“2 ადამიანის სიყვარული ბოროტებით არ უნდა დასრულდეს” - გზაპრესი

“2 ადამიანის სიყვარული ბოროტებით არ უნდა დასრულდეს”

პროფესია: მსახიობი.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსა და დრამის მსახიობის ფაკულტეტი, ასევე - დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანოს პედაგოგის განხრით).

ამჟამინდელი საქმიანობა: არის 2 ბარის მფლობელი და ხელმძღვანელი; აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში; პერიოდულად, გადაღებებში მონაწილეობს.

ჰობი: იუმორი, პაროდია.

ცხოვრების დევიზი: საქართველოს გაბრწყინება და ოჯახის, ახლობლების კარგად ყოფნა.

- ქალბატონო ასმათ, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ჩემი აზრით, წესიერ, სამართლიან, ოჯახის, ახლობლების და საერთოდ, ხალხის მოყვარულ ადამიანს. მორიგება, შერიგება მიყვარს და არა - ჩხუბი.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ჩემს შვილიშვილს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს მასთან საუბარი ზრდილობაზე, საქართველოს სიყვარულზე, განათლებაზე, ასევე - წიგნების განხილვა: რა წაიკითხა, წაკითხულიდან რა გაიგო... სულ მთხოვს ხოლმე, - ბებო, რამე მომიყევი, გამაცინეო. ჩემი იუმორი მოსწონს (იღიმის)...

- როგორი ბოსი ხართ?

- ჯობია, სხვანაირი ვიყო, რადგან როგორიც ვარ, არასწორია: მკაცრი ხელმძღვანელი უნდა იყო - ეს აუცილებელი ყოფილა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს გავლენ ხოლმე. სიმკაცრე საჭიროა, მაგრამ აუცილებლად სამართლიანი უნდა იყო. თანამშრომლებს ხელს ვუწყობ. მინდა ვასწავლო, გავაგებინო. არ ვუყვირი, თუ არ გადავირიე.

- რამ შეიძლება, წყობილებიდან გამოგიყვანოთ?

- უსინდისობამ, დაუნახაობამ, უმადურობამ. უმადურობა ძალიან ცუდი რამეა. როცა ადამიანი უმადურია, ეს დიდი დანაშაულია. ხშირად ადამიანებს კარგად რომ ექცევი, ჰგონიათ, თავად არიან კარგები და ყველა ვალდებულია, მათ კარგად მოექცეს. ასე არ არის: ვინც კარგად გექცევა, კარგი ადამიანი ის არის.

- თქვენს ცხოვრებაში ხშირია ეპიზოდები, როცა უმადურ ადამიანებთან ურთიერთობა გიწევთ?

- კი, როცა არ იცი, რომ უმადურია, მაგრამ ბოლოს ასეთი აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა მადლიერიც უამრავია. ამას წინათ ახლობელმა მითხრა, - მახსოვს, რამხელა სიკეთე გამიკეთეო... შვილს გეფიცები, თავად არ მახსოვდა. საფასურს კი არ ვითხოვ? რომ ახსოვს და მადლიერია, ეს მესიამოვნა, მეტი არაფერი. მადლიერების გრძნობა ძალიან მომწონს.

- კინოთეატრში ბოლოს როდის იყავით?

- ზუსტად არ მახსოვს. მგონი, იმ ფილმში, რომლის სანახავადაც კინოთეატრში ვიყავი, თავად ვთამაშობდი. წინათ, ყველა ფილმს კინოთეატრში ვნახულობდი: მაშინ “კინოს სახლში” საბჭოთა კავშირში აკრძალული ფილმები გადიოდა, მაგალითად - “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”. კინოსეანსზე მოხვედრა ურთულესი იყო ხოლმე... ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, კინოთეატრში ვინ წავიდოდა?!.

- თეატრის ხშირი სტუმარი ხართ?

- პანდემიის გამო, 2 წელია, არაფრის სტუმარი აღარ ვარ, მაგრამ მანამდე, თუ კარგი სპექტაკლი იყო და ვინმე დამპატიჟებდა, სანახავად აუცილებლად მივდიოდი. ახლა უკვე ყველაფერს არ ვნახულობ - ცოტა არ იყოს, კორონავირუსმა ხალხი დაგვაფრთხო, მაგრამ თუ კარგი სპექტაკლია, ახლაც აუცილებლად ვნახულობ.

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ჩემი ოჯახი, შვილი, შვილიშვილი... შვილიშვილს დილით სკოლაში გავაცილებ, მერე შინ დაბრუნებულს ვხვდები, ვარკვევ, რა იმეცადინა... ჩემთვის საზოგადოებრივი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია: ყურადღებას ვაქცევ, ჩემს ქვეყანაში რა ხდება, მის ბედ-იღბალს განვიცდი... რა თქმა უნდა, ბარის საქმეს ვაკეთებ: რა, როგორ არის, ვინ გვესტუმრება...

- დამისახელეთ ერთი ქართველი, მოქმედი, ღირსეული პოლიტიკოსი...

- მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე რომ არიან გადასული, არც ერთი აღარ მომწონს. მინდა, ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, განვითარებული, გაბრწყინებული ქვეყანა გვქონდეს. ლანძღვა-გინებით, ერთმანეთის შურით და ბოღმით (რაც დღეს ხდება), ქვეყანა არ ვითარდება.

124931331-2848792352070127-6440347064607823709-n-copy-1657908844.jpg

- თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- მთავარი მიღწევაა, რომ ჩემს ასაკში აქტიური ვარ. განსაკუთრებით, საზოგადოებრივ საქმეში აქტიურობა მიმაჩნია მიღწევად. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიზნესი.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- მგონი, ღმერთმა ყველანაირი უნარი მომცა. ჯერ ერთი, სკოლაში ნორმალური მოსწავლე ვიყავი - მათემატიკა კარგად ვიცოდი. მერე ინსტიტუტში პირველი სტუდენტი გახლდით - ყველაზე მაღალი სტიპენდია მქონდა, სწავლა წითელ დიპლომზე დავასრულე... ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, რომლებიც მე თავად მირჩევდნენ (ეს უმნიშვნელოვანესი იყო): სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მზია მახვილაძე (თენგიზ აბულაძის მეუღლე), კოტე მახარაძე, მედეა ბიბილეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ლია ტაბატაძე, გია ფერაძე, ამირან ბუაძე, დათო დვალიშვილი... არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს. რაც ასაკი მომემატა, ყველა მათგანი უფრო მეტად მიყვარს... ზებუნებრივ ძალას რაც შეეხება, მინდა, ღმერთმა ისეთი ძალა მომცეს, რომ ჩემი ქვეყნის ფეხზე დაყენება შევძლო და ბოროტება, შური გავაქრო, საქართველოს სიკეთე მოვუტანო...

- ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან, რეალურ გამოსავლად რა გესახებათ?

- ქართველებს ძალიან ცუდი ბუნება - ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა აქვთ, ყველას პირველკაცობა უნდა. თითქმის ყველას ჰგონია, რომ ყველაზე კარგი თავად არის. ახლა რომ ვუყურებ, ქვეყნის სათავეში ყოფნისთვის როგორ იბრძვიან, საშინელებაა: საკუთარი მიზნის მისაღწევად ცდილობენ, სხვას რაღაც ცუდი გაუკეთონ. მაგალითად, მინდოდა, ქალაქის მერი ვყოფილიყავი, რომ რაღაც ძალიან საინტერესო გამეკეთებინა: ტრამვაი აღმედგინა, ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი კორპუსები აღარ აშენებულიყო... მოკლედ, თბილისისთვის სიკეთე მინდოდა. ზოგს მერობა იმისთვის უნდა, რომ ქალაქს დედა უტიროს. მსურს, დიდი ძალა მქონდეს, რომ ჩემს ქვეყანას სიკეთე მოვუტანო, ხოლო ვინც ბოროტია, მას დავანახვო - სიკეთე უკეთესია. ბედნიერი ვიქნებოდი, ასეთი ძალა რომ მქონდეს. მას ადამიანების სიყვარულში გამოვიყენებდი.

- რა არის სიყვარული?

- სიყვარული ძალიან საინტერესო ამბავია... 2 ადამიანის სიყვარული ბოროტებით არ უნდა დასრულდეს. ამ გრძნობაში სიკეთე უნდა იყოს “ჩადებული”. ზოგს, როცა სიყვარულზე სასურველ პასუხს არ იღებს, ცუდი აზრები უჩნდება. პირიქით უნდა იყოს: იმიტომ უნდა გიყვარდეს, რომ ის იყოს კარგად, ვინც გიყვარს... ქალის და კაცის სიყვარული ძალიან ლამაზია. ასევე, დედაშვილური სიყვარული ულამაზესია... რთულია, ვისაც დედობა არ შეუძლია. დედა-შვილის სიყვარული უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მამა-შვილის. მამით ობოლიც ობოლია ადამიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ უდედოდ დარჩენილი - ორმაგად ობოლი ხდება... სამშობლოს მიმართ სიყვარული უძლიერესია: გარდაცვალებამდე, დედაჩემმა პირჯვარი გადაიწერა და ბოლოს სიტყვებად ეს თქვა: - ღმერთო, შენ უშველე ჩემს ქვეყანას და ჩემს შვილებსო. წარმოიდგინეთ, ქვეყნის სიყვარული როგორი ძლიერია, თუმცა გააჩნია - ვისთვის. პირადად მე, შეიძლება ვინმე გაჭირვებულს მივეხმარო და თავიც გავწირო, მაგრამ ეს შემთხვევის ამბავია, დაფიქრებულად კი - თავგანწირვა მხოლოდ ქვეყნისა და შვილისთვის, შვილიშვილისთვის შემიძლია.

- სტრესს, მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდებით?

- ძალიან ოპტიმისტი ვარ. როცა გავიგებ, რომ ვიღაცას შურს ან დაბოღმილია, მინდა, უკეთესი რამე გავაკეთო, უფრო მეტად გავძლიერდე, ვაჩვენო, რომ მეტი შემიძლია. მაგალითად, წლების წინ, ახალგაზრდობაში, ერთხელ კარგი, ლამაზი ტანსაცმელი მეცვა. ერთმა ადამიანმა სამოსი დამიჭრა (თეატრში) - ეტყობა, შეშურდა. არ გავგიჟებულვარ და არ დავბოღმილვარ. შინ მოსვლისთანავე, დავფიქრდი - რა შეიძლებოდა გამეკეთებინა? ავდექი და დაჭრილი ტანსაცმელი ისე ლამაზად გადავაკეთე, რომ იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე დაჭრამდე იყო.

- როგორ ფიქრობთ, უკეთესი მსახიობი ხართ თუ ბიზნესვუმენი?

- მსახიობი. ყოველდღიურად, ჩემი ბუნება უფრო მსახიობობისკენ “მიდის”...

- თქვენს ცხოვრებას რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სიმართლე. სიმართლე და სისუფთავე არაჩვეულებრივია. გადაცემებში ყველა ტელევიზია მიწვევს - ოპოზიციურიც და სამთავრობოც. იცით, ჩემი აზრით, ეს რატომ ხდება? სამართლიანი ადამიანი ვარ. იციან, სიმართლეს ვიტყვი. არაფრის გამო არ ვიყიდები და არც გავიყიდები.

ეთო ყორღანაშვილი