ცნობილი მორაგბის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

ცნობილი მორაგბის სიყვარულის ამბავი

ეს ინტერვიუ სიურპრიზია, - ბოლოში მთავარი სათქმელით. რესპონდენტი მეკო კეზრიშვილი გახლავთ, ცნობილი და ძალიან წარმატებული მორაგბის, ვასილ (ვასკა) ლობჟანიძის მეუღლე. როგორი ადამიანია, როგორი მეუღლე და მამაა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი? - ამ ინტერვიუდან მის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობთ.

- თქვენს პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებთ, ერთმანეთი სად გაიცანით?

- ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით. მაშინ ვასკა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებდა და ერთი კვირით დასასვენებლად შავიზღვისპირეთში იყო ჩამოსული. მეც იქ ვიყავი. ერთმანეთს კლუბში შევხვდით. რაგბით მანამდეც ვიყავი დაინტერესებული. სახეზე მეცნო, მივედი, სახელი და გვარი ვკითხე, გავიცანი და იმ დღიდან დავმეგობრდით. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წავიდა, ერთმანეთს მეგობრულად ხშირად ვწერდით. რომ ჩამოვიდა, ურთიერთობა ისევ გაგრძელდა. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდით, ეს მხოლოდ მეგობრობა აღარ იყო.

- ერთმანეთს ადვილად გაუგეთ?

- ვასკა არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყველაზე მეტად მიადვილდება.

- როგორ დაახასიათებთ?

- უშუალო, უბრალო, ყველაზე თავმდაბალი... ეს ის თვისებებია, რომლებმაც მასში მომხიბლა.

- სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- ორივე ერთდროულად მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ამას ქცევით გამოვხატავდით, მაგრამ სიტყვა "მიყვარხარ" პირველად მე ვუთხარი (იცინის). არ გაჰკვირვებია, ეს ხომ ისედაც იცოდა. იმდენად მორცხვია, სითამამე იმდენად აკლია, პირველი ნაბიჯი მე გადავდგი.

- რამდენად რომანტიკული ადამიანია, სიურპრიზების მოწყობა თუ სჩვევია?

- თავიდან უფრო რომანტიკული იყო, დღეს ორ შვილს ვზრდით და ჩვენი სიურპრიზებიც საყოფაცხოვრებო ნივთებით შემოიფარგლება. ერთმანეთი 28 რიცხვში გავიცანით. ყოველი თვის 28 რიცხვში, სადაც უნდა ყოფილიყო, ყვავილებსა და ტკბილეულს მიგზავნიდა. ეს 2 წელი გაგრძელდა, მერე ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა. მეც მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, თუნდაც თამაშზე მოულოდნელად მისვლა, ისე, რომ სულ არ მელოდება.

- ამ დროს მისი რეაქცია როგორია?

- ერთდროულად აქვს გაოცება და სიხარული, ბედნიერია.

- თამაშზე სიარულს ყოველთვის ახერხებთ?

- ნაკრების თამაშებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება, ყოველთვის დავდივარ. საფრანგეთში იმ თამაშებს ვესწრები, რომლებიც ჩვენს ქალაქში ტარდება, ამინდსა და ტემპერატურას მნიშვნელობა არა აქვს.

- ვიცი, რომ მორაგბეები მეგობრობენ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. მეუღლეები თუ მეგობრობთ?

- ერთმანეთთან შეხება დიდად არ გვაქვს. ნაკრების თამაშებზე რომ ჩამოვდივართ, არ არის ისეთი პერიოდი, რომ ძალიან დავახლოვდეთ და მერე ერთად ვიაროთ. მორაგბეების უმეტესობა პატარა ბიჭები არიან, დაქორწინებულები არც გახლავან. მეგობრულ შეკრებებზე შეყვარებულებთან ერთად უფრო მოდიან. თავად ბიჭებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- მორაგბისთვის ყველა თამაშს თავისებური ღელვა ახლავს. მეუღლეს თამაშის წინ როგორ ამხნევებთ?

- ყოველი თამაშის წინ, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა თუ - ნაკლებად, ვასკა თავისებურად ნერვიულობს, მაგრამ ამ დროს გამხნევება დიდად არ უყვარს, უფრო იძაბება. საკმარისია, თამაშის წინ ვუთხრა, როგორ მიყვარს და ეს მისთვის ძალიან დიდი ძალის მიმცემია. ვიცი, ამ დროს განმარტოება ურჩევნია და საამისოდ ყველანაირ პირობას ვუქმნი.

- თამაშის შემდეგ ემოციების გაზიარება სჩვევია?

- კი. იტალიას რომ მოუგეს, მას შემდეგ სულ ამ სიტყვებს იმეორებს; "ვაიმე, ეს რა მოხდა!" - შოკშია (იცინის).

- "მფრინავი ლელო" - ეს ცნობილი კადრია (ფოტოს ავტორი - ლევან ვერძეული), რომელმაც მსოფლიო პრესა მოიარა. ამ კადრზე რას გვეტყვით?

- ეს ფოტო შინ კედელზე გვაქვს, დიდი ფორმატით დავბეჭდეთ. რუსეთის ნაკრებთან თამაშის დროს არის გადაღებული. წინ ვასკა ბურთით ხელში "მოფრინავს", უკან რუსები მოსდევენ და შინაარსითაც მნიშვნელოვანი კადრია... ვასკამ ეს ფოტო რომ ნახა, ძალიან მოეწონა, ფოტოგრაფს დაუკავშირდა, დაელაპარაკა.

- დასამახსოვრებელია კიდევ ერთი კადრი, ბუცი რომ გასძვრა და ლელო შიშველი ფეხით მაინც დადო (ალეკო შარვაძის ფოტო).

- ამას თამაშის დროს მორაგბეები სულ ვერ ხვდებიან. ვასკა თავადაც ვერ მიხვდა, როგორ გარბოდა.

- თქვენთვის ლელო მოუძღვნია, სიყვარულის სახელით დაუდვია?

- ჩვენი გაცნობის შემდეგ, სანამ შვილები გაგვიჩნდებოდნენ, ყველა ლელო მე მეძღვნებოდა და ახლა - ჩვენს შვილებსაც, სამივე ვინაწილებთ. ჩემთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მაინც "მფრინავი" კადრია.

- როგორი მამაა? მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ალბათ ვერ ახერხებს, შვილების ყოველდღიური მოვლის საქმეში აქტიურად იყოს ჩართული.

- ცდებით, აქტიურად ჩართულია, შვილების აღზრდის საქმეს თანაბრად ვინაწილებთ. არ მახსოვს, ღამე რომელიმეს წამოეტიროს და ვასკა ჩემთან ერთად არ ამდგარიყოს, არ მიეხედოს. ძალიან მზრუნველი და საუკეთესო ადამიანია.

243960828-2718583961767768-2174830790724240503-n-copy-1658827357.jpg

- როგორია შვილების რეაქცია, როცა მამას ეკრანზე ხედავენ?

- ნიკოლოზი გაგიჟებულია არა მხოლოდ მამამისზე, არამედ სხვა ბიჭებიც ძალიან უყვარს, ყველამ თავი შეაყვარა. ევა ჯერ ერთი წლისაა, მაგრამ თავისებურად გულშემატკივრობს; მგონი, ემოციას ყველაზე მეტადაც კი გამოხატავს.

- ყველა წყვილის ურთიერთობაში არის კრიზისული პერიოდი. თქვენ ამ დროს როგორ იქცევით, პირველ ნაბიჯს რომელი დგამთ?

- ორივე - თანაბრად, წყენა ადვილად გვავიწყდება. რომ ვიკამათებთ, რამდენიმე წუთში შეიძლება, ბავშვმა რაღაც სასაცილო თქვას ან გააკეთოს და ამაზე ერთად ვხალისობთ. ამ ბოლო დროს ჩვენი შემრიგებლები ბავშვები არიან. გრძელვადიანი კრიზისული პერიოდები არც გვქონია.

- მეკო, თავად რას საქმიანობთ?

- ამჟამად სამსახური არ მაქვს, ბავშვების გამო ვერ ვახერხებდი. უფროსი ბაღში დადის. საფრანგეთში რომ დავბრუნდებით, ვაპირებ, ევაც ბაღში მივიყვანო და ვისწავლო. კონდიტერია მაინტერესებს, მით უმეტეს - ფრანგული კონდიტერია მაღალი კლასისაა. მინდა ამ პროფესიას საფუძვლიანად დავეუფლო.

- მეუღლეს საყვარელი კერძებით ხშირად ანებივრებთ?

- ყველაფერი მოსწონს, რასაც ვამზადებ. გამორჩეულად უყვარს ხაჭაპური, მაგრამ ხშირად მირთმევა არ შეუძლია, ფორმა არ უნდა დაკარგოს. ძირითადად ცილოვან საკვებს იღებს. გემრიელი კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, ამაზეც ვკამათობთ. მეუბნება, ხომ იცი, რომ არ უნდა ვჭამო და რატომ აცხობო?!.

- თავად რაიმეს მომზადება ეხერხება?

- არა.

- თქვენი ურთიერთობიდან დღე, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ, რომელია?

- სანამ დავქორწინდებოდით, 4 დღით საბერძნეთში დასასვენებლად ვიყავით. ეს იყო ყველაზე კარგი და დაუვიწყარი დღეები ჩვენს ცხოვრებაში.

- ხელის თხოვნა, თქვენს ოჯახში მოსვლა... მითხარით, მორცხვი არისო და მისთვის ეს მთლად ადვილი არ იქნებოდა.

- 2017 წელს, სანამ დავქორწინდებოდით, ვასკასთან საფრანგეთში 10 დღით ვიყავი ჩასული. როგორც ჩანს, მაშინ მიხვდა, რომ ჩვენი ცალ-ცალკე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, ვეღარ გაძლებდა და ერთ საღამოს, რესტორანში რომანტიკული ვახშმის შემდეგ, ბეჭედი მომართვა. ამ დროს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, სხვა - არავინ და არანაირი ცერემონია. საბუთები მქონდა მოსაწესრიგებელი, რის გამოც მაშინ ჩემი იქ დარჩენა არ გამოვიდოდა. სანამ თავად ჩამოვიდოდა და ხელს მოვაწერდით, მანამდე დავდიოდი, სამი თვე ხან საქართველოში ვიყავი, ხან - საფრანგეთში, უვიზო პერიოდი იყო. სანამ საბუთს გავაკეთებდი, ცოტა ხანი ასე ვიწვალეთ, მერე კი წავედი და წავედი.

- ქორწილი არ გქონდათ?

- ძალიან ვიწრო წრეში გვქონდა. 2018 წელს ბავშვი მოვნათლეთ და თან პატარა ქორწილიც გადავიხადეთ.

- ვასკა ბავშვების დაბადებას დაესწრო?

- ვერ დაესწრო. ჩვენი პირველი შვილი რომ დაიბადა, იაპონიაში იყო. ბავშვი რომ გავაჩინე, მის თანაგუნდელ ბიჭს ნიკოლოზის სურათი გავუგზავნე, მან უჩვენა და მერე იქ ამას დიდი ემოციები მოჰყვა. ვასკა შოკში იყო, ვერ მიხვდა, ვის ფოტოს უჩვენებდნენ. ბიჭებს ვიდეოც აქვთ გადაღებული. ევას დაბადების დროსაც ნაკრების შეკრება ჰქონდათ და ჩემ გვერდით არ იყო.

22693-631826453636084-7377002469498463552-n-copy-1658827344.jpg

- რთულია, იყო მორაგბის ცოლი?

- ბევრჯერ არის ისეთი სიტუაცია, მეუღლის გვერდით ყოფნა ძალიან რომ გჭირდება და ვერ არის. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა მთავარია, მაშინ როგორია, როცა შენ გვერდით არის.

- იცის, "გზას" ინტერვიუზე რომ დათანხმდით?

- არ მითქვამს, სიურპრიზი იყოს (იცინის). მაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება.

- დაბოლოს, რას ეტყვით მას ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?

- ვასკა, მე შენ ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარხარ. მინდა იყო წარმატებული, არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დანებდე! გაჭირვებასა და ლხინში ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები მე - შენი პირველი გულშემატკივარი.

თამუნა კვინიკაძე