"ბედნიერების წუთები ოჯახში უხვადაა..." - გზაპრესი

"ბედნიერების წუთები ოჯახში უხვადაა..."

სახელი, გვარი: ონისე ონიანი.

ასაკი: 55 წლის.

პროფესია: მსახიობი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ასევე - ტელეწამყვანი, პედაგოგი სკოლაში (ასწავლის სასცენო ხელოვნებას).

ჰობი: კულინარია.

ცხოვრების დევიზი: "ვიცხოვროთ სიყვარულით".

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- როცა სარკეში ჩავიხედავ ხოლმე, ზუსტად ვხვდები, ვინ ვარ, რა და როგორ გამიკეთებია, რას ვაკეთებ, როგორი ვიყავი მაგალითად, ამა თუ იმ სპექტაკლზე... მოკლედ, სარკეში ჩახედვისას ვხედავ ადამიანს, ვინც ცდილობს, უფრო მეტად კეთილი, ლოიალური, გულისხმიერი იყოს.

- მეგობრები ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?

- მათგან საყვედური ხშირად არ მესმის, რადგან მეგობრობაში რაც აუცილებელია, ყოველთვის 100%-ით ვასრულებ: როდესაც დარეკვა, მოკითხვა, მხარში ამოდგომა, ყურადღებაა საჭირო, ამას იმხელა დოზით გავცემ, რომ ისინი ვეღარაფერს მსაყვედურობენ. საყვედურის საბაბს არ ვაძლევ (იღიმის).

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- საშინელი. კარგად არ ვსწავლობდი, თუმცა ვამბობდი, რომ ჰუმანიტარული საგნები უფრო მომწონდა. სხვათა შორის, მოსწავლეობის პერიოდი თითქმის ყველასთვის ლაღი, მხიარული, მეგობრებით და თავგადასავლებით სავსეა, მაგრამ პირადად მე, რატომღაც, კარგად არ მახსოვს - მაშინ მკვეთრად საინტერესო რაღაცები არ ხდებოდა. სტუდენტობის პერიოდი ბევრად გაუმჯობესდა. სტუდენტობა ისე კარგად მახსოვს, რომ შეიძლება, ამის ფონზე, სკოლა "ვეღარ დავინახე".

- როცა ადამიანს პირველად ხვდებით, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- სახეზე ვუყურებ, რომ მისი გამომეტყველებით ამოვიცნო, როგორი ადამიანია. ამიტომ ვაკვირდები მის თვალებს, ლაპარაკის მანერას...

- როგორ ფიქრობთ, მეორე ნახევრის გარეშე, სრულფასოვანი ბედნიერების განცდა შესაძლებელია?

- მეორე მეორე ნახევარი მყავს - მეორედ დავოჯახდი (იცინის)... ჩემი ხასიათის საფუძველზე გიპასუხებთ, რომ - ალბათ, არა. ბედნიერების წუთები ოჯახში უხვადაა...

- თქვენ და თქვენს შვილებს რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები გაქვთ?

- თითქოს რაღაცებით სამივე ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ხასიათით ძალიან განვსხვავდებით. ჰოროსკოპის, ზოდიაქოს ნიშნების არ მჯერა - ამის მომხრე და მიმდევარი არ ვარ, მაგრამ ეტყობა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ადამიანები ერთმანეთისგან მართლაც განსხვავდებიან: ჩემი ერთი შვილი კირჩხიბია, მეორე - ტყუპი, მე კი - ქალწული. ჩვენ შორის განსხვავება ბევრია: ისინი უფრო ფეთქებადები არიან, ხასიათი ეცვლებათ, მე ხასიათის ხშირი ცვლილება არ მახასიათებს. მაგალითად, მათ წყენა უცებ ავიწყდებათ, მე კი უფრო დიდხანს მიმყვება ხოლმე. ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მისწორებენ - არა, ასე არ ჩაიცვა, ისე ჩაიცვიო... განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის აზრებს ვაჯამებთ და ვუგებთ... საერთო თვისებას რაც შეეხება, ოთხივე - მეც, ჩემი მეუღლეც და შვილებიც - ვგიჟდებით, ისე გვიყვარს სტუმრის მიღება და მოგზაურობა, ხეტიალი... რომელიმე ჩვენგანი როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ვიყოთ, ყოველთვის სიხარულით ვხვდებით სადმე წასვლის იდეას; ძალიან გვიყვარს სტუმართან შეხვედრისთვის მზადება, მისი მოსვლა...

- ყველაზე ბედნიერი მოგონება რომელ ქვეყანასთან გაკავშირებთ?

- ბრიტანეთთან (ლონდონთან). ჩემი პროფესია ისეთია, როცა გასტროლზე მიდიხარ, ბედნიერებას, წარმატებას აუცილებლად ელოდები (არც ერთმა მსახიობმა არ თქვას, რომ გულის კუნჭულში წარმატებას არ ელის). წლების წინ, ლონდონში, მარჯანიშვილის თეატრიდან "შექსპირის ფესტივალზე" მიგვიწვიეს. შექსპირის პიესა - "როგორც გენებოთ" (რომელიც ჭოლამ დადგა) ვითამაშეთ. პრემიერის შემდეგ, ფესტივალის რჩეული გავხდით. "გარდიანმა" 5 ვარსკვლავი მოგვანიჭა... 6 თვის შემდეგ, 6 სპექტაკლი დაინიშნა. დარბაზში მხოლოდ ათასი კაცი ეტევა. 1 თვეში ყველა ბილეთი გაიყიდა - 6 ათასმა ადამიანმა შეიძინა. ეს ნამდვილი საოცრება და ბედნიერების მომტანი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, დიდი წარმატება - სპექტაკლისთვის, თეატრისთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის.

- თქვენი პირველი ჰონორარი რა თანხას შეადგენდა და რისთვის მიიღეთ, გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს? სტუდენტი ვიყავი, როცა რამდენიმე ადამიანი კონცერტზე სამღერად მიგვიწვიეს. საკუთარ თავს "მომღერალს" ვერ ვუწოდებ, მაგრამ იმ პერიოდში ვმღეროდი. რატომღაც, მარაქაში გავერიე... 40 ლარი გადაგვიხადეს.

- რაში დახარჯეთ?

- ჯინსის ქურთუკი ვიყიდე (იცინის)...

- თქვენი საყვარელი კერძი რომელია?

- გურმანი ვარ: კერძების გასინჯვა, ჭამა ძალიან მიყვარს. უცხოური კერძებიდან პიცას დავასახელებ, რომელიც ძალიან მიყვარს. რა დრო და როგორი დანაყრებულიც უნდა ვიყო, პიცას მაინც შევჭამ; ქართული კერძებიდან საცივი და კუბდარი ძალიან მიყვარს.

- რომელი სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი ხართ?

- ჩემს ცხოვრებაში სოციალური ქსელი უნებურად შემოიჭრა. თავდაპირველად ყველანი "ფეისბუკზე" ჩართულები ვიყავით, მაგრამ ეს ქსელი ძალიან ცუდი ადგილი გახდა, სადაც ვგრძნობდი, ადამიანებს ერთმანეთი არ უყვარდათ, ერთმანეთს ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და ა.შ. შემდეგ "ინსტაგრამი", "ვოთსაფი" "მოვიდა"... ალბათ, არ გაგეცინებათ, თუ გეტყვით, რომ დღესდღეობით, "ტიკ-ტოკის" ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ, თუმცა ვიდეოებს თავად არ ვაქვეყნებ. ტელევიზიაში ყოფნისას, ჩვენმა რამდენიმე ჟურნალისტმა ჩემ შესახებ რაღაც ვიდეო გადაიღო, მერე კი "ტიკ-ტოკზე" "დადეს", მაგრამ პირადად მე, არაფერს ვაქვეყნებ, არც "ვალაიქებ". უბრალოდ ვუყურებ, ვათვალიერებ...

- რატომ?

- არ მინდა, ჩავერთო და ჩემთვის "ტიკ-ტოკი" ისეთი ადგილი გახდეს, როგორიც - მაგალითად, "ფეისბუკი" და მერე ჩემი შეფასებით, აზრის გამოხატვით ვიღაცის უკმაყოფილება გამოვიწვიო. ამიტომ აქტიურობას ვერიდები - "გვერდიდან" ვადევნებ თვალყურს...

- ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეთ, რომელ ფერს აირჩევდით?

- შავს. ვგიჟდები, ისე მომწონს! საერთოდ, შავი "უფერულად" მიიჩნევა. არადა, ყველაზე მდიდარი, ლამაზი ფერია. შავი და თეთრი ჩემში დიდ სიმშვიდეს, თავდაჯერებას იწვევს. ვგრძნობ, შავი ფერი ჩემი სხეულის ისეთ ფორმებს მალავს, რისი გამოჩენაც არ მინდა. კიდევ ბევრი კარგი თვისება ახასიათებს... მოკლედ, 1 თვის განმავლობაში, შავი ფერის სამოსს მოვიხდენდი.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომელიც ძალიან კარგი წასაკითხია. წიგნთან "ურთიერთობას" ხშირად ვერ ვახერხებ, რის გამოც გული მწყდება, თუმცა ზაფხულისთვის, როცა ჩემი დასვენების დრო დგება, წასაკითხი წიგნები ყოველთვის გადადებული მაქვს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ვისურვებდი სიმშვიდის დამყარების უნარი მქონდეს. სამყაროში ნამდვილად სიმშვიდეს დავამყარებდი.

- თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- ეს სიტყვა ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ გოიმობა მაინცდამაინც ჩაცმულობით არ გამოიხატება: ადამიანს ვერ ეტყვი, რომ მისი ჩაცმულობა არ მოგწონს და ამიტომ გოიმია. ეს ძალიან მდარე შეფასება იქნება. გოიმია გაუნათლებელი, უწიგნური ადამიანი, რომელსაც აზრის, შეფასების სწორად ჩამოყალიბება და გამოხატვა უჭირს.

dsc-7553-copy-1658826823.jpg

- დღესდღეობით საამაყო ქართველად ვის მიიჩნევთ?

- ბევრი საამაყო ქართველი გვყავს. განზოგადებულად რომ ვთქვათ, საამაყოა ის ადამიანი, ვინც ქვეყნისთვის უამრავ კარგ საქმეს აკეთებს: მაგალითად, თავის პროფესიაში მნიშვნელოვნად გამოკვეთილი ფიგურაა და ქვეყნისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. "ამ ხაზს" თუ გავყვებით, უამრავი ისეთი ადამიანი გვყავს, ვინც ნამდვილად საამაყოა: რეჟისორები, რომლებიც ერისთვის ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, რათა ადამიანი უფრო მეტად გაათვითცნობიერონ, განავითარონ, ასევე - წარმატებული მხატვრები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სასახელოდ, ტილოებს ქმნიან... თუმცა არავის ეწყინება, თუ საამაყო ქართველად ნანი ბრეგვაძეს დავასახელებ. ქალბატონი ნანი ნამდვილად საამაყო და მომღერლებს შორის, ჩვენი ქვეყნის "სავიზიტო ბარათია".

- ვინ არის ადამიანი, ვინც თქვენზე დღემდე ძლიერ ზეგავლენას ახდენს?

- ჩემზე ზეგავლენის მომხდენი ადამიანები უკვე გარდაცვლილები არიან - ჩემს მშობლებს ვგულისხმობ. ყოველთვის დამჯერი შვილი გახლდით. დედაც და მამაც ჩემზე ზეგავლენას ახდენდნენ... მაგალითად, როცა სპექტაკლზე ვმუშაობ, თუ გაინტერესებთ, საქმეს ვისთვის ვაკეთებ, ვინ მინდა, ნახოს და ზუსტად აღიქვას, ეს ადამიანები ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, მსახიობები, რეჟისორები არიან და წარმოვიდგენ ხოლმე, როცა სპექტაკლს ნახავენ, როგორ შეაფასებენ, ჩემ შესახებ რას იტყვიან... მათ აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ესეც თავისებური ზეგავლენაა, რა თქმა უნდა.

- ცხოვრებაში თქვენს თითოეულ ქმედებას რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- რა თქმა უნდა, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, აღმავლობას დაღმავლობის პერიოდები მოსდევს... ცხოვრებას საინტერესო მოვლენები ახასიათებს. ამ ფონზე, ადამიანები ისეთებად ვყალიბდებით, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. მაგალითად, ხშირად გაგვიგონია ფრაზა - სხვას ისე ნუ მოექცევი, როგორც არ გინდა, რომ თავად მოგექცნენო. თუ კაცთმოძულე ხარ, ბევრ შეცდომას უშვებ. ჩემი მთავარი ღირებულება სამართლიანობა, გულისხმიერება და კაცთმოყვარეობაა. ვცდილობ, ასეთი ვიყო...

ეთო ყორღანაშვილი