“...ქალებს ბევრად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე კაცებს” - გზაპრესი

“...ქალებს ბევრად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე კაცებს”

ნინი გრძელიშვილი, რომელიც საზოგადოებამ მოდელის ამპლუაში გაიცნო, მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა, უნივერსიტეტში განათლება ყველამ მიიღოს: ვინმეს ხათრით სწავლას და დიპლომების შინ დაწყობას, ჯობია, ადამიანი ისეთ ხელობას დაეუფლოს, რაც ნამდვილად აინტერესებს. მოდელობის გარდა, თავად ნინი რას საქმიანობს, როგორ ანაწილებს საკუთარ შემოსავალს და რა პრობლემებს ხედავს დასაქმების სფეროში, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ...

- სიმართლე გითხრა, ფულის საჭიროება ბოლომდე გაცნობიერებული ახლაც არ მაქვს: დედისერთა ვარ. ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ 15 წლამდე მეგონა, დედამიწა ჩემ ირგვლივ ბრუნავდა. ჩემთვის “მინდა” ყოველთვის საკრალური სიტყვა იყო: ვიტყოდი, - მინდა-მეთქი და მორჩა! არასოდეს მიკითხავს, საიდან, როგორ ვიღებდი სასურველს. ამიტომ საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ ყველაფერი მხოლოდ “მინდაზე” დამოკიდებული არ ყოფილა. მგონია, გარკვეულწილად, ეს ყველა დედისერთა ბავშვს ახასიათებს, რადგან მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მაქსიმალურად ყველა რესურსი “ჩადონ”, რათა ბავშვის “მინდა” რეალობად აქციონ.

- როდის გაგიჩნდა მოთხოვნილება, რომ შემოსავლის საკუთარი წყარო გქონოდა?

- ალბათ, 16-17 წლიდან. ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგი: სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის - ეკა მგალობლიშვილის დახმარებით, დაახლოებით 17 წლიდან, სააგენტოში უკვე პედაგოგად ვმუშაობდი. შესაბამისად, ჰონორარი მქონდა... მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2 სამსახურში ვმუშაობ, სააგენტო დღემდე ჩემი შემოსავლის წყაროა და რჩება საქმედ, რომლის კეთებაც მსიამოვნებს... სააგენტოს გარდა, უკვე 19-20 წლისამ მუშაობა დავიწყე: დღემდე ადამიანური რესურსების მიმართულებით ვმუშაობ...

მოდელობა პროფესიად არასოდეს აღმიქვამს: ყოველთვის ჰობის დონეზე იყო და ამ საქმის კეთება მსიამოვნებდა. პარალელურად, ვსწავლობდი. ახლახან მაგისტრატურაში სწავლა დავასრულე...

- მუშაობის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე არ გიფიქრია?

- ამის შანსი ყოფილა, განსაკუთრებით - იმ პერიოდში, როცა პორტუგალიიდან დავბრუნდი, თუმცა პირველი შემაფერხებელი ფაქტორი ის იყო, რომ სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია: ჩემთვის ეს რთული საკითხია. არ ვიცი, ეს პატრიოტიზმს, მიჯაჭვულობას თუ სხვა მიზეზს დავაბრალო; მეორე ფაქტორი ის გახლდათ, რომ დარწმუნებული არ ვიყავი, მოდელობა ის საქმე იყო თუ არა, რომლის გარდა სხვა არაფრის კეთება არ მინდოდა. ეს გარდატეხის ასაკში იყო... საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ მოდელობა ნამდვილად არ არის ის საქმე, რომლის გარდა სხვა საქმის კეთება არ მინდა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით მაქვს, მაგისტრატურაში, საჯარო მმართველობაზე სწავლას კი ახლა ვასრულებ, თუმცა კერძო სექტორში, ადამიანური რესურსების მიმართულებით ვმუშაობ. პრინციპში, ეს ის საქმეა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. სამოდელო სფეროშიც აქტიურად ჩართული ვარ, ძირითადად - ორგანიზების მხრივ, შაბათ-კვირას კი სააგენტოში გაკვეთილებს ვატარებ.

- უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისას, პროფესია როგორ აირჩიე?

- პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ამ სფეროში საკმაოდ ჩართული ვიყავი. მართალია, არც ერთ პარტიაში გაწევრებული არ ვარ, მაგრამ მგონია, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულია, აპოლიტიკური იყო. ჩვენი სოციალური ცხოვრებაც და საერთოდ, ყველაფერი ისეთი პოლიტიზებულია, რომ ვფიქრობ, გამიჯვნა რთულია... დასაქმებას რაც შეეხება, სამომავლოდ, ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. საჯარო საქმიანობაში მუშაობას არ გამოვრიცხავ.

- პროფესიის არჩევისას განსაზღვრე, რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა შენი საქმე?

- საჯარო საქმე ნაკლებად შემოსავლიანია, ვიდრე - კერძო სექტორში მუშაობა. მართალია, პროფესიის არჩევის დროს ეს ფაქტი გადამწყვეტი არ ყოფილა, მაგრამ დგება სიტუაცია, როცა არჩევანი უნდა გააკეთო: ალბათ, სამუშაოდ მაინც კერძო სექტორს ავირჩევდი, თუნდაც - შემოსავლის და სტაბილურობის მხრივ...

- ადამიანური რესურსების მიმართულებით მუშაობა რატომ გადაწყვიტე?

- ეს პანდემიის დროს, პირველი “ჩაკეტვისას” მოხდა. სამოდელო სფერო საერთოდ “დაპაუზებული” იყო. ამიტომ ვფიქრობდი, რა ვაკეთო-მეთქი? “სივი” შევადგინე და გავგზავნე. დამიკავშირდნენ, გასაუბრების ეტაპები გავიარე... ისე მოხდა, რომ დღემდე ამ კომპანიაში ვარ დასაქმებული. ჩემი ძირითადი მოვალეობა კადრების მოძიება, შერჩევა, კონტრაქტების გაფორმება, პირადი საქმეების მართვაა (შვებულება, ხელფასი და ა.შ.)... სფერო, რომელშიც ვმუშაობ (ინფორმაციული ტექნოლოგიები), ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დეფიციტურია, რესურსის მხრივ: კადრების შერჩევა-მოძიება რთულია. ამიტომ ჩემთვის ყოველი დღე ერთგვარი გამოწვევაა. ქართულ სეგმენტზე არ ვმუშაობთ, თუმცა გუნდი საქართველოში გვყავს.

- ანუ სამუშაო ადგილები არის, პროფესიონალების მოძიება კი ჭირს?

- მგონი, პროფესიონალების პოვნა უკვე ყველა სფეროში ჭირს, მაგრამ ამ სფეროში - განსაკუთრებით.

- უნივერსიტეტში და სამოდელო სფეროში მიღებული განათლება რამეში დაგეხმარა?

- მიუხედავად იმისა, რომ განათლება უფრო პოლიტიკის მიმართულებით მივიღე, მუშაობაში ძალიან დამეხმარა, რადგან ეს ფაკულტეტი მაინც საერთაშორისო ურთიერთობებს გულისხმობს. მაგალითად, მოლაპარაკებისას გამომადგა და ყოველდღიურადაც ვიყენებ... სამოდელო სფეროდან “აიტიში” მოხვედრა კონტრასტულია, მაგრამ ისე აეწყო, რომ ჯერჯერობით, ორივე საქმე გამომდის (იღიმის).

- დღესდღეობით, შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- სულ მაინტერესებს, ქალს ხელფასი რამდენი უნდა ჰქონდეს, რომ ყველაფერში ეყოს, რადგან შეიძლება, სექსისტურად ჟღერდეს, მაგრამ თავის მოვლისთვის, ქალებს ბევრად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე კაცებს. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოსავლის ძირითადი ნაწილი მაინც თავის მოვლაში იხარჯება და ასევე - ავტომობილში. გასაკვირი არ იქნება, რომ ხარჯის მხრივ, პირველ რიგში, ბენზინი დავასახელო. პლუს, ავტომობილს კიდევ ბევრი რამე სჭირდება...

- საჭიროების მიღმა არის რამე, რაშიც ფული არ გენანება? შენი სისუსტე რა არის?

- პირველ ადგილზე თეატრია - ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ თეატრის ბილეთები განსაკუთრებულად ძვირი არ ღირს... აი, თანხა ავტომობილის ცვლაში არ მენანება (იცინის). ზოდიაქოს მიხედვით, სასწორი ვარ. ყველაფერი ძალიან მარტივად მბეზრდება, მათ შორის - მანქანაც. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, უკვე მესამე ავტომობილი მყავს. შემიძლია, ვთქვა, რომ მანქანების ცვლაში ფული და ენერგია არ მენანება, განსაკუთრებით - ენერგია, რადგან ავტომობილის გაყიდვა საკმაოდ დამღლელია, შემდეგ - ახლის არჩევა, ყიდვა... როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვზივარ და ინტერნეტში ავტომობილებს ვათვალიერებ (იცინის)... “შოპინგიც” მიყვარს, მაგრამ არალოგიკურ თანხას ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა თუ ჩანთაში არ გადავიხდი. მფლანგველი არ ვარ. ფულს საკმაოდ რაციონალურად, გონივრულად ვხარჯავ, თუკი რა თქმა უნდა, ავტომობილს არ ეხება საქმე.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- ვფიქრობ ხოლმე: რეალურად, ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა არის თუ არა? მგონია, რომ ნებისმიერ სფეროში, როცა პროფესიონალი, მშრომელი და კარგი კადრი ხარ, საბოლოოდ, შრომა მაინც გიფასდება. ჯერჯერობით, რა გამოცდილებაც მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალ კადრს ვეძებ ხოლმე. პლუს, არის კონკრეტული საქმე, რის შესახებაც ხშირად გამიგონია - არ მიღირსო. “არ მიღირს” რომ მოვიშოროთ, ალბათ, დასაქმების პრობლემა კიდევ ნაკლებად შეგვექმნება. ბევრს ურჩევნია, სახლში იჯდეს, ვიდრე მაგალითად, 500 ლარისთვის იმუშაოს. რა თქმა უნდა, ჩვენი შრომის ფასი ყველამ ვიცით, მაგრამ როცა საჭიროა, უქმად ჯდომას უქმად შრომა ჯობია...

- რადგან პროფესიონალი კადრი ახსენე, ხომ არ ფიქრობ, რომ სახელმწიფო სასწავლებლებში ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა დგას?

- ეს დიდი პრობლემაა. თავად საჯარო სკოლა დავამთავრე. იქ მიღებული განთლებით უნივერსიტეტშიც კი ვერ ჩავაბარებდი, კერძო რეპეტიტორები რომ არ მყოლოდა. უნივერსიტეტებს რაც შეეხება, ბაკალავრის ხარისხი ილიას უნივერსიტეტში მივიღე, ახლა კი - მაგისტრატურაში სწავლას კერძო ინსტიტუტში ვასრულებ. რა თქმა უნდა, სწავლების ხარისხში სხვაობა არის. საბოლოოდ, სწავლა ვისაც უნდა, მაინც სწავლობს, მაგრამ ხელშეწყობა ნაკლებია, რაც შემდეგ უკვე ბაზარზე პროფესიონალი კადრების პრობლემას ქმნის. ჩემი აზრით, მხოლოდ დასაქმების კი არა, საერთოდ, ყველანაირი პრობლემა სწორედ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემიდან იწყება...

ეთო ყორღანაშვილი