"ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა" - გზაპრესი

"ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა"

ახლახან, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დუეტმა "ჯორჯიამ" ახალი მუსიკალური კლიპის - "დამამახსოვრდი" პრეზენტაცია გამართა. სიმღერა "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა. მუსიკის ავტორი რატი დურგლიშვილი გახლავთ, არანჟირების - რატი და ასევე, ალეკო ბერძენიშვილი, ტექსტის - დათო ფორჩხიძე. გადაღებები შავი ზღვის სანაპიროზე, გიორგი ავეტისიანის რეჟისორობით მიმდინარეობდა. უფრო მეტი დეტალის შესახებ თავად დუეტ "ჯორჯიას" წევრებს - რატი დურგლიშვილს და მაკა ზამბახიძეს ვესაუბრეთ...

მაკა ზამბახიძე:

- პრეზენტაციამ მოლოდინს გადააჭარბა: ჩვენს კლიპს მეგობრები, კოლეგები უკვე "საზაფხულო ჰიტად" მოიხსენიებენ. "დამამახსოვრდი" რუსა მორჩილაძის საყვარელი სიმღერა გახდა. ასეთი კარგი კომპოზიტორის შეფასება უმნიშვნელოვანესია. ბედნიერები ვართ!..

რატი დურგლიშვილი:

- საერთოდ, პრეზენტაციის მოწყობა, სტუმრების პატივისცემა მიყვარს. "ესა მესას" შემდეგ, დუეტ "ჯორჯიას" კლიპის პრემიერა პირველად შედგა. მანამდე სულ სატელევიზიო პრემიერები გვქონდა. პირადად მე, ჩემს 2 საავტორო სიმღერაზე (Crazy და "ქაღალდის ნავი") 2 პრეზენტაცია ჩატარებული მქონდა. შესაბამისად, პრინციპი უკვე ვიცოდი: დაახლოებით 1-თვიანი მზადება სჭირდება, მაგრამ მე და მაკას ისეთი საოცარი, საყვარელი სამეგობრო წრე გვყავს, რომ ფაქტობრივად, საღამო 2 დღეში, უმაღლეს ხარისხში მომზადდა. მეგობრებს იმდენი მადლობა გადავუხადე, რომ მგონი, შევაწუხე კიდეც (იცინის). დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანები გვერდით ასე გიდგანან. მოკლედ, ჩვენი სამეგობროს ძალისხმევით, საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. სხვათა შორის, პრობლემა არ შეგვქმნია, ყველაფერი საათივით აეწყო... პრეზენტაციას მაინც ბევრი ადამიანი დაესწრო, რის გამოც მადლიერი ვარ. მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს და ობიექტს, რომელმაც პრეზენტაციას უმასპინძლა, ღვინის კომპანიებს, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ...

- სიმღერა - "დამამახსოვრდი" თავიდანვე ზაფხულის ჰიტად გქონდათ განსაზღვრული?

- ამ სიმღერაზე დაახლოებით 6 თვე ვმუშაობდით. მუშაობა იმდენ ხანს გაიწელა, რომ ვიფიქრეთ, - მოდი, მოვასწროთ-თქო და კლიპის პრემიერა საზაფხულო პერიოდს დავამთხვიეთ. ვიდეოს გადაღება უცებ დავგეგმეთ: გიორგი ავეტისიანს (კლიპის რეჟისორი) რომ დავუკავშირდით, მანაც დიდი სურვილი გამოთქვა და მოინდომა, რომ კარგი ნამუშევარი გამოგვსვლოდა...

- სიმღერისთვის მუსიკა როგორ შექმენით?

მაკა:

- თავდაპირველად, ეს სიმღერა რატისთვის იყო განკუთვნილი, შემდეგ დუეტად მოვირგეთ.

რატი:

- საკუთარ თავს პროფესიონალ კომპოზიტორს ვერ ვუწოდებ. თავდაპირველად, მელოდიას ვწერ, შემდეგ მას ტექსტს ვარგებ, რაც სწორი არ ყოფილა: თურმე, წესით, ჯერ ტექსტი უნდა დაიწეროს, შემდეგ კი მუსიკას ქმნიან. მამას და სხვა კომპოზიტორებს რომ ვკითხე, ასეთი პრინციპი ყოფილა, მაგრამ მე ასე ვერ ვიქცევი. იცი, როგორ ხდება? სიმღერის მელოდიას რომ ვწერ, ტექსტის უმეტესი ნაწილიც დაწერილი მაქვს... "დამამახსოვრდის" შემთხვევაში, ნამუშევარი დათო ფორჩხიძეს მივუტანე. მან ტექსტი ერთ დღეში დაწერა. დამიბარა და ჩემ თვალწინ, კორექცია გააკეთა, იმის მიხედვით, თუ რა მომწონდა, რა - არა... სხვათა შორის, პრეზენტაციაზე დათომ თქვა, - ეს როგორი ტექსტი გამოსულაო (იცინის)?! ეტყობა, აღარ ახსოვდა... კმაყოფილი იყო.

- როგორც ვიცი, სიმღერის სახელწოდების შერჩევასთან დაკავშირებით, გამოკითხვა ინტერნეტით ჩაატარეთ, რადგან სხვადასხვა ვარიანტი გქონდათ...

მაკა:

- მინდოდა, სიმღერის სახელწოდება ყოფილიყო "შემიყვარდი თუ", რატის კი - "დამამახსოვრდი". გადავწყვიტეთ, ეს საკითხი სოციალურ ქსელში, ჩვენი გამომწერებისთვის მიგვენდო...

რატი:

- მიუხედავად იმისა, რომ მე და მაკას გარკვეულ საკითხებში, ერთნაირი შეხედულება გვაქვს, რაღაცებში არ ვეთანხმებით. ეს ბუნებრივიცაა. შემოქმედებითი თვალსაზრისითაც, ხშირად დისკუსია გვაქვს, ვის რა მოგვწონს. სიმღერის ტექსტის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც ასე მოხდა: არა, სახელწოდება - "დამამახსოვრდი" მაკასაც მოსწონდა, მაგრამ მისი ვარიანტი მაინც "შემიყვარდი თუ" იყო. ჰოდა, წივილ-კივილი გვქონდა (იცინის)... ბოლოს მაკას მეუღლემ გვითხრა, - მოდი, ასე მოვიქცეთ, თავად მსმენელებს ვკითხოთო... სხვათა შორის, გამოკითხვამ კარგად იმუშავა: ადამიანებმა ხელი შეგვიწყვეს, რომ ერთმანეთი კიდევ არ დაგვეხოცა (იღიმის). საბოლოოდ, სიმღერის სახელწოდება ხმათა უმრავლესობით შევარჩიეთ, თუმცა მაკას ვერსიამ ჩემსას არანაკლები კონკურენცია გაუწია.

მიხარია, რომ "დამამახსოვრდი" უკვე ბევრგან გავიგონე. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა. შემოქმედი პოპულარობას ვერასოდეს გათვლის: მელოდიის შექმნისას ადამიანებს მხოლოდ ემოციას უზიარებს. ალბათ, "დამამახსოვრდი" ისეთი "ნამდვილია", რომ უამრავ ადამიანს მოეწონა. ჯერ "ჰიტს" ვერ დავარქმევ, მაგრამ ძალიან "გავარდნილია": სადაც შევდივარ, ყველას მოსწონს - რა ლამაზი სიმღერააო!

- კლიპის გადაღებისას, ამინდის გამო, ზღვისპირეთში პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

- თავდაპირველად, სენაკში ჩავედით. ზუსტად წინა ღამით "ურაგანი" ყოფილა - თევზები ამოუყრია... სანაპირო ისეთ დღეში იყო, კლიპს იქ ვერ გადავიღებდით... ლამის გადავირიეთ! სანამ პლაჟს გაწმენდნენ, დრო იყო საჭირო, ჩვენ კი დროში შეზღუდული ვიყავით. გამოვიქეცით, სანაპიროს დავუარეთ... რაღაცნაირად, გადაღება მაინც მოვასწარით...

მაკა:

- ძირითადად, კლიპში მზიანი კადრები მხოლოდ 2 საათშია გადაღებული, რაც კოკისპირული წვიმის მერე ამოსული მზის დამსახურებაა (იღიმის)... საბოლოო ჯამში, გადაღება სასიამოვნოდ დამღლელი იყო...

- განსაკუთრებულად ვისი შეფასება გაღელვებთ?

მაკა:

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სიმღერას ოჯახის წევრებს ვასმენინებ. ჩვენს ოჯახში კომპეტენტური ადამიანები არიან, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, მაგალითად - დედაჩემი მუსიკოსი გახლავთ. მამას ჩემ მიერ გაკეთებული ყველაფერი მოსწონს (იცინის), დედა და ჩემი შვილი უფრო კრიტიკულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს მუსიკის სფეროსთან შეხება არ აქვს - მოჭიდავე გახლავთ, თანაცხოვრებისას კარგად დაიხვეწა და მისი შეფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რატი:

- ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკუთარი თავის შეფასებაა. მეც და მაკაც ისეთი კრიტიკულები ვართ, რომ ჩვენს ნამუშევარს ჯერ თავად ვაფასებთ, შემდეგ კი უკვე "მზის შუქზე" გამოგვაქვს. რა თქმა უნდა, შეფასება ყველა ადამიანისგან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით - მუსიკოსებისგან. რუსა მორჩილაძეს სიმღერა პირველად რომ მოვასმენინეთ, სულ ოფლმა დამასხა, - რას ფიქრობს-მეთქი?..

- წლების წინ, როცა "დუეტი" ჯორჯია შეიქმნა, ერთმანეთისთვის ვინ იყავით და დღეს ვინ ხართ?

img-7846-copy-1659426401.jpg

მაკა:

- მეგობრები ვიყავით და მეგობრებად დავრჩით. უბრალოდ, საერთო საქმე დაგვემატა... 15 წლიდან ვმეგობრობთ, უკვე ოჯახის წევრებივით ვართ.

რატი:

- მაკას "მეგობარსაც" ვეღარ ვუწოდებ - მართლაც ოჯახის წევრებივით ვართ. მაგალითად, დასვენება რომ მინდა, მაკასთან შინ ჩვეულებრივად მივდივარ. შემიძლია, მთელი დღე იქ ვიყო - თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მაკას მეუღლესთან - მიშკასთანაც ვმეგობრობ... ჩემი და მაკას ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, რაღაცები გადავაფასეთ, ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო ძვირფასი გახდა...

- კლიპის პრეზენტაციაზე სოლო სიმღერების შესახებაც აღნიშნეთ...

მაკა:

- რუსა მორჩილაძის არაჩვეულებრივი სიმღერები ჩავწერეთ. ტექსტების ავტორი ირინა სანიკიძე გახლავთ. კლიპსაც აუცილებლად გადავიღებ. ჩემი სიმღერის ტექსტი ემოციური, სასიყვარულო, ცხოვრებისეული, ცოტათი მელანქოლიურია...

რატი:

- მაკა ფანტასტიკურად ასრულებს. ჩემი ფავორიტი სიმღერაა!.. ჩემს სიმღერას რაც შეეხება, რუსამ სპეციალურად ჩემთვის დაწერა. ფანტასტიკური ნამუშევარია. არანჟირებაზე ჩემმა მეგობარმა, უსაყვარლესმა ადამიანმა - ნიკა ნიყვაშვილმა იმუშავა. ორკესტრი საფრანგეთში ჩავწერეთ. შემდეგ ჩაწერა "ბრავო რექორდსში" გავაგრძელეთ. არანჟირების დასრულებაში ბორიკო შხიანს მოუწევს წვლილის შეტანა... მოკლედ, დიდი ისტორიის მქონე სიმღერაა (იღიმის), ცოტათი - სენტიმენტალური, დრამატული, შთამბეჭდავი... პატარა მიუზიკლივითაა - მსმენელს მასში ბევრი რამის დანახვა, საკუთარ ცხოვრებაზე მორგება შეგიძლია...

- დასვენებას არ აპირებთ?

- ბათუმში მხოლოდ საქმიანი ვიზიტები გვაქვს. ეს ქალაქი ძალიან გვიყვარს, მაგრამ დასვენებას ვერ ვახერხებთ...

რატი:

- იტალიაში გამგზავრებაზე ვფიქრობდით: ფასდაკლებების სეზონია - შოპინგისთვის ფანტასტიკური პერიოდი, მაგრამ დასვენებისთვის ვერ მოვიცალეთ. თან, საკუთარ სახლს ვიშენებ - მარტო ვმუშაობ და ამას ბევრი დრო სჭირდება...

- ასეთ რომანტიკულ სიმღერებს რომ წერთ, თქვენს პირად ცხოვრებაში რაიმე საინტერესო ხომ არ ხდება?

- საერთოდ არაფერი ხდება. სულ ვფიქრობ, რისი ბრალია-მეთქი? იმის ბრალია, რომ მართლა არანორმალურად ბევრს ვშრომობ - ფიზიკურადაც და გონებრივადაც. რატომღაც, ჩემთვის პირადი ცხოვრება ფუფუნებად იქცა. ეტყობა, ხასიათშიც გადამივიდა, რომ საქმეზე უფრო მეტად ორიენტირებული ვარ, ოღონდ - ეს ძალიან ცუდია, თუმცა ალბათ, ამის გამო დისკომფორტი რომ შემქმნოდა, თუკი უმრავლესობას პირადი ცხოვრება მოწესრიგებული აქვს, რაღა მე გამიჭირდებოდა (იცინის)? სასურველი ადამიანის პოვნა ყველაზე მთავარია... ასევე, სასწაულად ეგოისტი ადამიანი ვარ. საკუთარი თავისუფლება, მარტო ყოფნა, ფიქრი ძალიან მიყვარს. მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ოჯახის შექmნა დისკომფორტს გამოიწვევს...

ეთო ყორღანაშვილი