების განმავლობაში მივხვდი, გამოვიმუშავე, რომ ცხელ გულზე, აფექტურ მდგომარეობაში გადაწყვეტილების მიღება არ ღირს.

- ასე გადაწყვეტილება ხშირად მიგიღია?

- ხშირად - არა, მაგრამ მიმიღია. ახლა ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე: დამშვიდდი, დაწყნარდი და ხვალაც თუ ასე იფიქრებ, ეს გადაწყვეტილება მერე მიიღე-მეთქი.

- "არ სჩვევია წყენის გულში ჩახვევა".

- ვეთანხმები.

- ამას ყოველთვის ახერხებ?

- ვცდილობ, როცა რაღაც მწყინს, ემოცია იმ წუთშივე გამოვხატო, ვთქვა, რა მეწყინა. თუ ვერ ვიტყვი, ის ემოცია გამყვება და მერე შეიძლება ხშირად გამახსენდეს. ცუდი ემოცია არ უნდა გაიყოლო, ის შენში რჩება, არსად მიდის, გროვდება, გროვდება და... უნებლიე შეცდომები ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. ყველას გვეშლება, ისე ხომ ვერ ვიცხოვრებთ.

- ცნობისმოყვარე ხარ?

- ყველაფერი მაინტერესებს, დეტალებშიც კი მინდა ვიცოდე ის, რაც პროფესიულად საერთოდ არ მეხება. ინფორმირებულობა ცუდი და ზედმეტი არასდროს არის.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა, იმდენად, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაც კი სჩვევია"...

- ჭორიკანა არ ვარ, ღმერთმა დამიფაროს! ხშირია შემთხვევა, როცა პირად ამბებს სამეგობროსა თუ სანათესავოში სულ ბოლოს, ანუ მაშინ ვიგებ, როცა გადაივლის და უკვე აღარავინ არჩევს. მეგობრებთანაც ასეთი მიდგომა მაქვს: თავად თუ არ უნდათ რაიმეს მოყოლა, არასდროს ვთხოვ, მიამბონ.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია, ყველა დეტალს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ვთვლი, რომ ასეა. ამაზე უფრო კარგად ჩემი ქმარი გიპასუხებდა.

- "ისეთივე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- ფულთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. ისიც კი არ შემიძლია, მთელი თვის საჭიროებებზე გავწერო, უკონტროლოდ ვხარჯავ. ერთი პერიოდი ასე უკონტროლოდ ვხარჯავდი ფულს წიგნებში. მართალია, ყველას წაკითხვა ჯერ ვერ მოვასწარი, მაგრამ რომ ვუყურებ, გულს უხარია. შოპინგი არ მიყვარს, სამაგიეროდ შეიძლება, ჩემს შვილს სამი ერთნაირი სათამაშო ვუყიდო. მიყვარს, როცა სხვას საჩუქრებით ვახარებ. მამაჩემს აქვს ძალიან კარგი და მისაბაძი დამოკიდებულება ფულისადმი, სხვათა შორის - თემოსაც. სულ ვცდილობ, ამ მიმართულებით გამოვსწორდე, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე ლაღად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს; მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- მერიდება, რომ ვთქვა, ასეა-მეთქი. კომუნიკაბელური ვარ, სულ ვცდილობ, ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გვერდით (და ყველა ადამიანმა ამ სამყაროში) არიან, თავი კარგად იგრძნონ.

- ჯიუტი ხარ?

- მეუბნებიან, რომ ვარ.

- თავად ვერ აღიქვამ?

- ვერა, მიჭირს ზღვარი გავავლო, საღი აზრია თუ სიჯიუტე. როცა ადამიანი გაჯიუტებულია, ამ დროს თავი ხომ მართალი ჰგონია.

- "ამაყი და გულჩათხრობილია".

- არ ვიცი, პასუხის გაცემა მიჭირს. გულჩათხრობილი ხანდახან შეიძლება ვარ. (პაუზის შემდეგ) თუ არ ვარ? ეს საკუთარ თავში ჯერ ვერ გამოვიკვლიე.

- როდესაც მელანქოლია მოგეძალება, ამ დროს ჯუჯღუნა ხდები?

- როცა ცუდ ხასიათზე ვარ, არ შემიძლია, გავიღიმო და ყველას თავი სხვაგვარად მოვაჩვენო. ამ დროს შეიძლება უხეში ან მშრალი პასუხები მქონდეს. მინდა მივაღწიო იმას, რომ ჩემი განცდები გარეთ არ გავიტანო და ემოცია სხვას არ გადავდო, მაგრამ ჯერ ვერ გამომდის. საკუთარ თავს ვსაყვედურობ ხოლმე, ახლა ასე უხეშად, ასე ხისტად რატომ ვუპასუხე? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ის ადამიანი რა შუაშია-მეთქი?! ეს ყველაფერი გონებაში გაანალიზებული მაქვს და როცა ვიჭერ, სულ ვცდილობ, იმავენაირად აღარ მოვიქცე.

- "მას არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა ადამიანები მის ღირსებებს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე".

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც სამსახურში კარგად რომ მოვიქცევი, ეს ვინმემ აღნიშნოს. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც კრიტიკა უდიდესი მოტივაციაა; ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიღაცას საკუთარი შესაძლებლობები დაანახვონ და დაარწმუნონ, რომ ის ცდება. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული შექებაა.

- ეჭვიანი ხარ?

- ვთვლი, რომ არ ვარ, მაგრამ ჩემი ქმარი მეუბნება, ხარო. ადამიანს, რომელთანაც ვცხოვრობ, ბოლომდე ვენდობი, მაგრამ როცა სხვა ადამიანისგან არის აგრესიული დაინტერესება, არამეგობრული კომუნიკაცია, ამ დროს ვბრაზობ: რა წესია, ხომ იცის, რომ ცოლი ჰყავს!.. ჩემს მეუღლეზე კი არა, თვით სიტუაციაზე ვბრაზობ, ამაზე რეაქცია ყოველთვის მექნება. თემო მეუბნება, ეჭვიანი ხარო, მე ვთვლი, რომ არ ვარ.

- "იშვიათად ფიქრობს ხვალინდელ დღეზე; მიაჩნია, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება".

- ხვალინდელ დღეზე სულ ვფიქრობ, სულ ვნერვიულობ. ზოგჯერ მომავალზე იმდენად დიდი დოზით ვფიქრობ, ამასობაში შეიძლება, დღევანდელი დღე "გამეპაროს". არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ: "აი, ეს რომ ჩემს ცხოვრებაში მოხდება, მერე ბედნიერი ვიქნები", "ეს რომ მექნება, მერე ბედნიერი ვიქნები"... რეალურად, "ეს რომ მოხდება" ფიქრში, დღევანდელი ძალიან კარგი ამბები ყურადღების მიღმა რჩება.

- "ენაკვიმატია, ოღონდ ყოველთვის ირონიული".

- ენაკვიმატი არ ვიცი, მაგრამ ირონიული საერთოდ არ ვარ, მეტიც, გამოგიტყდებით - იუმორის გრძნობა არ გამაჩნია. მარინა ჯანაშიას ჰქონდა საოცარი იუმორი, მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნება იყო. მამაჩემსაც კარგი იუმორი აქვს, თემოსთან ვერ მოიწყენ, სულ მაცინებს და კარგ ხასიათზე მაყენებს. სხვებში იუმორს ძალიან ვაფასებ, მე არ გამაჩნია და რა ვქნა.

238603321-4343014859075419-329725059187232506-n-copy-1657637828.jpg

- "მზრუნველი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შვილებსაც კი გადამეტებული სიმკაცრით ეპყრობა".

- ჩემი შვილი ჯერჯერობით საამისოდ პატარაა. ისე კი ბევრს ვფიქრობ, როგორი დედა ვიქნები. ზედმეტი სიმკაცრე არ არის კარგი, არც ზედმეტი სირბილე მგონია მისაღები. ამ შემთხვევაშიც ოქროს შუალედის პოვნა იქნება გამართლებული.

- თავად როგორ გზრდიდნენ?

- მშობლებისგან არასდროს არანაირი შეზღუდვა არ მქონდა, ამიტომ ძალიან ჭკვიანად ვიქცეოდი და მშობლებს, როგორც მეგობრებს, ისე ველაპარაკებოდი.

- "მას კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს".

- საკუთარ ინტუიციას ვენდობი, მაგრამ როცა რაღაც საქმეს ვიწყებ და ინტუიცია მეუბნება, ეს საქმე გამოვა, ამ დროს თითქოს საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ არ გამოვა.

- ასე რატომ იქცევი?

- არ ვიცი, ეს სისულელე რატომ ავიჩემე, საკუთარ თავს იმედს არ ვაძლევ, მერე იმედგაცრუება რომ არ მქონდეს. სხვათა შორის, ჩემი ინტუიცია სხვებზე მეტად ამართლებს, ვიდრე - საკუთარ თავზე.

თამუნა კვინიკაძე