"ჩემი შესაძლებლობების 60%-იც არ გამომივლენია" - გზაპრესი

"ჩემი შესაძლებლობების 60%-იც არ გამომივლენია"

მომღერალი სალომე ბაკურაძე ტელესივრცეში მოზარდობის ასაკიდან გამოჩნდა. მას შემდეგ არჩეულ საყვარელ საქმეს მიჰყვება. ბევრ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა: "ნუცას სკოლა", "ჯეოსტარი", "იმღერე რამე", "იმედის ტალღა", "ბრავო", "ერთი ერთში"... საინტერესოა, როგორ აირჩია პროფესიული გზა და მრავალფეროვანი გამოცდილების საფუძველზე, დღეს ახერხებს თუ არა შესაძლებლობების რეალიზებას?

- სიმღერასთან დაკავშირებული პროფესიული არჩევანი ბევრი ფიქრის გარეშე გავაკეთე: დედაჩემი ვოკალის პედაგოგი გახლავთ. თურმე, როცა დედა და მისი სამეგობრო ოპერიდან ნაწყვეტებს, ოპერეტებს მღეროდნენ, სიმღერას თავად ვაგრძელებდი - მთლიან არიებს ბოლომდე ვასრულებდი. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში სიმღერა მცირე ასაკში, ბუნებრივად შემოვიდა და ყოველთვის იყო: ვთამაშობდი, საქმეს ვაკეთებდი, ვბანაობდი თუ ტანსაცმელს ვიცვლიდი, სულ ვმღეროდი, არასდროს ვჩუმდებოდი. საბავშვო ბაღშიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, ვმღეროდი, ასევე - სკოლაშიც... 9 წლის ვიყავი, როცა საბავშვო სტუდიაში მივედი, სადაც პროფესიულ სცენაზე დავდექი. მოკლედ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიმღერა, სცენაზე დგომა ისე ორგანულად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ არც მიფიქრია, სხვა რამე მეკეთებინა, მაგრამ საოცრება ის არის, რომ პროფესიად სხვა რამე ავირჩიე - კონსერვატორიაში არ ჩამიბარებია.

- ამის მიზეზი რა იყო?

- ჩემს ცხოვრებაში სიმღერა იმდენად სულ იყო, რომ საჭიროდ არ მივიჩნიე, პროფესიად კიდევ მას გავყოლოდი, თუმცა ხელოვნების სფეროს მაინც ვერ მოვწყდი: ბაკალავრის ხარისხი მაქვს, როგორც კინოსა და თეატრმცოდნეს, ხოლო მაგისტრატურაში სწავლა დავასრულე, როგორც ხელოვნებათმცოდნემ. თითქოს "სხვაგან წავედი", მაგრამ ამ პროფესიით არ ვმუშაობ, საკუთარ თავს ხელოვნებათმცოდნედ ვერ აღვიქვამ: მომღერალი ვარ, ვიყავი და ვიქნები, რაც უნდა მოხდეს (იღიმის).

- თქვენი პროფესიული გზის (მომღერლობას ვგულისხმობ) კალაპოტი წარმატებისკენ ცხოვრების რომელმა ეპიზოდმა მიმართა?

- ეს ეპიზოდი პირველ ტელეპროექტს - "ნუცას სკოლას" უკავშირდება. ისე მოხდა, რომ პირველი სეზონის კასტინგზე არ გამიგია. მეორე სეზონისთვის ჩემმა მეგობარმა - გვანცა ბუბუტეიშვილმა პროექტისთვის ჩემი მონაცემები და სიმღერის ჩანაწერი "ტელეიმედში" თავად გაგზავნა. "ნუცას სკოლისთვის" ჩავწერე გიორგი ცაბაძის "მთვარის სიმღერა" ("ვერის უბნის მელოდიებიდან")... თითქოს ეს ამბავი დავიწყებულიც მქონდა, როცა დამირეკეს და "ცოცხლად" მოსმენაზე დამიბარეს. მგონი, ჩემი ძალიან მაგარი სტარტი სწორედ ეს იყო! სიმღერასთან დაკავშირებით, ყოველთვის თავდაჯერებული გახლდით, მაგრამ ზარს მაინც არ ველოდი. ეს იყო პირველი ნაბიჯი, როცა უკვე იმ სამყაროში მოვხვდი, რაც ნამდვილ პროფესიულ სცენაზე დგომას უკავშირდებოდა; ის ადამიანები ვნახე, რომლებიც მხოლოდ ეკრანზე მყავდა ნანახი და ისინი უკვე კოლეგასავით მიყურებდნენ. "ნუცას სკოლა" ჩემი უნიკალური შანსი და სტარტი იყო!.. პროფესიულად გავიზარდე, გამოცდილება მივიღე, თავდაჯერება შევიძინე და ხალხის სიყვარულიც დავიმსახურე. ამდენი წლის მერეც, კიდევ მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, - "ნუცას სკოლაში" პირველი გამოჩენიდან გგულშემატკივრობთო. ჩემ მიერ შესრულებული ყველაზე "კაშკაშა" ნომერი "კრიმანჭული" იყო, რის გამოც ხალხს დღემდე ვახსოვარ...

- ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში როგორ მოხვდით?

- "ნუცას სკოლის" დასრულების შემდეგ, ჩემი უახლოესი მეგობარი და სასცენო თანამგზავრი - ნოდიკო ტატიშვილი დამიკავშირდა და მითხრა: შენთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი მაქვს, ერთი ადამიანი გიბარებსო... უცებ, ალექსანდრე ბასილაიას კაბინეტში აღმოვჩნდი, რომელმაც სოლისტად, კვინტეტის წევრად ამიყვანა. ეს ალექსანდრე ბასილაიას ბოლო პროექტი იყო, სადაც 5 მომღერალი შეგვკრიბა: მე, ნოდიკო ტატიშვილი, ზვიად აბაშიძე, გიორგი კობაიძე და თამუნა ოქროპირიძე. ჩვენი პედაგოგი გელა ფარჩუკიძე გახლდათ. უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს "ვაკეთებდით", ყოველდღე ვმუშაობდით, გასტროლებზე დავდიოდით... ალბათ, ეს ჩემი ცხოვრების "ჯეკპოტი" იყო. ის 3 წელი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დაუვიწყარი და შეუფასებელი იქნება!..

- "ჯეოსტარში" მონაწილეობამ განსაკუთრებული პოპულარობა შეგძინათ.

- "ნუცას სკოლაში" მონაწილეობიდან 3-წლიანი პაუზის შემდეგ, "ჯეოსტარში" გამოვჩნდი, როგორც ქუთაისის წარმომადგენელი. პროექტში ნამდვილად მთელი საქართველო იყო ჩართული. რუსთაველის თეატრში ტარდებოდა. ჟიურის წევრი ნანი ბრეგვაძე გახლდათ, რომელმაც პირველივე ტურის დროს, როდესაც ალექსანდრე ბასილაიას "ჩიორა" ვიმღერე, ასე შემაფასა: ეს გოგონა ნამდვილი პროფესიონალია. მგონია, რომ ისე უნდა შევაფასოთ, როგორც პროფესიონალი და არა - როგორც კონკურსანტიო. მგონია, რომ ამის გამო, "ჯეოსტარში" პირველივე ტურში გავიმარჯვე (იღიმის)... ბევრი ისეთი დავალება გვქონდა, რომლის შესრულების დროს პროფესიულად ვიზრდებოდი. კონკურსანტები არაჩვეულებრივ პედაგოგებთან ერთად ვიყავით და საკუთარ თავს ვეძებდით, რომელ ჟანრში შესრულება გამოგვდიოდა უკეთ... მრავალფეროვანი რეპერტუარი გვქონდა. ნამდვილად გამიმართლა, რომ "ჯეოსტარში" მოვხვდი და საკუთარი თავი მთელ საქართველოს უკეთ გავაცანი. ფინალში აღმოვჩნდი. პროექტის გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილი გახდა. ფინალში მოხვედრა ორივესთვის გამარჯვება იყო: სცენაზე ვიდექით და ერთმანეთს კი არ ვეჯიბრებოდით, სიმღერით სიამოვნებას ვიღებდით...

- "ჯეოსტარში" მიღებული გამოცდილება, პოპულარობა როგორ გამოიყენეთ?

- ეს ყველაფერი აღარ განელებულა: სცენაზე დავრჩი, დღემდე აქტიური მომღერალი ვარ და მაშინ შეძენილი გულშემატკივრების დიდი არმია დღემდე მომყვება. ისინი დღემდე ელოდებიან ჩემს ახალ სიმღერებს, ეკრანზე გამოჩენას... "ჯეოსტარის" შემდეგ, ბენდთან ერთად მუშაობა დავიწყე: მე, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი საღამოებს ვმართავდით (კვირაში 3-4 დღე). ბენდთან აქტიურად მუშაობამ პროფესიულად კიდევ უფრო გაგვზარდა... "ჯეოსტარის" შემდეგ, უკვე გადაცემებშიც აქტიურად მიწვევდნენ, როგორც სასურველ სტუმარს. სხვადასხვა ტელეპროექტში ვმონაწილეობდი. ამიტომ არც ჩემი პოპულარობა შენელებულა და არც - იმის სურვილი, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალი მეკეთებინა. სიმღერა, სცენაზე დგომა ჩემი ძირითადი საქმიანობა, ყოველდღიურობა გახდა.

maxresdefault-1658219311.jpg

- მცირე ასაკში პოპულარობამ, წარმატებამ თქვენზე რამე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა?

- არა. სიმღერის გამო, ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული ვიყავი. სკოლაშიც, სტუდიაშიც აქტიური გახლდით. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტები გვქონდა, ხან წამყვანი ვიყავი... ჩემს ცხოვრებაში პოპულარობა ისე ეტაპობრივად, ნელ-ნელა შემოვიდა, რომ ამის გააზრებისთვის ბევრი დრო არ დამჭირვებია - ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ამიტომ ამის უარყოფით მხარეებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. როდესაც საყვარელი საქმით უამრავ უცხო ადამიანს სიამოვნებას ვანიჭებ და ვუყვარვარ, არ შეიძლება, ეს ცუდი, შემაწუხებელი იყოს და ადამიანმა ბოროტად გამოიყენო, რადგან ეს ჯილდოა! ამ ადამიანებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, რადგან მაყურებლის და ტაშის გარეშე ჩვენი პროფესია არაფერია.

- ბევრს ახსოვს თქვენი ემოცია, როცა პროექტში - "ბრავო" გაიმარჯვეთ...

- პროექტებში, სადაც გამარჯვებულის ჯილდო არ ამიწევია, თავს დამარცხებულად არ მივიჩნევდი, რადგან ხალხის ძლიერ სიყვარულს ვგრძნობდი, გამოცდილებას ვიძენდი, პრიზებს ვიღებდი, მაგრამ "ბრავოში", როცა ვაცნობიერებდი, რომ 10 არაჩვეულებრივ კონკურსანტს შორის გამარჯვების შანსი მცირე იყო, თითქოს მოგებას არც ველოდი. ამიტომ ფინალში ის მოხდა, რაც იხილეთ: როცა გავიმარჯვე, სრული შოკი მივიღე, ემოციები თავშეუკავებლად გამოვხატე (იცინის)... მეორე დღეს თითქმის არაფერი მახსოვდა: თვალი რომ გავახილე, თავდაპირველად, ვერ გავიაზრე - რაც მოხდა, სინამდვილე იყო თუ დამესიზმრა (იღიმის)... ალბათ, გამარჯვებულის სტატუსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, ასევე - დიდი პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე.

- კიდევ ერთ პროექტში - "ერთი ერთში" გაიმარჯვეთ, რომელშიც კონკურსანტები სხვადასხვა შემსრულებლად გარდასახვას ცდილობდით. თქვენ მიერ შესრულებული ნომრებიდან განსაკუთრებულად შთამბეჭდავად რომელს მიიჩნევთ?

- "ერთი ერთში" სრულიად განსხვავებული ფორმატის შოუ გახლდათ. ბევრს ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, მონაწილეობა მიმეღო თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც მონაწილეობა გადავწყვიტე. არ ვიცი, რომელი ნომერი გამოვყო, რადგან ყოველკვირა ურთულეს დავალებებს ვასრულებდით: სულს, გულს, ენერგიას "ვდებდით"... ალბათ, ჩემი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნომერი იყო, როცა კაცად გარდავისახე - სილო გრინი განვასახიერე. ასევე, მირეი მატიედ გარდასახვა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ შთამბეჭდავი გახლდათ და დღემდე იხსენებენ ჩემ მიერ განსახიერებულ მისი ელიოტს, როცა ინგლისურ ენაზე გავრეპე. წარმოიდგინეთ, გარეპვა მშობლიურ ენაზეც ჭირს, ინგლისურად - მით უმეტეს. თან, როცა სახეზე რაღაცები გაქვს დაკრული, პირში სხვა კბილები გაქვს, კომფორტულად არ ხარ... სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი ჩემს შემოქმედებაში ნამდვილი მარგალიტი იყო...

img-6704-copy-1658219296.jpg

- ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილებისა და წარმატებების შემდეგ, პროფესიული თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ახერხებთ?

- ჩვენს პატარა ქვეყანაში ბოლომდე რეალიზება ცოტათი რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზა გავიარე, მაინც მგონია, რომ კიდევ მაქვს რაღაც ნიჭები, უნარები, რომლებიც ჯერ არ გამომიმჟღავნებია. შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი კი არა, ალბათ, 60%-იც არ გამომივლენია. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაფერი გაჩერებულია, კონცერტები არ გვაქვს და არ ვმღერით. მუდმივად ვმუშაობთ. ჩემი და ნოდიკოს კლიპის მაგალითზე შემიძლია გითხრათ: ჩვენს ნამუშევარს 17 მილიონი "ნახვა" აქვს. დღე არ გავა, რომ ვიღაც არ შემხვდეს, ვინც ამ კლიპთან დაკავშირებულ კომპლიმენტს არ მეტყვის... კლიპი საკუთარ სიმღერაზეც გადავიღე... ამ სფეროში მუდმივად ყოფნა და მუშაობა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ იმ მასშტაბის ქვეყანა არ გვაქვს, სადაც ყოველდღე სოლო კონცერტი გაიმართება. არსებული მასშტაბითაც შეიძლება, რომ შოუბიზნესი კიდევ უფრო აქტიური იყოს, მუშაობის მეტი საშუალება გვქონდეს, თუნდაც - პროდიუსინგის სკოლის აწყობით, რომ მომღერალს თავად არ უხდებოდეს სიმღერის მოპოვება, ჩაწერა... მომღერალს მხოლოდ საკუთარ შემოქმედებაზე ორიენტირების საშუალება რომ ჰქონდეს, პატარა ბაზრის მიუხედავად, ჩვენი შემსრულებლები უფრო მოთხოვნადები იქნებოდნენ და კონცერტებიც უფრო მასშტაბური იქნებოდა.

- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- ძალიან მინდა, ჩემი სოლო ალბომის გამოცემას მოვაბა თავი: უკვე იმ რაოდენობის სიმღერები დამიგროვდა, რომ შემიძლია, ალბომი გამოვუშვა. ასევე, კიდევ ერთი ახალი სიმღერის ჩაწერაზე ვფიქრობ. ჩემი და ნოდიკოს კიდევ ერთ დუეტსაც - ალბათ, უკვე არსებული ქართული სიმღერის ახალ ვარიანტს - შემოგთავაზებთ. სავარაუდოდ, ზღვისპირეთში კონცერტებში მონაწილეობასაც მივიღებ...

ეთო ყორღანაშვილი