ეკა ანდრონიკაშვილის პრინციპების ერთგულება და სიალალის "სამმაგი დოზა" - გზაპრესი

ეკა ანდრონიკაშვილის პრინციპების ერთგულება და სიალალის "სამმაგი დოზა"

"გულღიაობის მიუხედავად, ხშირად ძალიან მარტოსულია. როგორც მისი სიმბოლო - მოისარი კენტავრი, მშვილდოსანი პირდაპირია ლაპარაკით და მანერებით, მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება. თავგადასავლების მოყვარულია, უყვარს მოგზაურობა. ინტელექტუალურია, ბევრს კითხულობს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგთა დახასიათება ჩემს ხასიათს ბევრ რამეში ემთხვევა. ჩვენზე მოქმედებს მთვარე, მზე. ასტროლოგიის ბრმად არ მჯერა. დადასტურებული ფაქტია, რომ მთვარე წყლის მიმოქცევაზე მოქმედებს, ადამიანის ორგანიზმის უდიდესი პროცენტი წყალია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მოუსვენრობა თქვენი ხასიათის გამოკვეთილი თვისებაა. ეთანხმებით?

- სულიერ მოუსვენრობაზე თუ არის ლაპარაკი, არ ვეთანხმები და ფიზიკურ მოუსვენრობას თუ გულისხმობენ, შემიძლია ვთქვა, რომ აქტიური და ენერგიული ვარ; როცა ვისვენებ, მაშინაც კი რაღაცას ვაკეთებ. ხანდახან (ამის საშუალება თუ მაქვს) არაფერსაც არ ვაკეთებ.

- "მას თავში იდეები სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად, ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამყარებული".

- ვეთანხმები.

- კარგი ინტუიცია გაქვთ?

- როცა რაღაც საკითხი მაქვს გადასაწყვეტი და იმ წუთში ვერ ვწყვეტ, მერე ინტუიციას ვენდობი და ყველაფერი თავისით ლაგდება.

- "თავგადასავლების მოყვარულია, უყვარს მოგზაურობა".

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, არა მხოლოდ უცხო ქვეყნებში, არამედ - საქართველოშიც. ყველანაირ სიახლეს, რომელსაც ამ მოგზაურობების დროს ვაწყდები, ვისრუტავ და ბოლომდე ვირგებ.

- მოგზაურობა ხომ ადამიანის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა.

- რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სანახავი.

- "როგორც მისი სიმბოლო - მოისარი კენტავრი, მშვილდოსანი პირდაპირია ლაპარაკით და მანერებით, მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".

- შეიძლება ამას დავეთანხმო. დიპლომატია ხშირად მაკლია და მერე ვნანობ ხოლმე, თან კახელი ვარ და ეს ამ თვისებას კიდევ უფრო მიორმაგებს. წლებთან ერთად ვსწავლობ, როგორ არ ვიყო ყოველთვის პირდაპირი.

- ამის გამო უხერხულ, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- არა, უბრალოდ, ნათქვამი მინანია, იმ სიტუაციაში შეიძლებოდა თავი შემეკავებინა.

- "გულღიაობის მიუხედავად, ის ხშირად ძალიან მარტოსულია".

- მგონია, რაღაც მომენტში ყველა ადამიანი მარტოსულია, საკუთარ თავთან მარტო რჩება. არა მგონია, ეს მხოლოდ მშვილდოსნების თვისება იყოს.

- "მას სიყვარულის და მეგობრობის მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც სწამს".

- ასეა, ამბავს არ ვანზოგადებ, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ტკივილი თუ მომაყენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მისნაირია.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ხშირად ვერ ახერხებს, გაექცეს მიმბაძველობას".

- ვერ დავეთანხმები, შენ თუ მაღალი დონის პედაგოგთან სწავლობ ან განვითარების სურვილი გაქვს და ძალიან მაღალი დონის მსახიობს უყურებ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ შემდეგ, როცა უკვე ჩამოყალიბდები, ინდივიდუალურობა უნდა "დაიჭირო".

- "ადვილად ექცევა ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ".

- ადვილად არავის გავლენის ქვეშ არ ვექცევი.

- არც ნიჭიერების?

- ნიჭიერია ნახევარი საქართველო.

- საქმეების სანახევროდ გაკეთება და მიტოვება გჩვევიათ?

- არასდროს, სულ ვუკირკიტებ და ვცდილობ, ყველაფერი ბოლომდე მივიყვანო. თუ შევეშვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ მინდა, აღარ მაინტერესებს.

- "ხშირად მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა; მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს".

- ასე არ არის, პირველ მეუღლესთან ერთად 11 წელი ვიცხოვრე. 11 წელი "ხანმოკლე" არ არის.

- იმედგაცრუება გქონიათ?

- მქონია, ისევე, როგორც ყველა ადამიანს. ორი ტიპის მშვილდოსანი არსებობს, მე კენტავრის გავლენის ქვეშ მყოფებს არ განვეკუთვნები, უფრო განვითარებული არსების მხარეს ვარ. აქედან გამომდინარე, პრიმიტიულ ინსტინქტებამდე არასდროს დავდივარ.

- "ის ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას, ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება".

- თითქმის ვეთანხმები. მოტყუების უფლებას ყველას არ ვაძლევ. ვიღაცის მიამიტად დამიჯერებია და მერე იმედგაცრუება მქონია, მარცხსაც ფილოსოფიური სიმშვიდით შევხვედრივარ, ჩემს თავში ამის ახსნა-განმარტებაც მიპოვია. საერთოდ, ფილოსოფიურად ძალიან ბევრ რამეს ვუდგები.

- ვინმესთვის თავის მოტყუების უფლება შეგნებულად თუ მიგიციათ?

- ანუ გამიშიფრია, რომ მატყუებს და არ შემიმჩნევია? ალბათ ასეც ყოფილა, მაგრამ იმ მომენტში რადგან ვიცოდი, მატყუებდა და ის ტყუილი ჩემთვის საზიანო არ იყო, იმ ადამიანის შესახებ დასკვნა გამომიტანია, ესეც სასარგებლოა.

- "ის არის ყოველთვის კარგი მოთამაშე, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- ნამდვილად ასეა.

- თქვენ გაქვთ თქვენი ნიშა, იცით თქვენი ადგილი?

- დიახ.

- "ის იშვიათად ცრუობს და მაშინაც თავდაცვის მიზნით".

- ტყუილს ძალიან, ძალიან იშვიათად ვამბობ, მაგრამ ამ ჩემს სიცრუეში ყოველთვის დიდი დოზით არის სიმართლე. ყოველდღიურ ცხოვრებაში სიცრუე არაფერში მჭირდება. ჩემი სიმართლით და სიალალით სათქმელს მშვიდად და ხშირად, ზედმეტად პირდაპირ ვამბობ, არ მერიდება.

- "ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი".

- მართალია, ესეც ჩემი სიალალეა, რომელიც სამმაგი დოზით მაქვს: როგორც მშვილდოსანს, როგორც ტახს და როგორც კახელს.

- "ის ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი, ხშირად საკმაოდ რბილიც ვარ. სიმკაცრე ზოგჯერ მახასიათებს, მაგრამ სიტყვა "ძალიან" გადამეტებულია. მარტივად ვისრუტავ ადამიანების ენერგეტიკას, მაქვს უნარი მოვლენას სხვა ადამიანის თვალით შევხედო.

- დათმობაზეც მარტივად მიდიხართ?

- ჩემს პრინციპებს არასდროს ვთმობ, მაგრამ სხვის განსჯაში ძალიან ლოიალური ვარ, კონკრეტული საქციელი შეიძლება მივიღო ან არ მივიღო, მაგრამ იმ ადამიანის გაგება შემიძლია.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მასთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- ასე ვერ ვიტყოდი, რადგან კამათში ჩართვაც მიყვარს და ცოცხალი ურთიერთობებიც. ყველასთან ვსაუბრობ, ჯერ ხომ უნდა ისაუბრო და გაერკვე, იმ ადამიანის აზრები პატივსაცემია თუ არა.

- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდი ხანი ვეღარ დაიძვრინოთ".

- ასე არ არის. არც სიტყვაძუნწობა და არც ზედმეტი ლაპარაკი არ მახასიათებს.

- "დაძაბულ სიტუაციას ურჩევნია, მშვიდად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრაგუნოს".

- არ ვეთანხმები, რადგან დაძაბულ სიტუაციაში ლიდერული თვისებები არაერთხელ გამომივლენია.

- ამ დროს მუშტის ბრაგუნიც შეგიძლიათ?

- შემიძლია. ექსტრემალურ სიტუაციაში ყოველთვის მობილიზებული ვარ. მერე რომ მოვეშვები, შეიძლება მოვტყდე, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში არასდროს ვიბნევი.

- "ინტელექტუალურია, ბევრს კითხულობს".

- კითხვა ძალიან მიყვარს. სადაც უნდა ვიყო, საღამოს რაიმე თუ არ წავიკითხე, ვერ ვიძინებ.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ასტროლოგების თქმით, მფლანგველთა კატეგორიას არ განეკუთვნებით და ქონებას ნაბიჯ-ნაბიჯ აგოვებთ.

- იმდენი არ მაქვს, რომ ვაგროვო, ფულს ვხარჯავ, მაგრამ ყოველთვის მიზნობრივად. სულ რემონტი მაქვს და სულ რაღაცას ვაშენებ. ჩემი ფული ძირითადად მიდის სამშენებლო, სარემონტო მასალებში ან მოგზაურობაში. ეს ორი პრიორიტეტი მაქვს. გარდა ამისა, თანხას ოჯახს, შვილსაც დაუნანებლად ვახმარ.

- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება".

- ძალიან მიყვარს, ახალ წელს მთელი ოჯახის თოვლის ბაბუა ვარ. არ ვიცი, რატომ ვიღებ ჩემს თავზე ამდენს, მაგრამ მინდა ოჯახის წევრებს და ახლობლებს რაღაც მცირე მაინც ვაჩუქო, ამის მძაფრი მოთხოვნილება მაქვს.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ ბოლომდე ინარჩუნებს".

- ვერ ვიტყვი, რომ ცოტა, ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ფილტრაცია ხდება და მცირდება. მეგობრის დაკარგვა სიყვარულის დაკარგვის ტოლფასია.

- მტკივნეული შემთხვევები გახსენდებათ?

- ასეთი შემთხვევებიც მქონია.

- "გასაჭირში ჩავარდნილს, სიამაყე არ აძლევს უფლებას, რომ სხვებისგან დახმარება ითხოვოს, თუმცა თავად ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად".

- თუ რაღაც პრობლემა მაქვს და ახლობელს შეუძლია მოგვარებაში დამეხმაროს, რატომ არ ვთხოვ, ეს ნორმალურია, ისევე, როგორც მე მომმართონ, რაიმეს მოგვარება თუ შემიძლია.

img-7765-copy-1659425629.jpeg

- "უბოროტო ბუნებიდან გამომდინარე, მტერი, მით უმეტეს, აშკარა, ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ჰყავს".

- აშკარა მტრები არ მყავს. შეიძლება პირდაპირობა იყოს ჩემი მტერი, არასწორ დროს არასწორად ნათქვამი სიტყვები.

- ეკა, შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლე გაქვთ?

- თეატრალური სეზონი უკვე დავხურეთ, ვნახოთ, ახალი სეზონიდან რა და როგორ იქნება. ძალიან ველოდები გასტროლს ამერიკაში, რომელიც შემოდგომისთვის გადაგვედო. სპექტაკლი "მწვანე ბარათი", რომელიც ემიგრანტებზეა, საგასტროლოდ უკვე მზად არის. მაქვს ერთი შემოთავაზება გადაღებაზე, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

- ფილმზეა ლაპარაკი?

- ქართულ სერიალზე. ახლა ვისვენებ, აგარაკზე ვარ.

თამუნა კვინიკაძე