"პროტესტის ძლიერი გრძნობა გამიჩნდა" - გზაპრესი

"პროტესტის ძლიერი გრძნობა გამიჩნდა"

ახლახან რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსი" სალომე კაპანაძემ დატოვა. ბოლო დროს, სალომეს მიმართ მაყურებლების ნაწილი უარყოფითად განეწყო. როგორც თავად ამბობს, ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება უკან ცუდად დაუბრუნდა...

დავინტერესდით, პროექტის დატოვების მერე თავს როგორ გრძნობს, რა გეგმები აქვს?..

- პროექტში ყოფნიდან როგორი კარგი ეპიზოდებიც უნდა მახსენდებოდეს, დაძაბულობა მაინც ყოველთვის იყო. როცა გავიაზრე, რომ "პრაიმ ჰაუსიდან" წამოვედი და მასთან შეხება აღარ მექნებოდა, მოვეშვი. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, იმედი არ გავუცრუო. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ პროექტით არ შემოიფარგლება, მსურს მის გარეთაც გაგრძელდეს. კრეატიული იდეებიც მაქვს, როგორ შეიძლება, ჩემი და მაყურებლის კომუნიკაცია შედგეს.

თუმცა, "პრაიმ ჰაუსში" კონკრეტულად პოპულარობისთვის ნამდვილად არ შევსულვარ - წლების განმავლობაში, სოციალური ქსელებით ხალხმა გამიცნო, მაგრამ მინდოდა, ჩემი გვერდის გამომწერებს, რომლებიც თვალს მადევნებდნენ, საშუალება ჰქონოდათ, ჩემთვის 24 საათის განმავლობაში, "სტრიმზე" ეყურებინათ და გარეგნობის გარდა, ჩემი ხასიათიც "დაენახათ". ჩემ შესახებ არაერთი კარგი სიტყვა მსმენია: სამართლიანი, გამგები, გვერდით მდგომი, მეგობრული... ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.

- მაყურებლების ნაწილი გადანაშაულებდათ, რომ თეონა კოჭლამაზაშვილს ავთოსთან ერთად ფოტოები სპეციალურად გადაუღეთ. ახლა, როცა რეალითი შოუ დატოვეთ, გარედან სიტუაცია როგორ ჩანს? თქვენი საქციელი უცხო თვალისთვის ეჭვის აღმძვრელი ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო?

- თქვენ შემახსენეთ, თორემ ეგ თემა ჩემთვის ისეთი უმნიშვნელოა, რომ საერთოდ არ მახსოვდა. ჩემ მიმართ აგრესია და "ჰეითი" დაუმსახურებლად მოდიოდა, მით უმეტეს, როცა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი გახლდით. ვალდებული არ ვიყავი, პროექტში ვინმესთან ან მემეგობრა, ან - კარგი დამოკიდებულება მქონოდა. ეს ჩემი კეთილი ნება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ბრალდება, რაც ბოლო პერიოდში ჩემი მიმართულებით წამოვიდა, სრულიად დაუმსახურებელი გახლდათ და ჩემგან შესაბამისი რეაქციაც გამოიწვია. ახლა რომ ვუყურებ და ის პერიოდი მახსენდება, ვფიქრობ, იგივე რეაქცია მექნებოდა. ამ ფაქტზე ცოტათი მეცინება, რადგან რაც უნდა იყოს, ალბათ, გარკვეულწილად, უკანაც დამხია, მაგრამ ჩემგან სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლებოდა: ადამიანის მიმართ კარგი დამოკიდებულება გამოვიჩინე, რაც შემდეგ ძალიან ცუდად დამიბრუნდა. არა მხოლოდ "რეალითი შოუში", რეალურ ცხოვრებაშიც ასე ხდება ხოლმე... ფოტოების გადაღებას რაც შეეხება, შეუძლებელია, ეგ აზრი გაგიჩნდეს, რადგან კვირაში ერთი თავისუფალი დღე გვქონდა, როცა შოუდან სახლში გვიშვებდნენ. ფოტოების გადაღება ნებისმიერს შეეძლო, მით უმეტეს, რომ თეოს და ავთოს ამბავი "ცხელი" გახლდათ. ფოტოების და ვიდეოების გადაღებას არავინ "გამაზავდა". ასეთი ეჭვი, პირველ რიგში, ჩემზე არ უნდა გასჩენოდათ, მაგრამ ასე მოხდა. ალბათ, ყველაზე დიდი გაუგებრობა ეგ იყო. ამაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. პროექტში ყოფნის დროსაც გადავწყვიტე, ამ თემაზე საერთოდ აღარ მესაუბრა, რადგან ბევრი ფაქტორი გავითვალისწინე და ცეცხლზე ნავთის დასხმა საჭირო აღარ იყო.

- ანუ შეკითხვის დასმა ზედმეტია, თეონასთან მეგობრობას აგრძელებ თუ არა?

- "მეგობრობა" ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია. იმ პერიოდში რეალურად გამოჩნდა კიდეც, ჩემ გვერდით ვინ იყო, მასთან ურთიერთობას გავაგრძელებ. "ჩუმი ვარ", "არ გამომდის" და მსგავსი ფრაზები მეგობრობაში არ არის. ამიტომ ჩემი გეგმები შეიცვალა.

- პროექტში შეყვარებულის ამპლუაში შეხვედით და გამოხვედით, როგორც საცოლე.

- ხელის თხოვნა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ემოციურად ძალიან დამძიმებული ვიყავი. ალბათ, ის ემოცია ვერ გამოვხატე, რაც რეალურად ვიგრძენი და განვიცადე. ყველაფერს ახლა უფრო ვიაზრებ. ის პერიოდი კარგად მახსენდება და მგონი, ემოციას ახლა უფრო კარგად გამოვხატავ (იღიმის). ჩემი აზრით, გოგონებისთვის ესეც მაგალითია: ოჯახის შექმნა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცებში შეზღუდული ხარ. დარწმუნებული ვარ, რეალითი შოუში მონაწილეობა ბევრ გოგოს უნდოდა, მაგრამ ალბათ, ზოგმა თავი იმიტომ შეიკავა, რომ შეყვარებული, საქმრო ან ქმარი ჰყავს. ეს არარეალური მიზეზებია... ახლა, რაკი პროექტიდან გამოვედი, გეგმების დალაგება დავიწყე, მანამდე საერთოდ არ ვგეგმავდი ხელმოწერას, ქორწილს...

- თქვენი ძაღლი - ვიკი, რომელიც "პრაიმ ჰაუსში" არაერთხელ გესტუმრათ, როგორ შეგხვდათ?

- ძალიან კარგად. მგონი, ელოდა კიდეც, როდის დადგებოდა ის დღე, როცა პროექტიდან "გამოვვარდებოდი" (იცინის). ჩემი დანახვა გაუხარდა. მანამდე მოწყენილი და დაბნეული იყო. დიდი ხნის განმავლობაში მელოდა, ბოლოს იმედიც გადაეწურა, მაგრამ გამოვჩნდი და ახლა გახარებულია...

- საცვლებში თქვენს ფოტოსესიას ბევრ კომპლიმენტთან ერთად, კრიტიკაც მოჰყვა. ახლობლებს თქვენი თამამი ფოტოსესიების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- პროექტის გარეთაც ზუსტად ისეთი ვარ, როგორსაც ხალხი რეალითი შოუში მიყურებდა. ცხოვრებაშიც ძალიან მგულშემატკივრობენ და თითოეული ჩემი წარმატებული ნაბიჯი ახარებთ. ამიტომ ეგ წინაღობა ნამდვილად არ მაქვს, რომ ვინმეს რაღაც არ მოსწონს და მისი აზრი უნდა გავითვალისწინო. ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც ჩემს აზრს პატივს სცემენ.

- როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა სოციალურ ქსელში ე.წ. თამამი ფოტოები პირველად განათავსეთ?

- საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებული "ჰეითი" არასდროს მაკლდა, რადგან ხალხს ყოველთვის აქვს კითხვები: ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია აქვთ? ამ ყველაფრის გაკეთებას როგორ ბედავო? ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს, რაც დიდი დისკომფორტია, რადგან რეალურად, საგანგაშოს არაფერს ვაკეთებ, თუმცა ვიღაცისთვის ეს ძალზე მიუღებელია. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, მაგრამ უწყინარი ფოტოები, რომლებსაც სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი, ყოველთვის განხილვის თემა ხდებოდა, ოღონდ - ძალიან ცუდ კონტექსტში, თუმცა მივეჩვიე: დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ვიღაცისთვის რაღაც მისაღებია, ვიღაცისთვის - მიუღებელი. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ჩემს საქმიანობაზე არ აისახება.

- რა პროფესია, რა ინტერესები გაქვთ?

- ძალიან მინდოდა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან მეშინოდა, თუკი ჩემი მცდელობა წარუმატებლად დასრულდებოდა, ეს ტრავმას დამიტოვებდა. ძლიერი სურვილის გამო, ვეცადე, სამუშაოდ "ახლო" სფერო ამერჩია: კლიპებში, სხვადასხვა გადაღებაში ვმონაწილეობდი. საბოლოოდ, თეატრალურ სფეროსთან მაინც ახლოს ვარ, თუნდაც - მაყურებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით.

1-2-1658219147.jpeg

- გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები, რამაც თქვენი წარმატება განაპირობა?

- ჟურნალისტი არ ვარ, თუმცა ინტერნეტტელევიზიაში, ჟურნალისტის როლი მოვირგე. ალბათ, წარმატება იქიდან დაიწყო, რადგან მასშტაბური პროექტი იყო, ხალხმა გამიცნო. შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურობა დამოუკიდებლად გავაგრძელე და დღემდე ვაგრძელებ.

- თქვენს "ნახევრად შიშველ ინტერვიუსაც" აგრძელებთ, რომელიც რამდენჯერმე რეალითი შოუში ყოფნის დროსაც ჩაწერეთ?

- კი. ჩემი "იუთუბარხი" მაქვს. მინდოდა, ეს გადაცემა ჩემს სტილთან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ "ნახევრად შიშველი ინტერვიუ" დავარქვი. ლოგიკურია, მეც და გადაცემის სტუმარსაც საცურაო კოსტიუმები რომ გვაცვია. როცა გადაცემაზე მუშაობა დავიწყე, თავდაპირველად, მინდოდა, სტუმრად მხოლოდ გოგოები მყოლოდა და "გოგოშკური" საუბრები გვქონოდა, მაგრამ მონაწილეობის სურვილი ბიჭებმაც გამოთქვეს. რატომაც არა-მეთქი? გადაცემაზე მუშაობის დაწყებისას მეგონა, სტუმრებისთვის საცურაო კოსტიუმში გამოწყობა პრობლემა არ იქნებოდა, რადგან "ვაწვებით" იმ აზრს, რომ კომპლექსები არ გვაქვს და "ინსტაგრამი" საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოებით აჭრელებულია, მაგრამ როცა ხალხის მოწვევაზე მიდგა საქმე, ბევრისგან უარი მივიღე - სიშიშვლე ჩემი სტილი არაა, ფორმაში არ ვარ, ძალიან გამხდარი ან წონაში ძალიან მომატებული ვარო... ასეთი უაზრო მიზეზები ჩემთვის შოკი იყო, რადგან მეგონა, პრობლემა არ იქნებოდა...

- თქვენი და თქვენი რჩეულის ურთიერთობაც "ნახევრად შიშველი ინტერვიუდან" დაიწყო?

- არა. სხვა "იუთუბგადაცემიდან", სადაც ერთმანეთს პირველად შევხვდით. მის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად თვალს მადევნებდა. თავიდან ყველაფერი "იაზვობით" და "სტერვობით" დაიწყო (იცინის), მაგრამ საბოლოოდ, ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გაგვიჩნდა...

- როცა თქვენს ინტერნეტგადაცემაში გესტუმრათ, თქვენი ურთიერთობა რა ეტაპზე იყო?

- საერთოდ, არც ერთ ეტაპზე არ იყო. ამბობდა, - სიყვარულისთვის მზად არ ვარ, არანაირი ოჯახიო, მაგრამ ფაქტია, ახლა თითზე ბეჭედი მიკეთია (იღიმის)...

- არის რამე, რისი გაკეთებაც რეალითი შოუში ყოფნისას გინდოდათ, მაგრამ ვერ მოასწარით?

- ყველა ჩემი ნაბიჯით კმაყოფილი ვარ, თუმცა საკუთარი თავის რეალიზება უფრო ადრეც შემეძლო. გარკვეულმა ფაქტორებმა ხელი შემიშალა: ერთ-ერთ მონაწილესთან კამათი მომივიდა, რასაც არ ველოდი. იმ პერიოდში, ეს ჩემთვის სენსიტიური თემა იყო... ახლაც რომ მკითხოთ, იმ თემაზე ვიჩხუბებდი თუ არა, დადებითად გიპასუხებთ... უბრალოდ, მაყურებლებთან კომუნიკაცია უფრო ადრე მექნებოდა. ვიზრუნებდი, რომ ბევრი ადამიანისთვის მოტივატორი ვყოფილიყავი, რაც გარკვეულწილად, გამომივიდა კიდეც. რაზეც ვიფიქრებ, რომ რეალითი შოუში ყოფნისას უნდა გამეკეთებინა, ახლა გავაკეთებ - ცხოვრება გრძელდება. 2 კვირაში პროექტი ისედაც მთავრდება...

- ვის გულშემატკივრობთ?

- პატრიკს, რა თქმა უნდა. პროექტიდან იმდენი სამართლიანი და ღირსეული ადამიანი გავარდა, რომ პროტესტის ძლიერი გრძნობა გამიჩნდა. საზოგადოების ღირებულებებს ახლაც ვერ ვხვდები: რეალურად, ხალხს რა აინტერესებს, რაზე რეაგირებენ დადებითად, უარყოფითად?.. ჩემი აზრით, პატრიკის გამარჯვება ყველაზე სამართლიანი იქნება...

P.S. გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტოები

ეთო ყორღანაშვილი