კანაფისა და ბამბის თოკისგან შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა ნივთები - გზაპრესი

კანაფისა და ბამბის თოკისგან შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა ნივთები

ალბათ ყველა ადამიანი ცდილობს, საკუთარ ინტერიერში ისეთი ნივთები ჰქონდეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ესთეტიკურთან ერთად, ფუნქციური და ამავდროულად, ხარისხიანიცაა. სხვადასხვა სივრცეში მოთავსებული ტევადი კალათების გარდა, განსაკუთრებით ორიგინალური მეჩვენა სუფრის გაწყობა კანაფის ნივთებით, რაც მასთან მსხდომთ სწორედ ისეთი სიმყუდროვის განცდას გაუღვივებს, როგორსაც შინ თუ გარეთ, თითოეული ჩვენგანი "ეძებს"...

ხელოვნებათმცოდნე, ბაგა-ბაღის აღმზრდელი ქეთი მამულაშვილი კანაფისა და ბამბის თოკებისგან მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის. ხელსაქმის მოყვარულმა ამ მიმართულებით მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მისი ნივთები მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. დეკორატიულ ნივთებში, "სტანდარტული" ფერის გარდა, გვხვდება იისფერი, ვარდისფერი, ცისფერი და ა.შ. ეს საშუალებას იძლევა, ინტერიერში "ფერებით ითამაშო". როგორც მათი ავტორი ამბობს, მუშაობის პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებს და არანაკლებ სასიხარულოა, საკუთარი ნახელავით სხვების დასაჩუქრება. ამ ეტაპზე საბავშვო ხაზის განვითარებაზე ზრუნავს და მხარზე გადასაკიდებელ ჩანთებსაც კერავს. ახლო მომავალში ამ ნივთების დახვეწა აქვს გეგმაში, რადგან თუ საკუთარ ნახელავში რაიმე ბოლომდე არ მოეწონა, შეიძლება დაშალოს და მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხელოვნების ისტორიის მასწავლებლად, ახლა კი აღმზრდელი გახლავთ თბილისის 182-ე ბაგა-ბაღში. პირველი ცვლის აღმზრდელი ვარ და 3 საათის შემდეგ, დროს ოჯახსა და ხელსაქმეს ვუთმობ. მყავს მეუღლე და სამი შვილი: ელენე, თეკლა და იოანე. უფროსი აბიტურიენტია, შუათანა 14 წლისაა, ხოლო უმცროსი - 5 წლის. ჩემი გოგონები ბევრ რამეში მეხმარებიან, ასე რომ არ იყოს, ალბათ ინტენსიურად მუშაობას ვერ შევძლებდი.

- როდის და როგორ დაინტერესდით ხელსაქმით?

0-1658220506.jpg

- ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა. ვქსოვ, ვკერავ, ვქარგავ, ვაკეთებ აქსესუარებს ქალებისთვის. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ბებიას ვთხოვდი, ჩემთვის ქსოვა და კერვა ესწავლებინა. თუ რამეს ვერ გავიგებდი, არ ვნებდებოდი და საბოლოოდ დასახულ მიზანს მაინც ვაღწევდი. ჩემი საქმის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ხელებს ვერ ვაჩერებ-მეთქი, - ასე ვამბობ ხოლმე. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი რამ მოვსინჯე, ერთი და იმავეს კეთება მალე მბეზრდებოდა. ყოველთვის რაღაც ახლის, უფრო საინტერესოს ძიებაში ვარ. რამდენიმე თვის წინ პატარა ვიდეოს ვუყურე, სადაც ქალბატონი კანაფის თოკით რაღაცას კერავდა და იმდენად დავინტერესდი, გადავწყვიტე, ამ თემაზე მეტი ვიდეო და ფოტომასალა მომეძიებინა. სამწუხაროდ, ინტერნეტში ბევრი ვერაფერი გავიგე და გადავწყვიტე, თავად მეცადა - ასე შევკერე ჭიქების, თეფშების სადგამები, პატარა საკანფეტე, გავაფორმე ტყავით და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე სხვადასხვა ფორმის დამუშავება. ჩემს მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა კალათებმა, რომლებიც მათივე თხოვნით განვათავსე სოციალურ ქსელში არსებულ შემოქმედთა ერთ-ერთ ძალიან კარგ ჯგუფში, სადაც ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ყველაფერმა მოტივაცია მომცა, კალათების შექმნა გამეგრძელებინა. გაიზარდა შეკვეთების რაოდენობაც, რაც ჩემთვის სასიამოვნო იყო. მასალად ბამბის თოკებიც გამოვიყენე, რამაც პროდუქცია უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გახადა. უნდა აღინიშნოს, რომ კანაფისა და ბამბის თოკისგან შექმნილი ნივთები ეკოლოგიურად სუფთაა, მასში არ არის გამოყენებული წებო და სხვადასხვა ქიმიური საშუალება. კალათები მრავალფუნქციურია, მასში მოთავსებული საკვები პროდუქტები არ ფუჭდება, რადგან ჰაერის ცირკულაცია ხდება. არის მყარი, პრაქტიკული და უპრეტენზიო, ჩვეულებრივად ირეცხება და გაშრობის შემდეგ არ კარგავს ფორმას. საუკეთესო სათავსია (ორგანაიზერია) სხვადასხვა ნივთის შესანახავად. კალათები ანტიალერგიულია და აქედან გამომდინარე, მათი განთავსება შესაძლებელია საბავშვო ოთახში. რაც მთავარია, ის უხდება როგორც ძველ, ისე თანამედროვე ინტერიერს, საცხოვრებელ გარემოს, კაფეს თუ რესტორანს, სადაც სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდა შეაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, სულ ცოტა ხანია, კალათების კერვა დავიწყე და მუდმივად ვცდილობ ახალ-ახალი ფორმების ძიებას. ყოველი ახალი ფორმის მიღება ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს მუშაობის პროცესი და მაბედნიერებს, ჩემი კალათები ადამიანებს რომ მოსწონთ. ნივთი, რომელიც ადამიანის ხელით არის შექმნილი, მისი აზრის, ჩანაფიქრის, ემოციის და ფანტაზიის ხორცშესხმაა. სამყარო კი ყველაფერს აფასებს, რაც სიყვარულით არის შექმნილი (იღიმის).

ანა კალანდაძე