ვინ იყო პირველი ტურისტი, რომელიც საბჭოთა კავშირს ესტუმრა "რკინის ფარდის" წლებში - გზაპრესი

ვინ იყო პირველი ტურისტი, რომელიც საბჭოთა კავშირს ესტუმრა "რკინის ფარდის" წლებში

ხაშმელი თავადის, თადეოზ ჩოლოყაშვილის დიდი ოჯახის თითოეული წევრის ბიოგრაფია სავსეა საინტერესო ფაქტებით. საზოგადოებისათვის ყველაზე მეტად ცნობილია თადეოზის უფროსი ქალიშვილი - მელიტა (მელანია) ჩოლოყაშვილი, ტიციანის მუზა და ასევე, სხვა პოეტებისა თუ მწერლების აღფრთოვანების ობიექტი. მიმზიდველი მელიტა საფრანგეთში კოკო შანელის რჩეული მოდელი გახდა. 90 წელს მიღწეული ნინო ჩოლოყაშვილი, თადეოზის უმცროსი ქალიშვილის - ანას შვილი გახლავთ, რომელიც წინაპრების ცხოვრების ეპიზოდებს გაიხსენებს.

- თადეოზ ჩოლოყაშვილსა და მარიამ ჯორჯაძე-ჩოლოყაშვილს ჰყავდათ შვილები: მელიტა, ნინო (მცირეწლოვანი გარდაიცვალა), დარეჯანი, ელენე, ანა და ნიკოლოზი. დეიდა მელიტას, იმავე მელანიას ბებიის სახელი ერქვა, ხოლო დედაჩემს ანა დაარქვეს მისი მამიდის, ანას პატივსაცემად, რომელიც 16 წლისა გარდაიცვალა.

საინტერესო პიროვნება იყო თადეოზის და ეკატერინე. მან ფილოსოფიის კურსები შვეიცარიაში დაამთავრა, ხოლო მუსიკალური განათლება საფრანგეთში მიიღო. ძალიან კარგად უკრავდა და შესანიშნავი საოპერო ხმა ჰქონდა. პაპაჩემის დედის, მელანია (მელიკო) ვახვახიშვილის ერთ-ერთი და, ნიკოლოზ მეორის ოჯახის ფრეილინა იყო. მისი მეშვეობით პაპიდაჩემ ეკატერინე ჩოლოყაშვილს, თავისუფლად შეეძლო შესვლა მეფის რუსეთის კარზე. ეკატერინე თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს ავტოკეფალიის დასაბრუნებლად, ამიტომ ეძახდნენ "გრუზინსკაია ჟანა დ'არკ"-ს და მედლითაც დააჯილდოეს. ის მედალი შემომრჩა. საფრანგეთში სწავლისას ეკატერინე შეხვდა ზურაბ ავალიშვილს (დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე). მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. დაქორწინებაც უნდოდათ, მაგრამ პაპაჩემის მამამ, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა არ მისცა ქალიშვილს გათხოვების უფლება. ზურაბმა მოგვიანებით მდიდარი ქალი შეირთო. ეკატერინე კი მისი სიყვარულის ერთგული დარჩა და აღარ გათხოვილა.

რუსეთ-თურქეთის ომის დროს თბილისში გახსნილ ჰოსპიტალში უამრავი დაჭრილი ჩამოჰყავდათ. მათ დასახმარებლად დიდგვაროვანი ოჯახების ქალიშვილები საქველმოქმედო საღამოებზე თანხებს აგროვებდნენ. პაპიდაჩემი ეკატერინე ასეთი ღონისძიებების აქტიური მონაწილე იყო. ყველაზე ხშირად თავადაზნაურთა ქალიშვილები ვორონცოვის სასახლეში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთ საღამოზე ნაირ-ნაირად გამოწყობილი გოგონები ცოცხალ "სურათებს" წარმოადგენდნენ. მაქვს ფოტო, სადაც ეკატერინე ჩოლოყაშვილს აღმოსავლეთის ერთ-ერთი სახანოს პრინცესის ტანსაცმელი აცვია. ამ ეპიზოდს "ნოეს კიდობანი" ერქვა. მსგავსი საქველმოქმედო მისიით გაიმართა გვირილების დღე, რომელშიც დეიდაჩემი, 16 წლის დარეჯანი მონაწილეობდა. მას უზარმაზარი გვირილებით მოხატული ნაჭრისგან შეკერილი ფარფაშა კაბა ეცვა, თავზე გვირილების გვირგვინი ეხურა, ხელში კი გვირილებით სავსე კალათი ეჭირა. ის ქალაქში დადიოდა და ყვავილებს ყიდდა. დარეჯანი ძალიან ლამაზი იყო, უკან ახალგაზრდების ჯარი მისდევდა.

- როდის წავიდნენ მელიტა და დარეჯანი საფრანგეთში?

- როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, თავადაზნაურობის ნაწილმა კონსტანტინოპოლს მიაშურა. მელიტა მაშინ ფაქტობრივად, ქმართან გაყრილი იყო და 1921 წელს თავის 6 წლის შვილთან, ლიდიასთან ერთად კონსტანტინოპოლში წავიდა, საიდანაც პარიზში მიდიოდა, მაგრამ გაუჭირდა იქ ჩასვლა. დაეხმარა მეუღლე კონსტანტინე ზელენსკი. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არსებული ბზარი გაღრმავდა და მალე ისინი დაშორდნენ. თავიდან პარიზში მელიტას უჭირდა, ამიტომ დაიწყო მოდელად მუშაობა. ყოფილ მეუღლეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, კონსტანტინე შვილის გაზრდაში ეხმარებოდა. მელიტას მომავალი მეუღლე პოეტი სერგეი რაფალოვიჩი, უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა. მათი ნაცნობობა ჯერ კიდევ თბილისში დაიწყო. მელიტა გათხოვდა და მისი მეორე ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა.

კონსტანტინოპოლში მელიტასთან ერთად, დეიდა დარეჯანი და მისი მეუღლე ცისფერყანწელი ლელი ჯაფარიძეც ჩავიდნენ. დარეჯანი ლელის გაეყარა, ჯერ ავსტრიაში ჩავიდა ლელის დეიდასთან და მერე პარიზში წავიდა. იქ ცოლად გაჰყვა სერბს დიდგვაროვანი ოჯახიდან, მხატვარ მარინოვიჩს. მასთან დეიდას ერთი ქალიშვილი მარიამი შეეძინა, რომელსაც ყველა დოლის ეძახდა. მელიტა და დარეჯანი პარიზში ცხოვრობდნენ და ორივეს საკმაოდ შეძლებული მეუღლე ჰყავდა. სხვათა შორის, დარეჯანის შვილიშვილი პიერი შარშან თბილისში ჩამოვიდა. ის მუშაობდა როსტოვში, სადაც გაიცნო სოხუმელი ქართველი ქალი და ერთად ცხოვრობდნენ. აქ ჩამოსვლის მერე დაქორწინდნენ და დარჩნენ საცხოვრებლად. პიერს წინა ორი ქორწინებიდან სამი ვაჟი ჰყავს.

ekaterine-choloqashvili-1658220278.jpg

- თქვენს სახლში დგას მელიტას ცნობილი როიალი...

- როიალი მისი ქმრისა იყო, მელიტა არ უკრავდა. პაპაჩემის ოჯახში ყველა ბავშვს ასწავლიდნენ ფორტეპიანოზე დაკვრას და ასევე, ფრანგულ და გერმანულ ენებს. მუსიკას მხოლოდ დედაჩემი ანა გაჰყვა, რომელიც მერე კონსერვატორიაშიც სწავლობდა. მელიტას ქმარი კონსტანტინე როიალზე შესანიშნავად უკრავდა, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე ადვოკატი და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ხალხი სპეციალურად მიდიოდა მისი გამოსვლების მოსასმენად. როდესაც ზელენსკი საფრანგეთში წავიდა და არ დაბრუნდა, მას სახლი ჩამოართვეს... როიალი კიბის მოაჯირზე დააგორეს, მაგრამ ჩვენებმა დროზე მიუსწრეს, მაშინ გაიბზარა დეკა... ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა როიალის დადგმა, ეს იყო სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე (სადაც ვცხოვრობ), რომელიც ეკუთვნოდა ბებიაჩემის უფროს დას ელენე ჯორჯაძეს. მას ერთი ოთახი მისცეს, რუსეთ-თურქეთის ომში მისი ქმრის, რუსი გენერლის ივანე უკლადნიკოვის დაღუპვის მერე, თუმცა მანამდე ქმრის ბინიდან გამოასახლეს. პაპაჩემ თადეოზს თბილისში ბინა არ ჰქონია, არ უნდოდა და არ ყიდულობდა. როცა მისი შვილები გიმნაზიაში სწავლობდნენ, ბინას ქირაობდა.

- საფრანგეთში მცხოვრებ დებთან, ოჯახის წევრებს მიწერ-მოწერა ჰქონდათ?

- წერილებს წერდნენ: ბებიაჩემი, ელენე, ანა, პატარა ნიკა და ელენე ჯორჯაძის ვაჟი - ალექსანდრე ჯორჯაძე-უკლადნიკოვი. უცნაური ის იყო, რომ 14 წლის ნიკა რუსულად (გიმნაზიაში რუსულ ენაზე სწავლობდა) წერდა, ალექსანდრე - ქართულად. ომის წლებში მიწერ-მოწერა შეწყდა, მერე აღადგინა ალექსანდრემ.

- ცნობილია, რომ მელიტა საქართველოში იყო ჩამოსული. დარეჯანიც ჩამოვიდა?

- დარეჯანი არ ჩამოსულა. მელიტა პირველად 1958 წელს, მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვიდა. აეროპორტში რომ შევხვდით დეიდას, მახსოვს, ასე თქვა: "მე ვმოგზაურობ, როგორც როკფელერი, ის ჩემზე მეტს ვერ გადაიხდიდა!" მელიტას არისტოკრატული მანერები და ამაყი გამოხედვა ჰქონდა. ის იყო პირველი ტურისტი, რომელიც საბჭოთა კავშირს ესტუმრა "რკინის ფარდის" წლებში. ემოციური შეხვედრის დროს ყველას ცრემლები მოგვერია. გაოცება გამოიწვია იმან, რომ მელიტა თითქმის არ ლაპარაკობდა ქართულად, აქ ჩამოსვლისთანავე კი თავისუფლად ალაპარაკებული ვიხილეთ. მელიტა მეორედ 1972 წელს ჩამოვიდა. იმ ზაფხულს ჯერ გვესტუმრა მისი სიძე გალიენი - შვილიშვილის ქმარი. ბებიის მოსახელე მელიტა ვერ ჩამოვიდა იმიტომ, რომ იმ პერიოდში მესამე შვილი შეეძინა. ჩვენ ვთხოვეთ გალიენს, რომელიც მაშინ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი იყო, რომ დეიდა მელიტას ჩამოსვლაში დახმარებოდა და იმავე წლის ოქტომბერში, დეიდაჩემი თბილისს ცოტა ხნით ეწვია.

tadeoz-choloqashvili-1658220266.jpg

- მელიტას შვილი ლიდია ზელენსკაია როდის გაიცანით?

- ლიდია (ლილია) პირველად 1961 წელს ჩამოვიდა სანქტ-პეტერბურგში, საფრანგეთის მიერ მოწყობილ გამოფენაზე. მან ძალიან კარგად იცოდა რუსული და გამოფენის მთავარი კურატორი იყო. გამოფენა რომ დამთავრდა, თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდა. სწორედ გამოფენის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, დეიდაჩემმა მელიტამ საფრანგეთის ვიზა გამომიგზავნა, მაგრამ კა-გე-ბემ არ გამიშვა (გათხოვილი არ ვიყავი). უარი, როგორც წესი, თვე-ნახევარში მოდიოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში 4 თვე გავიდა. უკვე ყველამ იცოდა, რომ პარიზში მივდიოდი და მილოცავდნენ. მეც უკვე თავისებურად მომზადებული ვიყავი. დეიდა მწერდა: ნუკი, თმა არ შეიჭრა, აქ ისე გაგიკეთებ, როგორც მე მინდაო. კა-გე-ბემ დრო გაწელა... მომატყუეს. როცა დამიბარეს, გამოფენის შესახებ მკითხეს. რა თქმა უნდა, ვიცოდი, დეიდამ მომწერა. ჩემი დეიდაშვილი სანქტ-პეტერბურგში რომ ჩამოდიოდა, ვითომ კა-გე-ბემ არ იცოდა? ისინი ყველაფერს კითხულობდნენ, ჩვენთან სახლში გახსნილი წერილები მოდიოდა. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ლილიასთან ერთად ჩამოვიდა მისი ქმარი - სამხედრო ჟურნალისტი იური როტვანდი, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტ ჟისკარ დესტენის მეგობარი და თანაკლასელი, რომელიც პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა... თუმცა, ის ლიდიას უბრალოდ ჩამოჰყვა. საქართველოში ლიდია კიდევ ორჯერ ჩამოვიდა - 1986 და 2001 წელს.

- საფრანგეთში მერე მაინც გაგიშვეს?

- 2002 წელს წავედი... წინა წელს საქართველოში ჩამოვიდნენ: ლიდია, მისი ქალიშვილი მელიტა ქმართან და ორ ვაჟთან ერთად (4 ვაჟი ჰყავს). მოინახულეს ხაშმი, სადაც ბიჭებმა სასახლის შენობა-ნაგებობების უამრავი ფოტო გადაიღეს. ის სურათები მერე საფრანგეთიდან გამოგვიგზავნეს. საქართველოში ყოფნისას, მარიამობა დღეს, ორივე ვაჟი მოინათლა ქაშვეთის ეკლესიაში. წასვლის წინ ლიდიამ მითხრა: მანამ არ მოვკვდები, სანამ შენ პარიზში არ ჩამოხვალო! ვიზა გამომიგზავნა და მთელი ოჯახი წავედით.

- ქალბატონო ნინო, თქვენ და-ძმა გყავთ? თადეოზ ჩოლოყაშვილის შვილების - ელენესა და ნიკას შთამომავლებიც გაგვაცანით.

- დედისერთა ვარ, მე და ჩემი დეიდაშვილები, ელენეს შვილები - ლონგინოზი და გიორგი (ხაშმში დაიბადა) ამ ბინაში ერთად გავიზარდეთ. გიორგი 6 თვისა იყო, როცა ჩვენები ხაშმიდან გამოასახლეს. მე და გიორგი დღემდე ერთად ვართ (ლონგინოზი გარდაიცვალა). ნიკას ორი შვილი დარჩა - მაიკო და თადია (თადეოზი). სამწუხაროდ, ორი წლის წინ თადია ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მას ორი შვილი დარჩა - ნიკოლოზი და მელიტა.

umcrosi-melita-1658220250.jpg

- ახლა რამდენი წლისაა მელიტას შვილიშვილი, მელიტა როტვანდი?

- პატარა მელიტას ვეძახდით... 80-ს გადასცდა, 1941 წელს დაიბადა. ახლახან, ორიოდე თვის წინ, მისი შვილი, მსახიობი და რეჟისორი გიიომ გალიენი იყო ჩამოსული თბილისში, რომელსაც შევხვდი და სახლშიც მესტუმრა.

- ხაშმში სახლი გაქვთ?

- არაფერი გვაქვს, ხაშმი წაგვართვეს 1929 წელს! ჩვენი სასახლე ხაშმიდან სამ კილომეტრში დგას, იმ ადგილს ყარაბულახი ჰქვია, "შავ წყაროს" ნიშნავს. როგორც ამბობენ, მტრის ერთ-ერთი შემოსევის დროს, მამულის მეპატრონე ჩოლოყაშვილს უთქვამს: ჩემი წყაროს წყალი ჭირად გექცეთო... წყარო მოწამლულა და მტერს "შავი ჭირი" შეეყარა. სახლს გალავანში ქვითკირის მაღალი ბურჯები აქვს მიშენებული, გვქონდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის კარის ეკლესია. ახლა ყველაფერი საპატრიარქოს ეკუთვნის, სასახლეში მღვდლები ცხოვრობენ, ხალხი მხოლოდ ეკლესიაში შედის...

ნანული ზოტიკიშვილი