რაში დაეხმარა გიგი დედალამაზიშვილის "ვინ ვინ არის" - გზაპრესი

რაში დაეხმარა გიგი დედალამაზიშვილის "ვინ ვინ არის"

შოუში "ვინ ვინ არის" რამდენიმე ეპიზოდი "გუნდას" ნიღაბი ისე ატარა, მისი ამოცნობა ფაქტობრივად, ვერავინ შეძლო. ნიღბის მიღმა გიგი დედალამაზიშვილის დანახვა ოჯახის და "მგზავრების" წევრებისთვისაც კი დიდი მოულოდნელობა იყო. თავად გიგი ამბობს, რომ წესებს პატიოსნად იცავდა და ამ პროექტის მთავარი ხიბლიც ამაშია.

- როგორ მოახერხე, რამდენიმე ეპიზოდი სცენაზე ისე გამოსულიყავი და გემღერა, ვერავინ მიმხვდარიყო, ვინ იყო "გუნდა"?

- სამსახიობო განათლება მაქვს. საქმეს მივუდექი, როგორც მსახიობი და არა როგორც მომღერალი. საკუთარ თავს დავუყენე ამოცანა, გარდავსახულიყავი, ეს იყო საინტერესო და სახალისო. ისეთი რამეები გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია. ვეცადე ვყოფილიყავი ისეთი, როგორც "გუნდას" პერსონაჟს შეეფერება: თბილი, ცოტათი კომიკური, რეპერტუარიც მრავალფეროვანი შევარჩიეთ.

- რთულია გამოხვიდე სცენაზე და შენი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი ხმა ვერავინ ამოიცნოს. ეს ტექნიკურად როგორ შეძელი?

- ვეცადე, როლები კი არ მემღერა, მეთამაშა და ეს მიდგომა დამეხმარა. არ იყო სიმღერა სიმღერისთვის, ეს იყო სიმღერა პროექტისთვის. არაფერს ვაქცევდი ყურადღებას, გარდა იმისა, რომ როლში შევსულიყავი. როცა როლში ხარ და ამას იჯერებ, მერე ხმაც თავისით მოდის, მოძრაობაც, მანერაც... ეს თეატრალურში ვისწავლე, ოღონდ მთავარია დაიჯერო, რომ იმწუთას ის პერსონაჟი ხარ.

- გადაწყვეტილება მარტივად მისაღები იყო?

- პროექტი რომ დაიწყო, მაშინ უკრაინაში არსებული მდგომარეობიდან და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა. შემოთავაზება რომ მივიღე, დავფიქრდი. მივხვდი, "გუნდა" იქნებოდა ის, ვინც ამ მდგომარეობიდან გამოთიშვას ცოტა ხნით მაინც შემაძლებინებდა. შეიძლება ითქვას, რომ "გუნდამ" გამომაცოცხლა, ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ კონცერტებზე დაკვრაც დავიწყე.

- შემოქმედებითი ჯგუფის წევრების გარდა, ვინმემ იცოდა ამ პროექტში რომ იყავი? იმ სცენაზე შენი გამოჩენა ოჯახის წევრებისთვისაც კი მოულოდნელობა იყო.

- არავინ იცოდა. პირველად დუტა სხირტლაძემ დამირეკა, რა ვიცოდი, რა უნდა ეთქვა და სხვა ადამიანების თანდასწრებით მოვიკითხე; - ვა, დუტა, როგორ ხარ? რა, რა პროექტი-მეთქი? მითხრა, განმარტოვდი, ასე სხვების თანდასწრებით ნუ მელაპარაკებიო. მივხვდი, რაღაც ხდებოდა. ამიხსნა, "ბიბისიზე" ეს გადაცემა თუ გაქვს ნანახი, ჩვენთან ამ პროექტის დაწყებაზეა ლაპარაკიო. რაც უნდა ეთქვა, უკვე გასაგები იყო, გვერდით გავედი და დანარჩენზე ისე დაველაპარაკე. ძალიან აზარტული ვარ. გარდა იმისა, რომ გაუთქმელობის ვალდებულება გვქონდა და დარღვევაზე გადასახდელი ჯარიმა სოლიდური თანხა იყო მითითებული, ისედაც არავის ვეტყოდი. როცა ვიღაცამ იცის, ვინ არის ის პერსონაჟი, მაშინ ამ პროექტს აზრი ეკარგება. წესებს პატიოსნად ვიცავდი.

- ოჯახის წევრებთან ამის დამალვას როგორ ახერხებდი, როცა დადიოდი რეპეტიციებზე, ნიღბის შეკერვის დროს მის მოსარგებადაც...

- სახლში ვამბობდი, გადაღებაზე მივდივარ-მეთქი. კი მეკითხებოდნენ, სად მიდიხარო? მაგრამ ძალიან არ მეძიებოდნენ, ხან რადიოს ვიმიზეზებდი, ხან ინტერვიუს ჩაწერას, სულ სხვადასხვა რამეს ვამბობდი. თითქმის ყოველდღე მიწევდა სახლიდან გასვლა, მაგრამ დიდხანს არ გვაყოვნებდნენ, რადგან დრო მკაცრად იყო გაწერილი, იქ მონაწილეები ერთმანეთს არ უნდა შევხვედროდით. კოსტიუმის მოსასინჯი დრო ნახევარი საათი იყო. მანქანამდე შენიღბვას რაც შეეხება: სახლიდან სხვადასხვა მიმართულებით გავდიოდი. როცა ვიცოდი, ჩემი ასისტენტი მანქანაში იჯდა, ვიკეთებდი სათვალეს, პირბადეს, ქუდს ვიხურავდი, სახე საერთოდ არ მიჩანდა. სულ ხუთმა ადამიანმა იცის, ვინ ვინ არის: 2 ის ადამიანია, რომელიც გვაცმევს, პროდიუსერი ანა ინგოროყვა, დუტა და ფანქველა.

- საინტერესოა, თავად რომელიმე პერსონაჟის ამოცნობა მოახერხე?

- ვერა. მეგონა გამოვიცნობდი, მაგრამ... მხოლოდ ბესო კალანდაძეზე გავიფიქრე, ეს ხომ არ არის-მეთქი?!. ძალიან კარგად თამაშობენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ნიღბებს მიღმა უნიჭიერესი ადამიანები არიან. ტრანსფორმერი ყველაზე მეტად მეცოდება, მას რთული კოსტიუმი აქვს, ვერ დადის, ვერ სუნთქავს.

- როცა ტრანსფორმერთან ერთად "მგზავრებმა" იმღერეთ და ამის შემდეგ ძალიან მალე სცენაზე გამოხვედი, როგორც "გუნდა", "მგზავრებს" რა უთხარი?

- (იცინის) ეს იყო ყველაზე დიდი შენიღბვა. ბიჭებს მოვატყუე, ვითომ შეხვედრა მქონდა. რომ ვიმღერეთ, ჩემი ასისტენტი ანა ინგოროყვა მოვიდა, ბიჭების თვალწინ გაცნობის სცენა გავითამაშეთ, ეს ყველაფერი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი. გარეთ ანუ შეხვედრაზე გავედი, როგორც გიგი, ანამ მომცა კოსტიუმი, სწრაფად ჩავიცვი, მომაკითხა მანქანამ და თავიდან შევედი, როგორც "გუნდა". შემდეგ იმავენაირად გავაკეთე: გავედი "გუნდა" და შემოვედი გიგი. ორი ბოტასი მქონდა წაღებული. მივხვდი, წითელი ბოტასით "გუნდა" რომ გამოსულიყო და მერე ჩემს ფეხზე დაენახათ, მარტივად "გავიყიდებოდი". მხოლოდ ეგ იყო, რომ ტანსაცმელი ბუჩქებში გამოვიცვალე.

- "მგზავრებმა" როგორ ვერ ამოგიცნეს?

- პირველ ეპიზოდში "ცისარტყელები" რომ ვიმღერე, მკითხეს, - შენ ხომ არ ხარო? რა თქმა უნდა, ვიუარე, საიდან მოიტანეთ-მეთქი. მერე აღარ უკითხავთ. როგორც ჩანს, დამაჯერებელი ვიყავი. ბოლოს კი მითხრეს, როგორ "გაგვაცურეო". ოჯახისთვისაც შოკის მომგვრელი იყო. ერთხელ დედაჩემმა დამირეკა, ამ შოუში შენ გახსენესო. ეგ რა შოუა-მეთქი? ამიხსნა, რა ხდებოდა ამ პროექტში, მერე ლინკი გადმომიგზავნა... ერთხელ ბახვა ბრეგვაძეც ასე გაისარჯა (იცინის).

- "გუნდას" კოსტიუმში თავს როგორ გრძნობდი?

- მასში აუტანელი სიცხე იყო, მოძრაობის საშუალებაც დიდად არ მქონდა, მძიმეც იყო. ერთ-ერთი რთული კოსტიუმი მერგო.

- როდესაც ჟიურის წევრები შენს ნაცვლად სხვებს ასახელებდნენ, ამაზე შენი რეაქცია როგორი იყო?

- ვხალისობდი, ჩემს ნაცვლად სულ სხვადასხვა ადამიანს რომ ასახელებდნენ, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, მათი მეგობრებით დასრულებული. მათი აზრით, ვიყავი რატი დურგლიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, დათო გომართელი, სვიმონ ჯანგულაშვილი, გუგა კუზანოვი, იაგო ხვიჩია... უზომოდ აზარტული შოუა. ვერასდროს ვიფიქრებდი, გუნდას ფორმაში ჩაცმული სცენაზე ავიდოდი და ამაზე ცოტათი ვინერვიულებდი. ნანიკო ხაზარაძემ და დავით დოიაშვილმა ჩემი ამოცნობა მხოლოდ პირველ ეპიზოდში მოახერხეს, ქართულმა სიმღერამ "გამყიდა". მაშინ კი გავიფიქრე, მეტი უნდა მემუშავა. მერე სულ სხვადასხვა ვერსია წამოვიდა და მე აღარავინ მასახელებდა. ჩემი მიზანიც ეს იყო. ახლახან ანრი ჯოხაძე შემხვდა, როგორ დაგვაბნიეო.

66770397-2587148871335548-1337143208961900544-n-copy-1658827157.jpg

- ინტერვიუს დასაწყისში მითხარი, უკრაინის ამბის გამო რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდაო, როგორ არის შენი მეუღლე, რა იცით უკრაინაში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებზე?

- ჩემი სიმამრი და ცოლის ძმა კიევში არიან, ახლა იქ შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ სიდედრი, ჩემი მეუღლის ბებია, ბიძა და მისი ოჯახი დნეპროპეტროვსკში ცხოვრობენ და ბოლო პერიოდში იქ დაბომბვა ინტენსიურად ხდება. მარინას ბებია შეუძლოდ არის, ვერ დატოვებენ, გარეთაც ვერ გადიან. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან.

- ოჯახი რატომ გაიყო?

- მარინას ბებია დნეპროპეტროვსკში ცხოვრობდა, ჩემი სიდედრი თბილისში იყო, დედამისის ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, მოსავლელად წავიდა. ჩემი სიმამრი და ცოლის ძმა კიევიდან ვერ გადიან.

- როგორ ამხნევებ მარინას? მარტივი წარმოსადგენია, მას ახლა რამდენად რთული პერიოდი აქვს.

- ამ თემაზე ბევრსაც ვერ ვლაპარაკობთ. ხშირად ჩემს სიდედრსაც ვეღარ ვწერ. რა ვუთხრა ადამიანს, როცა ის ომშია და შენ თბილისში ხარ? ყველაფერი მალე დამთავრდება? არავინ იცის, რა და როგორ იქნება, გამხნევებაც რთულია. რაც შემეძლება, მაქსიმალურად მათ გვერდში ვიქნები. ქვეყანას ვერ ტოვებენ, თორემ ყველას ჩემთან ჩამოვიყვანდი. ჩემს სიმამრს დიდი მანქანა ჰყავს და პროდუქტს დაატარებს. მარინას ბებიას სანამ შეეძლო, ჯარისკაცებისთვის საკვებს ამზადებდა და უგზავნიდა. იქ ყველა თავისებურ ომშია, ყველა თავისებურად იბრძვის, სხვა გზა აღარც აქვთ და ძალიან რთულია, შორიდან უთხრა რამე ისეთი, რითაც მათ გამხნევებას შეძლებ.

თამუნა კვინიკაძე