"წამოვედი და ჩემზე ჭორაობა მაინც არ შეწყვეტილა, ეს ლამაზი არ არის" - გზაპრესი

"წამოვედი და ჩემზე ჭორაობა მაინც არ შეწყვეტილა, ეს ლამაზი არ არის"

მოცეკვავე თეონა კოჭლამაზაშვილი რეალითი შოუს - "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე გახლდათ. პროექტში თეოს და ავთოს რომანტიკულ წყვილს ბევრი გულშემატკივრობდა. ავთოს ღალატმა სიტუაცია არია... ვეცადეთ, თეონა კოჭლამაზაშვილი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო და ავთოსთან ურთიერთობის შესახებაც გვეკითხა, მით უმეტეს, რომ თეო და ავთო სოციალურ ქსელში ერთადაც გამოჩნდნენ...

- რაც "პრაიმ ჰაუსი" დავტოვე, დავმშვიდდი. იქ ყოფნისას რა სანერვიულოც მქონდა, იმაზე აღარ ვნერვიულობ - ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.

- თქვენთვის ჩვეული ცხოვრების სტილი როგორია?

- ამჟამად ვისვენებ. სექტემბრიდან ჩემს სტუდიას ისევ გავხსნი. "რუსთავი 2"-იდანაც, სადაც ქორეოგრაფად ვმუშაობ, შვებულება მაქვს.

- პროექტის დატოვების შემდეგ, "პრაიმ ჰაუსის" ეპიზოდები (თქვენი მონაწილეობით) რომ ნახეთ, როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ - შოუს გარედან რამე სხვაგვარად ჩანს და აღიქმება?

- ჩემთვის სხვაგვარად არაფერი ჩანდა. რასაც აჩვენებდნენ, ეგ იყო (იცინის)... საერთოდ, ვინც "სტრიმებს" უყურებდა, მათთვის ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც რეალურად იყო, მაგრამ საღამოს გადაცემები ცოტათი სხვაგვარად მიჭრილ-მოჭრილია.

- პროექტის დატოვების შემდეგ, თითქოს აზრი შეიცვალეთ ხალხის ნაწილის მიერ სალომეს მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ვითომ სალომემ ავთოსთან ერთად ფოტოები სპეციალურად გადაგიღოთ - ასე ვთქვათ, "გაგიჩალიჩათ"...

- იმავენაირად ვფიქრობ: პროექტის არც ერთ მონაწილეს ხელს არ ვადებ, მსგავსი რამ არსად გამიჟღერებია: არც ჩემს "ლაივში", არც - ვინმესთან საუბრისას. ერთადერთი, "გაჩალიჩებაში" ის ვიგულისხმე, რომ შაბათის "ლაივზე", როცა "აუთსაიდერი" ვიყავი, ყველა მონაწილე და დამსწრე საზოგადოება ჩემზე ისეთ ზეწოლას ახდენდა, რომ რეალურად, ჩემთვის ეს "გაჩალიჩება" იყო. როდესაც ვინმესთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და იმაზე ახლობელ ადამიანად მივიჩნევ, ვიდრე შეიძლება, პროექტში ვინმესთან ვიყო, ჩემთვის უპირველესი ადამიანური ფაქტორია, მერე კი - სხვა დანარჩენი. როცა ამ ყველაფერს დიდი "იქსი" გადაესვა, ამის საფუძველზე ვფიქრობ, რომ "გაჩალიჩებული" იყო შაბათს ჩემი სიტუაცია და არა - სალომეს მიმართ ფოტოებთან დაკავშირებული ბრალდებები. ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, დამამტკიცებელი საბუთი - ვიდეო მაჩვენოს, სადაც ვამბობ, დამნაშავე ესა და ეს ადამიანია-მეთქი.

- თქვენი აზრით, სალომე უკმაყოფილო რატომ იყო თქვენი ვიდეომიმართვით იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ სალომემ ფოტოები სპეციალურად გადაგიღოთ?

- არ ვიცი, ჩემი გამოსვლიდან რა არ ეყო, რა დააკლდა, რადგან მას შემდეგ სალომესთან არც მისაუბრია. საერთოდ, ჩემ მიმართ ზურგს უკან ასეთი რაღაცების თქმა რატომ დაიწყო? თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მოხვიდე და ნებისმიერი რამ პირში მითხრა. სხვათა შორის, იმაშიც მადანაშაულებენ, რომ თითქოს "შიდა სამზარეულოდან" ინფორმაცია გარეთ გამქონდა. რეალურად, ასეთი ინფორმაცია ჩემგან კი არა, სხვა ადამიანებისგან გადიოდა. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი ნათქვამით ცუდ სიტუაციაში ჩავაგდებ. უბრალოდ, ტყუილი ბრალდებები არ მიყვარს. თუ რაღაცას მაბრალებენ, დამამტკიცებელ საბუთს ვითხოვ... რაც პროექტიდან წამოვედი, ჩემზე ჭორაობა, არ შეწყვეტილა. ასეთი საქციელი ლამაზი არ არის. ყოველთვის ვამბობ: თუ ფაქტები გაქვთ, თუ რამეში დამნაშავე ვარ, ვაღიარებ და ბოდიშსაც მოვიხდი-მეთქი. ამაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვერანაირ ფაქტს ვერ მაჩვენებენ. რატომ უნდათ, ხალხს შევზიზღდე და შევძულდე, ევრ ვხვდები. პროექტში ყოფნის დროსაც და გამოსვლის მერეც, არც ერთი მონაწილის შესახებ ცუდი არ მითქვამს, არ მიჭორავია, თუმცა თითქმის ყველა მონაწილისგან ჩემ მიმართ ბრალდებები "წამოვიდა". ცოტათი გაკვირვებული, შოკირებული ვარ - თურმე, რა დონეზე შეიძლება, ადამიანი შეიცვალოს, გეთამაშოს და უცებ, სხვანაირი გახდეს (იღიმის)...

- რეალით შოუში მონაწილეობა რა მიზნით გადაწყვიტეთ?

- მაინტერესებდა, როგორ "გავქაჩავდი": მინდოდა, მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავი გამომეცადა. მგონია, კარგად გავუძელი. იმაზე მეტი შევძელი, ვიდრე მეგონა, რომ შევძლებდი. რაც მთავარია, ხალხის სიყვარული მოვიპოვე - ჩემთვის პრიორიტეტული ეს არის.

- ფიქრობთ, რომ პროექტში საკუთარი თავის გამოვლენა მაქსიმალურად შეძელით?

- სიმართლე გითხრათ, გარკვეული მიზეზების გამო, შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ შევძელი, თუმცა ხალხის ყურადღების მისაქცევად სპეციალურად არაფერი გამიკეთებია, რადგან რეალითი შოუში ბუნებრივი უნდა იყო. როცა ადამიანი თამაშს იწყებ, ამას ყველა ხედავს...

- შოუში თქვენ შესახებ ამბობდნენ, - პასიურობს, დიდხანს სძინავსო, თქვენ კი საპირისპიროს ამბობდით. რა ხდებოდა?

- ძირითადი კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ საწოლში ვწევარ, ჩემი ავადმყოფობის დროს გადაღებულია, როცა 40-41 გრადუსი სიცხე მქონდა და მთელი კვირა საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ავადმყოფობა გამიგრძელდა - ხველება გამომყვა, სანამ პროექტი არ დავტოვე... რატომღაც, ყველამ იმაზე საუბარი დაიწყო, თეონას სულ სძინავსო, მაგრამ ფაქტია, არ მეძინა: ვიდეოები ისეა დაჭრილ-დამონტაჟებული, რომ ღამის 3 საათზე თუ მძინავს, დილის საათებში უნდათ, რომ "ჩასვან" (იცინის). ეს ყველაფერი ჩემთვის სასაცილოა, რადგან რეალურად, მონაწილეების 70%-ს ჩემზე დიდხანს ეძინა, მით უმეტეს - დღის განმავლობაში. მათ ვინაობას არ დავასახელებ, რადგან თავადაც მიხვდებით.

- პროექტი რომ დატოვეთ, ავთოს "ტიკ-ტოკ" გვერდზე, თქვენი და ავთოს ერთობლივი ვიდეო გაჩნდა, რამაც მაყურებლებს კითხვები გაუჩინა.

- გადაცემაში - "რატის ბარი" მე და ავთო მიგვიწვიეს და ვიდეოც იქ გადავიღეთ. ჩემ შესახებ წერდნენ: ისეთი უთავმოყვარეო ხარ, რომ ავთოსთან ერთად ვიდეო გადაიღე. საერთოდ, ამ ადამიანს როგორ ელაპარაკებიო?!. რეალურად, ავთომ გულწრფელი ბოდიში მომიხადა იმის გამო, რაც ჩემ მიმართ არასწორად გააკეთა. გასაგებია... შეცდომების გამო ადამიანს ვერ მოვკლავ. ხალხის ნაწილს ჰგონია, რომ შევრიგდით (იცინის). არ შევრიგებულვართ. უბრალოდ, ვმეგობრობთ. აქ მოწონება-არმოწონებაზე საუბარი არ არის. ჩვეულებრივად, კარგი მეგობრები ვართ.

- მეგობრობაში ავთოს იმედი გაქვთ? როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ შეცდომა ისევ დაუშვას, ამჯერად - როგორც მეგობარმა?

- მგონია, რომ მეგობრულ კონტექსტში მსგავსი რაღაცები არ მოხდება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, დინებას მივყვებით...

- თქვენ შესახებ გვიამბეთ: როგორც ცხოვრობთ? ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? როგორ გგულშემატკივრობდნენ, ხალხის კომენტარებზე როგორ რეაგირებდნენ?

- საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს: დედა, მამა, და-ძმა, დისშვილები, სიძე, რძალი, ასევე - დაქალები, მეგობრები (იცინის). პროექტში ყოფნისას ყველანი მხარში მედგნენ, მამხნევებდნენ. ავთოს გამო ვკამათობდით კიდეც (იცინის). რა თქმა უნდა, ბოლომდე მგულშემატკივრობდნენ. ყველაფერს ჩემთან ერთად განიცდიდნენ. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ სტრესული მდგომარეობა მარტივად გადამელახა, რისთვისაც მადლიერი ვარ. კომენტარებს რაც შეეხება, ჩემი და ყურადღებას არ აქცევს. რძალი "ჩაუჯდებოდა" და ყველაფერს კითხულობდა - ცუდსაც, კარგსაც... გაგიჟდებოდა, დამშვიდდებოდა, რაღაცის დაწერა მოუნდებოდა, მერე წაშლიდა (იცინის)...

- ასაკობრივი შეუსაბამობის მიუხედავად, ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს შვილი გყავთ, რომელიც 19 წლისაა...

- (იცინის) თიკო ჩემი მოსწავლეა - ახლაც ჩემ გვერდით იმყოფება. მოგეხსენებათ, სტუდია მაქვს, სადაც ჰიპ-ჰოპს ვასწავლი. წლების წინ, თიკო ჩემს სტუდიაში მოვიდა. უკვე მეოთხე წელია, რაც ვასწავლი. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ შარშან ზაფხულს იმაზე მეტად დავახლოვდით, ვიდრე მოსწავლე და მასწავლებელი. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია. ბიოლოგიური დედის შემდეგ, აღმზრდელად მე ვყავარ (იღიმის). ასე რომ, როგორც შვილს, ისე მივმართავ ხოლმე. თავადაც ისე მომმართავს, როგორც დედიკოს. ხალხმა მიიჩნია, რომ დედა-შვილი ვართ. ამის გამო ინტრიგები დაიწყო, შეკითხვები დღემდე აქვთ... ისე, ჩემი შვილი როგორ იქნება? გამოდის, რომ 9 წლისამ "გავაჩინე" (იცინის).

- რომანტიკულ ურთიერთობაში როგორი ხართ? თქვენი გულის მოგება ადვილია?

- თუ ადამიანმა ჩემი ნდობა მოიპოვა, შემიძლია, მის მიმართ ზედმეტად ერთგული, გულთბილი ვიყო, რაც მგონია, ძალიან ცუდი თვისებებია, რადგან როცა მეორე ადამიანისგან იმავეს არ იღებ, ხვდები, რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. სხვა მხრივ, რომანტიკულ ურთიერთობაში ჩვეულებრივი ვარ. მთავარია, ადამიანმა ნდობა არ გამიცრუოს.

- ავთომ თქვენი ნდობა რით დაიმსახურა?

- პროექტში ავთო მართლა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა: ცუდად ვიყავი თუ კარგად, მიხაროდა თუ არა, ვგრძნობდი, მისი ნდობა შემეძლო. ჩემთვის ავთო დიდი საყრდენი იყო. ეს ბევრს ნიშნავს, როცა უამრავი კამერაა ჩართული, მთელი საქართველო გიყურებს და გაკვირდება, რას აკეთებ, რას ამბობ... პლუს, იქ მყოფი ხალხი... ეს ყველაფერი ჩემზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა, რის გადალახვასაც, ავთოს საშუალებით, მარტივად ვახერხებდი. ავთო მეხმარებოდა, ყოველთვის გვერდში მედგა... სიტუაცია ამიტომაც განვითარდა ისე, როგორც ნახეთ (იღიმის)...

- სერიოზულად გყვარებიათ ცხოვრებაში?

- კი, ერთხელ. თუ ადამიანი მიყვარს, შემიძლია, მისთვის თავი ბოლომდე გადავდო და ყველანაირად მხარში ამოვუდგე (აბსოლუტურად ყველა საკითხში). მოკლედ, ამ ყველაფერმა არ გაამართლა, რა...

5dfa70f5-9262-4011-93de-a1be05f389f8-copy-1658826994.jpeg

- რეალითი შოუში ერთადერთი მონაწილე იყავით, ვინც პარალელურად, სამსახურში დადიოდა: ტელეგადაცემა "ურუსკესის" ქორეოგრაფი ხართ. პროექტში თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად ენერგია გყოფნიდათ?

- ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს - იმას ვაკეთებ, რაც ბედნიერებას მანიჭებს. ასე რომ, ამ საქმისთვის შემიძლია, თავი გადავდო - ყველაფერი გავაკეთო, რომ სასურველი შედეგი მივიღო. რა თქმა უნდა, შრომატევადი საქმეა, რადგან დროსაც მოითხოვს და ძლიერ ნერვებსაც, მით უმეტეს, რომ ჩაკეტილ სივრცეში (რეალით შოუში) პირველად ვიყავი, მსგავს სიტუაციაში მუშაობა პირველად მომიხდა. როცა გარეთ ხარ, მუსიკას გაძლევენ, რათა ქორეოგრაფია შექმნა, ამისთვის გარკვეული დრო მჭირდება, რაც რეალითი შოუში ყოფნისას არ მქონდა. პირველ კვირას პანიკაში ვიყავი - როდის უნდა მოვასწრო? ნახევარ საათში ნომერი უნდა მოვამზადო, მაგრამ ჯერ შერჩეული მუსიკის შესახებაც კი არ ვიცი-მეთქი. მერე, ნელ-ნელა მივეჩვიე. ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობაც მიწევდა, მაგრამ მიხარია, რომ ამ ყველაფერს მგონი, კარგად გავართვი თავი და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ (იღიმის).

- თქვენს პოპულარობას როგორ გამოიყენებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს სტუდიას წინ წამოვწევ. სექტემბრიდან ბავშვების მიღებას განვაახლებ, ასევე - ვიდეოების გადაღებას. ცხადია, ტელევიზიაში მუშაობის გაგრძელებასაც ვაპირებ და ვეცდები, სიახლეებს არ ჩამოვრჩე.

- საბოლოო ჯამში, რეალითი შოუში მონაწილეობას არ ნანობთ, ხომ?

- არც ერთი წამით! დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან რეალით შოუში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. პროექტში ყოფნისას დიდი გამოცდილება მივიღე, თუ როგორ შეიძლება, ადამიანს მიუდგე, როგორ ესაუბრო, ვინ როგორი ტიპია, ვინ თამაშობს და ვინ - არა, ვინ როგორ აღიქვამს სიტუაციებს, საკუთარი თავის წინ წაწევისთვის ვინ რაზეა წამსვლელი და ა.შ. რეალურად, ამან ფსიქოლოგიურადაც გამზარდა. გარდა იმისა, რომ რეალითი შოუს ადამიანისთვის ხალხის სიყვარული თუ სიძულვილი მოაქვს, ასეთი გამოცდილების ცხოვრებაში გამოყენება შეგიძლია. მთავარია, შეცდომებზე და იმ ყველაფერზე ვისწავლოთ, რაც პროექტში მოხდა.

ეთო ყორღანაშვილი