ზანდა იოსელიანი: "ყველა ჩემი ლექსი ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი" - გზაპრესი

ზანდა იოსელიანი: "ყველა ჩემი ლექსი ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი"

ბევრი ქართველისთვის საყვარელი მსახიობს - ქალბატონ ზანდა იოსელიანს მალე 85 წელი შეუსრულდება. ის დღესაც შეყვარებულია თავის პროფესიაზე და დიდი გატაცებით გვესაუბრება თავისი ცხოვრების გზაზე - 85 წელზე, რომელიც ასე უეცრად, თვალსა და ხელს შუა გაუფრინდა!

- როცა განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, როგორც ყველას, მეც ბავშვობა მახსენდება - ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი... 1937 წლის 18 აგვისტოს დავიბადე. დედაჩემი გურული ქალი გახლდათ - ქსენია ნანეიშვილი. ჩემზე ორსულად რომ იყო, ჩემი უფროსი ძმა ბიძაჩემს სურამში წაუყვანია. დედას ის ძალიან მონატრებია და ექიმის ნებართვით, მატარებლით წასულა სურამში. როგორც კი მატარებლიდან ჩამოსულა, მშობიარობა დასწყებია და ასე მოულოდნელად, ნაადრევად დავბადებულვარ. დედა მიყვებოდა, რომ ჩემი მოუსვენარი ხასიათი მაშინვე გამოვავლინე: ექიმს მაჯაზე ოქროს საათი ეკეთა თურმე, ძეწკვს ჩემი პატარა ნეკი გამოვკარი და ამ საათმა, ოქროს ძეწკვთან ერთად, იატაკზე მოადინა ზღართანი. ამ ამბავმა დიდი ჟრიამული და სიცილი გამოიწვიაო... რადგან დედაჩემის ძმა სანატორიუმის დირექტორი იყო, იქ დავრჩენილვართ და ჩემი სიცოცხლის პირველი დღეები სურამში გამიტარებია.

- ბავშვობის წლები რომელ უბანში გაატარეთ?

- ძველ თბილისში ვცხოვრობდით, ჩუღურეთის რაიონში, სადაც მრავალი ეროვნების ხალხი გვერდიგვერდ ცხოვრობდა. თბილისში ასეთ ეზოებს "იტალიურს" ეძახიან, მაგრამ არა - ეს ძველი, თბილისური ეზო იყო, სადაც ქართველები, სომხები, რუსები, ქურთები და ყველა ეროვნების ბავშვი ერთად ვთამაშობდით, ვმეგობრობდით. იმ დღეებს ახლაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ. 1941 წელს, ომის დაწყების ამბავი სწორედ მეზობელი ბავშვებისგან გავიგე. მახსოვს, როგორ გადაფითრდნენ დედა და მამა, როცა სახლში შევვარდი და ომის დაწყებაზე ვუთხარი. დედა ყველანაირად ცდილობდა ომის ამბები არ გაგვეგო და იქიდან ჩამოსული, დაჭრილ-დასახიჩრებული ხალხი არ დაგვენახა. კიდევ კარგი, მამა ომში არ წაიყვანეს და გადავრჩით... ომის დასრულების შემდეგ, ვერაზე, ბაქრაძის ქუჩაზე გადმოვედით საცხოვრებლად.

- მსახიობობა სკოლის ასაკში გადაწყვიტეთ?

- ყოველთვის არტისტული ბუნება მქონდა, ყველაზე მეტად მოხუცები მიყვარდა და ყველაზე კარგად მათ ვბაძავდი. იმდენად ოსტატურად ვინიღბებოდი, ისე დავდიოდი და ხმასაც ისე ვიცვლიდი, ვერავინ მცნობდა. მსახიობობა კი ვლადიმერ მაიაკოვკის დამ - ლიუდა მაიაკოვსკაიამ გადამაწყვეტინა. როგორ? - ახლავე გიამბობთ: ზაფხულობით, ჩვენი ოჯახი ხშირად ისვენებდა მაიაკოვსკში, რომელსაც ახლა ბაღდათი ჰქვია. იქ ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა ცნობილი პოეტის და - ლიუდა, რომელიც დედაჩემის ოჯახის ახლობელი იყო. სწორედ მის თვალწინ გარდავისახე უმწეო მოხუცად, თანაც, ჩემი "როლი" ისე კარგად შევასრულე, რომ ვერ მიცნო, პირიქით, ცრემლი მოერია და ფულიც მაჩუქა. მეზობლებიც იქ იყვნენ... როცა ჭაღარა თმა უცბად მოვიხსენი და ჩემი ნამდვილი სახე გამოვაჩინე, მოულოდნელობისგან ყველა გაშეშდა. ლიუდამ მაშინვე თქვა: როგორც კი სკოლას დაამთავრებს, მაშინვე მოსკოვში ჩამომიყვანეთ, კარგი მსახიობი გამოვაო. მაშინ 17 წლის ვიყავი. ეს აზრი გულში ჩამივარდა და თბილისში რომ ჩამოვედით, გადავწყვიტე, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შემეტანა. საბუთები მართლა შევიტანე, ტურებიც გავიარე და გამოცდაზე რომ შევედი, გაოცება ვერ დავმალე!

- რატომ?

- დარბაზში ისხდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ხორავა, ეთერ გუგუშვილი, დოდო ალექსიძე და ქართული თეატრის ცნობილი მოღვაწეები. მიუხედავად განცდებისა, არ დავბნეულვარ, ლექსიც კარგად წავიკითხე, იგავ-არაკიც და ყველაფერი კარგად შევასრულე. მეორე დღეს ვნახე, რომ უკვე სიაში ვიყავი. მოკლედ, 1955 წელს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ჩემს ჯგუფში სწავლობდნენ კახი კავსაძე, ნუგზარ ჯუღელი, ლია თოხაძე, ცისანა კობახიძე, თინა მგალობლიშვილი და რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც მერე პოპულარულები გახდნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული კახი კავსაძე იყო - მაშინაც ომახიანი, ხალისიანი და ვაჟკაცური... ჩვენ მასთან შედარებით, პატარა ბავშვებს ვგავდით. კახი ძალიან კარგად ცეკვავდა, მღეროდა და საუკეთესო იუმორი ჰქონდა. სტუდენტობის წლებში, თითქმის ყველა სპექტაკლში პარტნიორები ვიყავით. თეატრალურ ინსტიტუტში ოთხი ბედნიერი წელი გავატარეთ. სწავლასთან ერთად, სცენაზეც ბევრს ვთამაშობდით და იმ ოთხ წელიწადში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, აკაკი ვასაძემ, რომელიც მაშინ ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა, თქვა - ეს გოგონა ქუთაისში მინდა წავიყვანოო. ბათუმის თეატრშიც მიწვევდნენ, მაგრამ ბოლოს კაკო დვალიშვილის წინადადებამ გაიმარჯვა, რომელმაც თეატრალურში, მისაღებ გამოცდაზე პირველად მომისმინა: ამ გოგონას მე წავიყვან მარჯანიშვილის თეატრშიო...

axalgazrda-copy-1659426153.jpg

- რა განცდები გაკავშირებთ ამ თეატრთან?

- 40 წელზე მეტი გავატარე მარჯანიშვილის თეატრში და ამ განცდების სიტყვით გადმოცემა რთულია. მახსოვს პირველი დღე, როცა თეატრში მივედი და კაკო კვანტალიანი გავიცანი, რომელიც თბილად შემხვდა. აღმოჩნდა, რომ ის სამტრედიაში დედაჩემის მეზობელი ყოფილა და ბავშვობა ჩემს ბიძებთან ერთად ჰქონია გატარებული. რომ ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი, ხელი ჩამკიდა, სცენაზე ამიყვანა და გამოაცხადა: ეს გოგონა არის ჩემი დისშვილი, აბა, ერთი დავინახო, ვინმემ აწყენინოსო... ალბათ, ესეც ბედი იყო: აკაკი კვანტალიანს მაშინ იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ვინ მაწყენინებდა?! უბედნიერესი ვარ, რომ იმ პერიოდში მოვხვდი მარჯანიშვილის თეატრში და ასეთი საოცარი ხალხის გვერდით ვთამაშობდი!

- რომ დაფიქრდებით, ყველაზე მეტად, გული რაზე გწყდებათ?

- იცით, სულ მეგონა, რომ ტრაგიკული ან დრამატული როლების შემსრულებელი ვიყავი და ასეთ როლებს ძალიან კარგად ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ მოხდა: 1-2 სახასიათო როლი ვითამაშე და რეჟისორებმა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ კარგი სახასიათო მსახიობი ვიყავი... ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობები ყველა ჟანრში ვერ გამოვავლინე.

- პოპულარული როდის გახდით?

- პოპულარობა "უდიპლომო სასიძომ" მომიტანა, მაგრამ კაკო კვანტალიანი რომ არ ყოფილიყო, ვერც ამ ფილმში მოვხვდებოდი. ზოოტექნიკოსის როლის შემსრულებელი არ ჰყავდათ და თურმე ბატონმა კაკომ თქვა: მე მყავს ერთი კარგი გოგო, რომელიც ამ როლს შეასრულებს და გამოიძახეთ, ოღონდ, არ გამამხილოთო. როცა გარდაიცვალა, ეს ამბავი მერე გავიგე: მისი დაკრძალვის დღე იყო, ვიდექი და ვტიროდი. ერთი მსახიობი მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: იტირე, იტირე, ეკუთვნის, ის რომ არა, "უდიპლომო სასიძოში" არ იქნებოდიო. კიდევ რამდენიმე ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ დავიხარჯე. ასე მგონია, უფრო სერიოზული როლების შესრულებაც შემეძლო, მაგრამ რაც არის, არის! - მე მაინც კმაყოფილი ვარ: ჩემი ხალხისგან იმდენი სითბო და სიყვარული მიმიღია, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს.

- მსახიობობა ადვილი არ არის, მეუღლე და ოჯახის წევრები თუ გიწყობდნენ ხელს საქმიანობაში?

- ყოველთვის მინდოდა, კარგი ოჯახი შემექმნა. შეყვარებულობა და თავგადასავლები ნამდვილად არ მხიბლავდა. ვიცოდი, ჩემი მეუღლე სამაგალითო მამა უნდა ყოფილიყო და კარგი შვილები გამეზარდა. მადლობა ღმერთს, ეს ჩანაფიქრი ამისრულდა! - 28-29 წლის ასაკში დავოჯახდი და სწორედ ისეთ ადამიანს შევხვდი, რომელსაც ვნატრობდი. ეს ღმერთის წყალობა იყო! ჩემი მეუღლე, ვალერიან ჩიქობავა ჩემზე 12 წლით უფროსი გახლდათ. ძალიან ზნეკეთილი, სათნო და კარგი ადამიანი იყო. შესანიშნავად იცოდა ოჯახის და ქალის შრომის ფასი, თანაც, ჩემს პროფესიასაც დიდ პატივს სცემდა. ყველა პრემიერას ესწრებოდა. თეატრი ძალიან უყვარდა, მაგრამ თვითონ ფიზიკოსი იყო - ფიზიკაში ისეთი გამოგონება ჰქონდა, რომელსაც კოსმოსში ახლაც იყენებენ და დიდი მნიშვნელობა აქვს. 30 წელი ერთად გავატარეთ. სამწუხაროდ, მოულოდნელად დაიღუპა: ექიმების თქმით, ანევრიზმა ჰქონდა; ლაპარაკის დროს, ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. ასეთი მოულოდნელი სიკვდილი მიცვალებულისთვის კარგია, მაგრამ ჭირისუფლისთვის საშინელებაა!

qorwili-copy-1659426142.jpg

- შვილები თუ გაჰყვნენ თქვენს გზას?

- მხოლოდ შუათანამ ჩააბარა თეატრალურში. სამი ვაჟი მყავს, სამივე კარგი ადამიანია. სხვათა შორის, 40 წლის ვიყავი, მესამე რომ გავაჩინე და ყველას უკვირდა. უფროსს მერაბი ჰქვია, შუათანას - ზაალი, უმცროსს - ბაკური. სწორედ შუათანა ვაჟი - ზაალ ჩიქობავაა ჩემი კოლეგა: იგი მსახიობიცაა და რეჟისორიც. რვა შვილიშვილი მყავს და ახლა შვილთაშვილებსაც თუ მოვესწრები, ამქვეყნიური გეგმა შესრულებული მექნება. თბილი და მეგობრული ოჯახი გვაქვს და რაც მთავარია, ერთი მოძღვარი გვყავს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს - არქიმანდრიტი იოანე კიკვაძე - ის მთაწმინდაზე მოღვაწეობს: მამა დავითგარეჯელის სახელობის მონასტრის წინამძღვარია. გამორჩეული ადამიანური ღირსებით, და სულიერი შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულითა დაჯილდოებული.

- ჩვენს მკითხველს კიდევ ერთი საიდუმლო უნდა გავანდოთ - ძალიან ლამაზი ლექსების ავტორი ხართ...

- ყველა ჩემი ლექსი ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი. ერთი პერიოდი მქონდა, როცა ერთიმეორის მიყოლებით ვწერდი. ალბათ, ამ ლექსებს ჩემს იუბილეზე წავიკითხავ, რომელიც მალე მექნება. როგორი განწყობით ვეგებები ამ დღეს? - ამას ჩემივე ლექსით ვუპასუხებ: "85-ჯერ ჩამოჰკრა ზარმა,/ 85 სანთელი ჩაქრა,/ 85 ყველაფერი ბევრია, ვიცი.../ როცა თვალს ვავლებ 85 განვლილ გაზაფხულს,/ მცხუნვარე ზაფხულს, შემოდგომას, ქათქათა ზამთარს,/ როცა თვალს ვავლებ განვლილ ცხოვრებას,/ როცა სიცოცხლეს ფასს ვადებ ახლა,/ 85 ყველაფერი ბევრია, ვიცი, - სიცოცხლის გარდა!/

ხათუნა ჩიგოგიძე